სახელმწიფო სხვა მახასიათებლებთან (მაგ: ტერიტორია, დროშა, ჰიმნი, გერბი და სხვა) ერთად არის ადამიანების ქცევათა დადგენილ ნორმათა ერთობლიობა, რომელსაც სამართლებრივად მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ჰქვია - ჩვენს შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობა.
24 საათი 24.12.11

სახელმწიფო სხვა მახასიათებლებთან (მაგ: ტერიტორია, დროშა, ჰიმნი, გერბი და სხვა) ერთად არის ადამიანების ქცევათა დადგენილ ნორმათა ერთობლიობა, რომელსაც სამართლებრივად მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ჰქვია - ჩვენს შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობა.
კანონმდებლობა, თავის მხრივ, ხასიათდება იერარქიით. იერარქიაში პირველი გახლავთ კონსტიტუცია, რომელიც სახელმწიფოს უზენაესი კანონია (საქართველოს კონსტიტუცია მუხლი მე-6), შემდეგ კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებზეც მიერთებულია საქართველო, ორგანული კანონი, საქართველოს კანონი და ა. შ.
სწორედ საქართველოს უზენაესი კანონით - კონსტიტუციით ენიჭება უფლება საქართველოს პრეზიდენტს შეიწყალოს მსჯავრდებული (კონსტიტუცია მუხლი 73-ე პირველი პუნქტის "ო" ქვეპუნქტი). აქედან გამომდინარე, შეწყალება სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. უფრო მეტიც, შეწყალება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამიტომაც, ეს ინსტიტუტი შეუცვლელი აღმოჩნდა, როგორც აბსოლუტური მონარქიისა და იმპერიების არსებობისას, აგრეთვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში განვითარებული საზოგადოებისთვის.
საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის "ო" ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით (შეწყალება) გათვალისწინებული უფლებამოსილების უზრუნველსაყოფად, 2004 წლის 19 ივლისს, გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის #277 ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, დამტკიცდა დებულება "შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე." სწორედ ამ დებულების 1 მუხლითაა განსაზღვრული იმ პირთა სია, რომლებსაც შეწყალება ეხებათ. თუმცა, 2005 წლის 30 მაისს დებულებას დაემატა შემდეგი, რომ დებულების 1 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხი განიხილება იმ შემთხვევაშიც, თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანია ან არის განსაკუთრებული გარემოება და შეწყალების საკითხთა კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება. დებულების მე-2 მუხლს კი დაემატა მე-7 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეწყალების შუამდგომლობა (თხოვნა) განიხილოს ნებისმიერ სტადიაზე ან დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ მსჯავრდებული აკმაყოფილებს ნორმატიული აქტებით დადგენილ ნორმებს, ის უნდა შეიწყალონ, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში, შეწყალების საკითხთა კომისიას შეუძლია მსჯავრდებულის თაობაზე შეკითხვით მიმართოს საქართველოს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და იხელმძღვანელოს მიღებული შესაბამისი დოკუმენტით. მინდა სრულად მოვიყვანო დებულების მე-7 მუხლის "ა" ქვეპუნქტი, რომელიც, გარკვეულწილად, შეფასებითია: "შეწყალების შუამდგომლობის (თხოვნის) განხილვისას მხედველობაში მიიღება: ა) მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიში ხასიათი, ნასამართლობა, სასჯელის მოხდის ვადა, სასჯელის მოხდის ადგილებში მსჯავრდებულის ქცევა, ოჯახური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაზარალებულის მოსაზრება და სხვა გარემოება."
ჩემ მიერ იმიტომ იქნა დებულების მე-7 მუხლის "ა" ქვეპუნქტი მოყვანილი სრულად, რომ შეწყალების საკითხთა კომისიის წევრებს შეუძლიათ აპელირება მოახდინონ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშ ხასიათზე, რაც ერთმნიშვნელოვნად შეცდომა იქნება. კომისიის წევრებმა უნდა შეაფასონ საკითხი სრულად, როგორც მოცემულია დებულებაში. ნულოვანი ტოლერანტობა ნიშნავს, რომ ვერც ერთი დამნაშავე ვერ გაექცევა სასჯელს. სწორედ ამაშია სასჯელის პრევენციული ხასიათი და არა სასჯელის სიმკაცრეში. კომისიის მუშაობის მთელი არსი იმაშია, რომ შეწყალებაზე რეკომენდაცია გაუწიონ არა მხოლოდ ისეთ მსჯავრდებულებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და სასჯელის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი აქვთ ერთი თვე, არამედ იმსჯელონ ისეთი მსჯავრდებულების საქმეებზე, რომლებსაც ჩადენილი აქვთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები. უფრო მეტიც, თუნდაც ჯერ არც იყოს შეწყალებისთვის დებულებით გათვალისწინებული ვადა დამდგარი, რადგანაც კომისიის წევრებს ამის კანონიერი უფლება აქვთ იმავე დებულების 1 მუხლის მე-4 ქვეპუნქტით. ვიტყოდი, სწორედ ასეთი მიდგომა არის კომისიის წევრების მოვალეობა და თუ გნებავთ, საზოგაგადოებრივი სიმძიმე და პასუხისმგებლობა. თუ მსჯარდებული აღარ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიშს, არ შეიძლება მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩერება - სახელმწიფო ვერ იქნება შურისმაძიებელი. აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრები უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილები საჯარო განცხადებებში, უნდა ახსოვდეთ, რომ ათასობით ადამიანი, მსჯარდებულების ოჯახის წევრები გულისყურით უსმენენ მათ. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას, თუ მას მცირეწლოვანი შვილები ჰყავს. ასეთ შემთხვევაში, თუ დებულებით სხვა პირობებს აკმაყოფილებს, კომისიამ უნდა იმსჯელოს მსჯავრდებულის შეწყალების საკითხზე, თუნდაც დებულებით გათვალისწინებული ვადა ჯერ არც იყოს დამდგარი, რადგანაც შანსი ეძლევა არა მხოლოდ მსჯავრდებულს, არამედ მომავალ თაობასაც. ჩემთვის ცნობილის ამბავი(კაზუსი), როცა აგერ უკვე სამი წელია 12-13 წლის ბავშვი ყოველი შეწყალების წინ სთხოვს დედას, რომ შეიტანოს საბუთები მამამისის შეწყალების შესახებ და ის თავად უგზავნის წერილს პრეზიდენტს.
"ჩემი 5 წლის ძმა სულ მეკითხება, მამიკო როდის ჩამოვა? ხან რას ვპასუხობ, ხან რას. არ მინდა სიმართლე ვუთხრა და ვატკინო ის პატარა გული და შევაშინო, როგორც მე მტკივა… ბატონო მიშა! თქვენ თუ მამიკოს შეიწყალებთ, რომელიც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ და ამ სურვილს შემისრულებთ, მაშინ ნებისმიერი დღე ჩემთვის ახალი წლის დღესავით საზეიმო იქნება. ძალიან მინდა, ბავშვებს ვაცნობო, რომ ეს დიდი საჩუქარი მე ჩვენი პრეზიდენტისაგან მივიღე. მე კი გპირდებით, რომ ჩემი კარგად სწავლით ჩემს ლამაზ ქვეყანასა და მშობლებს ვასახელებ," - ეს არის ამონარიდი იმ ბავშვის წერილიდან, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ და რომლის ასლსაც ვინახავ. ბავშვს სჯერა, რომ პრეზიდენტი წაიკითხავს მის წერილს. ის არ ისმენს უარის მიზეზს და ყოველი უარის ანუ, ექვსი თვის შემდეგ, ჯიუტად სთხოვს დედას მისი წერილის პრეზიდენტისთვის გაგზავნას. და სჯერა... აქვს ურყევი რწმენა, რომ პრეზიდენტი მის წერილს წაიკითხავს და თხოვნასაც შეუსრულებს. არადა, ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეერყა და მუდმივად უარესდება.
ვფიქრობ, რომ მსგავსი საქმე არ შეიძლება კომისიამ არ განიხილოს. სწორედ იმიტომაა დებულებაში 1 მუხლის მე-4 ქვეპუნქტი. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის "მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოებისა და შეწყალების საკითხთა სამსახურს" დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ევალება მსგავსი საქმეები გადაუგზავნოს განსახილველად კომისიას. აქ ძალზე მნიშვნელოვანია, მოქალაქეები დოკუმენტურ დონეზე დარწმუნდნენ, რომ განცხადება გადაეგზავნა კომისიას. მაგ: შეტყობინება კომისიაში მასალების გადაგზავნის შესახებ გაეგზავნოს განცხადების შემტანს ან მიიღოს ხელზე მიკითხვისას განცხადების შეტანის ადგილზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ინფორმაცია მასალების კომისიაში გადაგზავნის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია.
აქვე მინდა მოვიყვანო მცირე სტატისტიკა: საქართველოში დაახლოებით 24 ათასი პატიმარია, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებისთვის საყოფაცხოვრებო პირობები 5-6 წლის წინანდელ სიტუაციასთან შედარებით საგძნობლად გაუმჯობესდა.
ბუნებრივია, დიდია გაუმჯობესება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. უმნიშვნელოვანესია, თუ საქართველოში გაიხსნება ღია ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულება, რაზედაც გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე არსებობს. აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს წამების საწინააღმდეგო ევროპული ორგანიზაცია (CPT), რომელიც ამოწმებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს. ამ ორგანიზაციის სტანდარტებისგან, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შორს ვართ და პენიტენციურ სისტემაში პრობლემები მრავლადაა, მაგრამ ეს სხვა წერილის თემაა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პრობლემები, სხვა ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან ერთად, შეწყალების საკითხთა კომისიის წევრებს უნდა ახსოვდეთ.
და ბოლოს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეწყალების საკითხთა კომისიის წევრებს დიდი ტვირთი აკისრიათ და საზოგადოებამ, ყველამ ერთად - სპეციალისტებმა, ჟურნალისტებმა, მსჯარდებულების ოჯახის წევრებმა, მთლიანად საზოგადოებამ, ხელი უნდა შევუწყოთ ამ დიდი ტვირთის ღირსეულად ტარებაში.
იურისტი
პაატა გომელაური