ხელოვნება რომ რთულია და რომ მასზე მსჯელობისას ჯობს კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებს მოვუსმინოთ და არა თუნდაც კარგად გათვითცნობიერებულ მოყვარულებს, ამ თემაზე ხშირად მიწევს სტუდენტებთან საუბარი..
24 საათი 09.01.12
ხელოვნება რომ რთულია და რომ მასზე მსჯელობისას ჯობს კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებს მოვუსმინოთ და არა თუნდაც კარგად გათვითცნობიერებულ მოყვარულებს, ამ თემაზე ხშირად მიწევს სტუდენტებთან საუბარი..
სათაურად გამოტანილი ციტატა კი ანსელმ კიფერის ინტერვიუდან არის, რომელიც 2011 წლის 9 დეკემბერს გამოქვეყნდა "The Guardian’-ში მისი დიდი გამოფენის მზადებისას ლონდონის გალერეა “White Cube"-ისთვის.
მხატვრულ პროცესებში გათვითცნობიერებულ საზოგადოებას არ დასჭირდება ახსნა, თუ ვინ არის ანსელმ კიფერი, ამ სფეროსთან ნაკლებად ზიარებულთათვის კი ვიტყოდი, რომ ის მეორე მსოფლიოს ომის შემდგომი პერიოდის მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სერიოზული ფიგურაა, გერმანული ახალი ექსპრესიონისტული ტალღის წარმომადგენელი, უდიდესი მასშტაბისა და ურთულესი ნამუშევრების ავტორი. "The Guardian”-ის წერილის გამოქვეყნებისას მას უკვე ხელი უნდა მოეწერა გაუქმებული ატომური სადგურის - მიულხაიმ კერლიხის რეაქტორის ყიდვის საბუთებზე, - შედეგად ყოფილი რეაქტორის დიდი ტერიტორია ანსელმ კიფერის ასევე დიდ სტუდიად გადაიქცევა. ინტერვიუში ის ასევე საუბრობს თანამედროვე არტ სამყაროს სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე, ახსენებს დემიან ჰირსტსაც, რომელიც მას ძალიან მოსწონს და რომელსაც ანტი-ხელოვნების ავტორად თვლის. დემიან ჰირსტის “ანტი-ხელოვნებას" ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მას ბრალს სდებენ, რომ ხელოვნებას ის აქცევს “ბრენდად" , - აქ იგულისხმება მის მიერ უკვე შექმნილი ნამუშევრების ასლების აუქციონებზე გამოტანა, სადაც ისინი პირველად ფასზე ნაკლები არ ღირან.. ეს საერთაშორისო არტსამყაროს ამბებია, მასშტაბური, საინტერესო, ძვირად ღირებული, ამბივალენტური და რაც მთავრია პროფესიონალური...
რა ხდება ჩვენთან თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სფეროში? საქართველო რომ კარგა ხანი არ არსებობდა თანამედოვე ხელოვნების რუკაზე, ამ თემაზე საუბარი არტისტულ წრეებში წინა საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო და თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებას დღემდე დიდი დაბრკოლებებით უწევს ქართულ კულტურულ სივრცეში ადგილის მოპოვება, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო არტსცენაზე თანამედროვე ქართული ხელოვნების ადგილზე... ჩვენ რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, სადაც იდეოლოგიური ხელოვნება მძიმე მემკვიდრეობაა და მისი ინერციისგან დღესაც კი ვზარალდებით, ამაზე უკვე აღარავინ დავობს და ყველასთვის მოსაბეზრებელი გახდა ხელოვნების თემის მუდმივად პოლიტიკურ კონტექსტთან მიბმა. იდეოლოგიური ხელოვნება კი უმეტეს წილად რომ კიტჩურია, ამ თემაზე დამაჯერებლად იმსჯელა მხატვრული კრიტიკის კლასიკოსმა კლემენტ გრინბერგმა მეორე მსოფლიო ომამდე გამოქვეყნებულ წერილში “კიტჩი და ავანგარდი", რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ტოტალიტარული ქვეყნების პროპაგანდისტული ხელოვნების დახასიათებას დაეთმო. ამ ქვეყნების (საბჭოთა კავშირი, ნაცისტური გერმანია, მუსოლინის იტალია..) ხელოვნება ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, იყო პომპეზური, ფსევდო კლასიცისტური, თვალისმომჭრელი, მარტივად სანახაობრივი.. ამათგან საბჭოთა კავშირი როგორც რევოლუციური და პროგრესული სახელმწიფო თავიდან მხარს უჭერდა ავანგარდულ ხელოვნებას, ამის დასტურად დღემდე პირვანდელი სახით შემორჩენილი შუხოვის კოშკიც გამოდგება, რომელიც ლენინის სიცოცხლეშივე აიგო, თუმცა როგორც კი რეჟიმი ტოტალიტარიზმისკენ წავიდა, უარი თქვა ავანგარდზე და მასებზე გათვლილ კიტჩს მიმართა.. გრინბერგი ასევე დიდ დროს უთმობს იმის ახსნას, თუ ტრეტიაკოვის გალერეაში მოხვედრილ გაუნათლებელ რუს გლეხს რატომ მოეწონება რეპინის სურათი და არა პიკასოს ტილო.. რეპინის ტილოზე ის ხილული საგნის ოსტატურ კოპირებას დაინახავს და ამით მოიხიბლება, პიკასოს ტილოზე კი უცნაურად გამოსახული იგივე საგანი დააბნევს, რომლის არსის გაგებისთვის მას გარკვეული ცოდნა და დრო დასჭირდება, რომელთაც ის მოკლებულია..
მიმოხილვით-ანალიტიკურ წერილებში უკვე აღინიშნა, რომ გასული წელი დახუნძლული იყო ახალი სკულპტურებით, სხვადასხვა ხმაურიანი არტ თუ ფსევდო არტმოვლენებითა და დისკუსიებით, თუმცა, ამ წლის ხელოვნებას არ ახასიათებდა ის ხარისხი, რომლის კრიტერიუმებს ადვილად ვერ განსაზღვრავთ და რომლის მიხედვითაც ხდება ამა თუ იმ ნამუშევრის აღიარება საერთაშორისო არტსცენაზე. საერთაშორისო არტ სცენას რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში ჩვენთვის იქნებოდა საინტერესო ისეთ არტპროცესს შევსწრებოდით, ან ადეკვატურად მოწოდებული (ძალიან მნიშვნელოვანია!) ისეთი ნამუშევარი გვეხილა მშობლიურ ქვეყანაში (თუ სადაური ხელოვანის შესრულებული, ამას მნიშვნელობა არ აქვს), რომელიც ფართო დისკურსის წარმომშობი იქნებოდა. სწორედ ეს ნიშანი ითვლება დღეისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვნად იმ ხელოვნების ნიმუშთა ხარისხის განსაზღვრისათვის, რომელთაც აღიარება ელით და ეს აღიარება არ იქნება ლოკალურ-პროვინციული წრით შემოსაზღვრული. ამ ლოკალურ-პროვინციულ წრეს კი საბოლოოდ კლაუსტროფობიული ფსიქოზი ელის, რადგან შეუძლებელი დიდ ხანს იმ რეჟიმში გაგრძელება ცხოვრებისა, რომელიც უგემოვნოდ პრიმიტიულსა და ინფანტილურ თამაშს ეყრდნობა, დაახლოებით ამ ტიპის შეთანხმებით; -”შენ ვეფხვი დამიძახე და მე ლომს დაგიძახებ.." ამ წრემ (ზოგადი ტენდენცია იგულისხმება) კიდევ ძალიან საინტერესო პოსტტოტალიტარულ-ქართული ვერსია შექმნა პოსტმოდერნიზმის გაგებისა: მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, თუ დასავლურ კულტურაში პოსტმოდერნიზმი მოდერნიზმის კრიტიკული გადააზრებასა და კიდევ ბევრ სხვა რამესთან ერთად გულისხმობს იმასაც, რომ შეიძლება პოპკულტურა მაღალი ხელოვნების თემა გახდეს, ან ვერსალის კონტექსტში კონცეპტუალური ხელოვნება წარმოადგინონ და ა.შ.., ხსენებულ ლოკალურ პროვინციულ წრეს მიაჩნია, რომ პოსტმოდერნიზმია, როცა დიზაინერ- დეკორატორი ვიდეოარტს აკეთებს, ან ტანსაცმლის დიზაინერი - არქიტექტურას; როცა ვიზუალურ ხელოვნებაზე კომპეტენტური სახით ის მსჯელობს, ვისაც ამ სფეროში არანაირი აკადემიური და სისტემური განათლება არ მიუღია.. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა თუ წარმოვიდგენთ, რომ კალათბურთის გუნდი ფეხბურთის ჩემპიონატზე გაუშვეს იმ მოტივით, რომ ორივე სპორტია და მსაჯის როლს უბრლოდ რომელიმე სპორტსმენის ფანი ასრულებს.. თითქმის ასე გამოიყურება პოპულარულ-ქართულად გაგებული პოსტმოდერნიზმი... ისე, ალბათ, ამაზე დროს დაკარგვა არ ღირს და დავუბრუნდები ისევ სერიოზულ ხელოვნებას და დისკურსის თემას.
ამ სფეროს კვალიფიცირებული მკვლევარები თვლიან, რომ ხელოვნება მაშინ არის ღირებული, თუ ის სხვა ბევრ თვისებასთან ერთად (სუბიექტურისა და ზოგადის სპეციფიური გადაკვეთა, ტაბუს დარღვევა, კონტექსტთან ურთიერთქმედება, მობილურობა, ენერგიულობა, ჭემარიტების ძიება და ა.შ.) დისკურსის წარმომშობიც არის. ილუსტრაციისთვის მარტივი მაგალითი გამოდგება: ჩვენი რეალობიდან გამაოგნებელად გამოიყურება ფაქტი, რომ ანდრეას გურსკის ფოტო შეიძლება მილიონებად გაიყიდოს. არტბაზრის მასშტაბები, მისი სისტემა და რეგულაციები სხვა თემაა და ნამუშევრის ხარისხის ადეკვატური მხოლოდ სიბოლურად არის, მაგრამ პირველ რიგში ეს აღირებას ნიშნავს სწორედ ხარისხის გამო. რას ეხება ანდრეას გურსკის კონცეპტუალური ფოტოგრაფია? - ეს ძალიან დიდი ფორმატის ფოტოები აღწევს ისტორიული ფერწერული ტილოების ზომებს; ციფრულად დამუშავებული და სრულყოფილად დაბეჭდილი ნამუშევრები ერთდროულად პრიალა და ავისმომასწავებელია. მას იზიდავს არქიტექტურული თემები - დიდი სასტუმროები, საოფისე შენობები, ბირჟა, სარეკრეაციო ზონები - ყველაფერი, რაც კვებავს გლობალურ კაპიტალიზმს.
გურსკიმ ფოტოგრაფიული საგნობრიობა აქცია ვიზუალურ პოზიციად ირგვლივ არსებული ნაგებობებისა და იმ სისტემის მიმართ, რომელშიც ვცხოვრობთ... ანუ, გურსკისა თუ სხვა აღიარებული ხელოვანების თემა იმ სამყაროს კვლევა-ძიების მცდელობებია, რომელშიც ვცხოვრობთ და ამ გზაზე ისინი თუ რომელ მედიუმსა და ფორმატს ამოირჩევენ, მათ უკვე ყველასთვის მობეზრებული პოსტ- პოსტმოდერნიზმი თუ მეტამოდერნიზმი სრულ თავისუფლებას სთავაზობს.
თანამედროვე არტსამყაროში სრულფასოვანი წევრობის მოთხოვნილებით წარმოშობილი თბილისურ-არტისტული ვნებათაღელვა კი გასულ წელს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მიერ მოწყობილ კიდევ ერთ აქციაში გამოიხატა, სადაც მოთხოვნა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ეხებოდა. მათ დედა ენის ბაღში თანაბარი ზომის მუყაოს ყუთებით წარმოადგინეს მუზეუმის საკუთარი ვერსიები. აქციის ინიციატორი ფოტოგაფი და მხატვარი გურამ წიბახაშვილი იყო. რა თქმა უნდა, მუზეუმის მოთხოვნა, ამ შემთხვევაში არ იყო მხოლოდ კონკრეტულად მუზეუმის მოთხოვნა. უფრო მეტად აქ იმ კონტექსტის პრობლემატურობაზეა საუბარი, სადაც თანამედროვე ხელოვანები თავიანთ ადგილს ვერ პოულობენ, სადაც ცალკეული მხატვრებისა თუ ჯგუფების მოღვაწეობა მწირი და ფრაგმენტული დოკუმენტაციის სახით არის შემორჩენილი მათი გამოცდილების ადეკვატური გააზრების გარეშე და რომ აქ მხატვარი მარგინალურ სივრცეს ვერ სცდება... საქართველო როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანა უკვე ოცი წელია იდენტობის დისკურსშია, რომელიც არცთუ ინტენსიურად მიმდინარეობს. აქაურმა არტისტებმა გამოიარეს კრიზისის პერიოდი, საბჭოთა რეჟიმის დროს მათ ზღუდავდა ცენზურა და სავალდებული ოფიციალური იდეოლოგიური ხელოვნება. მათ სურდათ იმ პროცესებში მიეღოთ მონაწილეობა, რომლებიც იმ პერიოდის დასავლეთის ქვეყნებში მიდიოდა, მაგრამ წინ უამრავი ბარიერი ეღობებოდათ. ძალიან რთული ჰიბრიდია პოსტტოტალიტარული არტისტული ფორმა. თქვენ შეიძლება 1990-იან წლებში გენახათ აქაური მხატვრის ნამუშევარი, რომელიც სრული ასლი იყო 70 ან 1980-იან წლებშიდასავლეთში გაკეთებული არტეფაქტისა, თუმცა ამას ბრმა პლაგიატსაც ვერ დავარქმევდით, რადგან მას ორიგინალისგან განსხვავებით კიდევ სხვა ფუნქციაც ჰქონდა, - ის ფიქსირდებოდა იმ სივრცეში, სადაც ეს თავის დროზე არ მომხდარა და ამ პერიოდის მხატვრები თითქოს გამოტოვებულ გამოცდილებას ავსებდნენ ამ “ასლებითა" თუ იმიტაციებით.. ქართველი არტისტების სურვილმა ჩართულიყვნენ საერთაშორისო არტის მსოფლიო პროცესებში, მიეღოთ მონაწილეობა პოპულარულ საერთაშორისო გამოფენებზე, აუქციონებზე ენახათ საკუთარი ნამუშევრები, ერთგვარი მარცხი განიცადა.
შესაძლოა, ნაწილმა მართლაც მიიღო მონაწილება ამ პროექტებში, მაგრამ მათი მონაწილება იშვიათი გამონაკლისის გარდა მხოლოდ ფორმალური დაფიქსირება იყო ფაქტისა, რომელიც რთულად სცდება სტერეოტიპს მხატვრისა “მესამე სამყაროდან.."
როცა ქართველი მხატვრები თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ითხოვენ, ეს არ არის მხოლოდ მხოლოდ მათი უფლებებისთვის ანგარიშის გაწევის მოთხოვნა და შეიძლება ბევრიც არაფერი დაშავდეს, თუ სულ არ იქნება ქვეყანაში ამგვარი მუზეუმი. მაგრამ მათ ასევე აქვთ სურვილი იმპორტირებული ხელოვნებაც ნახონ საკუთარ ქვეყანაში და ამ სფეროს ლეგიტიმაცია მოხდეს, რომლის ანდერგრაუნდული და ტუსოვკური სტატუსი არ გაზრდილა ზუსტად იმ მიზეზით, რომ გასული საუკუნის 80-90-იანი წლების აქტივობები არ დაფიქსირდა ვერბალურ გამოცდილებად და არც არტეფაქტები და არც დოკუმენტაციაა სადმე გამოფენილი.
შესაძლოა, რეფლექსიის ეს ერთგვარად შეწყვეტილი პროცესი, ანუ კვლევისა და ფიქსაციის გარეშე დარჩენილი საკმაოდ ვრცელი მონაკვეთი საბაბია იმისა, რომ ჩვენთან თანამედროვე ხელოვნება ძნელად ვითარდება. რასაკვირველია, შეიძლება ფოტოშოფის პრინციპით სხვაგან არსებული ფორმების კოპირება და გადმოტანა განვახორციელოთ, მაგრამ ეს ჩვენი გარემოსთვის ორგანული არ იქნება და საბოლოოდ პროვინციული მიმბაძველობის განზომილებას ვერ ავცდებით.
თუმცა, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი რომც აშენდეს და უკიდურესად ფუტურისტული არქიტექტურის შემქმნელი მართლაც სხვა პლანეტიდან რომ მოვიწვიოთ, ჩვენს არტისტულ პროცესების სტიმულაცია შეიძლება ამანაც ვერ გამოიწვიოს, რადგან ჩვენ ჯერჯერობით ისევ პროგნოზირებადი აგენდის ფარგლებში ვმოქმედებთ და ამ აგენდის ფარგლებში მიმდინარეობდა გასული წლის “ხელოვნებითა" და მასზე თუნდაც ყველაზე ექსპანსიური რეაქციებით გადატვირთული წელიწადი. ხელოვნება კი არ იქმნება პრონოზირებადი აგენდის ფარგლებში, ხელოვნება უპირველეს ყოვლისა გარღვევაა, რომელიც ვერ გაკეთდება იმ პირობებში, როცა ინსპირაციას გამომწვევი მხოლოდ გრანტია, ან პერსონალური პრობლემების გაცნობიერების უუნარობაზე აღმოცენებული პროტესტი. თუმცა, ამ ბაზაზეც შეიძლება ზოგჯერ საინტერესო ფორმას წავაწყდეთ, მაგრამ ის ნაკლენად იქნება საზოგადოების ცნობიერებაზე რაღაც ეფექტის ძალის მქონე. მთავარ პრობლემად კი მე მაინც განათლებას დავასახელებდი. თანაბრად გვჭირდება ახალ პროგრამებზე მუშაობა როგორც სახელოვნებო სასწავლებლებში, ისე საზოგადოების ინფორმირების მიმართულებით.
და ბოლოს ისეც ციტატით დავასრულებ ანსელმ კიფერის ზემოთ ხსენებული ინტერვიუდან: “ხელოვნება რთულია. ის არ არის გართობა. სულ რამდენიმე ადამიანია, ვისაც რამის თქმა შეუძლია ხელოვნებაზე, - ეს წრე ძალიან ვიწროა. როცა მე ახალ ხელოვანს ვხვდები, ძალიან დიდ დროს ვუთმობ იმის გარკვევას, ეს ხელოვნებაა თუ არა. როცა ყიდულობ ხელოვნებას, ეს არ ნიშნავს, რომ გესმის ხელოვნება..."
ხათუნა ხაბულიანი