დიახ, მე ნამდვილად ვარ სუბიექტური, რადგან ვაჟა მელიქიშვილი ჩვენი დროის გამორჩეული მოქანადაკე მგონია და, შესაბამისად, მისი "თამარ მეფეც", რომელიც ახლახან დაიდგა მესტიაში, მომწონს;
24 საათი 23.01.12

დიახ, მე ნამდვილად ვარ სუბიექტური, რადგან ვაჟა მელიქიშვილი ჩვენი დროის გამორჩეული მოქანადაკე მგონია და, შესაბამისად, მისი "თამარ მეფეც", რომელიც ახლახან დაიდგა მესტიაში, მომწონს;
დიახ, მეც ვიცი, რომ ნებისმიერი მონუმენტი პოლიტიკურ კონტექსტს იმთავითვე გულისხმობს, განურჩევლად იმისა, ჩვენს თანამედროვეს ვუდგამთ ძეგლს თუ ჩვენივე ისტორიის ყველაზე გამორჩეულ პერსონას;
დიახ, მეც იმათ რიგებში მიგულეთ, ვინც ფიქრობს, რომ არათუ ორი, არამედ სამი და ოთხი პოლიტიკური ცენტრის არსებობა თუნდაც პატარა საქართველოში საქმეს წაადგება. და თუ მკითხავთ, რა შუაშია აქ პოლიტიკა, გიპასუხებთ: არათუ შუაშია, არამედ თავშია, რადგან ვაჟა მელიქიშვილის სკულპტურაზე ჩვენს დროში სწორედ ჩვენივე გაუკუღმართებული პოლიტიკური დისკურსის ფონზე ალაპარაკდნენ.
თამარ მეფის მონუმენტი მესტიაში რომ არ მოეწონათ, ეს გასაკვირი არ არის. პირიქით რომ მომხდარიყო, ის უფრო უცნაური იქნებოდა. მსოფლიო ისტორიის მანძილზე უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როდესაც ნიჭიერი ხელოვანის შემოქმედებას მისივე თანამედროვეები ჯეროვნად ვერ აფასებდნენ, მით უფრო მაშინ, თუ ხელისუფლებას ერთი ჩანაწერიც არ მოეპოვება, კულტურის პოლიტიკის არსებობაზე რომ მიუითითებდეს. არადა, იყო დრო, როცა არც თუ კარგ საქმეებში გაწაფული ხელისუფლებებიც კი ყოფილან შემჩნეული სახელოვნებო ელიტის (ამ სიტყვის თავდაპირველი გაგებით) მფარველობაში. მაგრამ ეს ამბავი ისე შორს წაგვიყვანს, მგონი, ბორჯიებამდე მივალთ, ასე რომ, აჯობებს, აქ წერტილი დავსვათ. ვაჟა მელიქიშვილის ჯერ "მწუხარე დედას" და ახლა უკვე "თამარ მეფეს" ასე აგრესიულად რომ შეხვდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ესეც ჩვეულებრივი ამბავია - ძნელია, ქვეყნის მოსახლოების იმ ერთ მეხუთედს მაინც, რომელიც სახელმწიფომ უსახსროდ აღიარა და თავის გასატანად მხოლოდ 40 ლარი გამოუყო, მშიერ კუჭზე მაღალ მატერიებზე ელაპარაკო. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მათ შორის, ვინც აწ გარდაცვლილ მოქანდაკეს ხელობას უწუნებს, ბევრი პოლიტიკურ კონიუნქტურასაა აყოლილი. ეს, როგორც ჩანს, ამ მოქანდაკის ბედისწერა იყო. ასე, მაგალითად, როდესაც მოწიფულ ასაკში თბილისის მაშინდელმა მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფროიდი წაიკითხა, ფსიქოთერაპიის სეანსების დროს ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ელგუჯა ამაშუკელის "ქართლის დედას" მიადგა და ამ ისედაც გასული საუკუნის რკინის ქალს ხელში ხმლის მაგივრად ფალოსი დააკავებინა. ღვინის თასმა რა ასოციაცია აღუძრა ფილოსოფოს მერს, სიმართლე გითხრათ, აღარ მახსოვს. რასაკვირველია, ვაი-უშველებელი ატყდა და ხელისუფლებით უკმაყოფილო საზოგადოების რისხვა სრულიად დაუსაბუთებლად ვაჟა მელიქიშვილის "მწუხარე დედას" დაატყდა (დაიდგა 2002 წ.). არადა, ავტორს ქანდაკება ქართლის დედის ჩასანაცვლებლად არ შეუქმნია. მან, უბრალოდ, ის დედა გამოაქანდაკა (ბრწყინვალედ!), რომელიც ვაგონ-ვაგონ დადის და მათხოვრობს - შვილმკვდარი, უსახლკარო, მშიერი, გათოშილი ... როგორც ჩანს, დედის ამ რაკურსით დანახვა დაქუცმაცებულ საქართველოში იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, ისევ ძველ გზას დავადექით: არც ამჯერად გავუსწორეთ თვალი სიმართლეს და თავი მოვიტყუეთ, რომ დღევანდელი საქართველოს დედა სილიკონის ძუძუებიანი ქალი უნდა იყოს - დაახლოებით ისეთი, შორენა ბეგაშვილი რომ იქნება ოცი-ოცდაათი წლის შემდეგ.
"თამარ მეფის" შემთხვევაშიც იგივე ხდება. მე არ ვამბობ, რომ ეს მონუმენტი უკლებლივ ყველამ უნდა მოიწონოს; არც ის მომწონს, რომ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ხელისუფლებამ ჭკუა არავის არ მოჰკითხა. არადა, ვინმე ღვთისნიერი აუცილებლად ურჩევდა, რომ ამ ძეგლის დადგმა მაინცდამაინც მესტიაში მიზანშეწონილი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ სადაც ახლა ის დგას, იქ ტრადიციულად სვანები მხოლოდ ამ კუთხისთვის დამახასიათებელ რიტუალებს მართავდნენ. და ისედაც, კაციშვილმა არ იცის, რა სახეს მიიღებს საბოლოოდ განახლებული მესტია. არც ის მიკვირს, რომ, მაგალითად, ჩემს კოლეგებს 7 წლის წინ გარდაცვლილი სკულპტორი ცოცხალი ჰგონიათ და აწმყოში მიმართავენ სერიოზული ტონით ... მე იმ ადამიანების გამკვირვებია, ვინც ვაჟა მელიქიშვილის ფასი იცის, ვინც თუნდაც "მწუხარე დედის" შემთხვევაში გააფთრებით იცავდა მას, მაგრამ დღეს, ისევ და ისევ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. არა, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღებას, რომელიც ამ მონუმენტის დემონტაჟს უჭერს მხარს, ალბათ, არ მიიღებენ, მაგრამ მხოლოდ შორიდან დგომა დიდი ვერაფერი შეღავათია.
ხმა კი, აი, რაზეა ამოსაღები: საკმარისია, საჯაროდ დაიცვა და მოიწონო "თამარ მეფე", ავტომატურად ხდები ნაციონალური მოძრაობის მომხრე, რადგან ეს მონუმენტი დღევანდელმა ხელისუფლებამ მოიწონა. მე თუ მკითხავთ, თამარ კვესიტაძის "ალისა და ნინოს" და ვაჟა მელიქიშვილის "თამარ მეფის" შედარება უხერხულიც კია, მაგრამ კვესიტაძის - ჩემი აზრით ინსტალაცია და არა სკულპტურა - ასევე უსამართლოდ აკრიტიკეს ხელისუფლების მოწინააღმდეგე მოხელოვნებათმცოდნე პერსონებმა. დღეს კი საქმე იქამდეც მივიდა, რომ "თამარ მეფე" ლამის იმ უნიჭობას შედარონ, რომელიც ბათუმის ცენტრში დაიდგა - მხედველობაში მაქვს კვერცხები და "შლიოპანცები". გაიხსენეს ისიც, რომ მართლმადიდებელი სამყარო წმინდანების გამოქანდაკებას კრძალავს. არადა, რაღაც ვერ ვიგონებ მრავალრიცხოვან საპროტესტო გამოსვლებს ვერც ზურაბ წერეთლის წმინდა გიორგის (რომლის ანალოგები ლამის რუსეთის ყველა გუბერნიაში დგას) და ვერც მისივე წმინდა ნინოს შემთხვევაში (რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკების უსუსური პლაგიატია). და ისე, თუ გულწრფელები ვიქნებით, ისიც ვთქვათ, რომ გადავსებული ეკლესიების მიუხედავად, მეეჭვება, ის საზოგადოება ვიყოთ, რომელსაც იმდენად კარგად გვაქვს შესისხლხორცებული მართლმადიდებლობა, რომ სულის საცხონებლად მხოლოდ ეს ერთი პრობლემაღა დაგვრჩა მოსაგვარებელი - ვიგუებთ თუ არა წმინდანების ქანდაკებებს. ეს არგუმენტი, რატომღაც, არც მაშინ მომისმენია, როდესაც "დავით აღმაშენებლის" მონუმენტი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანეს. პირიქით კი მახსოვს შეძახილები: წმინდანია დ ხელს ნუ ახლებთო! ისე, ცნობისათვის, დავით აღმაშენებელიც და თამარ მეფეც მხოლოდ წმინდანები არ ყოფილან და არა მგონია, ეკლესიაზე აპელირება ამ შემთხვევაში ლოგიკას ექვემდებარებოდეს.
უცნაური რეალობის წინაშე აღმოვჩნდით: თუ მოგწონს ხელისუფლება, უნდა მოიწონო ყველაფერი, რაც ამ ხელისუფლების დროს აღიმართება, იხატება, იწერება, იკვრება, იმღერება და იცეკვება. და პირიქით: თუ არ მოგწონს ხელისუფლება, არაფერი არ უნდა მოიწონო, რაც ამ ხელისუფლების დროს იცეკვება, იმღერება, იკვრება, იწერება, იხატება. რადგან ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ, ისიც ვთქვათ, რომ ზუსტად იგივე მოხდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის განაცხადი გააკეთა. ხელსუფლების მომხრე ასევე მოხელოვნებათმცოდნე სუბიექტებმა სრული სერიოზულობით დაუწუნეს ივანიშვილს ექსპოზიცია. არა, ის ვერ თქვეს, რომ მური და ჰერსტი არ ვარგოდა, მაგრამ რომელი სად უნდა ეკიდოს და იდგას, ამის თაობაზე "კომპეტენტური" აზრი, რასაკვირველია, გამოითქვა. კიდევ უფრო რომ ჩავუღრმავდებით პრობლემას, უფრო არასასურველ დასკვნამდე მივალთ. გამოდის, რომ ვინც პრეტენზიას აცხადებს ხელოვნების ცოდნაზე და უყვარს სააკაშვილი, არ მოსწონს მური, ჰერსტი თუ ლიხტენშტაინი. და პირიქით: ვინც იჩემებს, რომ ხელოვნებასთან მოშინაურებულია, მაგრამ უყვარს ივანიშვილი, კარგად ესმის ჰერსტის, მურის, ლიხტენშტაინის, მაგრამ არ ესმის ვაჟა მელიქიშვილის ესთეტიკის. ცხადია, მე ამ ავტორებს ერთმანეთს არც ვადარებ და არც არავის არ ვამუნათებ, გინდა თუ არა რომელიმე მათგანი მოსწონდეს ან არ მოსწონდეს. მე იმ რეალობაზე მივუთითებ, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენვე შევქმენით.
რაც შეეხება საზოგადოებას: ასე მგონია, ისევ და ისევ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, საჩხერის მთავარ მოედანზე ანიშ კაპურის სკულპტურას თუ დადგამენ, ეს საჩხერელებს ზუსტად ისევე არ გააღიზიანებთ, როგორც დღეს აღიზიანებთ მესტიელებს "თამარ მეფე", ან - პირიქით. ვარიაციები იმდენად ბევრია, საგაზეთო ფართს გავუფრთხილდები. კიდევ უფრო დამაფიქრებელია, რომ სააკაშვილისა და ივანიშვილის ხათრით თუ შიშით ის ადამიანები, ვისაც სიტყვა ეთქმით და სახელოვნებო წრეებში კარგი რეპუტაციით სარგებლობენ, ამჯერადაც ხმას არ ამოიღებენ. როგორც ჩანს, ჩვენ ისევ ფეოდალურ საქართველოში ვცხოვრობთ. შემთხვევითი არაა, რომ სააკშვილის და ივანიშვილის რეზიდენციები სწორედ ფეოდალის ციხ-სიმაგრეებივით ზემოდან დაჰყურებენ ქლაქს და ამ ქალაქში მოფუსფუსე ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ვიდრე ბიურგერები გავხდებოდეთ.