RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

თბილისი და ყინვა

თბილისში კარგა ხანია თოვს და უკვე მერამდენე დღეა, ჩვენთვის უჩვეულო ყინვებია.

24 საათი 19.02.12

თბილისში კარგა ხანია თოვს და უკვე მერამდენე დღეა, ჩვენთვის უჩვეულო ყინვებია.

ბავშვობაში თოვლი ალბათ, ყველას უყვარდა. მოთოვს თუ არა, იმ წუთას ბავშვებს ეზოში ჩასვლა, გუნდაობა, ციგით სრიალი, სტაფილოს ცხვირით თოვლის ბაბუის გაკეთება უნდებათ. საათობით შეუძლიათ ეზოში თამაში და სახლში სულ სველები, თოვლში ამოგანგლულები, ლოყებაწითლებულები, აჟიტირებულები, როგორც წესი, ხელთათმანდაკარგულები და ბედნიერები ბრუნდებიან. ასე იყო ჩემ შორეულ ბავშობაში და ახლაც ასეა. ბავშვობიდან, რატომღაც, თოვლი თბილისში, ჩემთვის, პირველ რიგში, საოცარ, რაღაც სრულიად განსხვავებულ სიჩუმესთან და საღამო-ღამის საათებთან არის უფრო ასოცირებული. მოთოვდა, ოდნავ დადებდა თუ არა, სამსახურიდან მობრუნებულ ბაბუაჩემს ან ეზოში ჩავყავდი, ან უკეთეს შემთხვევაში, ვაკის პარკში მივყავდი, რომელიც სხვა უამრავი, ახლო-მახლო მცხოვრები ბავშვებითა და ბაბუა-ბებიებით იყო სავსე, მხიარული. თოვლის ფანტელები კი ცვიოდა და ცვიოდა და ცარიელი შადრევანის გარშემო წრეზე ჩამწკრივებული ლამპიონების შუქზე მკვეთრად იხატებოდა. პარკში და პარკიდან სახლამდე გასავლელი გზა კი სიჩუმით მახსენდება. ქუჩაში მანქანები არ დადიოდნენ. თოვლიან გაუწმენდავ გზებს ერიდებოდნენ. ფეხით მოსიარულეებიც და მათ შორის, მე და ბაბუაჩემიც, მინიმალურად ვლაპარაკობდით. ბუნებრივი სიჩუმის დარღვევა არ გვინდოდა და ახლა ასე მგონია, თოვლს ვუსმენდით. თოვლის ფანტელების ცვენას თავისი ხმა აქვს. სიჩუმის ხმა.

თუ ბავშვობაში, თოვლი თბილისში, საღამოჟამთან, ბაბუასთან და ვაკის პარკთან მაქვს ასოცირებული, მოგვიანებით, მოზრდილ ასაკში და დღემდე, პირველივე თოვაზე, ვერაზე მდებარე ჩემი სახლის ფანჯრიდან გახედვისთანავე, დათოვლილ სახურავებზე, მამადავითზე, თეთრად შეფერილ ხეებზე, მეზობლის აივანზე თოკზე გაფენილ გადათეთრებულ სარეცხზე, ციგებით დაღმართზე მოსრიალე ბავშვებზე... რატომღაც, უმალ ელენე ახვლედიანის ზამთრის თბილისის პეიზაჟები მიდგება თვალწინ. ცოტა სევდიანი, ცოტა ბურუსიანი, ნისლიანი, ნაცრისფერი და ძალიან, ძალიან თბილისური. მხოლოდ ამ ქალაქისთვის დამახასიათებელი. ასე მგონია, ასე ვხედავ, თითქოს, თბილისში თოვლი თავის ბუნებრივ სითეთრეს მხოლოდ პირველი რამდენიმე საათი ინარჩუნებს და მერე მკვეთრად ნაცრისრი ხდება. ნაცრისფერი ტონი ედება ყველაფერს - გზებს, ქუჩებს, სახლებს, ხეებს, მანქანებს, ქანდაკებებს... დიდი ქართველი მხატვარიც, თითქოს ასე ხედავდა და ამიტომაც ზამთრის თბილისის პეიზაჟების ხატვისას, თეთრ ფერზე უფრო ხშირად, თავის პალიტრაში, ნაცრისფერს ხმარობდა.

ადამიანების უმეტესი ნაწილისთვის, თოვლი რომანტიულ განწყობასთან, ბუხართან, ცეცხლთან, სახლის სითბოსა და სიმყუდროვესთან, ფეხით სეირნობასთან, ლამაზად გადათეთრებულ პეიზაჟთან, დათოვლილ მთებთან, ხეებთან... არის ასოცირებული.

მე კი თბილისში თოვლი არ მიყვარს. უფრო სწორად, მიყვარს, სანამ თოვას ფანჯრიდან ვუყურებ, სიჩუმითა და სილამაზით ვტკბები და სახლიდან გასვლა არ მიწევს. მიყვარს, მანამდე, სანამ თბილისი ქათქათა თეთრია. ნაცრისფერი თბილისური თოვლი არ მიყვარს. ჩემი დღევანდელი ცხოვრების რეალობიდან გამომდინარე, თოვლი ჩემთვის სრულ ქაოსს, დისკომფორტს, ყოფით პრობლემებს, დაგეგმილი დღის არევ-დარევას, შეუსრულებელ საქმეებს, განუხორციელებელ გეგმებს ნიშნავს. საჭესთან ჯდომის ოცდაათწლიანი გამოცდილების მიუხედავად, თოვლზე და მითუმეტეს, მოყინულ გზაზე მანქანის ტარება ვერა და ვერ ვისწავლე. შიში ვერ გადავლახე. ზანდუკელის ქუჩის მკვეთრ აღმართზე მცხოვრები, პირველივე თოვლის შემთხვევაში, მოსრიალების პათოლოგიური შიშის გამო, მანქანას არც კი ვძრავ. არც მერიის მიერ, რაც აქვე მინდა დავუფასო, ოპერატიულად და ყოველდღიურად მოყრილი მარილი, არც საგულდაგულოდ გაწმენდილი ქუჩები და არც მანქანის "ხიდები" მაიმედებს. თოვლიან თბილისში ფეხით სირულს ვანიჭებ უპირატესობას. ასე უფრო მშვიდად ვარ.

აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, წლევანდელმა ზამთარმა, ბოლო კვირების გაუთავებელმა თოვლმა და ამას ყველაფერს დამატებულმა, თბილისისთვის უჩვეულო ყინვებმა, როგორ გამაწამა, კალაპოტიდან ამომაგდო! დათოვლილი, მერე ოდნავ დამდნარი, მერე მოყინული და მერე ისევ დამდნარი სახურავიდან სახლში წყალი ჩამომივიდა. მანქანით ძლივს გადავაადგილდები და ღამე, გვიან, მოყინულზე სიარულს კატეგორიულად ვერიდები. სახლის წინ, გაყინულ და სარკესავით სრიალა ქვაფენილზე მანქანა უკვე ორი კვირაა ვერ დამიყენებია. მეტწილად ფეხით დავდივარ და ცენტრალურ ქუჩებს თუ არ ჩავთვლით, ტროტუარების გაწმენდის ამბავს მხოლოდ ტელევიზორით თუ ვიგებ. ვერაზე, ვაკეში არც ერთი პატარა ქუჩის, დაღმართის, თუ აღმართის ტროტუარი გაწმენდილი არ არის. მესმის, რომ შესაბამისი სამსახურები ოცდაოთხსაათიანი რეჟიმით მუშაობენ და უზარმაზარი მოცულობის სამუშაოს საკმარისად ვერ აუდიან, ვერ ასწრებენ, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩემს მსგავსად, ფეხით მოსიარულეებს უმეტესად, მანქანის სავალ, გაწმენდილ, მარილმოყრილ ნაწილზე უწევთ სიარული. ხოდა დაღოღავს, დაფორთხავს მთელი თბილისი, მანქანებიც და ხალხიც. თოვლმა და ყინვამ თბილისში, თითქოს, ტემპი შეცვალა, შეანელა. ქალაქი ჩვეული რითმიდან ამოაგდო. სახლების გათბობა ასეთი ყინვებისთვის, უმეტესად საკმარისი არ აღმოგვაჩნდა. სადაც არ მიხვალ დიდად მყუდროდ თავს ვერსად გრძნობ. ყველგან თითქოს გიბერავს, ან არასაკმარისად თბილად გაცვია. ჩაცმას რაც შეეხება, ზამთრის გარდერობიც, განსაკუთრებით თოვლში წყალგაუმტარი და ყინულზე არასრიალა ფეხსაცმელები საერთოდ არ აღმოგვაჩნდა. საიდანღაც, სკივრებიდან ამოვაძრეთ, კარადებში, ჩემოდნებში ვიპოვეთ ძველი ქურქები, კურტკები, ბოტები, ჩექმები, ბატინკები, კაშნეები, თბილი ნაქსოვი ხელთათმანები, წინდები, შალის ქუდები... ყველაფერი ეს ჩავიცვით, ტანზე შემოვიდეთ, ავიჯაჯეთ, დავიჯაჯეთ, ასფენიან კომბოსტოებს დავემსგავსეთ, დავმახინჯდით, საშინელ გუნებაზე დავდექით და ქუჩაში ფორთხვა-ფორთხვით, ფრთხილად გავედით... იქ, ტროტუარზე კი, ვისი, ვისი და ელენე გედევანიშვილის თუ შეგშურდება. რა ვირაჟების კეთება იცის?! ფრთხილად სიარულისგან დავიღალე! თამამად გავლა მომენატრა!

არა, თბილისში რამდენიმედღიანი თოვლი და მითუმეტს, ამას დამატებული ყინვა - არ მიყვარს!

ვინც არ მოვა, ან სადაც არ მიხვალ, სადაც არ ჩამოჯდები, ყველგან ფეხებთან გამდნარი თოვლის დიდ, რუხ, ტალახნარევ გუბეს აყენებ. უხერხულია პირდაპირ! მეორეს მხრივ, ივანიშვილს ხომ არ მივბაძავთ? კაცობრიობისთვის ჯერ არნანახ, არგაგონილ ტრადიციას ხომ არ დავნერგავთ? მესჩანობას ხომ არ გადავყვებით, დავემონებით და თუნდაც ყველაზე მაღალხარისხიან, ძვირფას იატაკზე ზრუნვის და დამლაგებლებზე ეკონომიის მიზნით, მოსულ სტუმრებს ფეხზე საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების ცისფერ ბახილებს ხომ არ ჩამოვაცმევთ? სულ ხომ არ დავკნინდებით?

არა, თბილისში თოვლი და ყინვა, დამეთანხმეთ, ზედმეტად გაგვიგრძელდა. ქალაქში, თითქოს და რაღაც დეპრესიულობა სუფევს. უკვე რამდენი ხანია, ზოგიერი, ცოტა აღმართში, ან ცოტა რთულად მისასვლელ, სახიფათო მოსახვევიან ვიწრო ქუჩაზე მცხოვრებ მეგობართან არ ვყოფილვარ. მომენატრენ კიდეც. საღამოობით არსად გადიხარ. ამისთვის დიდად არც გუნება გიწყობს ხელს, არც შესახედაობა, არც გარდერობი, არც სურვილი. ზიხარ ნელ-თბილ სახლში, ნელ-თბილად გაცვია, პლედებში იფუთნები და გინდა არ გინდა, ქართულ ტელეარხებს უყურებ, რომელთა პირველადი ფუნქცია, მგონი, ჩვენი დეპრესიულობის კიდევ უფრო მეტად გაღვივება-გაღრმავება-გართულებაა. ყველა ნიუსს, საინფორმაციო გამოშვებას ისე იწყებენ, მაქსიმალურად რომ გაგიჩინონ სრული აპოკალიფსის შეგრძნება. "საქართველოში უამინდობა გრძელდება!!!!", "ზღვები იყინება!!!!", "მსოფლიოში ყინვის მსხვერპლის რაოდენობა კატასტროფულად იზრდება!!!!", "ზვავის გამო გადაკეტილია ესა და ეს ავტომაგისტრალი!!!! გზის გამწმენდი სამუშაოები უამინდობის გამო შეფერხებით მიმდინარეობს!!!" მაესტროზე გადართავ - ცოტა გაყინული და ამისგან (რბილად რომ ვთქვათ) კიდევ უფრო ნაკლებად კეთილგანწყობილი შალვა რამიშვილი; სიცივისგან სულ მთლად ძილისკენ წაღებული ია ანთაძე; აწ უკვე გამდიდრებული ძიძიგური, დავითაშვილი, ხიდაშელი... რომლებიც, რატომღაც სიღარიბეში უფრო მომხიბვლელები ჩანდნენ; ამ სიცივეში, "კარმუშკას" მიღმა დარჩენილი საბრალო კუკავა... "კავკასიას" და აქუბარდიას საერთოდ, ნურც ვიკითხავთ! მე რომ მკითხო, ის დროა, მერიის მიერ გახსნილ რომელიმე თავშესაფარში თუ მიიყვანს ვინმე, თუნდაც პატრული, ნამდვილად, მადლი იქნება! მაია ასათიანი ჩვენ გუნებ-განწყობას კვლავ არა და არ ითვალისწინებს და მაინც გვატირებს. ახალი ქართული მხატვრული კინო ვნახე, ლელა წურწუმიათი მთავარ, ახალგაზრდა ბიჭში შეყვარებული ვარსკვლავის როლში და ვაღიარებ, ჯობდა არ მენახა! ფილმის ფინალი ვერავინ გაიგო. თბილისის ერთ ნაწილს ჰგონია, რომ ბიჭი გადარჩება. ზამთრის დეპრესიულობიდან გამომდინარე კი უმეტესმა ნაწილმა წურწუმიას მხარზე მიწოლილი შეყვარებული ახალგაზრდა გამოიტირა. ასეთ ფილმებს არ ჯობია, რამე ანოტაცია, ან მოკლე შინაარსი მოაყოლონ? ვანო ჯავახიშვილს ვუყურე და რაიმეზე ელემენტარული გაღიმების დიდი იმედის, სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, არაფერი გამომივიდა. გვიან ღამე, წიგნის კითხვას გულუბრყვილოდ, კინოს ნახვა ვამჯობინე და მივხვდი, რომ იძულებით კინოსაც მაკითხებენ, თან რაღაც გაუგებარი, წაუკითხვადი შრიფტით. მოკლედ მტანჯველად. აი, ერთადერთი სად არის მუდმივი ზაფხული, ხალისი, სითბო, მხიარულება, ოპტიმიზმი, ცხოვრებით, საერთოდ ყველაფრით კმაყოფილება და უშრეტი ენერგიაა - იქ სადაც ნანუკაა ჟორჟოლიანი! ნანუკას უყურებ და ყველაფერი გავიწყდება - ზამთარიც, სიცივეც, მოყინული გზებიც, ზვავებიც, საკუთარი ღარიბი გარდერობოც, სიღრმისეული კომპლექსებიც, ფიზიკური დეფექტებიც, დარდებიც და პრობლემებიც! თავი, ცოტა ხანი, ნანუკას გემოვნებითა და ფანტაზიით მოგონილ-შეთხზულ-დეკორირებულ ზღაპარში, ან დიდი- დიდი, დუბაიში გგონია...

გადიხარ ქუჩაში და თოვლიანი თბილისის ელენე ახვლედიანისეული ნაცრისფერი პეიზაჟი და ასევე ნაცრისფერი რეალობა გხვდება.

ვიცი, რომ წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს! ვიცი, რომ არ არსებობს ცუდი ამინდი! ვიცი, რომ თოვლი კარგი, ლამაზი, ჯანსაღია და მაინც აღარ მინდა!

რამდენი ხანი შეიძლება?! ნეტავი, როგორია მომავალი ამინდის პროგნოზი? ჩვენი ტელევიზიის მეშვეობით ამასაც ვერ გაიგებ. ამას წინათ, რამდენიმე სინოპტიკოსმა, რამდენიმე წუთის ინტერვალით, რადიკალურად საპირისპირო ინფორმაციები მოგვაწოდეს. მიდი და გაიგე, რომელია მტყუანი და რომელი - მართალი!

ისევე ჩვენ და რა თქმა უნდა, არა ნანუკას უსაფუძვლო ოპტიმიზმს თუ დავეყრდნობით და იმედს ვიქონიებთ, რომ მალე დათბება, თოვლი და ყინული დადნება, მანამდე მშვიდობით მივატანთ, ფეხს, ან კისერს არ მოვიტეხავთ, ჭერი საბოლოოდ არ ჩამოგვენგრევა, ბახილები და პირბადეები უნიფორმად არ გამოცხადდება, რამიშვილი ინტრიგანივით არ მოგვივარდება, ნანუკას არ დავემსგავსებით, წურწუმიას გმირივით "შარში" არ გავებმევით, ხიდაშელივით არ გავიყიდებით... და ჩვენ ქუჩაზეც გაზაფხული მოვა!

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი