RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

ჰუმანური ლიბერალიზმი თუ ლიბერალური ჰუმანიზმი?

ლიბერალიზმი, როგორც პოლიტიკური სწავლება, ჩემი აზრით, პოლიტიკური თეორიის განზომილებას გასცდა და უფრო ფუნდამენტურ მიმდინარეობად იქცა, რომლის საფუძველზე ყალიბდება არამარტო დემოკრატიული პარტიების პლატფორმები, არამედ საზოგადოებრივი და საერთაშორისო ურთიერთობები.

24 საათი 26.09.10

ლიბერალიზმი, როგორც პოლიტიკური სწავლება, ჩემი აზრით, პოლიტიკური თეორიის განზომილებას გასცდა და უფრო ფუნდამენტურ მიმდინარეობად იქცა, რომლის საფუძველზე ყალიბდება არამარტო დემოკრატიული პარტიების პლატფორმები, არამედ საზოგადოებრივი და საერთაშორისო ურთიერთობები.

ჰუმანიზმი რენესანსის პერიოდიდან ჩამოყალიბდა. ამ ორ ცნებას შორის განსხვავება თითქმის არ არსებობს. ლიბერალობა არსობრივად ჰუმანურია, ვინაიდან ის ადამიანის პირად თავისუფლებასა და არჩევანის უფლებას ეფუძნება. ლიბერალიზმის იდეალია: ყველა ადამიანის პირადი თავისუფლება და პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს გავლენის მინიმიზირება, საზოგადოების დემოკრატიული კონტროლი სახელმწიფოზე, კერძო საკუთრება, საბაზრო ეკონომიკა, წარმატების შესაძლებლობების თანასწორობა, კანონის უზენაესობა. “ის (ლიბერალიზმი) ხდება პოლიტიკური, ეკონომიკური და სულიერი ცენტრალიზმის, მონოპოლიის (მათ შორის სახელმწიფოს), კოლექტივიზმის, გიგანტური სისტემების, მასიურობის, მეგაპოლისების სიმდიდრის დაგროვების და იმპერიალიზმის შეურიგებელი მოწინააღმდეგე” (“ლიბერალიზმის საფუძვლები” , კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე).

ლიბერალებს, როგორც წესი, ებრძოდნენ და ებრძვიან ყველა სახის ტოტალიტარული და ავტოკრატიული იდეოლოგიები. საქართველოში ლიბერალებმა საპატიო სახელი მოიპოვეს - “ლიბერასტები". აქ ლიბერალობის წინააღმდეგ ყველაზე მწვავე არგუმენტი სექსუალური უმცირესობების საკითხია. რამდენად შესაძლებელია ზოგადად ამის არგუმენტად გამოყენება? მეცნიერული და სტატისტიკური თვალსაზრისით, სექსუალური უმცირესობები იმიტომაც არიან უმცირესობები, რომ საზოგადოებაში მათი რაოდენობა არ აღემატება 4-8 პროცენტს. ასე რომ, ეს თემა სერიოზული განსჯის საგანი ვერ იქნება. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ტრადიციული ორიენტაციის ადამიანია. ჰომოსექსუალობა ბევრს არ მოსწონს და არამარტო საქართველოში, მაგრამ მნიშვნელოვანი მეცნიერული დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ, როგორც წესი, ჰომოსექსუალიზმის ყველაზე თავდადებული მოწინააღმდეგეები უმეტეს შემთხვევაში, ჰომოსექსუალობისადმი მიდრეკილებით გამოირჩევიან. მათი ხმამაღალი და აგრესიული პროტესტი შინაგანი შიშით არის განპირობებული - “არავინ შემატყოს”. ისეთ ტრადიციონალისტურ და არათავისუფალ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოშია, ასეთი შიში განსაკუთრებით მძაფრია.

ზოგიერთი ეკლესიის მსახურის მხრიდან ასეთი შეუწყნარებლობა და აღშფოთება არ მიკვირს. მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციები რუსული გავლენით ყალიბდებოდა, სადაც რელიგია დიდი ხანია პოლიტიზებულია. თავად რუსეთში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საზოგადოებაში ლიბერალურ ფასეულობებს ფეხი რომ არ მოეკიდა, ყველა არხზე მიმდინარეობდა მანკიერებების რეკლამირება, მათ შორის ჰომოსექსუალობის. ამის აპოლოგეტი ესტრადის ვარსკვლავი ბორის მოისეევი გახდა. შემდგომ ყველაფერი შეიცვალა და პუტინის მოსვლის შემდეგ, ლიბერალიზმის გაგონება აღარავის უნდოდა. “რუსი მუჟიკისთვის ლიბერალობა დამღუპველიაო”. სათანადოდ, ქვეყანაში სხვა იდეა, გარდა იმპერიის აღდგენისა, აღარ დარჩა.

ქრისტიანული მორალი ლიბერალობის საფუძველს წარმოადგენს. ლიბერალობა სეკულარული (საერო) ცხოვრების მექანიზმია. იცავს ადამიანის უფლებას იყოს ისეთი, როგორიც არის. მთავარია ადამიანმა კანონი არ დაარღვიოს. მორწმუნე ადამიანი მშვიდია, ვინაიდან იცის, რომ ღმერთი არსებობს და არ გასწირავს. თავისუფალი ადამიანიც მშვიდია, ვინაიდან იცის, რომ თავის სამყოფ პურს ყოველთვის გამოიმუშავებს. რადგან საზოგადოება ასე ღელავს, გამოდის, რომ თავისუფალი და მორწმუნე ადამიანების სერიოზულ ნაკლებობას განვიცდით. საზოგადოება მშვიდია, როდესაც ლიბერალურია.

ცივილიზებული სამყარო არსობრივად ლიბერალურია, უბრალოდ იმდენჯერ სცადეს ლიბერალობას ამოფარებოდნენ, რომ სახელი ლიბერალიზმი გაუთვითცნობიერებელი მასისთვის გამაღიზიანებელი გახდა. ლიბერალური ფასეულობები დღეს ყველა დემოკრატიული თეორიის საფუძველს შეადგენს, მაგრამ თავად დასახელებას იშვიათად იყენებს ვინმე. ლიბერალობის გათელვის მკაფიო მაგალითად ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის დასახელება გამოდგება, რომელიც თავისი შინაარსით არც ლიბერალურია და არც დემოკრატიული.

სასტიკი წინააღმდეგობების მიუხედავად, ლიბერალიზმი მდგრადი აღმოჩნდა, ვინაიდან მისი არსი უპირველესად ჰუმანურია. ლიბერალიზმის ქვაკუთხედი ადამიანის პიროვნულ თავისუფლებაში გამოიხატება. მისივე წიაღიდან წარმოიშვა ლიბერტარიანიზმი. თითქმის ლიბერალური ანარქია. ლიბერტარიანელებს სახელმწიფოსთვის მხოლოდ მინიმალური ფუნქცია ემეტებათ. ნამდვილად არ არის ურიგო, ოღონდ ამისთვის ლიბერალური მეზობლებია საჭირო. ერთ სტატიაში მარტივი დასკვნა წავიკითხე - მიშა არ არის ლიბერტარიანელი. ნამდვილად არ არის და მადლობა ღმერთს. დღევანდელ სიტუაციაში ქართული სახელმწიფოს მინიმალიზება მისი გაქრობის ტოლფასია. ჩვენი პრეზიდენტი ლიბერალია და ამაშია მისი გამარჯვებების საიდუმლო. როგორც წესი, ლიბერალიზმი სახელმწიფოსთან მიმართებაში უფრო ოპოზიციური იდეოლოგიაა. ჩვენ შემთხვევაში სწორედ ხელისუფლების ლიბერალობა გახდა რუსულ იმპერიასთან იდეოლოგიურ ჭიდილში გამარჯვების მთავარი იარაღი. დღეს რუსეთში საქართველო “მოდაშია” და ამის მიზეზი სწორედ საქართველოს ლიბერალური წარმატებებია.

ქართულ საზოგადოებაში გარდა მემარჯვენე (ლიბერტარიანელი) ლიბერალებისა არიან ასევე მემარცხენე ლიბერალები. ამ მიმართულების ზოგიერთი მკაფიო წარმომადგენელი სრულად უარყოფს ლიბერალობას იმ აზრით, რომ თავად ევროპაც არ არის ლიბერალურიო და ამის მაგივრად თავისუფლებას გვთავაზობს. საინტერესო მოსაზრებაა, ღმერთმანი. ტერმინი ლიბერალიზმი სწორედ თავისუფლებას ნიშნავს. ის სწორედ თავისუფლების მექანიზმებს გვთავაზობს და რა იგულისხმება თავისუფლებაში ლიბერალიზმის მაგივრად, ჩემთვის გაუგებარია. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. ე.ი. ჯერ ბევრი და დაუსრულებლად უნდა ვიკამათოთ თავისუფლებაზე? ლიბერალიზმი ამის პასუხებს იძლევა, სათანადოდ ლიბერალიზმის უარყოფა თავად თავისუფლების უარყოფას ნიშნავს.

ჰუმანიზმიც საჭიროებს განმარტებას. ჰუმანიზმიც იგივე მიზნებს ემსახურება, ის ადამიანს ყველაფერზე მაღლა აყენებს. უფრო მართებული იქნებოდა იმის თქმა, რომ ჰუმანიზმი ლიბერალიზმის საფუძველი გახდა. როგორ გვესმის ჰუმანიზმი? თანაგრძნობა, შებრალება? ნამდვილად ასეა. საკმარისია მათხოვრების რაოდენობას შევხედოთ და გასაგები ხდება, რომ ქართული საზოგადოება მაღალჰუმანურია. საზოგადოება მათხოვარს “აჭმევს”. სხვაგვარად დავაყენებ საკითხს, რამდენად ჰუმანურია მათხოვრისთვის ფულის მიცემა? იგივე საზოგადოება ტოტალიტარულ განზომილებაში ორგანულად იცოდებდა ნებისმიერ პატიმარს. სახელმწიფოსგან დაჩაგრულს. ამავე მიზეზით ქურდობის ინსტიტუტს საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. თავიდანაც სწორედ ასეთი ჰუმანიზმი წარმოიშვა. ნამდვილად შეუძლებელი იყო ფეოდალურ ქვეყანაში დაჩაგრული ადამიანი არ შეგცოდებოდა. მაგრამ, ასეთ გარემოებაში ადამიანი ეჩვევა “დაჩაგრული” ადამიანის არასამრთლებრივი ქმედებების გამართლებას. “მონანიებაში” ბრწყინვალედ არის ეს ნაჩვენები. აბელ არავიძე აღსარებისას ამბობს: “ყველაფერი ამერია, შემიძლია ყველაფერი გავამართლო, მკვლელობაც კი”. შედეგად შეუძლებელი ხდება კარგისა და ცუდის გარჩევა. არათავისუფლება ადამიანს სულს უსპობს.

დღევანდელ საზოგადოებაშიც ვინმეს რომ დაიჭერენ, ზოგი გულში იბრალებს, ზოგი ხმამაღლა ყვირის “გამოუშვით უდანაშაულოაო”. სინამდვილეში სამართლიანი სასჯელი დამნაშავის შვება და გადარჩენაა. ეს დიდი ხანია დაამტკიცეს ფსიქოლოგებმა. ასეა ადამიანი მოწყობილი - მისი სული, სინდისი მოსვენებას არ მისცემს. დანაშაულის აღიარება და სასჯელი კი ამშვიდებს. სასტიკმა მკვლელმა აუცილებლად უნდა იცოცხლოს იმის გასააზრებლად, თუ რა საშინელება ჩაიდინა. ამიტომაც არის ცივილიზებულ სამყაროში სიკვდილით დასჯა მიუღებელი. ასეთი შებრალება უკვე ლიბერალური ჰუმანიზმია. სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლების აღკვეთა უფრო მძიმე, მაგრამ ჰუმანური სასჯელია. აქაც ლიბერალობა ეთანხმება ქრისტიანობას. ადამიანის სული ეკუთვნის ღმერთს და მასთან უნდა დაბრუნდეს, როდესაც ღმერთი ინებებს.

საკითხთა საკითხია, რა უნდა მისცე ადამიანს - თევზი თუ ანკესი? თევზის მიცემა ქრისტეს შეუძლია, ის ღმერთია. მაგრამ, იგივე ქრისტემ სიმონს ბადე სამჯერ ასროლინა, მას თავად უნდა დაეჭირა თევზი და რაც მთავარია, თევზის დაჭერის იმედი არ უნდა დაეკარგა. ჰუმანიზმი ანკესის მიცემაშია და არა თევზის. თან უნდა ასწავლო ანკესის მოხმარება. თავის თავში რწმენისა და წარმატების იმედი უნდა მისცე. ყველა ადამიანს შეუძლია რაღაცა გააკეთოს, საკუთარი ნიჭი გამოავლინოს, შებრალება და შეცოდება კი ადამიანის ღირსების შეურაცხყოფაა. მისი უწმინდესობის განმარტებით, ღირსება თავად ღმერთია ადამიანში. გამოდის, შებრალება ღმერთის შეურაცხყოფას ნიშნავს. ამდენი მათხოვარი სცოდავს, მაგრამ ამდენი “დამხმარეც” ცოდვაშია.

ლიბერალიზმი სახელმწიფოსგან მოითხოვს გაჭირვებული და უუნარო ადამიანების დახმარებას. ეს მის არსში დევს, მიზნობრივი ქველმოქმედება უსაქმურობას ვერ წაახალისებს. დანარჩენებმა საკუთარ თავს თავად უნდა მიხედონ. ღმერთის წინაშე ყველა პერსონალურად აგებს პასუხს და სწორედ ამისკენ უნდა უბიძგო ადამიანს, ამაშია ნამდვილი ლიბერალური ჰუმანიზმი, აქაც სრული თანხვედრაა ქრისტიანულ მორალთან.

ლიბერალიზმი მის საწინააღმდეგო აზრის გამოხატვის უფლებას იცავს და ერთი შეხედვით ეს თითქოს მისი სისუსტეა, მაგრამ სწორედ ამ სისუსტეშია მისი ძალა. ქრისტიანულად ამას “მეორე ლოყის მიშვერა” ეწოდება. ლიბერალიზმი მშვიდობაა. მისთვის ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია. სათანადოდ მიუღებელია ომი. ლიბერალურ სამყაროში აგრესიის გამოვლინება ნებისმიერ დონეზე მარცხია. ლიბერალიზმმა კაცობრიობის მთელი გამოცდილება შეითვისა და თავისუფლების მიღწევის რეალური მექანიზმი გახდა. ლიბერალიზმი პირველ რიგში ადამიანის შინაგანი თავისუფლებაა. ამ ყოველიდან გამომდინარეობს, რომ ლიბერალიზმი, თავისუფლება და ჰუმანიზმი თითქმის სინონიმებია და ყოველივე ეს კი დემოკრატიის შინაარსს შეადგენს. პრობლემა მხოლოდ აქცენტებში და ცუდ ინფორმირებულობაშია.

ლიბერალურ ფასეულობებზე პოსტსაბჭოური მოსახლეობის ზიარება საკმაოდ რთული ამოცანაა და არამარტო ტოტალიტარული მემკვიდრეობის გამო. საქმე ის არის, რომ ყველა ეს თეორია დასავლურ კულტურაშია შობილი. დასავლეთი კი ისედაც პერსონიფიცირებული, ინდივიდუალური სამყაროა. ასეთ ფუნდამენტზე ლიბერალიზმის აღორძინება სავსებით ლოგიკური და შესაძლებელი იყო. აღმოსავლეთი თავისი შინაარსით კოლექტიური ცივილიზაციაა და ეს ტოტალიტარიზმის მასაზრდოებელი გარემოებაა. დასავლელი ადამიანის მენტალობა პრინციპულად განსხვავდება აღმოსავლელისაგან. “ხუტორზე” მაცხოვრებელი ევროპელი ან ამერიკელი ამბობს: “ხელი არ შემიშალოთ, თავად მოვიპოვებ “პურს ჩემი არსობისა”.

როგორია აღმოსავლელი ადამიანის მოთხოვნა? კოლექტიურ ერებში პიროვნება კოლექტიურია. ერთი ისეთია, როგორც ყველა. კოლექტივი ყურადღებით ადევნებს თვალს ტრადიციებისა და დაწესებული დაუწერელი კანონების დაცვას (რას იტყვის ხალხი?). ამ სიტუაციაში ლიბერალობის შანსი თითქოს მინიმალურია. ადამიანის მაგივრად “კოლექტივი ფიქრობს”. დღეს ეს თემა კაცობრიობის საკითხთა საკითხია. მეცნიერულად და რელიგიურად ადამიანი ყველგან ადამიანია, ანუ თავისუფლების მექანიზმები ყველგან თანაბრად უნდა მოქმედებდეს. უკვე მეორე საკითხია და ცალკე საუბრის თემა, თუ რატომ არ მოქმედებს. ფილოსოფიურად, ადამიანის ცნობიერებას განსაზღვრავს ყოფიერება და ასევე, ყოფიერებას განსაზღვრავს ცნობიერება. ადამიანი თავისუფლდება, როდესაც მისი ყოფა მისი ცნობიერებით, ანუ მისი გონებით იმართება. ადამიანის პოტენციალში ინდივიდუალური და კოლექტიური საწყისები ბუნებრივად დევს. დასავლეთში იგივე მოთხოვნებია კოლექტიურობაში, როგორც აღმოსავლეთში. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ დასავლეთში თავისუფალი ადამიანები კოლექტიურობაში ნებაყოფლობით ვლინდებიან. აღმოსავლეთის შემთხვევაში “კოლექტივში” შენარჩუნება ძალადობრივი მექანიზმებით ხდება, იგივე ტრადიციებისა და ბევრი სხვა წესის, განსაკუთრებით რელიგიური ფუნდამენტალიზმის გამო. ამიტომ, ვინაიდან აღმოსავლელი ადამიანის ბედს კოლექტივი მართავს და მის მაგივრად “ფიქრობს”, მისი დევიზიც მარტივია: “მაჭამეთ და ხელს არ შეგიშლით”. კოლექტიური ადამიანის გონება დამოკიდებულია კოლექტივზე. როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს კოლექტიური გარემოება, იქ არ არის თავისუფლება, შედეგად არ არის შემოქმედება. სადაც არ არის შემოქმედება, იქ არ არის წარმატება. იაპონიის მაგალითმა მსოფლიო დემოკრატიისა და ლიბერალიზმის მართებულობაში დაარწმუნა. კოლექტიურ ერებში სავსებით შესაძლებელია დემოკრატია. საკმარისია კოლექტიური და ინდივიდუალური მართებულად გადაჯგუფდეს.

სინამდვილეში აღმოსავლეთი უფრო მემარჯვენეა, ვიდრე დასავლეთი. აღმოსავლელ ადამიანს უფრო მეტი პირადული პრეტენზიები აქვს. ვინაიდან ის მუდმივი ძალადობრივი წნეხის ქვეშ არსებობს. ძალადობა კი წარმოშობს ძალადობას. აღმოსავლელი მმართველები ცდილობენ ეს აგრესიული ენერგია სხვა კალაპოტში წარმართონ, რაც ტერორიზმში და მტრის ხატების შექმნაში ვლინდება. აღმოსავლეთი მთავარ მტრად ამერიკას აღიქვამს. “იმიტომაც ვერ გაჭმევთ, რომ ამერიკამ ყველაფერი წაგვართვაო”. ასეთია აღმოსავლელი ლიდერების რიტორიკის ძირითადი ქვეტექსტი. დასკვნა: კოლექტიურობა - მონობაა, მონობა - აგრესია, აგრესია - ომი. ომი კი არავის სჭირდება. ამიტომ ყველა უნდა იყოს თავისუფალი. კაცობრიობას მხოლოდ მშვიდობიანი განვითარება სჭირდება. ამისთვის ლიბერალური პოლიტიკა, სათანადოდ ლიბერალური საზოგადოება და ასეთი ადამიანების მიმართ ლიბერალური ჰუმანურობა ყველაზე რეალურ საშუალებად ისახება. ნურავინ გაიგებს ამას, როგორც საყოველთაო მიმტევებლობას. აგრესიას სათანადო პასუხი სჭირდება.

საქართველო, როგორც ორი სამყაროს გზაგასაყარი, ორივე თვისებას ითავსებს. ამ თვალსაზრისით ნამდვილად უნიკალური ერი ვართ. ჩვენი ევროპულობა სულაც არ არის მითი ან ხელისუფლების მოგონება. ინდივიდუალიზმი ქართულ ბუნებაში მყარად ზის. უფრო მეტიც, არაერთხელ აღვნიშნე, რომ ქართველ ადამიანს შინაგანი თავისუფლება ყოველთვის ჰქონდა, მიუხედავად იმისა, ქვეყანა თავისუფალი იყო თუ არა. ამის ძირითადი მიზეზი სრულიად ეკონომიკური და გეოპოლიტიკურია. ქართველს ყოველთვის ყოფნიდა მისი მიწა, ნიჭიც აქედან არის, იცოდა რა და როდის დაეთესა. ყოველთვის ჰქონდა საკუთარი პური და ღვინო. ამას დღეს ინტენსიური ეკონომიკა ეწოდება, რომელიც ყველა ცივილიზებული და განვითარებული ქვეყნის წარმატების უმთავრესი მიზეზია. ასეთი ადამიანის ბოლომდე დამონება შეუძლებელია. საბჭოურობამ თავისი საქმე გააკეთა. ქართველის ცხოვრებას დაბადებიდანვე მართავდნენ და თავისი არათავისუფალი შინაგანი სამყაროდან გამომდინარე, ყველაფერს მხოლოდ არათავისუფლების “არშინით” ზომავს. მხოლოდ თავისუფლების ანუ ლიბერალიზმის პირობებში არის შესაძლებელი ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბება. თავისუფლება შემოქმედებაა. შემოქმედება წარმატება. თავისუფალი ადამიანები კოლექტიურობაშიც ჯანსაღად გამოვლინდებიან. ეროვნულობის საკითხი განსაკუთრებით “აწუხებს” ტრადიციულ საზოგადოებას. წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ვიხილეთ. რომელი დემოკრატიული ერი არ არის ეროვნული? რომლები არ არიან თავის ქვეყანაზე შეყვარებულები? პირიქით, მათი პატრიოტული გამოვლინება უდიდეს პატივისცემას იწვევს. თავისუფალი ადამიანის გამარჯვებებში ან მარცხში არავინ არის დამნაშავე, მხოლოდ თვითონ ცდება ან იმარჯვებს. სათანადოდ, მას არავითარი მიზეზი არ გააჩნია, არ უყვარდეს. პირიქით, სიყვარული მხოლოდ თავისუფალს შეუძლია, ამისთვის მოწოდება არც არის საჭირო. თავისუფლება თავად არის სიყვარული.

საქართველოში ლიბერალიზმი ჰუმანურად მკვიდრდება. თან ხშირად ისეთივე ჰუმანიზმით, რომელსაც საზოგადოება თავის ტოტალიტარულ წარსულში მიეჩვია. ლიბერალურმა ეკონომიკამ თავისი შედეგი გამოიღო და ომამდე ქვეყანა სწრაფად ვითარდებოდა. გარდა ომისა და კრიზისისა. არის ძირეული მიზეზი, რატომ ჭირს განვითარება. ტოტალიტარიზმში გაზრდილი საზოგადოება ძნელად ითვისებს პირად, ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას. რაც სოციალური დაძაბულობის ძირითად მიზეზად მიმაჩნია. ხელისუფლება გარკვეულწილად იძულებულია, ჩამოყალიბებული მენტალობა გაითვალისწინოს. საბჭოურ სოციალიზმში მიჩვეული ადამიანი, რომელიც აღმოსავლურად “კოლექტიურია”, ქვეყანდ მხოლოდ იმას აღიქვამს, რომელიც “აჭმევს”. კანონებს აღიქვამს ისე, რომ შეეძლოს მისი დარღვევა. რეფორმებს აღიქვამს მაშინ, როდესაც აშენებულს ან დაგებულს დაინახავს. არგუმენტები არ მოქმედებს და ხშირად არც ფაქტები. პირიქით, თუ არგუმენტირებულ აზრს ისმენს და პასუხი არ აქვს, შინაგანად უფრო იძაბება. რაღაცას აკეთებს, თან გადასახადებს აუცილებლად მალავს. თუ სახელმწიფოსაც რამდენიმე ლარს დასტყუებს, სულაც არ შერცხვება. აქედან გამომდინარე, ოპოზიციაც სრულიად საბჭოური, სოციალისტური პოპულიზმით აპელირებს. თუმცა უკვე იმის ნიშნები გამოჩნდა, რომ ოპოზიცია ლიბერალური ლოზუნგების ზურგს უკან აპირებს ამოფარებას. ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური ზრდის გარანტია ლიბერალიზმში და ლიბერალურ ჰუმანიზმშია. ამის ნიშნები კარგად ჩანს. პირველადი მაინც დამოუკიდებელი ადამიანების განათლებაში, მათი აქტიურობის მხარდაჭერაში და თანამედროვე ბიზნესის ხელშეწყობაშია.

ცივილიზებული სამყარო ლიბერალური ჰუმანიზმით არის განმსჭვალული. სხვა ადამიანებს და ერების გათავისუფლებაში დახმარების სურვილი თავისუფლების ბუნებრივი მისწრაფებაა. ლიბერალურ სახელმწიფოში რაც უფრო მეტი თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი იქნება, რომელიც თავის თავზე ზრუნავს, ბიუჯეტშიც მეტი შემოსავალი შედის და საზოგადოებაც მშვიდი და არააგრესიულია. საერთაშორისო დონეზე კი ხდება ის, რასაც ვხედავთ, ცივილიზებული ქვეყნები ეხმარებიან ნაკლებად განვითარებულებს. ვისაც ასეთი სურვილი არ უჩნდება, მიუხედავად იმისა, რას დეკლარირებს, ნიშნავს მხოლოდ ერთს - ის ჯერ არ არის თავისუფლების იმ ხარისხში, ლიბერალი რომ ეწოდებოდეს. ქართულ საზოგადოებაში “კოლექტიური”, საბჭოურ-სოციალისტური საწყისები საკმარისზე მეტია. ასეთ ადამიანს არ უნდა პასუხისმგებლობის აღება, ინიციატივის უნარი არ გააჩნია. იმპერია სწორედ ამ პასუხისმგებლობის უნარს ანადგურებდა. ხომ არ მოკლავ, როგორმე ხომ უნდა გააგებინო, რომ აღარავინ “აჭმევს”. საზოგადოებაში როგორმე ხომ უნდა შეიცვალოს სხვისი სიმდიდრით გაღიზიანება და შური და ამის ნაცვლად ხომ უნდა თქვას: “მეც შევძლებ, ვისწავლი, გამომივა”. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ აგრესიის დაგროვება, ისევ დაძაბულობა და ღმერთმა გვაშოროს კიდევ რა შეიძლება მოხდეს. ამიტომ ლიბერალურად, ჰუმანურად, “ანკესი” ხელში და მისით სარგებლობის სწავლება.

ჟურნალ “ტაბულაში” შესანიშნავი სტატია წავიკითხე: “ალუდას გზა”. სამწუხაროდ საიტზე ავტორი ვერ ვნახე: “თავისუფლებისმოყვარე ადამიანებმა ე.წ. ლიბერალებმა, მას (რელიგიურ ნაციონალიზმს) ის უნდა დავუპირისპიროთ, რაზეც საქართველოში საყოველთაო კონსესუსი და აღიარება არსებობს. სახარება, გიორგი მთაწმინდელი, ვეფხისტყაოსანი, გურამიშვილი, ვაჟა-ფშაველა, ილია, გრიგოლ ფერაძე”. დავამატებდი, გურამ ასათიანი, გერონტი ქიქოძე, ოღონდ დაპირისპირებასა და რელიგიურ ნაციონალიზმს ვერ დავეთანხმები. ჩვენთვის ამ ადამიანების სიბრძნე, ქართული ლიბერალური საზოგადოების მშენებლობის ფუნდამენტი უნდა გახდეს და არა დაპირისპირების. შოთა რუსთაველი რომ პირველი ლიბერალია, ჩემთვის ეს უყტუარი ფაქტია: “მიეც გლახაკთა საჭურჭლე ათავისუფლე მონები”. სიტყვა “საჭურჭლე” განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, არა რაღაცა გამზადებული, არამედ საგანძური, სიბრძნე. თანამედროვე ენაზე ამას ცოდნასა და წარმოების საშუალებებს დავარქმევდი. დასავლეთის კაპიტალმა თანამესაკუთრეები და თანამოაზრეები და პარტნიორები რომ გაიჩინა, იმიტომაც გახდა წარმატებული. უდაოდ ცალკე საუბრის ღირსია, თუ რამდენად თავსებადია თანამედროვე ბიზნეს იდეოლოგიასთან შოთა რუსთაველის სიბრძნე. ზოგადად, ბიზნესი საქმიანობას ნიშნავს, მაგრამ ეს უფრო ფართო გაგებაა, ვიდრე მხოლოდ ფულის კეთება, ბიზნესი ცხოვრებაა. მაგ: “სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოვლისა მოსახვეჭელსა”. კარგად არის ცნობილი, რომ ბიზნესში სახელი და ავტორიტეტი ყველაფერს წყვეტს. სულ ახლახან “ტოიოტამ” 400 ათასი ავტომობილი სწორედ იმიჯის შესანარჩუნებლად გამოიწვია გაყიდვებიდან. ცხოვრების ასეთი სახელმძღვანელო, რომელსაც “ვეფხისტყაოსანი” ეწოდება, ჭეშმარიტი ბედნიერებაა ნებისმიერი ერისთვის და კაცობრიობისთვის.

ერთ ლამაზ მაღაზიაში გავბედე და ვთქვი, რომ “კლიენტი ყოველთვის მართალია”. მასპინძელი ძალიან დაიძაბა და თავის გამართლებას შეეცადა. როგორც კი ეს დაიწყო, ჩემი სახით, კლიენტი უკვე დაკარგა. ვაჭრობაში ეს ისეთივე შეუვალი კანონია, როგორც გრავიტაცია. ვინ არის ასეთ დამოკიდებულებაზე პასუხისმგებელი? სახელმწიფო? როგორ? ბიზნესმა ის თუ არ იცის, რომ რაც უფრო კარგად მოემსახურება კლიენტს, უფრო მეტი ეყოლება და შესაბამისად, მეტი შემოსავალი და მეტი ფინანსური დამოუკიდებლობა ექნება. რა ბიზნესია ასეთი? ამას რუსული სტილი ეწოდება, რომლის შექმნაში არანაკლები ქართული “ღვაწლია”. როდესაც ბიზნესი უფროსობის სურვილი უფროა, ვიდრე საქმის კეთების. ასეთი მომსახურების შედეგად ან ასეთი უნიათო სამსახურით გაღიზიანებული ობივატელი გამოდის და მთავრობას ლანძღავს, იმიტომ რომ მისთვის ყველაფერი მთავრობიდან მოდის. ასეა მისი “კოლექტიური” გონება მიჩვეული. ასეთივე ბიზნესმენი, როცა შემოსავალი დააკლდება, მთავრობას დაადანაშაულებს. აბა თავისი უგუნურობა ვინმეს ხომ უნდა დააბრალოს.

ქართულ ბაზარზე ეს ორი სისტემური სტილი, ორი შეუთავსებელი ბიზნეს-ფილოსოფია ებრძვის ერთმანეთს. გასაგებად რომ ვთქვა, გვაქვს “რუსული” და ევროპული ბიზნეს ორგანიზებისა და მართვის დაპირისპირება, რომელიც შემდგომ პოლიტიკურ არენაზე გადადის. ეჭვიც ნუ შეეპარება ვინმეს, რომ მტერი ამ წინააღმდეგობის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს. საზოგადოების ლიბერალური გამოუცდელობის, უცოდინარობისა და არათავისუფლების გამო, ევროსტანდარტების ბიზნესის დანერგვას სწორედ ხელისუფლება აწარმოებს. უმუშევრობის პრობლემითაც ისევ ხელისუფლება არის დაკავებული. დასაქმება, წესით და რიგით, სწორედ კაპიტალის საქმეა. ბოლო ხანებში აქტიურად ისმის ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკა. ეს უკვე ქართული კაპიტალის გამოცოცხლების ნიშნებია. პრეტენზიები სავსებით სამართლიანი იქნებოდა, თუ ქართული კაპიტალი დასაქმების პრობლემას ნაწილობრივ მაინც იტვირთავდა თავის თავზე. ბევრი არა, დაახლოებით 100 ათასი ადამიანის დასაქმებას, საერთაშორისო სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური, მაღალი მომსახურებისა და მაღალანაზღაურებად ბიზნესებში. დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო ბიზნესგარემოსაც მიიღებდა. თან კონკრეტული წინადადება უკვე გაისმა. თითქმის უტოპიურად ჟღერს, არა? თან საიდან ამდენი ცივილიზებულად მოაზროვნე მაღალკვალიფიციური კადრი? ქართულ ბიზნესს ამის ძალა აქვს? არ ვიცი. არადა, სწორედ ასეთი ბალანსია ლიბერალური ნორმა. სახელწიფო ქმნის ბიზნესგარემოს, ბიზნესი უმუშევრობის პრობლემას ხსნის და საზოგადოებაც სათანადოდ კმაყოფილი და ლიბერალურია.

უფრო მიმზიდველი ინვესტიციური გარემოს შექმნის ერთ-ერთი სიძნელე, სწორედ ამ ბიზნეს ფილოსოფიების წინააღმდეგობის გამო წარმოიშობა. თუ ადამიანი საქმის კეთების მაგივრად პარტნიორის, ან ინვესტორის გაფცქვნას ცდილობს იმიტომ, რომ სხვაგვარად ვერც კი წარმოუდგენია ფულის შოვნა, ამას ქვეყნისთვის უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ვის სჭირდება მატყუარა ბიზნეს-პარტნიორი? პატიოსნება ბიზნესის საფუძველია. წარმატებული შედეგი თუ უნდა, ადამიანი საქმის კეთებას უნდა “ჩააკვდეს”, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება საქმე “მისი”. პარტნიორობას კი თვალისჩინივით ჭირდება მოფრთხილება. არათავისუფალ ბიზნესმენთან ცივილიზებულ ინვესტორს პარტნიორობის სურვილი არ დაებადება.

ლიბერალიზმის პირობებში ადამიანებს პრინციპულად მოეთხოვებათ მაღალი პროფესიონალიზმი, მაგრამ პროფესიონალიზმი შეუძლებელია, თუ ადამიანი თავისი მოწოდებით არ არის პროფესიაში დაკავებული. ლიბერალურ ეკონომიკაში პატიოსან შრომას მაღალი ანაზღაურება აქვს, რომელიც ადამიანს ათავისუფლებს. კონკურენციის პირობებში მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ გუნდური ინტერესებისთვის ეფექტიური შრომა, იქნება ეს წარმოება, ბიზნესი, მაღაზია თუ სხვა რამ. განსხვავებით ტოტალიტარიზმისგან, სადაც შრომის მცირე ანაზღაურება დამონების ძირითადი ინსტრუმენტია. ლიბერალურ საზოგადოებაში მათხოვრობა და უსაქმურობა სირცხვილია. ლიბერალიზმი ელემენტარულად მომგებიანია, ვისაც მუშაობა არ ეზარება და რაც უფრო მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის, არ ეთაკილება.

ყოველივე აქედან გამომდინარეობს ლიბერალური სახელმწიფოს ფორმულა: ღმერთი - ადამიანი - სახელმწიფო. სახელმწიფო ეხმარება და ემსახურება ადამიანს, ადამიანი ემსახურება ღმერთს. ღმერთში უპირველესად, ნაბოძები ნიჭის მსახურება იგულისხმება. ყველაფერი ერთად კი სამშობლოს ინტერესებს იცავს. წარმატებული ადამიანი, წარმატებული კომპანია, ქვეყნის ეროვნული მონაპოვარია, მისი სახელი და წარმატების სიმბოლო. კომპანიები: “სონი”, “მერსედესი”, “ფერარ”, “ნოკია,” ან იგივე “ტოიოტა”, “მაკდონალდსი” და ბევრი სხვა, თავიანთი ქვეყნების ეროვნული საგანძურები, ერების ელჩები და სიმბოლოები გახდნენ. მათი ნახელავის და საქმიანობის მიხედვით ფასდება მათი ერების სიკარგე თუ სიავე. საქართველოს ამ რიგში ღირსეულად ჩასადგომად საკმარისი ინტელექტი და ნიჭი გააჩნია. უმთავრესი პრობლემა ფართო გაგებით, შინაგან და გარე არათავისუფლებაშია. თავისუფლების გარეშე ნიჭი და ინტელექტი შემოქმედების სამსახურში ვერ იქნება.

ლიბერალურ ფორმულაში რომელიმე გადაადგილება თავისუფლებას შეუძლებელს ხდის. ტოტალიტარული ფორმულაა: ღმერთი-სახელმწიფო-ადამიანი. ადამიანი ემსახურება სახელმწიფოს, სახელმწიფო კი მის მაგივრად ღმერთს. ასეთი “შუამავლობა” უკვე გავიარეთ და ამან მხოლოდ მონობა და სიბნელე მოგვიტანა.

ის აზრი, რომ ლიბერალიზმს ღმერთი და მორალი არ სჭირდება, სიცრუეა. ლიბერალიზმმა შეიტანა საზოგადოებაში ადამიანის უმაღლესი ყოფიერების ცნება, მან ადამიანი საზოგადოებაზე მაღლა დააყენა და აღიარებს ადამიანს, როგორც ღმერთის ხატად შექმნილ არსებას, რომლის სული ღმერთს ეკუთნის და მასვე დაუბრუნდება. ვაჟა-ფშაველას ხელოვნებას, ადამიანის, პიროვნების პირველადობა უდევს საფუძვლად.

საქართველოსთვის სხვა ქვეყნების მაგალითი მხოლოდ ფარდობითია. იგივე იაპონიას საბედნიეროდ, რუსული სოციალიზმი არ გადაუტანია. პირველი ქვეყანა ვართ, რომელმაც ლიბერალიზმის ჩამოყალიბების პერიოდი მონობაში გაატარა და ახლა ლიბერალურ სახელმწიფოს აშენებს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი