წერილი ლონდონიდან
24 საათი 26.09.10
წერილი ლონდონიდან
მოღრუბლული ცა. ნესტი. ჩვეულებრივი ლონდონური დილა. ვდგები, ვიცვამ, და გავრბივარ. ჩემს რუტინაში ვერაფრით მოიპოვა საპატიო ადგილი საუზმემ. ვაღებ კარს და გავდივარ ქაოსში, რომელსაც ბრიტანული ყოველდღიურობა ჰქვია: ზოგი სამსახურისაკენ მიისწრაფვის, ზოგი სასწავლებელში, ზოგიც კი Starbucks-ში (კაპუჩინოზე) რიგის დასაკავებლად. მათ შორის ვარ მეც, 19 წლის სტუდენტი, რომელიც ცდილობს დროულად მივიდეს ქუინ მერის ლონდონის უნივერსიტეტში (Queen Mary, University of London) და დაესწროს ლექციას მსოფლიო ეკონომიკაზე. იქ, ეკონომიკის ფაკულტეტზე, კოლეჯის მერე გადავინაცვლე, სადაც უმაღლესი მათემატიკა, ფრანგული, სოციოლოგია და ინგლისური ლიტერატურა შევისწავლე.
აი, უკვე მეხუთე სექტემბერია აქ ვცხოვრობ: დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის, ლონდონის ცენტრში. ვხვდები, რომ ყოველი წელი ახალ ცოდნას მმატებს. მაგრამ პირველი, რაც სწრაფადვე ავითვისე და რაც ყველა აქ ჩამოსულმა უნდა იცოდეს, არის შემდეგი: ლონდონში და ევროპაში ძირითადად, დრო ისევე ძვირად ფასობს, როგორც ცხოვრება და მისთვის საჭირო პირობები. უმეტესობა ერთნაირად ელოდება პარასკევ საღამოს, რომელიც გართობის დაწყებასთან ასოცირდება. იწყება თეატრებით, კონცერტებით, ფეხბურთის მატჩებით და ღამის კლუბებით თუ პაბებით გრძელდება. სხვა თუ არაფერი, სასიამოვნოსა და სასარგებლოს შეთავსების და ერთმანეთთან შეხამების ნიჭით ნამდვილად გამოირჩევა ევროპელი ხალხი. ყოველ წუთსა და წამს უფრთხილდებიან, რომ დაგეგმილზე და გათვალისწინებულზე მეტი არაფერზე დაეხარჯოთ. აქ ხელფასებიც საათობრივია და არავინ არ გაგიშვებს სადმე 10 წუთით ადრე, ან დაგტოვებს დანიშნულზე 10 წუთით მეტს.
ჩვენც, აქ მყოფი ქართველები, ასე ვერთობით: პაბებში, კლუბებში. ვცდილობთ არც ერთი ნორმალური კონცერტი არ გამოვტოვოთ და სხვათა შორის, ერთიორჯერ იმდენად გაგვიმართლა, რომ Air, Faithless და Stevie Wonder-იც კი მოვისმინეთ “ლაივ”-ში.
ხალხი ერთი შეხედვით, წესიერი პასუხისმგებლობით აღსავსე და ზრდილობიანია. აქაურ ხალხში გაერთიანებას აქვს ყველაზე დადებითი ასპექტი: მათი მხრიდან მუდმივად სოლიდარობის გამოხატვა, ყველაფრისთვის მადლობის გადახდა, სხვების პატივისცემა (თუ ქუჩაში შემთხვევით ვინმეს დაეჯახე, შეიძლება აქეთ მოგიბოდიშოს) და საერთოდ მათი დევიზი Manners make the man “გაკეთილშობილებს” და თავს კაცობრიობის ერთ-ერთ ღირსეულ წევრად გაგრძნობინებს. ხალხის თავისუფლება და საერთოდ მათი მსოფლმხედველობა მთლიანად გიცვლის აზროვნების მასშტაბს, გმატებს კრიტიკის და ყველაფრის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების უნარს, რაც მაგალითად ბევრ ქართველს არ აქვს. არც მე გამოვირჩეოდი ამით ლონდონში ჩამოსვლამდე. აქ თითქმის ვერ ნახავ კონფორმისტს რომელიც ყველაფერს ეთანხმება რასაც აკითხებენ, ცდილობენ რომ დააჯერონ ან რასაც ეუბნებიან. ახალგაზრდებსაც სხვა პრიორიტეტები აქვთ, პირველ რიგში, დამოუკიდებლობა. სამსახური, ვარჯიში, თავის მოვლა, პირად ცხოვრებაზე კონცენტრირება. ეგოისტ და უაღრესად ამბიციურ ადამიანებს ხშირად შეხვდებით, მაგრამ მეგობრული და მხიარული ბრიტანელებიც ცოტ-ცოტა ყველგან არიან, მაგალითად, ჩემი მეგობრები კოლეჯიდან, რომლებთანაც უკვე სამი წელია ვმეგობრობ, იმის მიუხედავად, რომ ზოგი სასწავლებლად სხვა ქალაქშიც კი გადავიდა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ აქ ადამიანთან დასაახლოვებლად ზედმეტად დიდი ხანი სჭირდებათ. ევროპელი თინეიჯერები ძნელად ენდობიან გარშემომყოფებს, ახალგაცნობილ ადამიანებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ეს დიდი კონტრასტია ქართველ ახალგაზრდობასთან, სადაც თუნდაც უცხო ადამიანის დაბადების დღეზე შემთხვევით მისულს, შეიძლება გაფიქრებინონ, თითქოს მათ მთელი ცხოვრება იცნობ.
……ლონდონს მივუბრუნდეთ. ნელ-ნელა ისე გიყვარდება ეს გარემო და ისე გითრევს შიგნით ცხოვრების ეს წესი, რაგინდ განსხვავებული უნდა იყოს იგი, რომ ზოგჯერ გავიწყდება კიდეც ჩამოსული რომ ხარ. რაც მთავარია, სწავლობ სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას, საკუთარი თავის მიხედვას. საზღვარგარეთ მყოფი ხვდები, რომ ცხოვრება გაკვეთილია და შეცდომის დაშვების გარეშე არასდროს გეცოდინება რა არის სწორი, ან მართალი. წინ ვერ წახვალ. აქ ადრეულ ასაკშივე აცნობიერებენ, რომ საბოლოო ჯამში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ. ევროპელი ხალხი და ყოველდღიური ცხოვრება კი გეხმარება ამის ათვისებაში და ასე თუ ისე გაყალიბებს დამოუკიდებელ ადამიანად.
მაგრამ, ამ ყველაფერთან ერთად, აქ ჩამოსული ქართველებისთვის ნეგატიური მხარე უფროა თვალშისაცემი. აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტი, სალაპარაკო თემები, სხვა პრობლემები. რთულია, როდესაც აანალიზებ რომ რაზეც შენ ადრე უამრავი დრო დაგიხარჯავს ან გიფიქრია, და პრობლემად ჩაგითვლია, აქ ის ცარიელი ადგილია. ყველაზე საინტერესო კი სწორედ ისაა, რომ ამ ყველაფერს ადრე თუ გვიან ისე ეჩვევი, რომ, აქაურად მოაზროვნე, საქართველოში ჩასვლისას შებოჭილად გრძნობ თავს. თითქოს ის ლომი ხარ, რომელიც, თავისუფლებას და დიდ სივრცეს მიჩვეული უცებ ზოოპარკის პატარა გალიაში გამოგკეტეს.
თუმცა, რაც მართალია მართალია და უნდა ვაღიარო, რომ თბილისური (განსაკუთრებით კი საზაფხულო) არდადეგები, ისევ და ისევ ძალზედ სასიხარულოა და თითქმის საოცნებოა აქ მცხოვრები ქართველებისთვის, ჩემთვის პირველ რიგში. ბილეთების დაჯავშნა, ზღვისპირა კურორტებისთვის საგზურების აღება და ქართული ზაფხულის მოლოდინი საოცრად ოპტიმისტურად განაწყობს მეტწილად ნისლიანი და ნესტიანი ლონდონის შემყურე ქართველ ხალხს.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ზღვაზე არაა ლაპარაკი. ლონდონში შეიძლება ორგანიზებულობისა და გაწონასწორებულობის კულტი აქვთ, მაგრამ ქართულ სითბოს, სილაღესა და ხიბლს ვერაფერი შეცვლის.
წელს, საქართველოში სამი თვე გავატარე საზაფხულო არდადეგებზე. ყველაფრის გაკეთება მოვასწარი, უამრავ მუსიკალურ ფესტივალს დავესწარი. მე და ჩემმა მეგობრებმა განსაკუთრებით 33ა-ს კლუბში ჩამოსული ფრანგი ჯგუფების გამოსვლით ვისიამოვნეთ ივნისში. მთაშიც დავისვენე და აგვისტოში ზღვაზე, კვარიათშიც. გასაოცარი შეგრძნება იყო კვარიათში ჩასვლა. ევროპის ცენტრიდან ჩასულს ზუსტადაც რომ ამ ადგილის სისადავე და სიმყუდროვე მომეწონა: ნაცნობი ხალხი, მშობლიური ენა. დამეთანხმებით, მაინც სულ სხვა რამაა როცა ერთი სიტყვით ესმით შენი და განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ყველაფრის პარალელურად კარგადაც ილხენ: არ შემიძლია არ აღვნიშნო გონიოს ბუნგალოები, სადაც უამრავი მუსიკოსი თუ დიჯეი იყო ჩამოსული. ახალგაზრდები ვცდილობდით არც ერთი ასეთი საღამო არ “ჩაგვეგდო”... ისე გავერთე, მთელი წელი ალბათ მაგაზე ვილაპარაკებ ჯგუფელებთან და ისევ ვაფიქრებინებ, რომ საქართველო სამოთხესავითაა.
აქაც სკოლიდან თუ უნივერსიტეტიდან ხშირად გავდივართ ქალაქგარეთ, ჟენევაშიც ვიმოგზაურეთ 2008 წლის ივლისში და მშვენიერი დრო ვატარეთ: ერთ ოთახში ექვსი სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენელი ვცხოვრობდით. ასეთ დროს გართობასაც სხვა სახე ეძლევა.
მაგრამ, ჩემთვის სულ სხვაა იმისი ცოდნა, რომ ირგვლივ “შენიანები” არიან. ევროპელ ახალგაზრდებს დაგეგმილი აქვთ როგორც საქმიანობა, ასევე გართობაც და ჩემი აზრით, ქართველებისათვის დამახასიათებელი სპონტანურობა აკლიათ. ერთის მხრივ ეს კარგია, იმიტომ, რომ წინასწარ იციან სად რამდენი ხნით წავლენ, თუნდაც სასეირნოდ, მერე სად გადაინაცვლებენ და შესაბამისად ყველაფრისთვის ზოგავენ დროს. მაგრამ მე პირადად, საქართველოში ზუსტად ის ფაქტორი მიტაცებს, რომ არასდროს ვიცით სად წავალთ, სად გავაგრძელებთ დროის ტარებას და ბოლოს სად აღმოვჩნდებით. მართალია, აქ ლონდონში გასართობი პუნქტების გაცილებით ფართე არჩევანია, მაგრამ მუდმივი გრაფიკის ქონა (დასვენების დროსაც კი) ცოტა დამღლელია. ალბათ სწორედ ამიტომაა თბილისი ასეთი მომხიბვლელი, რთული აკადემიური წლის შემდეგ.
უცხო ქვეყანაში, სამშობლოსგან მოშორებით, ყოფნა, საყვარელ ადამიანთან განშორებას ჰგავს: ეს გაიძულებს დააფასო ის და მისი დადებითი მხარეები, მოგენატროს და ისე მოგინდეს მასთან დაბრუნება, როგორც არასდროს. მაგრამ, ამავდროულად დაინახო მისი სისუსტეები, შორიდან შეაფასო იგი და რა თქმა უნდა, გამოსცადო საკუთარი თავი. თუ როგორ გაუმკლავდები ცხოვრებას მის გარეშე, დამოუკიდებლად. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა გაქვს შესაძლებლობა ეს შედარებები გააკეთო და დააფასო ყველაფერი ის, რაც გაქვს, ის რასაც შენი სამშობლოს გარდა ვერავინ და ვერაფერი მოგცემს. შანსი ყველას გააცნო შენი ერი და კულტურა, დაიმკვიდრო ღირსეული ადგილი ამ სამყაროში და გახდე მსოფლიოს მოქალაქე.
ანა ითონიშვილი
სექტემბერი 2010.
ლონდონი