სენ გინესის (Saint Guiness) სააბატო XII საუკუნეში აშენდა. პირქუში აბატები დღითი-დღე ახორციელებდნენ მის რესტავრაციას, ცვლიდნენ ქვებსა და ჩუქურთმებს, როგორც კი ამ უკანასკნელთ დროის მსახვრალი ხელი დაეტყობოდა.
24 საათი 28.09.09
სენ გინესის (Saint Guiness) სააბატო XII საუკუნეში აშენდა. პირქუში აბატები დღითი-დღე ახორციელებდნენ მის რესტავრაციას, ცვლიდნენ ქვებსა და ჩუქურთმებს, როგორც კი ამ უკანასკნელთ დროის მსახვრალი ხელი დაეტყობოდა.
ამგვარად, სააბატოს, რომელსაც დღეს ვხედავთ, მასალის თვალსაზრისით აღარაფერი აქვს საერთო თავდაპირველთან, თუმცა კი არქიტექტურული პროექტის თვალსაზრისით იგივეა. თუ ჩვენ ფორმის იდენტურობას მასალის იდენტურობაზე მაღლა დავაყენებთ და, გარდა ამისა, შემოვიყვანთ "ჰომოლოკალურობის", ანუ "იმავე ადგილის" კრიტერიუმს (დღევანდელი სააბატო ზუსტად იქ არის აღმართული, სადაც თავდაპირველი), ტურისტული და, გარკვეული აზრით, ხელოვნების ისტორიის თვალთახედვით, უნდა ვთქვათ, რომ საქმე იმავე სააბატოსთან გვაქვს.
სენ-პუილი ფუისეს (Saint-Pouilly Fouissé) სააბატოდან, რომელსაც არასოდეს განუცდია რესტავრაცია, დღეს მხოლოდ გვერდითი კედელი და ტრანსეპტის ნანგრევიღაა დარჩენილი. რატომ მიგვაჩნია, რომ ეს სააბატოს ორიგინალია? საკმარისი არ იქნება ვთქვათ, რომ ორიგინალურად მიგვაჩნია სააბატოს ნანგრევი და არა თვით სააბატო. პარიზის მიდამოებში ტურისტები მოდიან პორ-როიალის (Port Royal) სახელგანთქმული სააბატოს სანახავად, მაგრამ იქ არავითარი სააბატო აღარ არის.
აღარაფერი დარჩა, ნანგრევიც კი არ არსებობს: დარჩა მხოლოდ ადგილი. საქმე ეხება ადგილს, სადაც თავდაპირველად აღმართული იყო რაღაც, რაც ახლა უკვე გამქრალია. რაღა აქვს ორიგინალისა პორ-როიალის სააბატოს?
უილიამ რენდოლფ ჰერსტი, რომელსაც ოცნებად ექცა თავისთვის სრულყოფილი რეზიდენციის აშენება, საფრანგეთში პოულობს აგების დროიდან ხელუხლებლად შემორჩენილ კონიაკის (Cognac) სააბატოს, ყიდულობს მას, მერე შლის, ნომრავს თითოეულ ქვას და პირვანდელი სახით ხელახლა აშენებინებს მას კალიფორნიის შტატის ქალაქ სენ სიმეონში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იგივე სააბატოა? თვით ამერიკელისათვის, რა თქმა უნდა, იგივეა, მაგრამ ზოგი პედანტი კრიტიკოსისა და ევროპელი არქეოლოგისათვის — არა. ესენი მასალისა და ფორმის იდენტურობას კი არ ანიჭებენ უპირატესობას, არამედ ჰომოლოკალურობას. ამიტომ უნდა თქვან, რომ პორ-როიალი (რომელიც არ არსებობს) უფრო ორიგინალურია, ვიდრე კონიაკი (რომელიც, ასე თუ ისე არსებობს, თუმც კი სხვა ადგილას)?
ეგვიპტეში მეფეთა ველის ნაგებობებს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო წალეკვა თუ ჩაძირვა ემუქრება. იუნესკოს გადაწყვეტილებით ამ ნაგებობებს ნაწილ-ნაწილ შლიან და მერე ხელახლა აღადგენენ სხვა ხეობაში. ეს სხვა ნაგებობებია, თუ იგივე? იუნესკო მიიჩნევს, რომ საქმე იმავე ნაგებობებს ეხება, რადგან მნიშვნელობა ენიჭება ფორმისა და მასალის იდენტურობას და არა ადგილს. მაგრამ იმათ, ვინც ეჭვის ქვეშ აყენებს ჰერსტის მიერ ჩატარებულ რეკონსტრუქციას, კითხვაზე უარყოფითად უნდა უპასუხონ. რატომ არის ეს შემთხვევები განსხვავებული? რატომ ვფიქრობთ, რომ იუნესკოს აქვს მორალური და მეცნიერული უფლება გააკეთოს ის, რაც ჰერსტმა თვითნებურად და პირადი ინტერესით ქნა?
ნეშვილის (ტენესის შტატი) პართენონი აგებულ იქნა ორიგინალური პართენონის ფორმალური სტრუქტურის დეტალური დაცვით. იმდენად, რომ ერთი ჭორი (არ ვიცი რამდენად მართალი) იმასაც გვეუბნება, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ათენის პართენონის ნაწილთა სარესტავრაციოდ მოწვეული ექსპერტები ნეშვილში ჩავიდნენ შესადარებლად. გარდა ამისა, ნეშვილის პართენონი იმავე ფერებად არის შეღებილი, როგორც უნდა ყოფილიყო ორიგინალური ნაგებობა. და მაინც, მიუხედავად იმავე ფორმისა, ვერავინ გაბედავს მისი ორიგინალად შერაცხვას, რადგან სხვა ქვებითაა აშენებული, სხვა ადგილას დგას (თანაც ვაკეზე და არა აკროპოლისზე, როგორც ათენისა) და, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ პირველი პართენონი ჯერ კიდევ არსებობს.
პოლონეთი (როგორც პოლიტიკური ერთეული) მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ნატანჯი ერია: საკმარისია თვალი გადავავლოთ ისტორიულ ატლასს, რომ დავინახოთ, როგორ ფართოვდებოდა და ვიწროვდებოდა მისი საზღვრები სხვადასხვა ეპოქაში, ერთ ისტორიულ მომენტში კი ის კიდევაც გაქრა გეოგრაფიული რუკიდან. საკუთრივ რას ესადაგება სახელი "პოლონეთი"? — ეს დამოკიდებულია იმ ისტორიულ კონტექსტზე, რომელშიც მას ვიყენებთ. ჭეშმარიტია თუ ყალბია გამონათქვამი "ბელოსტოკი პოლონეთს ეკუთვნის"? — გააჩნია თარიღს, როდის ითქვა...
საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ქუთაისში მდებარე ბაგრატის ტაძრისაგან, რომელსაც ჯერ თურქებმა ჩაუდეს ნაღმი, მერე კი რუსებმა დააყარეს საარტილერიო ჭურვები, შთამბეჭდავი ნანგრევები დარჩა. ეს ნანგრევებიც არ არის ორიგინალური, რადგან გასული საუკუნის განმავლობაში მათი არა მარტო "გამაგრება", არამედ ერთგვარი "აშენებაც" კი განხორციელდა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს "ნანგრევების აშენება", ასეთი რამ მართლაც მოხდა და ცდება ის, ვისაც ჰგონია, თითქოს ბაგრატის ტაძრის ორიგინალურ ნარჩენებს უყურებს... ეს მაყურებელი უბრალოდ ვერ ამჩნევს "ძველ" და "ახალ" ქვებს შორის განსხვავებას, რადგან ნანგრევების შევსებიდან თუ შელამაზებიდან გასული რამდენიმე ათეული წელი საკმარისი აღმოჩნდა დროითი საზღვრის წასაშლელად.
ტურისტი, რა თქმა უნდა, აღდგენილ ნანგრევებს უფრო ადვილად "ჭამს", ვიდრე აღდგენილ მთლიან ტაძარს. ამიტომ, როცა ბაგრატის ტაძრის გარშემო ატეხილ დისკუსიას განვიხილავთ, უპირველეს ყოვლისა, საწყისი პირობები უნდა დავადგინოთ. არა, საქმისა კი არა, არამედ თვით დისკუსიისა.
პირობა პირველი: რა არის დისკუსიის შინაარსი? როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითები გვარწმუნებს, დისკუსიის შინაარსი ვერ იქნება "აღდგენილი" ბაგრატის ტაძრის იდენტურობა: ეს დამოკიდებულია... კაცმა რომ თქვას, არც არაფერზეა დამოკიდებული ტრადიციის გარდა. რომელ ტრადიციაზე ვლაპარაკობ? — დავარქვათ ამას "აღქმითი გამოცდილების უწყვეტობა". ტურისტების თაობებმა გაიარეს გამქრალი პორ-როიალის ადგილზე: იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ ილუზია და ხალხის მოტყუებაა, ახლა უკვე უადგილო უზრდელობა იქნება და მეტი არაფერი. ხელოვნების ისტორიკოსები ისევე დაწერენ სტატიებს ეგვიპტურ ძეგლებზე, როგორც ასუანის კაშხლის აშენებამდე წერდნენ და ამ უწყვეტობას აკადემიური ტრადიცია განსაზღვრავს და არა ეგვიპტის ენერგეტიკა. ასევე უწყვეტია უილიამ რენდოლფ ჰერსტის აღქმა, რომლისთვის კონიაკის სააბატო უბრალოდ შეძენილი და შინ მიტანილი ნივთია: ჩვენც ხომ დარწმუნებულნი ვართ, რომ ავტომობილი, რომელიც ჯერ სალონში ვნახეთ, მერე კი ჩვენს ავტოფარეხში აღმოჩნდა, ერთი და იგივეა — ანუ სწორედ ის მანქანა, რომელიც მოგვეწონა და რომლისთვის სიმწრით ნაგროვები თანხა გავიმეტეთ. შეძენილი ქონების გადატანის საშუალებებს შორის კი ამ კონტექსტში არსებითი განსხვავება არ არის. ბოლოს და ბოლოს, ტექნიკურმა პროგრესმა უკვე დაგვიმტკიცა, რომ "უძრავ" და "მოძრავ" ქონებას შორის სხვაობაც კონვენციურია და არა ბუნებრივი.
მაგრამ ბაგრატის ტაძრის შემთხვევაში აღქმითი გამოცდილების უწყვეტობა არ არსებობს: თაობების თვალწინ ათწლეულთა განმავლობაში ნანგრევები იდგა, ახლა კი ერთბაშად უნდა ამოიზარდოს მთელი ნაგებობა — როგორც ქალღმერთი ათენა ზევსის თავიდან. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იგივე ბაგრატის ტაძარი...
დისკუსია განპირობებულია თვით ტაძრისა და მისი წარსულისაგან სრულიად დამოუკიდებელი ფაქტორებით. მაგალითად, შეგვიძლია გამოვთქვათ ასეთი ვარაუდიც: ერთ ადამიანს სურს მოესწროს აღდგენილ ბაგრატში წირვას, მეორეს ასევე ძლიერად სურს პირველისაგან მიიღოს კონსაკრაცია ახალი საქართველოს აღმაშენებლად. სურვილების ეს თანხვედრა იწვევს "აღდგენითი" სამუშაოების გამოცოცხლებას და, შესაბამისად, დისკუსიის წამოჭრასაც.
პირობა მეორე: ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში? თვალი გადავავლოთ შესაძლო მონაწილეებს — "საპატრიარქო", "ხელისუფლება", "ექსპერტები", "ხალხი". ეს სიტყვები ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ მათი სიმბოლური მნიშვნელობა გამოკვეთილიყო.
"საპატრიარქო" — მცირე ხნის წინათ ერთ-ერთი თავისი წარმომადგენლის პირით აცხადებდა შემდეგს: სადაც საკურთხეველია, იქ აუცილებლად უნდა იყოს ღვთისმსახურება. ახლა არ დავიწყებ ამ დებულების თეოლოგიურ თუ ლიტურგიკულ განხილვას, რადგან ბოლო განცხადება სრულიად აუქმებს პირველს: სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ზოგადი შინაარსი ის იყო, რომ მშენებლობა უნდა შეჩერდეს და ბაგრატის მომავალი ბედი ხალხმა გადაწყვიტოს.
ამის გარდა, საპატრიარქოს მონაწილეობა დისკუსიაში სცილდება მის კომპეტენციას: ბაგრატის ტაძარი არა მარტო ე. წ. "საკულტო ნაგებობაა", არამედ საქართველოს ისტორიული ძეგლი. ასე რომ აქ დისკუსიის სრულუფლებიან მონაწილეს კი არ ვხვდებით, არამედ კიდევ ერთხელ მტკივნეულად ვაწყდებით იმ იურიდიული კაზუსის სავალალო შედეგებს, რომელსაც "კონსტიტუციური შეთანხმება" დაარქვეს. ამ შეთანხმების მიზეზით დაეგო მეტლახის იატაკი სვეტიცხოველში და შეილახა ატენის სიონის არქიტექტურული კომპოზიცია.
"ხელისუფლება" — ამ სუბიექტს გადამწყვეტი როლი ვერ ექნება დისკუსიაში, რადგან თუ ის გარკვეულ ზომაზე მეტად იაქტიურებს, მაშინ ცხადი გახდება ის, რაც უკვე ვივარაუდეთ: დისკუსიის წარმოქმნის მთავარი მიზეზი არის, ასე ვთქვათ, უდღეური ავტორიტარიზმი, ანუ როცა უნდათ და ვერ აკეთებენ. ან როგორ უნდა აიხსნას, რომ ხელისუფლება, რომელსაც გორის მთავარ მოედანზე აღმართული სტალინის ძეგლის ადგილიდან დაძვრისა ეშინია, მოულოდნელად ხელს აწერს ბევრად უფრო ძვირად ღირებულ და ამავე დროს ნამდვილად საეჭვო პროექტს.
"ექსპერტები" — სამწუხაროდ, აქამდე მხოლოდ "რკინა-ბეტონისა" და "ქვით-კირის" ჭიდილის მომსწრენი ვართ. ეს კამათი კი, იმის გამო, რომ მასალის იდენტურობა მხოლოდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი არგუმენტია, არსებით ხასიათს არ ატარებს. საზოგადოდ, ექსპერტები ჩვენი ეროვნული ტკივილია: ერთი მხრივ, პოლიტიკური ორიენტაცია ბევრად უფრო დიდ გავლენას ახდენს მათზე, ვიდრე საკუთარი კომპეტენცია და პროფესიული ღირსება; მეორე მხრივ, პროფილის შერჩევასთანაც გვაქვს პრობლემები: რატომ არ ისმის დღემდე ეკონომისტების ხმა? — რა დაჯდება "აღდგენის" თუ "კონსერვაციის" ესა თუ ის მეთოდი და გვიღირს კი დღეს ასეთი ხარჯის გაღება იმ ვითარებაში, როცა მომავლის უზრუნველყოფა სასიცოცხლო აუცილებლობაა, ხოლო წარსულის რეპროდუცირება — იშვიათი ფუფუნება.
ბოლოს და ბოლოს, სად უნდა მოიძებნოს ისეთი "ექსპერტი", რომელსაც მრავალმხრივი (ტექნიკური, ისტორიული, კულტურული, რელიგიური, ეკონომიკური) პრობლემის ყველა ასპექტში ერთნაირი კომპეტენცია ექნება, რაც გადაწყვეტილების მიღების უფლებას განაპირობებს. ექსპერტებმა მხოლოდ ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ, გადაწყვეტილება მათი საქმე ვერ იქნება.
და ბოლოს "ხალხი" — ეს ყველაზე უფრო ბუნდოვანი მონაწილეა. გული მიგრძნობს, სულ მალე ვიღაც დაიწყებს რეფერენდუმზე ლაპარაკს. მაგრამ მე არ მწამს რეფერენდუმისა, რადგან ეგრეთ წოდებულ ხალხს მხოლოდ პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესები შეიძლება ჰქონდეს, რომელთა გამოვლენა და რეალიზაცია ხდება დემოკრატიულ არჩევნებზე, მაგრამ არ შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის კომპეტენცია. რეფერენდუმი და პლებისციტი მხოლოდ დემოკრატიის სიმულირების ხერხებია, ისიც XIX საუკუნის შესაფერი. ამით მხოლოდ იმას მივიღებთ, რომ დავით აღმაშენებლობას შეთამაშებული მიხეილ სააკაშვილის ჭეშმარიტი იდეალები ნაპოლეონ მესამე ან ლუი-ფილიპე აღმოჩნდებიან.
ერთი სიტყვით, თუ ყოველი მხრიდან შევხედავთ, ვითარება ისეთია, რომ ახლის აშენებას ისევ ძველის დაკონსერვება ჯობია: გადამწყვეტი არგუმენტი ძალიან მარტივია, ის უკვე ვთქვით კიდეც — ტურისტებიცა და იუნესკოც უფრო ადვილად "ჭამენ" ნაყალბევ ნანგრევებს, ვიდრე ნაყალბევ ნაგებობას. აკი თქვენც წაიკითხეთ ბოლომდე ეს ტექსტი — ახლა კი გაგანდობთ, რომ მისი პირველი ნაწილი, თავიდან სიტყვებამდე "გააჩნია თარიღს, როდის ითქვა", მე არ მეკუთვნის — ეს არის თარგმანი ერთი ფრაგმენტისა იტალიელი მკვლევრის, უმბერტო ეკოს წიგნიდან "კანტი და იხვნისკარტა"... მაგრამ ვინ იტყვის, რომ მე, ნოდარ ლადარია, არა ვარ ამ სტატიის ავტორი?