RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

ანტინაწილაკები

ესკაპიზმის გამწვავებას ვგრძნობ: ალბათ თოვლის ბრალია. შინიდან არ გამოვდივარ და არც მიმდინარე მოვლენებზე მწვავე რეაგირება მიზიდავს.

24 საათი 15.02.10

ესკაპიზმის გამწვავებას ვგრძნობ: ალბათ თოვლის ბრალია. შინიდან არ გამოვდივარ და არც მიმდინარე მოვლენებზე მწვავე რეაგირება მიზიდავს.

ან კი რას უნდა დაუთმო დრო? — ნოღაიდელის გარშემო ქილიკი ადვილი საქმეა. ან, უფრო სწორად, ძალიან ძნელი. კიდევ უფრო სწორად კი უბედურება ისაა, რომ ქილიკის გარდა სხვა არაფერია შესაძლებელი — ამას კიდევ დავუბრუნდებით, თუმცა კი მხოლოდ წამით...

ან იქნებ იმის განხილვას მივყოთ ხელი, როგორ საშინლად აღიზიანებს "მაესტროს" საკუთარი სარკისებური ანარეკლი, "რეალ ტივი"? — არა, აქ ჯობია სუბატომური ფიზიკა გავიხსენოთ: როცა ელემენტარული ნაწილაკი თავის ანტინაწილაკთან ურთიერთქმედებას იწყებს, ორივე ისპობა და ამ პროცესს ანიჰილაცია ჰქვია. სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ რეალობაში ბუნების კანონები არ მოქმედებს. ამიტომ, სადაც არ უნდა იყო, ყველგან მოგწვდება ამა სოფლის ამაოება.ამჯერად ამაოების დუღილი ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ავტორობით გავრცელებულ ერთ ტექსტს მოჰყვა. ტექსტში ახსნილია, რატომ ითხოვს მისი ავტორი პოლიტიკურ თავშესაფარს "დემოკრატიული სახელმწიფოსაგან" (საიდანღაც ცნობილი ხდება, რომ ეს სახელმწიფო შვეიცარიაა): დაძაბვის გარეშე შეიძლება მივხვდეთ, რომ ამის შემდეგ ადამიანთა ჯგუფმა, რომელიც საკუთარ თავს განსაზღვრავს როგორც "ქართულ მედიას", გადაწყვიტა საპროტესტო თუ მხარდასაჭერი აქციების გამართვა შვეიცარიის საელჩოსთან და, როგორც ეტყობა, სხვაგანაც.

ერთი მხრივ, გასაგებია, რომ საქართველოში ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც იმდენად დიდ ხმაურს ატეხენ, რომ, ერთი მხრივ, აუცილებლად აიყოლიებენ საკუთარ სარკისებურ ანარეკლს, მეორე მხრივ კი დანარჩენებსაც დაუხშობენ ყურთასმენას — რას იზამ, ჩვენში თვით ყვირილისაგან მოგვრილი სიამოვნება ჯერაც იმდენად დიდია, რომ შინაარსზე არავინ ფიქრობს.

"ქართულ მედიად" წოდებულთა მღელვარებამ მომაგონა უკვე კარგა ხნის მივიწყებული ამბავი — ამის სარკისებური ანარეკლი. მართლაც რომ სარკისებურია: ერთგან — ცნობილი კომახიძე, მეორეგან — უცნობი "მამა ბუასილი"; ერთგან — მოკრძალება ("საზოგადოების ნაწილი"), მეორეგან — ქედმაღლობა ("ქართული მედია"). თავი რომ დავანებოთ, ასე ვთქვათ, დიამეტრულად საპირისპირო პოლიტიკურ სიმპათიებს. მაგრამ არის, როგორც ფიზიკოსები ამბობენ, სკალარული თვისებები, ანუ ისეთები, რომლებიც არ იცვლება: ორივეგან პროტესტისა და მხარდაჭერის კომბინაცია, ორივეგან — ეგზალტაციის მაღალი ხარისხი. და, რაც მთავარია, ორივეგან ისტორიული კონტექსტიდან ამოვარდინლობა: აღარ ჭრის ძველი ხერხები, რაღაც შეიცვალა.

ამ ორი ჯგუფის შეჯახება ნამდვილად გამოიწვევდა ანიჰილაციას: თუნდაც იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ — "ქართულ მედიაში" შემავალთა უმრავლესობა ამავე დროს სხვა ჯგუფშიც უნდა შედიოდეს: "მე მიყვარს ჩემი პატრიარქი". სხვათა შორის, როგორც საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" იუწყება, კათოლიკოს-პატრიარქი წუხელ დაბრუნდა გერმანიიდან და თან სულიერი გამოცდილებით გამყარებული დასკვნაც ჩამოიტანა: "ერთი რამ მინდა გითხრათ, ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება საქართველოს". და შვეიცარია? — ვიკითხავთ ჩვენ და ენაზე ვიკბენთ...

რა თქმა უნდა, განხილვის ამ დონეზე დარჩენაც შეიძლება, მაგრამ ჩვენ სულ სხვა რამ გვაინტერესებს. რაღაც ისეთი, რაც მიუმხრობლობის საშუალებას მოგვცემს. უცნაურია, მაგრამ ამის საბაბი სხვაგან აღმოვაჩინე: 12 თებერვალს გამოქვეყნებულ მცირე სტატიაში: ლაშა ბუღაძე, "მოცარტი, ჰაიდნი... ყანჩელი"... ეს არის ერთგვარი რეცენზია... არა, რეცენზია არა: შთაბეჭდილებები სიმფონიური კონცერტის შემდეგ.

დიდი სიამოვნებით განვაგრძობდი ავტორის აზრებს მუსიკის შესახებ. მაგრამ ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანი აქ შემდეგი ფრაგმენტია: ავტორი გვეუბნება, რომ საქართველოში მხოლოდ ოთხი რამაა ჭეშმარიტად ხარისხიანი:

"1. საშემსრულებლო მუსიკა (საოპერო მომღერლები, პიანისტები, მევიოლინეები).

2. ძიუდო (ამდენი ოლიმპიელი არც ერთ სხვა სპორტ-სფეროში არ გვყავს).

3. საბანკო სექტორი (ბანკები ყველაზე კარგად და სტაბილურად მუშაობენ საქართველოში).

და 4. ლიტერატურა - (რომელსაც, მიუხედავად "ხარისხობრივობისა", ამ ოთხიდან ყველაზე მწირი გავლენა აქვს ქართულ საზოგადოებაზე)".

მესამე პუნქტი ამოვიღოთ... რატომ? იმიტომ თუ საქართველოში რაღაც "ყველაზე კარგად და სტაბილურად" მუშაობს, არ ნიშნავს, რომ ის "ჭეშმარიტად ხარისხიანია". თანაც მობილური სატელეფონო კავშირი ბანკებზე არანაკლებ სტაბილურად და კარგად მუშაობს. მაგრამ ახლა ამაზე კამათი არ გვინდა: არც მე ვარ ფინანსებსა და ეკონომიკაში ფრიად განსწავლული. დავიტოვოთ სამი რამ: მუსიკოსები, ძიუდოისტები და ლიტერატორები...

არა, კამათი აქაც შეიძლება. მაგალითად, მწერლისთვის ძალიან საინტერესო და შემოქმედებითად ნაყოფიერი იქნებოდა შეკითხვა: რა ფასად აღწევენ ქართველები სპორტულ წარმატებებს? პასუხი, რა თქმა უნდა, ერთზე მეტი იქნება. კრიტიკოსისთვის კი საინტერესოა, რა საფუძველზე ვასკვნით, რომ საქართველოში "ხარისხიანი" ლიტერატურა იწერება.

მაგრამ ახლა თავი დავანებოთ ამას. ადამიანი ხშირად ცდება, ნიჭიერი ადამიანი კი ზოგჯერ "ენერგიულად" ცდება. ჰოდა, ჩვენც, ვიქტორ შკლოვსკისა არ იყოს, ამ შეცდომის ენერგია გვაინტერესებს.

მე მინდა დავეთანხმო ლაშა ბუღაძეს და მასთან ერთად ავიღო საწყის პირობად დებულება, რომ საქართველოში ხსენებული სამი რამ (მუსიკა, ძიუდო და ლიტერატურა) დანარჩენზე საგრძნობლად ხარისხიანია. ეს გაგვიხსნის გზას ზოგადი შეკითხვისკენ: რატომ?

რა აერთიანებს ამ სამეულს? — ის, რომ სამივე სფეროში შეიძლება იყო დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, "საერთო დონისაგან". არა, ეს ყოველთვის უმტკივნეულო არ არის: მაგალითად, სპორტში მარტოოდენ ჩემპიონების გამოზრდაზე დადებული ფსონი იმას იწვევს, რომ ერთეულები მწვერვალზე იმის ფასად აბობღდებიან ხოლმე, რომ ათობით თუ ასობით ადამიანს ჯანმრთელობა უფუჭდება და ცხოვრება ენგრევა. ლიტერატურაში განწირული ხარ რაღაც არაჯანსაღი ელიტარიზმისთვის და აღიარება თუ მოდის, ძალიან მოხვეული გზებით აღწევს შენამდე. მუსიკაში შედარებით უფრო უმტკივნეულოდაა საქმე, რადგან ტრადიცია, რომელსაც უერთდები იმ საზოგადოებისაგან დამოუკიდებლად არსებობს, რომელშიც დაიბადე და აღიზარდე — აქ სხვებს არც ამახინჯებ და ნაკლებად ჩაგრავ, უბრალოდ, შენ თვითონ გიწევს ბევრად მეტი შრომა...

ერთი სიტყვით, ლაშა ბუღაძის ტექსტიდან ის დასკვნა გამოვიტანეთ, რომ პრობლემები მაშინ გვეწყება, როცა რაღაცას უნდა მივაღწიოთ არა როგორც პიროვნებამ, არამედ როგორც საზოგადოებამ. თუმცა ეს დასკვნა ისედაც ცხადი იყო...

ქვეყანაში, სადაც არჩევნების წინ პარტიებისათვის გამოყოფილი მილიონ ორასი ათასი ლარი, ძირითადად, იმის საბაბად იქცევა, რომ "პოლიტიკური სპექტრის" სუბიექტები ერთმანეთის ჯიბეებს არ აშორებენ თვალს, სხვა ვითარებას არც უნდა მოველოდეთ. საინტერესო დილემაა: ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნით უზრუნველვყოთ პოლიტიკური წინსვლა თუ ბიჭებს მანქანები ვუყიდოთ? — აბა, სხვა რა მოდელი ჰქონდათ თავში ქრისტიან-დემოკრატებს, როცა საჯაროდ ამბობდნენ, ესენი ფულს არამიზნობრივად დახარჯავენო.

ამ მოდელის გამო არავის ვსაყვედურობ. ქრისტიან-დემოკრატებმა, შეიძლება ითქვას, გულწრფელობაც კი გამოიჩინეს. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი შეგნების და, შესაბამისად, საერთო ინტერესების შეგნება. არსებობს მხოლოდ თანხვედრი პირადი სურვილები.

ამავე პრინცპიზე ეწყობა ამ ქვეყანაში ყველაფერი.

მაგალითად, თუ ეს ვითარება შენარჩუნდა, საქართველოში შეუძლებელი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადგან "საზოგადოებრივი ინტერესები", ასე ვთქვათ, სიტყვის მასალაა. დანარჩენი მხოლოდ ჯგუფურ-კორპორაციული სურვილების თანახმად ყალიბდება: სარედაქციო პოლიტიკაც, გადაცემათა ბადეც და "მოტივირებულ ახალგაზრდათა" გუნდიც.

სანამ არ გაჩნდება ერთიანი ეკონომიკური ინტერესების მქონე დიდი სოციალური ჯგუფები, სანამ არ შეირჩევა პრიორიტეტული სოციალური ფენა და ამ ფენაში უმრავლესობა არ იქნება წარმოდგენილი გაჭირვებულებითა და უპოვარებით, ასევე შეუძლებელი იქნება საქართველოში პოლიტიკური პარტიები ამ სიტყვის საწყისი მნიშვნელობით. აქაც "საზოგადოებრივი ინტერესები" მხოლოდ სიტყვის მასალაა და მათ უცნაური ფანტაზიებით ანაცვლებენ: ტელევიზორში ხატების ფონზე ჩნდებიან, ბღუჯა-ბღუჯა სანთლებს ანთებენ, ითხოვენ პენსიის გაზრდას საარსებო მინიმუმამდე, უჯანყდებიან სალარო აპარატებს, ქმნიან უცნაურ ტერმინებს (აი, თუნდაც "გარემოვაჭრე" — ნეტა ერთი სიტყვაა თუ ორი?), აცხადებენ ხუთლარიან დაზღვევას, სკოლაში ოქროს მედლებს აღადგენენ და ადამიანებს სიღარიბის წართმევით ემუქრებიან. სწორედ საყოველთაო არნახული ინფანტილიზმის შედეგად ხელისუფლება უკვე განვითარების წარმმართველი ძალა კი აღარ არის, არამედ ნელ-ნელა ემსგავსება საკუთარი ბეჩავი ოპოზიციის სარკისებურ ანარეკლს.

დასაწყისში ნახსენები პრობლემებიც იგივე ბუნებისაა: პირადი სურვილების ბატონობა ნოღაიდელისა და მისი ჯგუფის მოქმედებაში იმდენად მკვეთრად არის გამოხატული, რომ პოლიტიკის თვალსაზრისით მისი სერიოზულად მიღებაც კი შეუძლებელია. სწორედ ეს არის რუსების დაინტერესების მიზეზი: ტაქტიკის შეცვლაც არ სჭირდებათ, რადგან ურთიერთობაში ნოღაიდელი პრაქტიკულად იდენტურია რომელიმე ჩოჩიევის ან შამბასი — ყველა ამ სუბიექტს კერძო მოტივაციათა კონტექსტი მართავს.

რაც შეეხება გამოკვეთილი იდეური ნიშნით შექმნილ ტელეარხებს, ისინი განწირულნი არიან ერთმანეთის სარკისებურ ანარეკლებად იქცნენ. არსებითად არავითარი განსხვავება არ არის "რეალ ტივისა" და "მაესტროს" ან "კავკასიას" შორის. ორივე ერთი და იმავე პრინციპით მოქმედებს: არსებობს ორი თვალსაზრისი — "ჩვენი" და "მცდარი". არავის არ მოსდის აზრად, რომ გამოხატვის შესაბამისი ფორმის გარეშე ნებისმიერი იდეა არა მარტო უფასურდება, არამედ სიცრუედ ან შეცდომად იქცევა. არავის არ მოსდის აზრად კიდევ უფრო მარტივი რამ: არ შეიძლება ვინმეს "წაქცევაში დაეხმარო" — ეს მას მხოლოდ ღირსებას მატებს და უსამართლოდ დაჩაგრულის შარავანდედს ანიჭებს.

ერთადერთი, რაც მართლაც საწყენია, ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ამ კურიოზულ წარმონაქმნებს შორის ვერასოდეს მოხდება ანიჰილაცია — მათ მხოლოდ თანამშრომლების გაცვლა შეეძლებათ...

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი