თევდორე დოსტოევსკის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად მიმაჩნია ვრცელი მოთხრობა თუ პატარა რომანი "სოფელი სტეპანჩიკოვო და მისი მცხოვრებნი"
24 საათი 22.02.10

თევდორე დოსტოევსკის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად მიმაჩნია ვრცელი მოთხრობა თუ პატარა რომანი "სოფელი სტეპანჩიკოვო და მისი მცხოვრებნი"
— ამ უკანასკნელს ჩვენი უწიგნური მედია "მაცხოვრებლებს" უწოდებს, მაგრამ ახლა სულ სხვა მხარეს უნდა წავიყვანო ჩვენი მსჯელობის ძაფი...
თხზულების მთავარი პერსონაჟი არის ხიზანი — ლუკმაპურის გამო ერთი მემამულის ოჯახში თავშეფარებული უნიჭო ლიტერატორი, რომელიც პატრონსაც და მის სახლეულსაც მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორის პირობებში აცხოვრებს.
როგორც დოსტოევსკის ქმნილებათა უმრავლესობა, "სტეპანჩიკოვოც" ნამდვილად დრამატურგიული ნაწარმოებია, თუმც კი პროზაული ტექსტის სახით მოცემული. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ქართული თეატრის სცენაზე მის ადაპტაციას, უფრო მეტიც, გადმოქართულებას. თავის დროზე რეზო გაბრიაძემ გადმოაქართულა, თუ არ ვცდები, ტენესი უილიამსის ერთი პიესა კინომსახიობთა თეატრისათვის. "სტეპანჩიკოვო" ნამდვილად მოერგებოდა ჩვენს რეალობას, რომელიც სწორედ ამგვარი თემის რეალიზაციას ითხოვს სცენასა თუ ეკრანზე.
რეალობის ეს მოთხოვნა, როგორც ეტყობა, იმდენად დაჟინებულია, რომ მას ერთი კი არა, ორი პასუხი გასცა სანახაობათა სამამულო წარმოებამ. ერთ-ერთი მათგანია "იმედის" ეთერში მიმდინარე კომიკური ტელესერიალი "შუა ქალაქში", მეორე კი "რუსთავი 2"-ის ასეთივე ჟანრის პროდუქტი "ჩვენი ოფისი".
"შუა ქალაქში" წარმოგვიდგენს ერთი საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეებსა და მათ ისტორიას, "ჩვენი ოფისის" პერსონაჟები კი ერთმანეთთან არა, ასე ვთქვათ, გეოგრაფიულად, არამედ ბიზნეს-ურთიერთობებითა და ნაცნობობით არიან დაკავშირებულნი.
ორივე სერიალს ახასიათებს ერთგვარი უტოპიურობა და უცნაური, სადღაც "საზოგადოებრივი ცნობიერების" ბნელ კუნჭულებში მიმალული შეხედულებების ეკრანზე გადმოტანა. მაგალითად, "იმედის" სერიალში ვხვდებით ექიმს, უფრო მეტიც, პროფესორს, ირაკლი ჩხეიძეს. უნდა გითხრათ, რომ ერთობ უცნაური პროფესორია: გაჭირვებით ცდილობს ინგლისურის შესწავლას და თავიდანვე აშკარაა, რომ არაფერი გამოუვა; სახლში არა აქვს კომპიუტერი და ამ მანქანასთან ურთიერთობა აშკარად უცხოა მისთვის; სამაგიეროდ ჰყავს მეგობარი გოგი, რომელთან გაუთავებელი საუბრების ლამის ერთადერთი საგანი არის ღვინო. დაახლოებით ასეთივე უტოპიური ფიგურებითაა დაკომპლექტებული "ჩვენი ოფისის" უფროსი თაობა: ლადო და "ვასილიჩი" — ბიზნესმენები. ეს ფულიანი ხალხი პერმანენტულად მთვრალია, დალევა მათი ლამის ერთადერთი უშუალო მოთხოვნილებაა. ირაკლი ჩხეიძისაგან ამ ორ ყმაწვილს ორი თვისება განასხვავებს: ტლანქი, პრიმიტიული სიბრიყვე და ყოველად უსაფუძვლო "მაჩოიზმი".
ხსენებულის მიზეზები დღესავით ნათელია: როგორც მედიცინის პროფესორი, ასევე 1990-იანი წლების ორი რელიქტი ემსახურება საზოგადოების ქვედა ფენებში გავრცელებული მსუბუქი ბოღმის კომპენსირებას: ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ ცხოვრებაში, მაგრამ ამათაც არაფერი აქვთ შესაშური. მართალია, თუ კარგად დავფიქრდებით, ასეთი მსჯელობა მაინცდამაინც გამართლებული არაა, მაგრამ როცა მოქმედებას ფონად თითქმის უწყვეტი სიცილი გასდევს, ღრმად დაფიქრება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ორივეგან არიან სულელები: "შუა ქალაქში" — სანდრო და "ჩვენს ოფისში" — მყუდრო. თავიდან ორივე მეტ-ნაკლებად რეალისტური იყო, უფრო მეტიც, პირველი თვითირონიის ნიშნებსაც კი ამჟღავნებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში სისულელე, ასე ვთქვათ, გაღრმავდა და გემოვნების ზღვარსაც გადასცდა.
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ ქალები. "შუა ქალაქს" ამ მხრივ თითქმის არაფერი უჭირს — ზოგჯერ თუ გადაამლაშებდა ხოლმე რომელიმე პერსონაჟი, მაგრამ ეგ მალევე ავიწყდებოდა მაყურებელს. აი, "ჩვენი ოფისი" კი ბევრად უფრო მძიმეა — პირდაპირ ვთქვათ, ანტიფემინისტური სერიალია. ქალები აქ ან სრულიად უიმედო იდიოტები არიან, ან მორალის ნატამალი არ გააჩნიათ. რა თქმა უნდა, მორალი აქ სექსუალური ქცევის სინონიმად არ მიგულისხმია... ყველაზე გამაღიზიანებელია "ჩვენი ოფისის" ქალების სრული და საბედისწერო დამოკიდებულება მამაკაცებზე...
ნუღარ გავაგრძელებთ, რადგან ჩვენი საბოლოო მიზანი დეტალების განხილვა არ არის. შეიძლება მოულოდნელი იყოს, მაგრამ არც ამ ორი სერიალის განხილვა არის ჩვენი მთავარი მიზანი. თუმცა კი მიზანთა მიახლოება კიდევ ერთ ნაბიჯს მოითხოვს.
საქმე ისაა, რომ ორივე სერიალი არსებითად შეიცვალა. სერიალი "შუა ქალაქში" უკვე გააკრიტიკეს "სახელისუფლებო პროპაგანდისათვის". მაგრამ თბილისის მერისა და ჯანდაცვის მინისტრის გამოჩენა, ასევე ბიუროკრატად ქცეული პროფესორის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებული პერიპეტიები ახლა არ მაღელვებს — ჩემს მღელვარებას ამაზე უფრო ღრმად ჩამალული და ამიტომაც უფრო მნიშვნელოვანი საფუძველიც აქვს. პირველი საგანგაშო სიგნალი სერიალში სულ სხვა დროს გაისმა, როცა სერიალის პერსონაჟებმა ერთმანეთის მიყოლებით, მაგრამ საოცარი ერთსულოვნებით დათმეს თითოეულისათვის ნანატრი და რაოდენობითაც არცთუ მცირე თანხები ირაკლი ჩხეიძის სიდედრის სამკურნალოდ. ამის მერე შეეჩვია სიუჟეტის განვითარებას დაუფარავი და გულისგამაწვრილებელი იდილია, იდილიურობამ კი, თავის მხრივ, აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა იუმორის დონეს.
"ჩვენი ოფისის" მესვეურებმა მაშინვე იხელთეს დრო და სერიალის პერსონაჟები ნუნუკა და ნოდარი უკვე თვალების პრიალით შესცქერიან "შუა ქალაქის" სიმულაციას და ირონიულ შენიშვნებს არ იშურებენ.
ახლა კი ვუახლოვდებით ჩვენს მთავარ სათქმელს. საქმე ისაა, რომ "შუა ქალაქის" კვალდაკვალ "ჩვენი ოფისიც" შეიცვალა. ოღონდ, თუ პირველ სერიალში ყველაფერი სულ უფრო და უფრო "კარგად" მიდის და პერსონაჟები ერთმანეთის მიმართ გულისხმიერებისა და სიყვარულის ულევ ნაკადებს აფრქვევენ, "ჩვენი ოფისის" ცხოვრებაში სრულიად საპირისპირო რამ ხდება: აქ ადამიანები ზვიგენებად იქცნენ, ერთმანეთს დაერივნენ და ამ ლამის ჰობსისეულ საყოველთაო ომში ყოველგვარ ზომა-წონას გადასცდნენ...
ჩვენთვის უცნობი თუ უინტერესო მოსაზრებების გამო ეს მედია-პროდუქტები განვითარების ურთიერთსაწინააღმდეგო გზას დაადგა და ორივე გზა უკიდურესად რადიკალური აღმოჩნდა. სხვანაირად საქართველოში ვერც მოხდებოდა...
საბჭოთა დროს იყო ერთი ხმარებისაგან დაჩლუნგებული ხუმრობა: "რას მიყურებ, როგორც ლენინი ბურჟუაზიას?!". სწორედ ასე უყურებენ ერთმანეთს ქართველი კონკურენტები. "შუა ქალაქში" და "ჩვენი ოფისი" ერთმანეთის მიმართ იგივეა, რაც "რეალ ტი-ვი" და "მაესტრო", ან მმართველი ჯგუფი და ოპოზიცია.
ამ სატელევიზიო მაგალითზე აისახა ჩვენი საზოგოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი: სინამდვილის გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირების უუნარობა. მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს, რომ ერთი სავარაუდო შეცდომა ან ძალაუფლების გადამეტება (ის, რისგანაც დაზღვევა შეუძლებელია) ხდება უკიდურესად რადიკალური დასკვნის საფუძველი: "ციხეები სავსეა უდანაშაულო ხალხით!". შეხვედრიხართ სადმე ქართველ ადვოკატს, რომელსაც დაცვის რაიმე სტრატეგია ჰქონდეს გარდა იმისა, რომ დაცვის ქვეშ მყოფი "სრულიად უდანაშაულოდ" არ გამოაცხადოს და პირდაპირ სასამართლოს ირიბ დისკრედიტაციას არ მიჰყოს ხელი?
მხოლოდ საქართველოში ხდება, რომ პოლიტიკური ცხოვრების ყველა დაბრკოლებას, მიუხედავად ბუნებისა, შინაარსისა და სიძლიერისა, ერთადერთი პასუხი აქვს: ხელისუფლება უნდა გადადგეს. მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს, რომ შეუპოვრობას, შეურიგებლობასა და თანმიმდევრულობას ერთადერთი შედეგი შეიძლება მოჰყვეს: ხარისხის გამოუსწორებელი გაფუჭება. ჩვენი შინაგანი ბუნების ამ თანდაყოლილი თვისების გამო არის, რომ ჩვენი მედიის წიაღში შექმნილი გამოთქმა "პოლიტიკური სპექტრი" რეალობაზე შესაძლო პასუხების ერთობლიობას კი არ აღნიშნავს, არამედ სუბიექტების შესაძლო ახირებათა მრავალფეროვნებას.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვლინდება — ამ უაზრო რადიკალიზმით თუ სწორხაზოვნებით ცხოვრების ყველა სფეროა დაავადებული. ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებას მაინც პოლიტიკაში ვპოულობთ.
იმასაც ვერ ვიტყვით, რომ სენის დაძლევას არ ვცდილობთ. სამწუხაროდ, ასეთი ცდები კიდევ უფრო დიდი და წარუმატებელი რადიკალიზმით მთავრდება: ირინა სარიშვილის ყბადაღებული "მესამე გზა", დავით გამყრელიძის "კონსტიტუციური მონარქია"... ახლა კიდევ დავით უსუფაშვილის ბოლოდროინდელი მარგალიტი: "არა მონობა, არა ომი, არამედ ღირსეული ურთიერთობები". უსუფაშვილის თქმით, რუსეთის მონობას, რა თქმა უნდა, ზურაბ ნოღაიდელი გვთავაზობს, ომისაკენ კი მიხეილ სააკაშვილს მივყავართ. რეალურად, უსუფაშვილის მოწოდება მხოლოდ საკუთარი თავის პოლიტიკური პოზიციონირებაა და მეტი არაფერი: "არა მონობა" ნიშნავს ახალი სქემის ("ყველა მინუს ერთი") ფარგლებში ჩახაზვას, "არა ომი" — აუცილებელი უკომპრომისობის დეკლარირებას. ამით ჩვენ კი არ ვიღებთ უწყებას, არამედ მისი პოლიტიკური თანამებრძოლები და კონკურენტები. ჩვეულ უშინაარსობას კი მოწოდების ბოლო წევრი აღნიშნავს: "ღირსეული ურთიერთობები". სიტყვა "ღირსეული", რა თქმა უნდა, ქართველთა სმენის დასატკბობადაა არჩეული, როგორც ქართული კომიკური ტელესერიალების ხუმრობები. აბა, რანაირად არის შესაძლებელი რუსეთთან "ღირსეული ურთიერთობები"!
ეს სინდრომი, ანუ ადეკვატურობის ნაკლებობა, ბუნებრივია, მედიაშიც ვლინდება. გავიხსენოთ თუნდაც ავადმყოფური მიდრეკილება ტერმინებისადმი: "საზოგადოების გახლეჩა", "დაპირისპირება". ეს ტერმინები იმ ერთადერთ ენას ეკუთვნის, რომლის საშუალებით აღწერენ გარემომცველ სინამდვილეს საქართველოში. სხვა ტერმინები ამ ენაში, უბრალოდ, არ არის.
ნუთუ არ არსებობს ცხოვრების ისეთი სფერო, სადაც შეურიგებელ პოზიციაზე დადგომა აუცილებელი არ არის? ამ სფეროს მოულოდნელად გადავაწყდი გასულ კვირას, როცა ერთ მაღაზიაში შესულმა გავიგონე, როგორ ყვებოდა გამყიდველი, დღეს ერთი კაცი შემოვიდა და სამარხვო კუჭმაჭი იკითხაო. ოდნავ მოგვიანებით "რუსთავი 2"-ის ეთერში აკაკი გოგიჩაიშვილმა გვახარა, რომ თავის ყოველდღიურ ეკონომიკურ მიმოხილვაში სამარხვო ხაჭოს დამამზადებელ ფირმასთან ექნება ინტერვიუ.
რა უბედურებაა? — ან სამარხვო ნუ იქნება, ან ხაჭოს ნუ დაარქმევენ! მაგრამ მთელი მუღამი თურმე ამ ოქსიუმორონში, ანუ წინააღმდეგობრივ შეთანხმებაში ძევს, რადგან ეს არის ერთადერთი თემა თუ დარგი, სადაც ქართველი ნანატრ სიმშვიდეს, კომპრომისსა და ჰარმონიას პოულობს. აბა, სამართალი რომ იყოს, პირველი ხომ სწორედ სამღვდელოება უნდა ამხედრდეს ასკეტური პრაქტიკის ამგვარი დამახინჯების წინაშე: არ არის საჭირო მამათა ნაწერების თავგადაკლული კითხვა იმის გასაგებად, რომ მარხვის არსი სწორედ მსხვერპლი, ანუ უარის თქმაა და არა მიღებული საკვების ქიმიური შემადგენლობა.
მაგრამ სამღვდელოებაც, გარკვეული აზრით, სწორად იქცევა, რადგან რელიგიური ფარისევლობა ერთადერთია, რაც ქართველს წინააღმდეგობრივი, მისთვის ძნელი და საშიში სამყაროს მოწესრიგების ილუზიას უქმნის. რელიგიური სიმულაციები რომ არა, ამის განხორციელება სრულიად შეუძლებელია. ისევ სამარხვო კუჭმაჭი თუ დაგამშვიდებს, თორემ დარჩები აქუბარდიას სტუდიაში გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების ამარა...
ამ თვალსაზრისით ნამდვილი შედევრია "გუდვილის" დახლზე დადებული ჭეშმარიტად გიგანტური ზომის "სამარხვო კრემიანი კრუასანი" — არტეფაქტი, რომელშიც ჰარმონიულად შეირწყა ღვთისმოსაობა, გემოთმოყვარეობა, პრესტიჟისკენ სწრაფვა, ევროინტეგრაციის წყურვილი და რუსეთისათვის "მისტრალის" მიმყიდველი საფრანგეთის მიმართ ქრისტიანული შემწყნარებლობა.