ზედიზედ მეორედ მიხდება დასაწყისში რუსული ლიტერატურის მოხმობა.
24 საათი 01.03.10

ზედიზედ მეორედ მიხდება დასაწყისში რუსული ლიტერატურის მოხმობა.
ერთი შეხედვით, "მიხდება" არ არის მთლად შესაფერი სიტყვა, რადგან ჩემი ნებაა, როგორ დავიწყებ, მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა მაგალითი სწორედ რომ შესაფერია და მას გვერდს ვერ აუვლი... მხოლოდ სრულიად გამოუცდელ ადამიანებს ჰგონიათ, თითქოს ავტორი ბატონობს ტექსტზე — მწერალმა, რომელსაც დასახმარებლად უნდა მივმართო, სწორედ ასე თქვა: მხოლოდ სრულიად გამოუცდელ მხედრებს ჰგონიათ, თითქოს ნავარდი ჩორთზე ადვილია.
ეს მწერალი არის ვლადიმირ ნაბოკოვი, რომლის კალამს ეკუთვნის რომანი "ნიჭი". ვისაც ჰგონია, რომ ამ რომანს "საჩუქარი" ჰქვია, უმჯობესია, ახლავე მიატოვოს ამ სტატიის კითხვა.
რომანის გმირი, ახალგაზრდა რუსი ემიგრანტი, რომელიც ძალიან ჰგავს თვით ნაბოკოვს, პოეტი და მკვლევარია. მისი კვლევის ობიექტია XIX საუკუნის რუსი უტოპისტი სოციალისტი და ლიტერატორი, ჩერნიშევსკი. რომანის მიხედვით, წიგნის სახით გამოქვეყნებულმა ამ გამოკვლევამ რუსი ემიგრანტების წრეებში საშინელი გაკიცხვა დაიმსახურა. თვით ნაბოკოვის "ნიჭიც" თავდაპირველად იმ თავის გარეშე დაიბეჭდა, სადაც პერსონაჟი-ავტორის წიგნია მოცემული.
ამ გაკიცხვის მიზეზი იყო ირონია, ზოგჯერ კი სარკაზმი, რომლითაც გაჟღენთილია ნაბოკოვის ტექსტი. მკითხველებმა მიიჩნიეს, რომ ჩერნიშევსკისადმი ასეთი მიდგომა მიუტევებელი თავხედობა და იდეალების ღალატია. სხვა სიტყვებით კი, მკრეხელობაა — ჩვენში სწორედ ეს სიტყვა უყვართ ყველაზე მეტად.
მაგრამ რა გამოვიდა სინამდვილეში? — ის გამოვიდა, რომ ვლადიმირ ნაბოკოვის რომანმა "ნიჭი" ბევრად უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩერნიშევსკის "უკვდავყოფის" საქმეში, ვიდრე ვლადიმირ ლენინის მიერ დაწყებულმა განდიდებამ, რომლის წყალობით საშუალო დონის ლიტერატორი საბჭოთა კავშირში კულტად იქცა. ეს ბუნებრივია: კულტი ხუნდება, ირონია კი მუდამ ცოცხალია — აზრს ამოძრავებს და დისკუსიას აღძრავს.
ბოლოს და ბოლოს, ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ყველას აქვს ახირებები. აი, მაგალითად, მე ყველა დროის საუკეთესო ქართულ ფილმად "არაჩვეულებრივი გამოფენა" მიმაჩნია. ამის გამო მეგობრები მხრებს იჩეჩავენ. მაგრამ ჩემი გადარწმუნება არც ისე ადვილია — მთელი იერარქია მაქვს შემუშავებული და "ტოპ" სამეულიც ასე გამოიყურება: მეორე ადგილზე "შერეკილები" დავაყენე, მესამეზე კი "ცისფერი მთები". ბევრს ცალმხრივობად მიაჩნია ეს, სხვები სხვათა "შეუარცხყოფად" მითვლიან. რას იზამ, ასეთი საინტერესო ხალხი ვართ ქართველები... ამიტომაც წამოვიწყე ამ თემაზე საუბარი: დროა ვისწავლოთ დისკუსია. კამათის ერთ-ერთი საინტერესო მაგალითი დაიბეჭდა 25 თებერვალს "24 საათში". ვგულისხმობ ელდარ შენგელაიას გამოხმაურებას ლაშა ბუღაძის ერთ სტატიაზე: "მოცარტი, ჰაიდნი, ყანჩელი... და ბატონი ლაშა ბუღაძის შთაბეჭდილებები".
მაშ ასე, ლაშა ბუღაძე სიმფონიურ კონცერტზე წავიდა (ასეთი რამ ხშირად მოსდის) და მერე შთაბეჭდილებების გამოთქმა მოისურვა. ვინ იცის, იქნებ ეს შთაბეჭდილებები კი არა, ახირებაა — ამის გარკვევაც შესაძლებელია, ოღონდ, თუ შინაარსზე ვიმსჯელებთ.
მოკლედ, ლაშა ბუღაძეს მოეწონა პიანისტი ხატია ბუნიათაშვილი. ამაზე არავინ შეჰკამათებია. გაგიგონიათ სადმე, ერთი ქართველი მეორეს ეკამათებოდეს, მავანი და მავანი ხელოვანი თუ შემსრულებელი თუ მსახიობი რატომ მოგწონსო? — ასეთი რამ მხოლოდ პოლიტიკაშია შესაძლებელი. ხელოვნების დარგში კი ჩვენი კამათის ძირითადი მოტივაცია გამოიხატება ფრაზით: "რატომ არ მოგწონს?".
აი, გიდონ კრემერის შესრულება კი არ მოეწონა. ამიტომაც მიიღო მკაცრი შენიშვნა ელდარ შენგელაიასაგან: "თუკი მის ფონზე გიდონ კრემერმა ძილი მოჰგვარა "სიმებგაყინულ ვიოლინოზე დაკრული მოცარტით", რა გაეწყობა, ხდება ხოლმე. თუმცა ეს ჩრდილს არ აყენებს ლეგენდარული მუსიკოსის დიდ წვლილს თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნებაში". და რაო, "ჩრდილის მისაყენებლად" იყო ნათქვამი? — აი, ქართული დისკუსიების ერთ-ერთი ფუნდამენტური თვისება: მიჩნეულია, რომ ყოველგვარი ნეგატიური აზრი ან შთაბეჭდილება მიზნად ისახავს "საბოლოო განადგურებას", "ჩრდილის მიყენებას", "მიწაში დამარხვას". ჩვენ ჯერ კიდევ იმ მდგომარეობაში ვართ, როცა სწავლულთა საზოგადოებას თავზარი დასცა გალილეო გალილეის მიერ მზეზე აღმოჩენილმა ლაქებმა.
მაგრამ დღეს შოკირებულთა კვალიც აღარსად ჩანს, მზის აქტივობას კი სრულიად მშვიდად აკვირდებიან — რეგულარულსაც და ანომალურსაც.
და მაინც, ვერსად წავუვალ ერთ აუცილებლობას: უნდა აღვნიშნო, რომ მე არც ლაშა ბუღაძეს "ვიცავ", არც ელდარ შენგელაიას "ვსჯი". მე არც ერთი მინდა და არც მეორე შემიძლია. უბრალოდ, ამ ორი პიროვნების ერთგვარი დიალოგი მშვენიერი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ დისკუსიის ბუნებაზე ვისაუბროთ. დარწმუნებული ვარ "არაჩვეულებრივი გამოფენის" ავტორი გამიგებს, რადგან ერთი პასაჟი, რომელიც მის წერილში მოიპოვება, ნამდვილად პაროდირების შედევრია...
ლაშა ბუღაძის სტატიაში, რომელიც 19 თებერვალს გამოქვეყნდა, არის ორი ასეთი ადგილი:
1. "მე კონსერვატორი ვარ მუსიკაში. ჩემთვის კლასიკური მუსიკა რიჰარდ შტრაუსის სიკვდილით სრულდება (მიუხედავად იმისა, რომ 1975 წელს გარდაცვლილი შოსტაკოვიჩიც ძალიან მიყვარს), კლასიკური ოპერა კი პუჩინის ბოლო ოპერით "ტურანდოტი", მაგრამ, ცხადია, ისეთი ყურდახშულიც არ ვარ, რომ არნოლდ შონბერგსაც არ ვუფასებდე ნახელავს" (სტატიაში "შომბერგი" წერია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ავტორს ამ კომპოზიტორის გვარი არ ეშლება).
2. "ასეთი იყო, მაგალითად, ამ ვინმე რერშნიტკეს ოპუსიც (შნიტკე მაინც ყოფილიყო!). კომპოზიტორმა ძალისხმევა არ დაიშურა, რომ როგორმე ნიჟარაში ჩაჩხრიალებული წყლის ჟღერადობის რეკონსტრუირება მოეხდინა".
ამაზე კი ძალიან ელეგანტურად მიუგებს ელდარ შენგელაია:
"რუსთაველის თეატრს ლიტვაში თავისი გახმაურებული სპექტაკლები რომ წარმოედგინა (მათ შორის, თანამედროვე დრამატურგ ლაშა ბუღაძის ცნობილი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლიც) და იქაურ თეატრისმოყვარულს (ვისთვისაც კლასიკური დრამატურგია XIX საუკუნეში დასრულდა, თუმცა არც ჰაროლდ პინტერს უწუნებს ნახელავს) დაეწერა "თბილისელების მიერ გათამაშებული შექსპირის, ბრეხტის და ვინმე ბუზაძის (თუ ბურდაძის) პიესები ვნახეთო", ასეთი უპატივცემულობა, დარწმუნებული ვარ, არც ბატონ ლაშას ესიამოვნებოდა და არც ჩვენ მოვიწონებდით".
გამოგიტყდებით, ბევრი ვიცინე, რადგან მართლაც მახვილი და ბასრი პასუხია. მაგრამ საქმის არსი შემდეგია: დიახ, არ ესიამოვნებოდა, დიახ, არ მოვიწონებდით — მერე და რა? არ უნდა დაეწერა? სხვათა შორის, ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რას წერდნენ თავის დროზე ინგლისში "თბილისელების მიერ გათამაშებულ შექსპირზე". მხოლოდ დადებითი რეცენზიები შემორჩა კოლექტიურ მეხსიერებას — შემორჩა კი არა, მხოლოდ დადებით რეცენზიებთან მიუშვეს ჩვენი კოლექტიური მეხსიერება. ამიტომაც არ ვაფასებთ, ამიტომაც არ გვახსოვს სათანადოდ: ცალმხრივობა, თუნდაც "კარგი" და "კეთილი", მაინც ცალმხრივობაა და გამოთავისუფლებული სიამის ტყუპივით დღემოკლეა: უარყოფითი რეცენზიის შინაარსი კი, შესაძლოა, ბევრად უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს, რადგან სიბრაზე შემოქმედების არცთუ უმნიშვნელო სტიმულია.
მით უმეტეს, რომ, როგორც ერთი ცნობილი აფორიზმი გვასწავლის, წინადადება "პიკასოს მხატვრობა ნაჯღაბნია" არაფერს გვეუბნება პიკასოზე და ყველაფერს — მის მთქმელზე. მაგრამ არც ისე მარტივადაა საქმე: რიჰარდ შტრაუსით მუსიკა არა მარტო ლაშა ბუღაძისთვის, არამედ ტეოდორ ადორნოსთვისაც დასრულდა. გარდა ამისა, ერნსტ ანსერმეს თვალსაზრისები თანამედროვე მუსიკალური ექსპერიმენტების შესახებ არსებითად იმავე იდეას გამოთქვამს... მოკლედ, მუსიკა როგორც ბგერათა შეთანხმება, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ამოწურვადია... და ამ აზრის გამოთქმა არა მარტო ფილოსოფოსების ან მუსიკოსების პრეროგატივაა, არამედ მათიც, ვინც ლაშა ბუღაძესი არ იყოს, სატირულ ჟანრში გრძნობს თავს მყუდროდ. როგორც დასაწყისშივე მივანიშნეთ, სწორედ ჟანრი განსაზღვრავს გამოხატვის ფორმას და არა "ავტორის ნება": ჟანრის გრძნობა კი ნაკლად ვერ ჩაითვლება.
ახლა კი მოდით, კიდევ ორი მომენტი შევადაროთ:
ლაშა ბუღაძე — "ახლა მორიგ მკრეხელობას ვიტყვი: გია ყანჩელის მუსიკის აღქმა მხოლოდ სამ "რეალობაში" ძალმიძს — რობერტ სტურუას სპექტაკლებში (სხვაგან, სხვა სივრცეებში, ყველგან მოსაწყენი, ვულგარული და უხერხულობამდე ერთფეროვანი მეჩვენება), ტელეფონის ზარად ("ცისფერი მთების თემა") და სუროგატული სევდისგან (რომლითაც სავსეა მისი ორატორიები თუ სიმფონიურ-კამერული ოპუსები) თავისუფალ სიმღერებად! არა, ვტყუი, მისი მეოთხე სიმფონიაც მომეწონა, რომელიც, თუ არ ვცდები, 40 წლის წინაა დაწერილი, მაგრამ, მახსოვს, ფრაგმენტალურობამ და "უჰაერობამ" მაშინაც მსუბუქ დეპრესიაში ჩამაგდო ... რერშნიტკემ (თუ შნერშნიტკემ) და ყანჩელმა კი რა დაგვანახეს? რა გვითხრეს თავისი მუსიკით? არაფერი. მათ სათქმელი არაფერი ჰქონდათ".
ელდარ შენგელაია — "მე კი ვფიქრობ, რომ სწორედ სათქმელის გამო მიიჩნევს ყანჩელს საერთაშორისო მუსიკალური სამყარო თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ კომპოზიტორად, რომელმაც თავის თხუზელებებში "მხატვრული სისავსით ასახა თანამედროვე სამყაროს რთული დისჰარმონია". გავიხსენოთ მისი სიმფონიების ტრიუმფალური წარმატებები ავტორიტეტულ საერთაშორისო ფესტივალებზე, მისი თხზულებების მსოფლიო პრემიერები საუკეთესო ორკესტრების შესრულებით (მათ შორის ნიუ იორკის სიმფონიური ორკესტრისა კურტ მაზურის დირიჟორობით). სწორედ სათქმელის გამო გახდა ის მრავალი ჯილდოს ლაურეატი, რომელთა შორისაა რუსთაველის სახელობის პრემია, რუსეთის კინოაკადემიის პრემია "ნიკა", თავისუფალი პრემია "ტრიუმფი" და "ვოლფის პრემია" ხელოვნების დარგში, რომლის მფლობელები არიან მხატვრები მარკ შაგალი და ჯასპერ ჯონზი, მუსიკოს-შემსრულებლები ვლადიმერ ჰოროვიცი, ისააკ შტერნი, იეჰუდი მენუჰინი, მსტისლავ როსტროპოვიჩი, დირიჟორი რიკარდო მუტი და სხვები (სხვათა შორის ეს პრემია გია ყანჩელს დირიჟორ კლაუდიო აბადოსთან ერთად მიანიჭეს)".
სხვათა შორის, ჩემს ახირებათა შორის კიდევ ერთი არის: არ მომწონს ფილმი "არ დაიდარდო". სამწუხაროდ სწორედ მისი ციტირება მომიწევს ახლა. იქ ადვოკატი ამბობს, რომ ბენჟამენ ღლონტის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში ჰიპოკრატეს, კოპერნიკისა და გიორგი სააკაძის გვერდით. რატომღაც მგონია, რომ ლაშა ბუღაძის ქილიკი სიცოცხლეს მატებს კომპოზიტორს, ელდარ შენგელაიას ადვოკატურა კი აკადემიური მტვრით ახრჩობს და არაფერს ეუბნება მას, ვინც კურტ მაზურის ავტორიტეტზე მეტად საკუთარ ყურთასმენას ენდობა. ამ მხრივ კი მობილურ ტელეფონებში აჟღერებული ყანჩელის მუსიკა, რომელზეც ლაშა ბუღაძე ლაპარაკობს, ბევრად უფრო ნიშნადი აღიარებაა, ვიდრე რომელიმე "ნიკა"...
სამწუხაროდ, ამგვარი ზედაპირულობით და ერთმანეთს აცდენილობით არის აღსავსე ჩვენი დისკუსიები, რომლებიც სულ მუდამ "ან... ან" პრინციპით მიმდინარეობს. აქედან არის პოლიტიკური ვითარების აღმწერი იდიოტური ტერმინოლოგია: "პოზიცია — ოპოზიცია".
და თუ მაინცდამაინც დაცვაზე მიდგა საქმე, არის ლაშა ბუღაძის ტექსტში ერთი სიტყვა, რომელიც ჩანასახია ვითარების შესაძლო გამოსწორებისა: "სრულყოფილმა მოცარტმა ლეგენდის (გიდონ კრემერის) არაიდეალურობა დაგვანახა". მართალი იყო იტალიელი მწერალი პრიმო ლევი, როცა ამბობდა, რომ ფაშიზმის მთავარი იდეოლოგიური შეცდომა სიწმინდის ძიება იყო, რადგან მხოლოდ მცირე მინარევებსა და საყოველთაო "არაიდეალურობაშია" მომავალი სიცოცხლის ჯანსაღი კვირტი.
თუმცა ეს გამოსწორებაც შორეულია. აბა, წაიკითხეთ ლაშა ბუღაძის ბოლო სტატია მეტყველი სათაურით: "მოდი, დავიქაქოთ თავზე". მისი ბოლო წინადადება სამართლიანად გახდა საყოველთაო აღფრთოვანების საგანი: "მე არ ვიცი, რამდენ ხმას მოუგროვებს ბ-ნ ალასანიას ცრემლიანი ვაკელი, ნინელი ჭანკვეტაძე და აგნოსტიკოსი პეტრე მამრაძე, მაგრამ ჩემი ხმა კი მან ნამდვილად დაკარგა გუშინწინ".
მაგრამ რომ არა რეალობისადმი გავრცელებული შავ-თეთრი და თარაზულ-შვეული მიდგომა, ჩვენი ავტორიც ხომ ბევრად უფრო ადრე მიხვდებოდა, რომ "კულინარიაში" განსწავლულობა სულაც არ იცავს ქაქის მირთმევისაგან...