სჯობს საქმის ბოლო მის დასაწყისსო — გვასწავლის ეკლესიასტეს წიგნის მეშვიდე თავის მერვე მუხლი.
24 საათი 22.03.10

სჯობს საქმის ბოლო მის დასაწყისსო — გვასწავლის ეკლესიასტეს წიგნის მეშვიდე თავის მერვე მუხლი.
მე კი მაინც ჩემი საქმიანობის დასაწყისი მახსენდება. როცა "24 საათი" ორ დიდ ბლოკად იყო დაყოფილი, მე კი საჯიჯგნად მეორე, ასე ვთქვათ, "კულტურის ბლოკი" მქონდა მიჩენილი.
ბევრმა წყალმა განვლო მას შემდეგ. მგონი, ნოღაიდელი ჯერ არ იყო შამპანიურში გაცვლილი. თუ უკვე იყო? არ ვიცი: მაგათ ავან-ჩავანს რა დაიმახსოვრებს. მგონი თვითონ მასაც კი დაავიწყდა უკვე, შამპანიურში გაცვალეს თუ ხორბლის არაყში. ახლა ალბათ ეს უკანასკნელი ჰგონია. ლენინსაც კი აციტირებს მართლაც რომ ეკლესიასტური თუ აპოკალიფსური პათოსით: გუშინ ადრე იყო, ხვალ კი გვიან იქნებაო, უთქვამს პროლეტარიატის ბელადს 1917 წლის გადატრიალების წინ. ვინძლო მისი პაწაწინა მემკვიდრეც შესაფერ "ავრორას" ეძებდეს ახლა...
ჰოდა, ამიტომაც მომაგონდა ჩემი "კულტურ-კრიტიკოსობა", გვერდზე გადავდე პოლიტიკური საქმეები და გაზეთის ბოლო გვერდებს მივაჩერდი.
პირველი, რაც თვალში მომხვდა, ის იყო, რომ "24 საათი" ნამდვილად რენესანსული გაზეთი ყოფილა. აბა, სათაურებს გადავხედოთ: 17 მარტი — "მონა ლიზას ღიმილის საიდუმლო კვლავ ამოიცნეს", 18 მარტი — "ვაზარის არქივისთვის იბრძვიან", 19 მარტი — "ტიციანი ოდესაში". ერთი სიტყვით, აღორძინების ხანა დაგვიდგა...
ვერ გეტყვით, ეგზომ ხელაღებით ვინ გაუმიჯნურდა იტალიურ ფერწერას, რადგან სტატიები ხელმოუწერელია. თითოეული მათგანი ეგრეთ წოდებული "ნიუსის", ანუ ახალი ამბის კატეგორიას მიეკუთვნება. მაგრამ რა ტიპის ახალი ამბებია ეს? — პირველი ეხება ლეონარდო და ვინჩის ცნობილი შედევრისადმი მიძღვნილ უახლეს გამოკვლევებს (დავწერე ეს და თვითონაც გამიკვირდა, რაოდენ რესპექტაბელურად ჟღერს), მეორე — საშუალო დონის მხატვრისა და ფერწერის დიდოსტატთა ცნობილი ბიოგრაფის, ჯორჯო ვაზარის არქივის გარშემო ატეხილ სრულიად უინტერესო დავიდარაბას, მესამე კი ოდესის ერთ-ერთ მუზეუმში დაცული ვენეციური პორტრეტის ავტორობის საკითხს. ერთი სიტყვით, დროა ჩვენს გაზეთს სათაური გამოვუცვალოთ და დავარქვათ, მაგალითად, Ephemeridae Rinascimentali — "რენესანსული ჩანაწერები". მით უმეტეს, რომ ამ ჩანაწერთა თუ "ნიუსთა" ხასიათი ნამდვილად ეფემერულია.
მივყვეთ ბოლოდან.
19 მარტის ეფემერა ერთობ შთამბეჭდავად იწყება: "აღმოსავლეთ და დასავლეთ კულტურის სახელობის მუზეუმის დირექტორი ვლადიმერ ორსტოვსკი 10 მარტის შემდეგ იტალიაში გეგმავს გამგზავრებას". ალილუია! — რითი ვერ გადაწყვიტა?! 19 მარტია უკვე, ვალოდია! — აიღე ბილეთი და ჩადი ვენეციაში, თორემ გვიან იქნება. ჩვენი ზურაბასი თუ არ გჯერა, დიდი ლენინი მაინც გაიხსენე, შე ღვთისპირიდან გადავარდნილო, ხვალ გვიან იქნება! ისე კი ბოდიში გეკუთვნის ჩვენგან, რადგან გვარი დაგიმახინჯეთ, მხოლოდ მეორე ცდაზე გამოგვივიდა სწორად: ორსტოვსკი კი არა, ოსტროვსკი ხარ...
მაგრამ ეს "აღმოსავლეთი და დასავლეთი კულტურა" რაღა დოზანაა? თანაც მაგის სახელობის მუზეუმიც რომ არსებობს! — თუ დავინტერესდებით, ადვილად გავიგებთ, რომ ოდესაში არსებობს "დასავლური და აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმი". ინტერნეტში იმასაც წავიკითხავთ, რომ ხელშეკრულების თანახმად იტალიელ ექსპერტებს ოდესაში დაცული პორტრეტის ატრიბუცია 13 მარტს უნდა ჩაეტარებინათ. "24 საათი" კი ერთი კვირის შემდეგ გვაუწყებს, რომ ცხრა დღის წინ ოდესური მუზეუმის დირექტორი იტალიაში ჩასვლას გეგმავდა. ძალიან საჭირო ინფორმაცია მივაწოდეთ მკითხველს — ვერაფერს იტყვი.
განვაგრძოთ: "მას (ანუ დირექტორს — ნ. ლ.) თან მიაქვს ნახატი — Portrait of Venetian doge Dzhirolamo Priuli". რატომ ინგლისურად? ალბათ მეტი დამაჯერებლობისთვის. მაგრამ ეს დამაჯერებლობა რა ხარისხისაა? — ტიციანი ინგლისურად არ მიაწერდა პორტრეტს. ნუ შევყოვნდებით, რადგან აქ ბევრად უფრო საინტერესო დეტალებთან გვაქვს საქმე: ჯიროლამო პრიული (იტალიურად Girolamo Priuli) არის ვენეციის ოთხმოცდამესამე დოჟი (1559-1567), რომლის სახე შემოგვინახა ტინტორეტოს ცნობილმა პორტრეტმა. მისი სახელი ლათინური ასოებით უკვე დავწერეთ. ვენეციური დიალექტის მიხედვით, მას შეიძლება რქმეოდა "ძიროლამო" (Zirolamo), რაც ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არა Dzhirolamo! რას ნიშნავს ეს უცნაური ტრანსკრიფცია? — საიდუმლო ადვილად იშიფრება: ვინც ქართული მასალა მოამზადა, აქაოდა "ნამდვილ" უცხოურ წყაროს ვეყრდნობიო, რუსული "დჟიროლამო" გადააკეთა ინგლისურად, ჰოდა, მიიღო კიდეც Dzhirolamo. აი, სნობიზმის მწვერვალი თუ გნებავთ — ანონიმური სნობიზმი!
და ბოლოს ფინალი: "დირექტორი ირწმუნება, რომ აუცილებლად გაკეთდება სურათის რენდგენული სურათი, ასლი და ანალიზი, რაც მისი ავტორის ვინაობას დაადგენს". ჯერ ერთი, "რენდგენული" კი არა, "რენტგენული" — ამ მოკლეტალღოვანი გამოსხივების აღმომჩენს ვილჰელმ რენტგენი ერქვა. მაგრამ ასეც რომ დაეწერა "სურათის რენტგენული სურათი" ნამვილად ვერაფერი ქართულია. სიტყვა "ასლი" საერთოდ უადგილოდაა გამოყენებული, რადგან სურათიდან ასლის გადაღება სხვა რამეს ნიშნავს და მისი ატრიბუციისათვის არ გამოდგება. რაც შეეხება სიტყვას "ანალიზი", ვეჭვობ, ამის დამწერს ჰგონია, თითქოს ვენეციის დოჟს სისხლისა და შარდის ანალიზს გაუკეთებენ. არცაა გასაკვირი, ალბათ ორი დღით ადრე, 17 მარტს სწორედ მან მოამზადა მასალა, რომელსაც ოდნავ ქვემოთ განვიხილავთ...
18 მარტის ეფემერა პირველივე სიტყვიდანვე გვთავაზობს საიდუმლოებას: "ANSA-ს ინფორმაციით...". რა არის ეს იდუმალი ANSA? ვარიანტები ბევრია: "გამოყენებითი ნეიროლოგიის ავსტრალაზიური საზოგადოება", "ანემიის პარამედიკოსთა სპეციალობის ასოციაცია", "უცხოეთში მცხოვრები ნორვეგიელი სტუდენტების საზოგადოება" და ა. შ. მოკლედ, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე მაინც იტალიურ რენესანსს ეხება და მის არცთუ უმნიშვნელო წარმომადგენელს, ჯორჯო ვაზარის, მცირე ჭოჭმანის შემდეგ დავასკვნით, რომ იგულისხმება იტალიური საინფორმაციო სააგენტო Agenzia Nazionale Stampa Associata. რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი მკითხველი ვალდებულია იცნობდეს ამ პატივსაცემ დაწესებულებას? ამის შემდეგ კი მოდის ერთობ ბუნდოვანი თხრობა იმის შესახებ, რომ ვერავინ გადაწყვიტა, ვაზარის რამდენიმე წერილი 2,6 მილიონ ევროდ უნდა გაიყიდოს, თუ 26 მილიონ ევროდ. თუ მეორე ფასის გაგონებაზე ვიკითხავთ, რატომ უნდა გაიყიდოს-თქო ასე ძვირად? — პასუხიც აქვე არის: თურმე არქივის მფლობელს, ჯოვანი ფესტარის ვალები ჰქონია.
ტექსტის ბოლოში გამოჩნდება ვიღაც რუსი ოლიგარქი, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი ფესტარიმ მოიგონა. თუ არ მოუგონია? არა, ვერაფერი გავიგე და თქვენც გაგათავისუფლებთ ტვინის ჭყლეტისგან — წინ ბევრად უფრო სახალისო ამბები გველის, ვიდრე ეს ყოვლად უგვანო "ნიუსია", რომელსაც ჯორჯო ვაზარის ცნობილი ავტოპორტრეტი ამშვენებს — მადლობა ღმერთს, ეს მაინც არ შეშლია ამის ავტორს...
17 მარტის ეფემერა კი ნამდვილი ნუგბარია.
ზეიმი სათაურიდანვე იწყება: "მონა ლიზას ღიმილის საიდუმლო კვლავ ამოიცნეს". აბა, კაცო, ბედი არ გინდა! რა დახატე, ლეონარდო, ამნაირი — ისევ, ბიჭო?!
მაგრამ მერე, პირველი სტრიქონებისთანავე ჯადოსნურ სამყაროში ვხვდებით: "ზალცბურგის ცენტრის ნეიროკოგნიტიული მიმართულების ფსიქოლოგი, პროფესორი ფლორიან ჰუცლერი..." — აი რას ნიშნავს ტურისტული ბიზნესის მრავალწლიანი გამოცდილება! ქალაქ ზალცბურგის ცენტრში არა მარტო ჩვეულებრივი მიმართულებები მოუწყვიათ: მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით, ჩრდილოეთით, სამხრეთით და ა. შ., არამედ ნეიროკოგნიტიული მიმართულებაც აქვთ — ალბათ განსაკუთრებით ნატიფ მოთხოვნილებათა მქონე სტუმრებისათვის. თანაც ფსიქოლოგი მიუჩენიათ ამ მიმართულებისთვის, უბრალოდ ფსიქოლოგი კი არა, პროფესორი — ყველა ხომ ვერ გააგნებს გზას ნეიროკოგნიტიული მიმართულებით!
მართალია, ამ ძვირფასი ადამიანის გვარსაც ხან "ჰუცლერად" მოიხსენიებენ (რაც სწორია), ხანაც "ჰულცერად", მაგრამ დიდი ჯახირის შემდეგ მაინც გვეუბნებიან, რომ მას ჯოკონდას ღიმილის საიდუმლო ამოუხსნია:
"ავტორის აზრით, მონა ლიზას ტუჩები პირდაპირ დაკვირვებით ნეიტრალურობას გამოხატავენ, მაგრამ როცა დამთვალიერებელი მას უშუალოდ პირზე არ უყურებს და, მაგალითად, თვალებზე ამახვილებს ყურადღებას, ასეთ შემთხვევაში პერიფერიული მხედველობა ირთვება და მსუბუქი ღიმილის შთაბეჭდილება იქმნება. აქედან გამომდინარე, ჯოკონდას სახის გამომეტყველება იმისდა მიხედვით იცვლება, თუ სახის რომელ ნაწილზე ვაკვირდებით მას. მსგავსი ოპტიკური ილუზიის მიღწევა ავტორს მის მიერ გამოგონებული ფუმატოს ტექნიკის მეშვეობით შეეძლო, რომელიც ფიგურის მოხაზულობას ამსუბუქებს".
ჯერ ერთი, "ფუმატო" კი არა, "სფუმატო", მაგრამ ნუღარ დავჩეხავთ ამ ისედაც "მძიმე მოხაზულობის ფიგურას" — უბრალოდ, გადმოვცეთ ფლორიან ჰუცლერის გამოკვლევის შინაარსი ისე, როგორც ჩვენ გავიგეთ პირველადი წყაროდან:
ლეონარდო და ვინჩის მიერ გამოყენებული ტექნიკა "სფუმატო", რომელიც ნიშნავს საღებავის ძველ ფენებზე ნახევრად გამჭვირვალე ახალი ფენების დადებას, ქმნის ფერის ნელ გრადაციას, რომელიც უკეთესად აღიქმება პერიფერიული მხედველობით. ამიტომ, როცა პირდაპირ ტუჩებს ვუყურებთ, გრადაცია არ ჩანს და ღიმილისაც ვერ ვამჩნევთ, მაგრამ საკმარისია მზერის ცენტრი თვალებზე გადავიტანოთ, რომ ტუჩები პერიფერიულ მხედველობაში მოექცევა და ჯოკონდას სახეს მოულოდნელი ღიმილი გაანათებს. ეს ოპტიკური ილუზია ქმნის იდუმალების შთაბეჭდილებას.
გასაგებია? თანაც ასეთი აღწერა ბევრად უფრო მოკლეა და ეკონომიური.
ამის შემდეგ ეფემერის უცნობი ავტორი გვაფრთხობს: "მონა ლიზას ღიმილის შესახებ უამრავი კვლევაა დაწერილი. მათი დამაჯერებლობა სხვადასხვაგვარია". ეს ბოლო ფრაზა ვერ გავიგეთ, მაგრამ, აბა, ეფემერა რისი ეფემერაა, თუ ყველაფერი გაიგე!
ავტორი კი ჯიუტად განაგრძობს: "ერთ-ერთი უკანასკნელი მკვლევარი ამ კუთხით არის პალერმოელი მეცნიერი, ვიტო ფრანკო". რომელი "ამ კუთხით"? ალბათ "სხვადასხვაგვარ დამაჯერებლობას" გულისხმობს. ვიტო ფრანკო პალერმოში კი არა, ტრაპანიში ცხოვრობს, თუმცა კი ახლოსაა პალერმოსთან. ამას დაუდგენია, რომ ჯოკონდას სახის გამომეტყველება "ქოლესტერინის მაღალ ხარისხზე მიუთითებს". "ხარისხის" მაგიერ მე "შემცველობას" დავწერდი, მაგრამ აქ უფრო საინტერესოა ის, რაც გამორჩა ჩვენს ავტორს: ეს ექსცენტრიული ტიპი, ვიტო ფრანკო მონა ლიზას გარდა სხვა ფერწერულ პერსონაჟებსაც იკვლევს. მისი აზრით, კარავაჯოს მძინარე ამურს რაქიტი სჭირს, ბოტიჩელის ახალგაზრდა მამაკაცს იშვიათი დაავადება, არაქნოდაქტილია (ობობასებრი თითები) დამართნია, პარმიჯანინოს მაღალყელიან მადონას კი მარფანის სინდრომი აწუხებს.
მაინც რატომ არის, რომ სწორედ ფერწერაა ჩვენი ჟურნალისტების ყველაზე სუსტი წერტილი? — ზოგი ნიუსრუმში კოლეგებს გამწარებული ეკითხება, ელენე ახვლედიანის მობილურის ნომერი ვისა გაქვთო, სხვები საყვედურს გამოთქვამენ, რატომ გიგო გაბაშვილი პირადად არ გამოცხადდაო გამოფენაზე... მოდი და, ნუ გაგახსენდება დანიელი ფილოსოფოსი სერენ კირკეგორი, რომელიც სადღაც ამბობდა, რომ სიტყვის თავისუფლებაზე ისინი ყვირიან ყველაზე ხმამაღლა, ვინც აზროვნების თავისუფლებას არ იყენებს.