შემიძლია მშვიდად მოვკვდე: ჩემს ერთ-ერთ სტატიას ტარიელ ჭანტურია გამოეხმაურა.
24 საათი 16.05.10

შემიძლია მშვიდად მოვკვდე: ჩემს ერთ-ერთ სტატიას ტარიელ ჭანტურია გამოეხმაურა.
სტატია დიდი ხნის წინათ, 2004 წელს დაიბეჭდა. გამოხმაურება კი 2010 წლის 7 მაისის «უიკენდში» წავიკითხე - "დინოზავრიდან დიზაინამდე". როგორც ეტყობა, ეს ტექსტიც ძველია... მასში პოეტი "ბატონ ნოდარ ლადარიას" მიწოდებს, მაგრამ მე ამგვარადვე არ ვუპასუხებ, რადგან ტარიელ ჭანტურიას სახელს სიტყვიერი ოჩოფეხები არ სჭირდება.
გამოვტოვებ გამოხმაურების კონკრეტულ საბაბსა და შინაარსს - დაე, ექვსი წლის წინანდელი გარემოებები საბოლოოდ შთანთქას დავიწყებამ. მხოლოდ იმას მივაქცევ ყურადღებას, რაც ყველა დროში შეიძლება იქცეს დისკუსიის საგნად.
მაშ ასე, სტატიაში მომყავდა მწერლების ორი სია, ვიღაცის მიერ შედგენილი. ერთში ისინი ჩაეწერათ, ვინც რაღაც ყრილობას ესწრებოდა, მეორეში კი ისინი, ვინც არ ესწრებოდა. გამოხმაურებიდან კი შემდეგი გავიგე: თურმე მითქვამს, რომ ამგვარი სიების შედგენა "დიდი მკრეხელობა და უკულტურობაა". სიტყვას "მკრეხელობა" მხოლოდ მისი პირდაპირი მნიშვნელობით ვიყენებ და ისიც თითქმის არასოდეს. სინამდვილეში, მხოლოდ ის ვთქვი, რომ მწერალთა ფედერაციის "განცხადება არა თუ მწერლის ან მწერლების შედგენილს არა ჰგავს, არამედ მას უბრალოდ კულტურული ადამიანის ხელი არ ეტყობა"...
ახლა დეტალებზე არ ვკამათობ - მაგის ფუფუნება ვინ მოგვცა საქართველოში! მე ტარიელ ჭანტურიას შემდეგ დასკვნას მინდა შევეხო: "გვინდა ჩვენ ეს თუ არ გვინდა, არსებობს მწერალთა ორი სია - ცოცხლებისაც და გარდაცვლილებისაც! - ერთში უარესები არიან შეტანილნი, მეორეში - უკეთესები!".
საკვირველია, რომ ავტორმა "უკეთესთა" სიაში გამამწესა! - სწორედ ამ აზრს ვეკამათები და არა დასკვნას.
ოდესღაც, ადრეულ სიყმაწვილეში, შტეფან ცვაიგის მემუარები წავიკითხე და ერთი ფრაზა დამამახსოვრდა, თუმცა აღარ მახსოვს, ვის ეხებოდა: "ის იმდენად ღრმად ერკვეოდა მუსიკაში, რომ ტელემანის მეორეხარისხოვან ნაწარმოებებსაც კი სცნობდა". ჯერ ტელემანი რა ბედენაა და მერე კი მისი მეორეხარისხოვანი ნაწარმოებები! ამიტომაც არის, რომ ჩემი სურვილი, "უარესთა" სიაში ჩამწერონ, არ არის ნაკარნახევი მოკრძალებით. პირიქით, მე ის უფრო მინდა, ჩემი სახელი მხოლოდ რჩეულ ერთეულთა საკუთრებად იქცეს - სიკვდილის შემდეგაც იმათ შორის ვიქნები, ვის წრეში ცოცხალს მიყვარს ყოფნა...
რაც შეეხება სიებს, მათი რიცხვი ორზე მეტია - ისტორიული გარემოებები ლამის ყოველდღიურად ქმნის ახალ ჩამონათვალებს და აუქმებს ძველებს, ბანქოს დასტასავით ჭრის და ურევს სახელებს. ცდება, ვისაც ჰგონია, რომ ამ უწყვეტ საქმიანობაში ისტორია რაღაც "მარადიულ კრიტერიუმებს" ემყარება - ასე რომ იყოს, ქართულ ტელეეთერში, ანუ ჩვენი ეროვნული თვითგამოხატვის ყველაზე მაღალ ინსტანციაში ყურებს არ გამოგვიჭედავდა კეთილხმოვანი ქართული სიტყვა: "სირობა".
ეს ნახსენები სიებიც თავისთავად კი არ არსებობს, არამედ ვიღაც ქმნის და უბრალოდ კი არ ქმნის, არამედ რაღაცის კარნახით. განა საინტერესო არ არის, რანაირად მოხდა რაიმე სიაში ერეკლე დეისაძის თხელტანიანი წიგნი, რომლის სათაურმა ლამის შორენასთან გატარებული ღამის ტოლფასად აქცია მოყირჭებული საინფორმაციო გამოშვებები და რომლის ზერელე წაკითხვის შემდეგ პირადად მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ აქ სირობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე საიდუმლო...
არადა ამის ავტორსაც გამოუჩნდა ადგილი რაღაც სიაში. ეს ადგილი ლაშა ბუღაძემ მიუჩინა თავის ჩანახატში "ისევ უწიგნურობის შესახებ" (7 მაისი, "უიკენდი"). აქ ერეკლე დეისაძეს მხარს უმშვენებენ ჯოვანი ბოკაჩო, ფრანსუა რაბლე, მარკიზ დე სადი, თევდორე დოსტოევსკი, ესქილე, ჰენრი მილერი, დანიელ ხარმსი, ჟან ჟენე, უილიამ ბეროუზი, ილია ჭავჭავაძე და შოთა რუსთველი...
არ იფიქროთ, თითქოს რაღაც "მკრეხელობისთვის" ვსაყვედურობდე ლაშა ბუღაძეს - ამჯერად მე ამგვარი სიის შემქმნელი გარემოებები მაინტერესებს: აკი ვთქვი, სიებს ვიღაცეები უბრალოდ კი არ ქმნიან, არამედ რაღაცის კარნახით-მეთქი. ოღონდ აქ მთავარი ისაა, რომ "რაღაცა" არ მივიჩნიოთ "ვიღაცად" - ეს პერვერსია მედიაში ია ანთაძეს, პოლიტიკაში კი თინიკო ხიდაშელს დავუტოვოთ.
სანამ "რაღაცას" დავასახელებდეთ, კიდევ ერთი ციტატა მოვიყვანოთ ლაშა ბუღაძის სვეტიდან: "ერთი რამ უკვე ფაქტია: მოგწონთ თუ არ მოგწონთ, მწერალმა ისევ გაიმარჯვა. ერეკლე დეისაძის წიგნი ბესტსელერია".
როგორი ნიშანდობლივი პარალელია:
ტარიელ ჭანტურია: "გვინდა ჩვენ ეს თუ არ გვინდა, არსებობს მწერალთა ორი სია ... ერთში უარესები არიან შეტანილნი, მეორეში - უკეთესები!".
ლაშა ბუღაძე: "მოგწონთ თუ არ მოგწონთ, მწერალმა ისევ გაიმარჯვა".
აი, თუ გნებავთ, საერთო რიტორიკაში გამოხატული კლასობრივი სოლიდარობის ნიმუში. მაგრამ მაინც არის ერთი არსებითი განსხვავება: პირველი "გამარჯვებად" ერთგვარ სიმბოლურ აქტს მიიჩნევს: მატერიალური ატრიბუტების გარეშე მოსულ აბსტრაქტულ დიდებას - "პირველ სიაში" მოხვედრას. მეორე კი უფრო პრაგმატულია, ესე იგი, თანამედროვე და მისთვის "გამარჯვება" გაყიდვათა რიცხვით გამოიხატება.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტარიელ ჭანტურიას შემთხვევაში - ვეთანხმებით მის მიერ აღიარებულ კრიტერიუმს თუ არა - ის მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ საქმე გვაქვს სრულიად თანმიმდევრულ მსოფლმხედველობასთან: განაჩენი ისტორიას გამოაქვს და გამარჯვებულთა შორის ერეკლე დეისაძის ადგილი არ არის.
აი ლაშა ბუღაძის შემთხვევა კი, ასე ვთქვათ, ჰიბრიდულია: თუ მას განვიხილავთ ადგილობრივ პოლიტიკაში უკვე დამკვიდრებული პრინციპით "ყველა მინუს ერთი", გამოდის, რომ სიაში მოხვედრილი მწერლები სრულიად ეთანხმებიან ტარიელ ჭანტურიას "მოძველებულ" კრიტერიუმებს. აი, ის ერთი კი საქმეს აფუჭებს - სწორედ აქ აღმოჩნდება, რომ მისი ადგილი არანაირ თანმიმდევრულ კრიტერიუმს არ ემორჩილება გარდა ერთისა: ეს ადგილი იმ იდუმალი "რაღაცით" არის გამოწვეული და სხვა არაფრით!
აჰა, დადგა დრო ამ იდუმალი "რაღაცის" დასახელებისა!.. მაგრამ აქაც ჩნდება პრობლემა: არსებობს კი ეს "რაღაცა" თუ უკვე გაუქმდა, ფსკერზე დაწვა, ბუჩქებში მიიმალა?.. ამაზე საუბარი და მსჯელობა ჯერ კიდევ წინაა. ამჯერად კი ვთქვათ პირდაპირ: ერეკლე დეისაძის მწერლური "გამარჯვება" სავსებით განაპირობა ექსტრემისტების მხრიდან მისმა დევნამ. სხვა საფუძველი ამ "გამარჯვებას" არა აქვს...
აქ შეიძლება დავასრულოთ საუბარი "საიდუმლო სირობასა" და მის ავტორზე - ერთადერთი, რისი თქმაც ნამდვილად ღირს, ის არის, რომ მისმა მდევნელებმა ჩაფიქრებულის საპირისპირო მიზანს მიაღწიეს: იმის მაგიერ, რომ კადნიერი დაესაჯათ, სრულიად კონკრეტული მოგება მოუტანეს წიგნის გამომცემელს...
მთელი ამ ისტორიიდან ერთადერთი რამ დაგვრჩა, რაც ყურადღების ღირსია...
ყურადღებაში მკითხველის ძვირად ღირებულ ყურადღებას ვგულისხმობ და არა სამართალდამცავთა სავალდებულო სიფხიზლეს. მაინც არის ამ ყველაფერში რაღაც ისეთი, რამაც გონება უნდა აამოქმედოს და არა მხოლოდ ხელკეტი და ხელბორკილი. ეს არის პასუხი კითხვაზე: რას ვგულისხმობთ, როცა ექსტრემიზმზე ვლაპარაკობთ?
არის ეს რელიგიური ექსტრემიზმი? - არა მგონია. "მართლმადიდებლობა", რომელზედაც წამდაუწუმ ლაპარაკობენ მსგავსი ყაიდის სუბიექტები მხოლოდ გარეგნული საბაბია. იშვიათ შემთხვევაში საქმე გვაქვს XIX საუკუნის რუსული სინოდალური ტექსტებისა და ალექსანდრე დუგინის ევრაზიული ბოდვის ქაოსურ კომბინაციასთან. ექსტრემიზმს რელიგიურ შინაარსს სალაპარაკო თემები კი არ აძლევს, არამედ იდეოლოგიის აღიარების, მისდამი ერთგულების ხარისხი. ამათი შინაგანი არსი კი ისევ ზაზა ბურჭულაძის შემოღებული მეტაფორით აიწერება ყველაზე კარგად: ეს ყბადაღებული "მართლმადიდებლობა" მართლაც რომ იგივეა, რაც ნაყალბევ საქონელზე მიხატული სამი ზოლი და მახინჯი წარწერა: "ადიბასი"...
არის ეს ფაშისტური ექსტრემიზმი? - ერთი მხრივ, მართლაც არის. მაგრამ ამ ყმაწვილებთან შედარებას არათუ სერიოზული ნეოფაშისტები თუ ნეონაცისტები, არამედ ის უბადრუკი მატრაკვეცა ბარკაშოვიც კი იუკადრისებდა, რომლისგანაც ჩვენმა ერთუჯრედიანმა ეპიგონებმა ყველაფერი გადმოიწერეს, ძირითადი იდეოლოგიური "უსტანოვკებიდან" ვიზუალურ ატრიბუტებამდე. სად ფაშისტები და სად ტიპურად მასონური წარმოშობის სიმბოლიკა! სად ფაშისტები და სად ღვთისმშობლის პალადინობა! და რაც მთავარია, ფაშიზმი ნამდვილად არ ამოიწურება წინასაარჩევნო პერიოდში წვრილმანი ჩოჩქოლის გამოწვევით - ეს მისი თანაზომი მიზანი არ არის...
ერთი სიტყვით, მისალოცად გვაქვს საქმე. ვერავინ შეძლო, ჩვენ კი შევძელით: აბა, ქართველების გარდა სხვას ვის აუყვანია ექსტრემიზმის სიმაღლემდე ფარისევლობა და ზედაპირულობა?!
ახლა კი ერთი მოსმით უნდა გადავშალო ყველაფერი, რაც ახლახან დავწერე ამ ნაძირლების შესახებ. რატომ? - იმიტომ რომ გაქსუებული ინტელექტუალის დაწერილია. ბოლოს და ბოლოს, უნდა მივეჩვიოთ ყველაზე სასაცილო რამეების სერიოზულად მიღებას, რადგან არაფერია ადამიანების უსაფრთხოებაზე უფრო სერიოზული. რა მნიშვნელობა აქვს, თანმიმდევრული ექსტრემისტი გირტყამს თავში თუ ვინმე მოფაშისტო ფინაჩი. თანაც ინკრიმინირებული უნდა იქნეს სწორედ ფაშიზმი და არა ბანალური ხულიგნობა.
თუ სახელმწიფო არ აჩვენებს საკუთარ არსებობას - რადგან სწორედ არსებობის უპირველეს ნიშანწყალზეა საუბარი და არა რაიმე უფრო დიდზე - და კვლავ ამოეფარება რომელიმე ისედაც ბუნდოვან და თანაც ცუდად გამოხატულ მოსაზრებას, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, მაშინ გამოვა, რომ ჩვენი მომავალი მართლაც გაურკვეველია - იმდენად გაურკვეველი, რომ ეს ქვეყანა საარჩევნო უბანზე მისასვლელადაც არ ღირს.
შეიძლება მხრები აიჩეჩო და ჩაიცინო, რომ ვინმე დავით ისაკაძემ რაღაც სირობის გამო მიტრა და გამშვენებული ჯვარი მიიღო ჯილდოდ. მაგრამ თუ იმავე სირობის გამო მოქალაქეების პირადი უსაფრთხოება და არსებითი თავისუფლება შეილახა, ეს უკვე სიცილის საგანი არ არის.
მამუკა გიორგაძე და ჯონდი ბაღათურიაც უნდა დაშოშმინდნენ, რადგან ცივილურ საზოგადოებაში მკრეხელობა დეკრიმინიზირებულია, გამოხატვის თავისუფლების შელახვა კი დანაშაულად არის მიჩნეული. ნუღარ მართავენ სასაცილო ბრიფინგებს, მით უმეტეს, რომ ჩვენს ცხოვრებაში სირობა უამისოდაც ბევრია! ნაირფერი სირობები სრულიად მოულოდნელი ადგილებიდან შემოგვცქერიან უტიფრად. აი, რამდენიმე ხნის წინათ ერთმა მეგობარმა მიჩვენა ფრაგმენტი ტალიავინის ცნობილი დასკვნიდან - ერეკლე დეისაძეს მსგავსი სირობა არც დაესიზმრებოდა! რუსულ ვერსიაში ეს გასაოცარი აბზაცი 572-ე გვერდზე მოიპოვება (პარაგრაფი 13. "გამოძიებები და სასამართლო გარჩევები 1992 წლიდან") და მისი ქართული თარგმანი ასე ჟღერს: "ქართული ჯარებისაგან ქ. ოჩამჩირეს გათავისუფლებისას ხელში იქნა ჩაგდებული მასალების დიდი რაოდენობა, რაშიც შედიოდა რუკები, სქემები და დეტალური გეგმები იმისა, თუ როგორ ემზადებოდა საქართველო ბირთვული ჭურვების გამოსაყენებლად. გაუგებარი მიზეზების გამო, მოცემულ ფაქტს ჯერ არ მიუღია შესაბამისი საერთაშორისო ორგანოების სათანადო გაშუქება და შეფასება".
მოდი და ნუ გაკვირდები!