არა, უიკენდზე მაინც უნდა გაიხარო ადამიანმა! - 14 მაისს გადავშალე ჩანართი "მარანი" და რას ხედავს ჩემი თვალები!
24 საათი 23.05.10

არა, უიკენდზე მაინც უნდა გაიხარო ადამიანმა! - 14 მაისს გადავშალე ჩანართი "მარანი" და რას ხედავს ჩემი თვალები!
ახლავე გაგიზიარებთ ამ გამოუთქმელ სიხარულს. ამისათვის კი მთლიანად უნდა მოვიყვანო ეს მოკლე და კეთილი ამბავი: "ნიუ-იორკელ მკვლევართა ახალმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ ზოგიერთი საკვები პროდუქტის რეგულარული მიღება საგრძნობლად ამცირებს ალცჰაიმერით დაავადების რისკს. ეს პროდუქტებია: თხილეული, თევზი, ფრინველის ხორცი, ხილი და ბოსტნეული. სპეციალისტებმა ეს დასკვნა 65 წელს გადაცილებული 2150 ადამიანის კვების რაციონზე დაკვირვების შედეგად გამოაქვეყნეს".
მაშ ასე, გავიმეოროთ: "თხილეული, თევზი, ფრინველის ხორცი, ხილი და ბოსტნეული". რაღა დარჩა? კიდევ ჭამს რამეს ადამიანი? არა, რომ დაეწერათ, ბორნეოზე სისხამ დილით მოწყვეტილი მუსკატის კაკალი, თეთრი ზვიგენის ფარფლი, ახალზელანდიური კაზუარის ბარკალი, ტაილანდური დურიანის კომპოტი და ქოდალოში ან ჩუმლაყში წვიმის მერე დაკრეფილი ტარხუნა აგვაცილებს ალცჰაიმერის დაავადებასო, დავიჯერებდი, ნამდვილად დავიჯერებდი. მაგრამ ჩემი სიჯიუტე მაბრკოლებს შევიგნო, რომ ყოველივე გენიალური მარტივია. როგორც ეტყობა, ნიუ-იორკელი სპეციალისტები უბრალო და უტყუარ მეთოდოლოგიას მისდევენ, ანუ უბის წიგნაკითა და ფანქრით შეიარაღებულნი დადიან სადილის შემდეგ მოხუცებულთა თავშესაფრის პალატებში და ბინადრებს ეკითხებიან: "დღეს რაიმე ხომ არ გამოგრჩენიათ, რასაც ადამიანი მიირთმევს?". "ნოუ!" - ხრიალით მიუგებს მონელების მტანჯველ პროცესში მთელი არსებით ჩართული მხცოვანი პაციენტი. "ვერი გუდ!" - კმაყოფილი ჩაინიშნავს რაღაცას უბის წიგნაკში ნიუ-იორკელი მკვლევარი. - "არაფერი დაგვიწყნიათ, ესე იგი, არავითარი ალცჰაიმერი"...
არა, ნუ დავუკარგავთ "მარნის" მესვეურებს, რომ სიაში, მაგალითად, საქონლისა და ღორის ხორცი არ შეუტანიათ და ამგვარად სასიამოვნო რებუსად გვიქციეს ეს ნანატრი ინფორმაცია. რუბრიკას, სადაც ის გამოქვეყნდა, ჰქვია "პატარა ჭიქებით" - ახლა ნამდვილად გასაგებია, რას უნდა ვუმადლოდეთ ტექსტის ამ ერთადერთ ღირსებას. რუბრიკას, მაგალითად, "განსხვავებული სასმისი" რომ რქმეოდა, ინფორმაცია ნამდვილად უკან მოიტოვებდა იმ საოცარ ცნობებს, რომლებსაც "24 საათი" რეგულარულად გვაწვდის ლეონარდო და ვინჩისა და სხვა რენესანსული ვარსკვლავების შესახებ...
თუ ეს ყველაფერი მართალია, მაშინ საქართველოში კვების მართლაც ძალიან ღარიბი რაციონი გვაქვს. ამიტომაც მოგვერია გულმავიწყობა და ყურადღების ნაკლებობა: მაგალითად, საკონსტიტუციო კომისიაში ლევან რამიშვილის მიერ შეტანილი პროექტიდან მხოლოდ ის დაამახსოვრდათ, რომ საქართველოს შტატებად დაყოფა იყო შეთავაზებული.
სერიოზულად რომ ვთქვათ, აქ ამერიკული სისტემის ხელოვნური გადმოტანა, ერთგვარი პოლიტიკური მიმბაძველობა დაინახეს. ამის დანახვა არ იყო ძნელი, მით უმეტეს, რომ მას ორი ძლიერი ხელშემწყობი გარემოება ახლდა თან:
ჯერ ერთი, საქართველოში არგუმენტაცია, ანუ დასაბუთება საერთოდ არ არის მოთხოვნილი საქონელი. რაღა უნდა ვთქვათ საკონსტიტუციო კომისიაზე, რომლის წიაღში გამოითქვა ძვირფასი აზრი, რომ თურმე ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლები მართვის გენეტიკური უნარით გამოირჩევიან.
მეორეც, ბოლო ოცი წლის განმავლობაში წამდაუწუმ ისმის ტერმინები "პრორუსული" და "პროდასავლური". ზოგისთვის უბრალოდ დიხოტომიაა, ანუ ორად დაყოფა, ზოგისთვის კი შიზოფრენიად, ანუ რეალობის ავადმყოფურ გახლეჩად იქცა. პირველნი ყოველ სიახლეში, ასე ვთქვათ, ორი შესაძლო "წყაროდან" ერთ-ერთს ეძებენ, მეორენი კი დორბლმორეულნი გაჰკივიან: "არც ამერიკა და არც რუსეთი!". ეს უკანასკნელნი, სხვათა შორის, ყველაზე ხშირად არა რომელიმე აბსტრაქტული, არამედ სრულიად კონკრეტული რუსეთის ინსტრუმენტებად იქცევიან ხოლმე...
აი, ჩვენი "გენეტიკაც" აქ დამახინჯდა: საქართველოს ბედი იმდენად დიდი ხნის განმავლობაში წყდებოდა საქართველოს გარეთ, რომ უკვე ძნელი დასაჯერებელია საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის არსებობა.
14 მაისის "უიკენდში" შეგვიძლია გავეცნოთ ორ ინტერვიუს, რომლებიც მაია ჭალაგანიძემ თენგიზ შარმანაშვილს (გასული პროექტის ერთ-ერთი ავტორი) და ლევან რამიშვილს (ვერგასული პროექტის ავტორი) ჩამოართვა. ჯერ ალბათ ნაადრევია საბოლოო განაჩენის გამოტანა, მაგრამ ზოგი რამ მაინც შეიძლება ითქვას...
ჯერ ერთი ის მაინც უნდა დავუფასოთ საკონსტიტუციო კომისიას, რომ მეტ-ნაკლებად ზომიერი ვარიანტი აირჩია. თუმცა ამ ზომიერებას აქვს თავისი მინუსები.
თენგიზ შარმანაშვილის არგუმენტაცია, მეტწილად, ასე ვთქვათ, პოეტურია. მაგალითად, როცა პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობს, ასეთ საბუთებს იყენებს: "ყველაზე დიდი საზიზღრობები, რომელიც მსოფლიო ისტორიაში მომხდარა, ყველაზე კეთილშობილური ლოზუნგებითაა ჩადენილი. მსოფლიოს ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტყუილია, როცა ადამიანი აცხადებს, სამშობლოს გადასარჩენად მთელი ძალაუფლება მინდაო".
ნეტა სად მოიძიება ეს "მსოფლიოს ისტორიული გამოცდილება"? ან რანაირად არის შესაძლებელი ასეთი ცალსახა დასკვნების გამოტანა ისტორიიდან, რომელიც, ძირითადად, ერთადერთი და განუმეორებელი მოვლენებისაგან შედგება? სამყაროში, რომელიც შარმანაშვილმა ამ ორი წინადადებით დაგვიხატა, საერთოდ არ არის საჭირო არაფერზე კამათი და დისკუსია: საკმარისია მხოლოდ ინდუქციური მსჯელობა.
ამისგან განსხვავებით, ლევან რამიშვილის არგუმენტები, ასე ვთქვათ, ემპირიულია: "ჩემი აზრით, შემოთავაზებული მოდელი დამატებით საფრთხეებს შეიცავს. ვგულისხმობ იმას, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში მოხდა - ორთავიანმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ ქვეყანას პრაქტიკულად 30 წლით დააკარგვინა სუვერენიტეტი ... ან პოლონეთის მაგალითი ავიღოთ - პრემიერისა და პრეზიდენტის ქიშპის გამო, პრეზიდენტს მთავრობა ნორმალური თვითმფრინავის შეძენის უფლებას არ აძლევდა, რაც ტრაგედიით დასრულდა. 2002 წელს საფრანგეთში პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირების გამო არ გატარდა საჭირო რეფორმები, ამომრჩეველს ტრადიციულმა პოლიტიკურმა პარტიებმა მასობრივად გაუცრუეს იმედები და ფაშისტი ლეპენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდა".
ერთი შეხედვით, შარმანაშვილის არგუმენტაციისაგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ უფრო კონკრეტულია. სხვა მხრივ, ისევ ისტორიიდან გამოტანილი დასკვნებია და მეტი არაფერი. მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე: დავუკვირდეთ დასკვნას.
შარმანაშვილი ამტკიცებს: თუ ადამიანი ამბობს ამას და ამას, აუცილებლად ტყუის. რამიშვილი ამტკიცებს: თუ არსებობს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონფლიქტის ფორმალური შესაძლებლობა, ეს კონფლიქტი, სავარაუდოდ, მოხდება.
კიდევ ერთი საინტერესო ადგილი შარმანაშვილის არგუმენტაციიდან. უბრალო და პირდაპირ შეკითხვაზე "როგორი ქვეყანა გვექნება?" საკონსტიტუციო კომისიის მდივანი გვამცნობს: "დაბალანსებული ხელისუფლების მქონე ქვეყანა, სადაც უკონტროლო ძალაუფლება არც ერთ შტოს არა აქვს". აქ საზრისის შემქმნელი ძირითადი ტვირთი მოდის ზედსართავ სახელზე "უკონტროლო". აბა, ვინ ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ უკონტროლო ძალაუფლება კარგია?
მაგრამ არის სხვა შეკითხვები: რომ შევცვალოთ ზედსართავი სახელი და დავწეროთ თუნდაც "გადამწყვეტი" - მაშინ როგორღა იქნება საქმე? როგორ უნდა შეიცვალოს მთელი წინადადება, რომ რეალობის ადეკვატური აღწერა მივიღოთ? ერთი სიტყვით, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე შენელდა თუ არა? ან მაინცდამაინც ამ "უკონტროლოზე" რატომ ვსვამთ აქცენტს? - განა ძალაუფლების "უკონტროლობაა" მთავარი პრობლემა დღევანდელი საქართველოსთვის?
ზოგ შემთხვევაში ისე მგონია, რომ ეს "კონტროლი" ზომაზე მეტიც არის. მაგალითად, სანამ ტელეკომპანია "კავკასია" არ დაარბიეს, ხელისუფლებას არც კი უფიქრია ადამიანების უსაფრთხოებაზე, არავის გახსენებია, რომ შუღლის გაღვივება და ფაშისტური ღირებულებების პროპაგანდა დასჯადია. ახლა კი, როცა საქართველოს საპატრიარქო ბოლო განცხადებით ითხოვს, რომ არსებითად მეტაიურიდიულ კატეგორიებს ("უხამსობა", "მკრეხელობა" და ა. შ.) საკანონმდებლო გამოხატულება მიეცეს, ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ ამ ვითარებაში "მრავალთავა" ხელისუფლების პირობები ბევრად უფრო სახიფათოა მოქალაქეთა თავისუფლების თვალსაზრისით.
სხვათა შორის, ღვთის გმობის დეკრიმინალიზაცია სწორედ ის პროცესია, რომლითაც საუკუნეების წინათ დაიწყო ევროპის გათავისუფლება ძველი რეჟიმისაგან. ამ დროს ეკლესია გააფთრებული ებღაუჭებოდა სოციალურ პრივილეგიებს და პასუხად საერო საზოგადოების ზიზღს იღებდა: სწორედ კლერიკალთა სიხისტე იყო იმის მიზეზი, რომ საზოგადოების გარდაუვალი სეკულარიზაცია ბევრგან რადიკალურ ლაიციზმში გადაიზარდა და ლიბერალური ღირებულებების ისტორიულ განვითარებას საგრძნობი ზიანი მიადგა.
ასე რომ, კაცმა არ იცის, რა არის უფრო საშიში და დამღუპველი, ამერიკიდან ნასესხები ფედერალიზმი თუ ისლამისტი ფუნდამენტალისტებისაგან გადმოღებული გაურკვეველი ფრაზა: "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა". ამ ფრაზით შეიარაღებულმა შეიძლება თავში ჩაარტყა რამე მხატვარს ან ჟურნალისტს, მაგრამ სერიოზულ სასულიერო სასწავლებელში თეოლოგიის ან ეკლესიოლოგიის რეფერატში ვერ შეიტან - ჩაგჭრიან.
თანაც როცა ამერიკიდან ფედერალიზმი გადმოგაქვს ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ენაზე თარგმნი საქართველოში ტრადიციულად არსებულ ტერიტორიულ დაყოფას და, სხვათა შორის, იმასაც ითვალისწინებ, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა ყველაზე ქმედითი იარაღია რეგიონული სეპარატიზმის წინააღმდეგ. მაგრამ როცა რადიკალური ისლამისტებისაგან გადმოღებული იდეური შინაარსითა და მოქმედების ტაქტიკით ეწინააღმდეგები შენივე მუსლიმი მოქალაქეების მიერ თავიანთი რელიგიური მოთხოვნილებების თავისუფალ აღსრულებას, ეს უკვე ნიშნავს, რომ, ჰამლეტისა არ იყოს, რაღაც გვარიანად დალპა დანიის სამეფოში.
ამასობაში კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერაყის ელჩისგან მიიღო წერილი, რომელშიც გამოთქმულია წუხილი რელიგიური ექსტრემისტებისაგან მიღებული მორალური ზარალის გამო და, სხვათა შორის, ნათქვამია, ჩვენც კი (even we) ვიცით, რომ კვლევით და სასწავლო დაწესებულებაში ყოველგვარი ცენზურა დაუშვებელიაო. ჩვენც ვიცით და თქვენ კი რა ღმერთი გაგიწყრათო...
გაგვიწყრა, ნამდვილად გაგვიწყრა! - ერთი მხრივ, ნავროზ-ბაირამს სახელმწიფო დღესასწაულად აცხადებენ, მეორე მხრივ, ერთი მუჭა თავხედები გამჭვირვალე ახალი შენობის ძალასაც კი არ ეპუებიან. ერთი მხრივ, ღელავენ და შფოთავენ, საქართველოს დიქტატურა და ავტორიტარული რეჟიმი ემუქრებაო, მეორე მხრივ, არავინ ყურსაც არ იბერტყავს, როცა ლიბერალიზმის მოძულესა და მდევნელს აჯილდოებენ.
ნეტა რამდენი თხილეული, თევზი, ფრინველის ხორცი, ხილი და ბოსტნეული უნდა შემოვზიდოთ საქართველოში, რომ ეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ალცჰაიმერის სენი დაიძლიოს? ბოლოს და ბოლოს, იქამდეც მივედი, რომ პრეზიდენტის ახალი პროგრამისაც მეშინია: ახლახან უბრძანებია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დეფიბრილატორები დააყენეთ, გულის შეტევებისაგან სიკვდილიანობის შესამცირებლადო. ვინმე ჭკვიანი ნამდვილად გამოიყენებს ელექტროშოკს, მაგალითად, დიაბეტური კომის შემთხვევაში - იმის მაგიერ, რომ გონდაკარგულს ტკბილი ჩაუდოს პირში...
რა გაეწყობა, ზუსტი დიაგნოსტიკა არასოდეს ყოფილა ჩვენი ძლიერი მხარე.