RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

რკინები ვჭამოთ?

ვრცელი ციტატით დავიწყებ.

24 საათი 30.05.10

ვრცელი ციტატით დავიწყებ.

21 მაისის "უიკენდში" სოფიკო კვანტალიანი ბუნებასთან გვაბრუნებს: "ნოემბრის დასასრულს მოაგროვეთ ძროხის ნაკელი. ჩატენეთ ძროხისვე რქაში და ჩამარხეთ მიწაში. გაზაფხულამდე დატოვეთ. თოვლის დნობის დასრულებისთანავე რქა ამოთხარეთ, შიგთავსი წყლიან სათლში გახსენით და ერთი საათი ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ საპირისპიროდ ურიეთ, თანაც ისე, რომ მორევის პროცესში შუაში ღრმა კრატერი გაიკეთოს - ასე მასში ჩაბუდებულ მიწის ბუნებრივ ენერგიას გააღვივებთ. შემდეგ შეამოწმეთ მთვარის კალენდარზე ხელსაყრელი დღე და ვენახს მიასხურეთ".

ბუნებრივად აღძრულ ეჭვებს ავტორი ასე განდევნის: "ეს რაღაც მისტიკური რიტუალი არაა, ეს მიწის განაყოფიერების ბიოდინამიკური მეთოდი და პრეპარატი "ასტრალიზებული" მიწაა (P500 horn manure), თანაც ისეთი ეფექტური, რომ ჰექტარი მიწის გასანოყიერებლად სულ რაღაც 60 გრამი დაგჭირდებათ".

ძლივს მოვითქვამთ სულს ამ მცირედი ნუგეშით, რომ ავტორი ისევ გვაჯახებს: "რქას ამ შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მისი ფორმა პირამიდის მსგავსად ენერგიას აგროვებს. შტაინერი წერდა, რომ ძროხას რქა ეთერულ-ასტრალური ენერგიის ორგანიზმში, კერძოდ, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გადასაგზავნად სჭირდებაო".

სწავლა სიბერემდეო — აქამდე მეგონა, ძროხას რქა სარქენად სჭირდებოდა. ოღონდ, ემანდ არაფერი შეგეშალოთ: ნაკელი მხოლოდ ნოემბრის ბოლოს უნდა შეაგროვოთ! ნეტა გლობალური დათბობა არ ცვლის ამ დროით ნიშნულს? — ალბათ მორევისას კრატერის სიღრმის ცვლილებით შეიძლება ამ ეფექტის კორექტირება.

თუ სტატიას (სოფიკო კვანტალიანი, "დაბრუნება ბუნებასთან") ბოლომდე წავიკითხავთ, აღმოვაჩენთ, რომ მსგავსი რეკომენდაციების სტრუქტურა ზედმიწევნით ზუსტად იმეორებს თითქმის ყველა ეთნოსის ფოლკლორში არსებულ ერთ ზღაპარს. სიუჟეტი მარტივია: ერთმანეთს ხვდებიან მშიერი სტუმარი და ძუნწი მასპინძელი. სტუმარი ამბობს, რომ შეუძლია ნაჯახის ან ცხენის ნალისაგან მშვენიერი კერძის მომზადება. ეს როგორ? — გაიოცებს ძუნწი მაგრამ მოსულელო მასპინძელი. როგორ და მარტივად: სტუმარი კერძის ყველა საჭირო ინგრედიენტს გამოსთხოვს ცნობისმოყვარეობით შეპყრობილსა და ყურადღებამოდუნებულ მასპინძელს და სრულიად ჩვეულებრივ საჭმელს ამზადებს, რომელშიც ფსიქოლოგიური ზემოქმედების მთავარ ელემენტად ჩართულია კარგად გარეცხილი ლითონის ნაჭერი - ნალი ან ნაჯახი.

ასევე მუშაობენ ხსენებული "პრეპარატის" მწარმოებლებიც: იმ 60 გრამს ათასი აგრონომიული ოპერაციაც უნდა დაამატო, თანაც აუცილებელია იცოდე ე. წ. "ბნელი მხარის" შესახებაც. ეს სტატიის ავტორსაც არ გამორჩენია: "იმის მტკიცება, რომ ორგანიკა ყველა უბედურებისგან თავის დაღწევის გზა და ბუნების გადარჩენის ერთადერთი პანაცეაა, ნაადრევია, რადგან ორგანიკასაც თავისი ნეგატიური მხარე აქვს".

აი, თუ გნებავთ, განსხვავება ფოლკლორისაგან: ზღაპარში ნაჯახის შეჭამანდი გაძღებს მაინც, აქ კი წარმატება გარანტირებული არაა და ყველაფერს იმთავითვე "ბნელ მხარეს" გადააბრალებენ.

ასეთი "მეთოდი" სხვა სფეროებში გამოიყენება... უპირველეს ყოვლისა, სიტყვიერი, უფრო სწორად, იდეური საქონლის გაყიდვისას.

აი თუნდაც ერთი ადგილი ვნახოთ ნინია კაკაბაძის სტატიიდან "ქართულ-უკრაინული საბჭოთა კავშირი კანში". რა თქმა უნდა, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი იგულისხმება, კერძოდ, ოთარ იოსელიანის ფილმი "შანტრაპა". აი დაპირებული ადგილიც: "შენ რა, გინდა აჩვენო, როგორ კლავენ სულიერებას? — ეკითხება მთავარი გმირის მეგობარი რეჟისორს ... ამიტომაც ეს ფილმის მთავარი ხაზია, სადაც საბჭოთა სისტემა და კაპიტალისტური წყობა ერთნაირად კლავს სულიერებას, თავისუფალ შემოქმედებას". ეს აზრი არ ეკუთვნის ნინია კაკაბაძის მსჯელობას ან შეფასებას: როგორც სტატიიდან ვიგებთ, ეს თვით ოთარ იოსელიანის ძირითადი შეხედულებაა. აი, როგორ გადაგვაყლაპეს ნაჯახი: ვერც კი მოვახერხეთ იმის კითხვა, ცოცხლად სად შეუძლია გაძლება ამ "სულიერებასა" და "თავისუფალ შემოქმედებას", თუკი მათ ერთნაირად კლავს სოციალიზმიცა და კაპიტალიზმიც — ალბათ მარსზე, ან თუნდაც დედამიწაზე, ოღონდ განვითარებული ფეოდალიზმის დროს.

როგორ იგრძნობა სტოკჰოლმის სინდრომი მდევნელი და მახრჩობელა წარსულის მიმართ! — რამდენიც არ უნდა ლანძღონ საბჭოთა სისტემა, როგორც ისევ და ისევ ფოლკლორის საგანძური გვასწავლის, მღვდელი ჭილობში იცნობა: "სულიერება" და "თავისუფალი შემოქმედება", განსაკუთრებით კი ემოციური მუხტი, რომლითაც ეს სიტყვები წარმოითქმის და იწერება, სწორედ საბჭოთა დროს არის შექმნილი და ორგანულია იმ ავად სახსენებელი სისტემისათვის. გავიხსენოთ კიდევ ერთი "ინწილიგენტური" კატეგორია — გზა, რომელიც ტაძრისკენ მიდის. საითკენ, საითკენ? — ტაძრისკენ? აჰა, გასაგებია...

და საკუთრივ რა არის გასაგები? კონკრეტულად სად მდებარეობს ეს ტაძარი? სად ყვავის "სულიერება"? რომელი ღმერთის ტაძარია და რა წესით ემსახურებიან იქ მობინადრე ღვთაებას? — თავისუფალ საზოგადოებაში გაზრდილი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ამ შეკითხვებს დასვამდა. მონობაში გაზრდილთ კი არ სცალიათ ფიქრისთვის! მათთვის მთავარი ის არის, რომ "ტოტალიტარიზმი" ხიხიაა, "სულიერება" — კაკა; "რეპრესიები" ხიხიაა, "ტაძარი" — კაკა... ამაზე მეტი აზროვნება საჭირო არ არის.

უფრო სერიოზულად რომ ვთქვათ, შეიქმნა ყალბი ბინარული ოპოზიციები, ანუ დაპირისპირებულ წევრთა წყვილები, რომლებმაც დაამახინჯეს მათში მყოფი ნამდვილი წევრების მნიშვნელობა. "ტოტალიტარიზმი", რომელსაც "სულიერება" უპირისპირდება, უკვე აღარ არის ტოტალიტარიზმი... სწორედ ამგვარი "დაპირისპირების" პირობებში იქმნება ნაყოფიერი ნიადაგი იმისათვის, რომ ვიღაცებმა დაამახინჯონ და დაგმონ ცნებები "ლიბერალი" და "დემოკრატი". ის მოღვაწეები კი, რომლებსაც სოციალური კონტექსტისაგან გაწმენდილი "სულიერება" და "თავისუფალი შემოქმედება" ენატრებათ, სინამდვილეში რუსეთის ბოლო იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის ცრემლებს მისტირიან. გულჩვილ თვითმპყრობელს ერთხელ ოფიციალურ მიღებაზე დაუგვიანია, თანაც თვალებდაწითლებული გამოცხადებულა, ჰომეროსს ვკითხულობდიო, ჰექტორისა და ანდრომაქეს გამომშვიდობების სცენას...

აი ეს უავგუსტესი წვინტლი არის ნაჯახი თუ ნალი, რომელსაც გვაპარებს ახალ შეჭამანდში ძველი ელიტა "სულიერებისა" და "თავისუფალი შემოქმედების" სახელით.

ამ თვალსაზრისით საინტერესო ნიმუშს გვთავაზობს ოლეგ პანფილოვი სტატიაში "იდუმალი სიტყვის თავისუფლება რუსეთში". რაღაც არ ვარგა ამ სათაურში, მაგრამ ვერაფრით ვერ აღვადგინე მისი რუსული ორიგინალი — საწყისმა ზედსართავმა გამჭედა. ავტორთან დარეკვაც შეიძლებოდა, მაგრამ სათაურზე უფრო მნიშვნელოვანი ბევრი რამ აღმოჩნდა ტექსტში.

მაშ ასე, სტატია იწყება ფუნდამენტური შეკითხვით: "მოხდება თუ არა რუსეთში დემოკრატიული ცვლილებები?". შეკითხვა მართლაც მნიშვნელოვანია ყველასათვის - რა პოზიციაც არ უნდა გვეჭიროს რუსეთის მიმართ. ოლეგ პანფილოვი პირდაპირ გვეუბნება: "მოკლე პასუხია - არა". სტატიის ბოლოში ავტორი კვლავ უბრუნდება შეკითხვას და უფრო ვრცელ პასუხს გვამცნობს: "არა მხოლოდ იმიტომ, რომ კრემლს არ უნდა დემოკრატია, არამედ იმიტომაც, რომ დემოკრატია არ უნდა საზოგადოებას, რომელმაც ძალიან სწრაფად და ადვილად დაუჯერა პუტინს და მის გეგმებს რუსეთისგან სუპერსახელმწიფოს შექმნის თაობაზე".

ამ სიტყვებს კი მოსდევს კომენტარი: "არავინ განიხილავს, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება, არის თუ არა ეკონომიკური პოტენციალი, შესაძლებელია თუ არა ტექნოლოგიების განვითარება". მკითხველს შეუძლია რამდენიმე აბზაცით მაღლა აიხედოს და დაინახავს, რომ ცოტა ხნის წინათ ამ ჩემს ტექსტშიც დაახლოებით იგივე აზრის მქონე წინადადება წაიკითხა: მონობაში გაზრდილთ არ სცალიათ ფიქრისთვის...

ნუღარ დავიწყებთ საჭმელში შეპარებული რკინა-კავეულის ძებნას - უკვე ცხადია მეთოდის არსი. მაგრამ აქ არის მეორე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაჯახი, რომელსაც უკვე მტრები კი არა, მეგობრები გვაყლაპებენ და თვითონაც ყლაპავენ.

ოლეგ პანფილოვის სტატიაში ვკითხულობთ: "გაცილებით ადვილია ხალხის შეკრება "ამერიკული იმპერიალიზმის" წინააღმდეგ აქციაზე, ვიდრე მოკლული ჟურნალისტების დასაცავად". არ ვიცი მთარგმნელს უნდა გავახსენო, თუ ავტორს, რომ მოკლულებს დაცვა არ სჭირდებათ, დასაცავები ცოცხლები არიან. მაგრამ დავფიქრდეთ: რატომ? პუტინის პროპაგანდა ძლიერია... არა, მხოლოდ ეს, ანუ ძალთა რაოდენობრივი შეფარდება არ უნდა იყოს მიზეზი. განვაგრძოთ კითხვა: "ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნისადმი ჩატარებულ მიტინგებზე 150 კაცი ძლივს იკრიბებოდა, ნაციონალისტებისა და ფაშისტების რუსული მარშები კი რამდენიმე ასეულჯერ მეტ მომხრეს აერთიანებს".

აი აქ იმალება პრობლემის არსი: შეიძლება თუ არა ერთეულთა სიკვდილი იყოს არგუმენტი ხალხისთვის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ადიდებდა მოწამეებსა და წმინდანთა კიდევ ერთ საკუთრივ რუსულ კატეგორიას - "სტრასტოტერპცებს", ანუ ტანჯვის დამთმენთ?

აქაც სხვა არაფერია, თუ არა ყალბი დაპირისპირება: ვერ გადასწონის მოსახსენიებელი მიტინგი ფაშისტების ღრეობას. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ სუსტია, არამედ იმიტომაც, რომ ერთიც და მეორეც სხვა არაფერია, თუ არა დუნედ მიმდინარე სტრუქტურული კონფლიქტი, რომელიც აძლიერებს მმართველ ჯგუფს, გზას უწმენდს მას, ხალხის ყურადღებას იზიდავს და ორთქლის გამოშვების საშუალებას აძლევს. ეს ორი საზოგადოებრივი მოვლენა ერთმანეთს კი არ უპირისპირდება, არამედ ორგანულად თანაარსებობს სოციალურ კონტექსტში, ისევე როგორც ივანე მრისხანე და მისი მამხილებელი სალოსი.

რუსეთში სწორედ ტაძრისკენ მიმავალი გზების მეშვეობით შეიქმნა პარადოქსული ვითარება, როცა ხელისუფლების ყბადაღებული უსამართლობა მისი ეფექტურობისა და დღეგრძელობის ერთ-ერთ გარანტს წარმოადგენს. მწერალი ვასილი როზანოვი აღწერს ერთი ქალის გაოგნებას ვიღაცის უეცარი სიკვდილის გამო: როგორ შეიძლება?! ჯერ უნდა ეავადმყოფა, ტანჯვა უნდა დაეთმინა, - ახლა როგორღა ცხოვნდება?!

სწორედ ასე იყვნენ პატიოსანი საბჭოთა დისიდენტები და ასე არის დღევანდელი რუსი ოპოზიცია: ერთნიც და მეორენიც მხოლოდ აუცილებელი და სასურველი მსხვერპლია საერთო ეროვნული ცხოვნებისათვის.

ჩვენ კი რა უნდა ვთქვათ? მხოლოდ ის, რომ აღარ გვჭირდება საჭმელში ნაჯახის ჩამატება: ჯანდაბამდის გზა ჰქონია ყოველივეს, რაც რუსეთთან სულიერად გვაერთიანებს. ეს მსგავსება და შინაგანი სიახლოვე ისევე გვასუსტებს, როგორც გვაძლიერებს ირანისაგან სიშორე და შინაგანი განსხვავება. ცხადზე ცხადია, რომ ყბადაღებული "ღირსეული ურთიერთობები", რომლებზედაც ოცნებობენ ადგილობრივი ხელმოცარული პოლიტიკოსები, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი გეოგრაფიულ მეზობელთან, როცა ნაკლები რამ გვექნება საერთო მასთან უკვე მრავალგზის ნახსენები "სულიერების" თვალსაზრისით.

მადლობა ღმერთს, ამგვარი ურთიერთობის შესაძლებლობებს იძლევა სხვაგან წარმოშობილი და სხვაგან განვითარებული ცივილიზაცია, რომელსაც დაუფარავი შურით შესცქეროდა ვლადიმერ სოლოვიოვი, როცა ამბობდა: ამდენი გმირი და წმინდანია ჩვენში, უბრალოდ ზრდილობიან კაცს კი ვერ იპოვიო.

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი