გეოგრაფიას ბაბილინა ჯაიანი მასწავლიდა. ახლობლები და ნათესავები ფანტას ეძახდნენ, თუმცა ეს ქარვისფერი სასმელი მაშინ სრულიად უცნობი იყო - მხოლოდ "კოკა-კოლა" ვიცოდით და ისიც მითურ ელექსირად მიგვაჩნდა.
24 საათი 20.06.10

გეოგრაფიას ბაბილინა ჯაიანი მასწავლიდა. ახლობლები და ნათესავები ფანტას ეძახდნენ, თუმცა ეს ქარვისფერი სასმელი მაშინ სრულიად უცნობი იყო - მხოლოდ "კოკა-კოლა" ვიცოდით და ისიც მითურ ელექსირად მიგვაჩნდა.
ბაბილინა ყველას შიშის ზარს სცემდა, მის გაკვეთილზე, როგორც იტყვიან, ბუზის გაფრენას გაიგონებდი. და მაინც, ადამიანის უმეცრებაზე უფრო გამბედავი არაფერია, ჰოდა, აქაც გამოერეოდა ვინმე, ვისაც გაკვეთილი არ ჰქონდა ნასწავლი... მაშინ კი დაუტრიალებდა ბაბილინა წინ საჩვენებელ ჯოხს და წარმოთქვამდა მაგიურ ფორმულას: "სი გიგო, სი!".
"სი" - მეგრულად მეორე პირის ნაცვალსახელია, გიგო კი სწორედ ის გიგო გახლავთ, დედაენის ცნობილი პერსონაჟი, თხასთან რომ ჰქონდა განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა. ჰოდა, ფრაზაც ასე უნდა ვთარგმნოთ: "შე გიგო, შენა!". ეს ერთგვარი ინიციაციის რიტუალი იყო: ამის შემდეგ სამუდამოდ უნდა აგყოლოდა რეგვენის იარლიყი.
იყო მეორე რიტუალიც, იგივე ქორეოგრაფიით, ოღონდ სხვა ფორმულით: "სი ლუარსაბი, სი!" - რა თქმა უნდა, ოდნავი ფრანგული აქცენტით. ეს ინიციაცია უკვე ზარმაცებს ეხებოდა, რომლებიც, როგორც ცნობილია, რეგვენებისგან ოდნავ მაინც განსხვავდებიან.
სწორედ ბაბილინა მასწავლებელი გამახსენდა, როცა ეროვნული იდეის შემქმნელებმა დიდის ამბით გამოგვიცხადეს ჩვენი გადარჩენის რეცეპტი: გერონტი ქიქოძისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მიქსი! და რატომ არა სოლომონ დოდაშვილისა და არსენა ოძელაშვილის? ან, მაგალითად, ნიკო ნიკოლაძე და სიმონა დოლიძე ავიღოთ - რითი ჩამოუვარდებიან შემოთავაზებულ კანდიდატურებს? პლატონ იოსელიანი სახიფათოა, ვინმეს ჯაბაში აერევა და უყარე მერე კაკალი. მაგრამ ხომ შეგვეძლო უფრო აქეთ, ახალ დროში გადმოგვენაცვლა და თუნდაც გურამ ასათიანი და ჯონ მალხაზ შალიკაშვილი აგვერჩია? ან იქნებ რითმამ თუ, უფრო ზუსტად, ალიტერაციამ მოიგო ეროსი კიწმარიშვილის გული? - ქიქოძე-ქაქუცა მართლაც რომ საყვარლად ჟღერს. ამ მხრივ კი ჭეშმარიტად დასანანია, რომ ქართული ეროვნული იდეის ერთ-ერთი ავტორი, სათანადოდ არ იცნობს გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებას, თორემ ნამდვილად მიაგნებდა საუკეთესო კომბინაციას: საქართველოს უეჭველად იხსნის და გადაარჩენს აკაკიასა და ბაკაკიას მიქსი! - ეს ვარიანტი განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა და ახალ ძალებს შთაბერავდა მათ, ვინც თვეების განმავლობაში სასოებით შესცქეროდა მეხუთე საკანს.
ვაი, რომ ცოცხალი აღარ არის ბაბილინა მასწავლებელი, თორემ დაუტრიალებდა თვალწინ ჯოხს მაგ უსაქმურებს და რისხვით შესძახებდა: "თქვა გიგოეფ, თქვა!" - თარგმანი, ვგონებ, საჭირო არ არის.
თხასა და გიგოს ამბავში ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოგვრჩა: წიგნი. ადამიანსა და ცხოველს შორის კონფლიქტი წიგნის გარშემო ვითარდება და უწიგნოდ არც იქნებოდა ტექსტად ჩამოყალიბების ღირსი.
წიგნს, უნდა ითქვას, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართველი ერის ცხოვრებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მუდამ ჩივილისა და მოთქმის საგანია. წიგნის გამო ძალიან ბევრს წუწუნებენ. ალბათ სამართლიანადაც. ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნის ერთი პოეტი წერდა: "ლექსს უფრო ყურსა უპყრობენ, ამბის წიგნები ძევს ავად". ამბის წიგნებში ეს პატიოსანი დამკვირვებელი პროზას გულისხმობდა. ძნელი საკითხავია პროზა, თან სულ ამაოდ დახარჯული შრომაა - სადღეგრძელოში ვერ გამოიყენებ ეფექტურად. პროზით ხომ ისედაც ყველა ვლაპარაკობთ, ჰოდა, აბა, რა ბედენაა!
მეჩვიდმეტე საუკუნის იმ პოეტის მერე სულ წუწუნებენ ქართველი მწერლები, წიგნები წაიკითხეთო. თანაც ერთობ ნიშანდობლივი გარემოება იკვეთება: თქვენ, მკითხველებმა, რა თქმა უნდა ქართველი მწერლები იკითხეთ, ხოლო რაც შეეხება სხვა ენების ლიტერატურებს, ამას ჩვენ რუსულად წავიკითხავთ და მოგიყვებითო.
აი, მაგალითად, 11 ივნისის "უიკენდში" კვლავ დაიბეჭდა თეონა დოლენჯაშვილის რუბრიკა "საუბრები ლიტერატურაზე". ინტერვიუერი, რომელიც თვითონაც რომანის ავტორია, ამჯერად ოტია იოსელიანს ესაუბრება. ეს რესპონდენტი ერთ დროს ძალიან უყვარდა ტელეკომპანია "იმედს", განსაკუთრებით კი ინგა გრიგოლიას. იქ მწერალი იმის როლს ასრულებდა, ვისაც ყოფით მეტყველებაში რატომღაც "კოლორიტს" უწოდებენ ხოლმე: ეპატაჟისა და რეტროგრადობის უცნაური ნაზავი თვალსა და ყურს ატყუებდა, რამდენიმე წუთით მაინც იმის ილუზიას ქმნიდა, რომ ქართველებს სოკრატე გვყოლია და ვერ კი ვამჩნევთ.
დაბეჭდილ ტექსტს ტელევიზიის სპეცეფექტები არ გააჩნია, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ორი რამ მაინც მოვიმოქმდოთ. ჯერ ერთი, აუცილებელია არა მარტო ჩანაწერის გაშიფრვა, არამედ მისი რედაქტირებაც: რაც ზეპირი მეტყველებისას ექსრავაგანტურობის შთაბეჭდილებას ტოვებს, ქაღალდზე დაწერილი უკვე აბდაუბდად მოჩანს; მეორეც, თუ საუბარია, საუბარი უნდა იყოს და არა მარტივი გაუვრცობელი წინადადებებისა და ერთმარცვლიანი კითხვების ჩაკვეხება სხვისი ცნობიერების ნაკადში. ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი ერთხელაც არ შეეკამათა მხცოვან მწერალს, ერთხელაც არ აჩვენა საკუთარი სახე და ესეც ჩვენი რეალობის ძალიან ნიშანდობლივი თვისებაა...
ახლა კი თვით ინტერვიუს ტექსტი ვნახოთ. კითხვაზე "რას ურჩევდა ოტია იოსელიანი ახალგაზრდა დამწყებ მწერალს?" ასეთი პასუხი გვაქვს: "ჯერ ერთი, წიგნის სათაურშივე უნდა ჩანდეს, რაზე გვიამბობს წიგნი, რა გინდა. "ანა კარენინა", კი ბატონო, ესე იგი ქალზეა. "ომი და მშვიდობა", ესე იგი ომზე და მშვიდობაზეა. რომ ვიწყებ კითხვას, უკვე უნდა ვხვდებოდე, რა თვალსაზრისით ვიკითხო". არა, რაც გინდა თქვი, იციან ძველმა მწერლებმა საქმე! - აი, მაგალითად, ალექსანდრე დიუმას ერთი რომანი აქვს, სათაურად "ორმოცდახუთი". ორმოცდახუთის შესახებ ამხელა წიგნი გამოაცხო - ყველა კი ვერ შეძლებდა...
უკვე მესმის გულმოწყალე და წესრიგის მოყვარულ ქართველთა უკმაყოფილო შენიშვნები: რას გადაეკიდა ასაკოვან და ღვაწლმოსილ ადამიანს? სხვათა შორის, ნათქვამის და ნააზრევის განხილვისას ასაკის გათვალისწინება ბევრად უფრო შეურაცხმყოფელად მიმაჩნია, ხოლო ღვაწლი კი არასოდესაა ურყევი გარანტია, ის სიცოცხლესავით სათუთია. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მყარი გარანტიების დრომ ჩვენი ჭირი წაიღო. აბა, მოვუსმინოთ ოტია იოსელიანს და ვნახოთ ორი ფუნდამენტური წინააღმდეგობა, რომელიც ნაიარევივით მოგვყვება საბჭოთა დროიდან.
წინააღმდეგობა პირველი: "კომუნისტებს ეშმაკი მიუდგა, მთელი ცხოვრება მაგათ ვებრძოდი, მაგრამ წესრიგი მაინც იყო". თუ წესრიგი იყო, რაღას ემსახურებოდა ბრძოლა? თუ წესრიგის შინაარსი არ ვარგოდა, რაღას ემსახურება ესოდენი მონატრება?
ვნახოთ ახლა, რა წესრიგზეა საუბარი. აი ციტატაც: "წიგნი რომ გამოსულიყო, ის სხვა, სამი ცნობილი მწერლისთვის უნდა მიგეცა, მათ უნდა წაეკითხათ და რეცენზიები დაეწერათ. ორი რეცენზია მაინც უნდა ყოფილიყო დადებითი, ისე წიგნი არ გამოვიდოდა. რეცენზიების სანდოობაში ეჭვი არავის შეჰქონდა. ჭეშმარიტი მწერალი თუა, არც იკადრებს, რომ სხვანაირად...".
ესე იგი, წესრიგი მდგომარეობს იმაში, რომ გემოვნების ცვლა მაქსიმალურად დაბრკოლებულია, ხოლო გადაწყვეტილება - მაქსიმალურად ავტორიტარული. აი რა გარანტიებმა წაიღო ჩვენი ჭირი: სინამდვილეში, ის, რაც აღწერა მხცოვანმა მწერალმა არის კონიუნქტურის მოქმედების კლასიკური მაგალითი. რა თქმა უნდა, კონიუნქტურა ყოველთვის არსებობს, მაგრამ შესაძლებლობების მრავალფეროვნებისთვის უკეთესია, თუ მას მკითხველი და თავისუფალი ბაზარი განსაზღვრავს და არა "ჭეშმარიტ მწერალთა" სამეული... რა სამეული? - ვგონებ, უფრო ადეკვატური იქნებოდა ტერმინი "ტროიკა".
განვაგრძოთ კითხვა: "ტირაჟი დიდი იყო და 1500-დან 4000-მდე ჰონორარი. ახლა აღარაფერი აღარ არსებობს და წიგნებიც იოლად, ხელწამოკვრით იბეჭდება. არადა ასე არ შეიძლება". აჰა, კიდევ ერთი გარანტია, რომელიც როგორც ეტყობა, კომუნისტების დროინდელ "წესრიგში" გადის: ტირაჟი და ჰონორარი, რომელიც არ განისაზღვრება გაყიდული წიგნების რაოდენობით. მაგრამ რას ნიშნავს ეს? - დავანებოთ თავი კაპიტალიზმისა და სოციალიზმის შედარებით დახასიათებას, უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს, რომ ამ "ჭეშმარიტ მწერლებს" საერთოდ არ აინტერესებთ, წაიკითხავენ თუ არა მათ პროდუქციას - ეს მესამეხარისხოვანიც არ არის.
ასე არ შეიძლებაო... ვნახოთ ახლა რა და რატომ არ შეიძლება: "დააბრალებენ მწერლობას ვინმეს, იმასაც ჰგონია, რომ რადგან წიგნი გამოსცა, მწერალია და მერე მთელი ცხოვრება იხარჯება, წვალობს, იტანჯება. შეიძლება საბოლოოდ არაფერი გამოუვიდეს და მთელი ცხოვრება შესწიროს საქმეს, რომელიც მისი არ არის". აი, თუ გნებავთ, ჩემი შენ გითხარიო: სწორედ თავისუფალი ბაზრის პირობებში არის ამგვარი რამ თითქმის შეუძლებელი: არ გაიყიდება და აღარავინ გამოსცემს. სამაგიეროდ, რაც კომუნისტების დროს წიგნის მაღაზიებში მაკულატურა ელაგა, ამის ფუფუნებას ვერც ერთი თავისუფალი გამომცემელი ვერ მისცემს საკუთარ თავს.
ახლა კი მეორე წინააღმდეგობის დროც დადგა. ჯერ წავიკითხოთ ინტერვიუერის ყველაზე სასაცილო შეკითხვა. კაცმა რომ თქვას, შეკითხვაც არ არის, თხრობითი წინადადებაა, რომელიც ერთგვარ მოკრძალებულ გაოცებას გამოხატავს: "და მაინც აქ დარჩით. არსად არ წახვედით". არ ვიცი, რამ მისცა საფუძველი თეონა დოლენჯაშვილს, ეფიქრა, რომ ოტია იოსელიანი სადმე წასვლას და, რაც მთავარია, იქ დარჩენას შეძლებდა - ამას ალბათ ვერასოდეს გავიგებთ, რადგანაც ეს, როგორც თვით მხცოვანმა მწერალმა ბრძანა, სულ ქართული ლიტერატურის ბრალია: "დაგვრჩა ქალი ასე წაუკითხავი"...
რა გაეწყობა, ინტერვიუერის გულისნადებს ვერ ჩავწვდით, მაგრამ წინ არანაკლები სიამოვნება გველის - მწერლის პასუხი: "ანგელოზის ნაკვალევს პარიზში ვერ დაინახავ, ის მარტო აქ არის". აი რატომ არ წასულა არსად ოტია იოსელიანი!
მსგავსი განცხადებები ბევრი გაგვიგონია. საკვირველი არაფერია, მაგრამ ამჯერად მეორე წინააღმდეგობა უნდა გავხსნათ. აი ისიც: "ფილმი "იყო შაშვი მგალობელი" შემთხვევით რენე კლერს უნახავს და უთქვამს, ვინ გადაიღო, მანახეთ ეს კაციო. უთხრეს, ვიღაც რუსეთის პროვინციიდანააო. საერთოდ გადარეულა, იქ როგორო? სასწრაფოდ დააფინანსა საკუთარი ფულით და საფრანგეთში მიიწვია". ეჰ, არავინ აღმოჩნდა რენე კლერის გვერდით, რომ ეთქვა, იმ პროვინციაში სულ ანგელოზები დადიან აღმა-დაღმა და ნაკვალევს ტოვებენო, თორემ ნამდვილად თვითონ ჩამოვიდოდა - თან უფრო იაფიც დაუჯდებოდა!
აი მეორე საბჭოთა წინააღმდეგობა: ყველაზე უკეთესები ჩვენა ვართ, მაგრამ ყველაზე მაღალი ჩვენზე უარესებისგან აღიარებაა.
საბჭოთა წარმოების ეს ფუნდამენტური წინააღმდეგობები განსაზღვრავს ჩვენი ეროვნული იდეის ავტორთა მოქმედებასა და აზროვნებასაც. ყველაზე სანუკვარი მათთვის მცირედთა ავტორიტარიზმია: ჩვენ დაგიწერთ იდეას და თქვენ უნდა მოიქცეთ ამ იდეის თანახმად. რატომ? - იმიტომ რომ ჭეშმარიტი ქართველები ვართ. არა, აქ ლაპარაკი არ არის, მაგალითად, იმაზე, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის მოდერნიზაციისათვის, ან ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებისათვის, ან უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის. აქ პირდაპირ გვეუბნებიან: თქვენი სიძნელეების გადალახვას გერონტი ქიქოძისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მიქსი შეძლებს... მეორე მხრივ, მთელი ეს ეროვნული კომპოტი, რა თქმა უნდა, სხვის ცეცხლზე იხარშება და არა მგონია, რომ ოპოზიციის ჩივილები სხვადასხვა ევრო- და ამერიკელ ფუნქციონერებთან არსებითად განსხვავდებოდეს მათივე მოსკოვური იმედებისაგან.
ოტია იოსელიანმა თავის ინტერვიუში კარგად წერის მაგალითად ტოლსტოის "კავკასიელი ტყვის" დასაწყისი აციტირა. და რატომ დავით კლდიაშვილის ნებისმიერი მოთხრობის დასაწყისი არა? თუ კარგად დავუკვირდებით, სწორედ ასე მოსდით "ეროვნული იდეის" ავტორებსაც...