გასულ კვირას, 25 ივნისის "უიკენდში" გიგი თევზაძის მოზრდილი ინტერვიუ დაიბეჭდა.
24 საათი 04.07.10

გასულ კვირას, 25 ივნისის "უიკენდში" გიგი თევზაძის მოზრდილი ინტერვიუ დაიბეჭდა.
მაია ჭალაგანიძესთან საუბარი თითქმის მთლიანად ეხებოდა განათლების რეფორმას - საფუძვლებს, მიზნებსა და განხორციელებას. ამ საკითხების გარშემო დისკუსია საქართველოში უნდა გაძლიერდეს და ხანგრძლივიც უნდა იყოს, მაგრამ ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ იმ მომენტებზე, რომლებიც უშუალოდ არ ეხებოდა განათლების რეფორმას.
უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი შთაბეჭდილება ზედაპირულია. თუ გულდასმით დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ეს ერთი შეხედვით მარგინალური მომენტები ყველაზე უფრო ღრმად სწვდება განათლების რეფორმის მთავარ დაბრკოლებას. მოსამზადებლად ერთი ციტატა ვნახოთ. შეკითხვაზე - "რა არის ნაციონალური იდეა?" - გიგი თევზაძე უპასუხებს: "ჩემთვის ეს არის პოლიტიკური დამოუკიდებლობა, პიროვნული თავისუფლება და სისტემური დემოკრატია". ვინც ჩემს სტატიებს ყურადღებით კითხულობს, მიხვდება, რომ იმავეს ვაღიარებ ნაციონალურ იდეად. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ფორმულირებას ბევრი დაეთანხმება. მაგრამ ეს სულაც არ არის საკმარისი...
განვაგრძოთ კითხვა: "ეს კი წიგნებში არ არის. ეს სერიოზული პრობლემაა. ჩვენ აშკარად სხვა სახელმწიფოში ვცხოვრობთ და სხვა სახელმწიფოსთვის დაწერილი წიგნებით ვასწავლით. თუ სადმე საჭიროა დაწვრილებითი ანალიზი და მსჯელობა, სწორედ აქ არის საჭირო - რა ხდება მასწავლებელთა თავებში და სახელმძღვანელოებში".
ახლა კი შეიძლება პირდაპირ მივადგეთ სათქმელს. უფრო ზემოთ გიგი თევზაძე ამბობს: "მიმაჩნია, რომ ქართველებს იუმორის გრძნობაც აკლიათ". ინტერვიუერის კონტრარგუმენტზე - "აქამდე ცნობილი იყო, რომ სწორედ ამ გრძნობამ გვიხსნა" - გიგი თევზაძე განაგრძობს: "ჩვენ რასაც იუმორს ვუწოდებთ, ესაა გროტესკი".
აი, აქ მივადექით განათლების რეფორმის მთავარ დაბრკოლებას... ნურავინ იფიქრებს, თითქოს იუმორის გრძნობის უქონლობას ვგულისხმობ - ეს მხოლოდ ერთი კომპონენტია. უნდა ვაღიარო, რომ იშვიათად შემხვედრია ქართველი, რომელსაც ტექსტის გაგების პრობლემა არ ჰქონდეს და უშეცდომოდ იყენებდეს რიტორიკულ ფიგურებს, ერთმანეთისაგან ასხვავებდეს, მაგალითად, მსუბუქ ირონიასა და მწვავე სარკაზმს.
მახსოვს, 1997 წელს, ვმუშაობდი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრაზე. ერთ-ერთ სხდომაზე განიხილეს ქუთაისის უნივერსიტეტის რომელიღაც დოცენტის სადოქტორო დისერტაცია. ეს ლამის სამასგვერდიანი ნაშრომი სიყვარულს ეხებოდა და მისი შინაარსი ძალიან ჰგავდა კინოფილმ "შერეკილების" იდეურ კონცეფციას ვერტიკალური და ბრუნვადი სიყვარულის შესახებ. გასაკვირი ის იყო, რომ დისერტაცია საყოველთაო მოწონებას იმსახურებდა. ვერ მოვითმინე და აზრის გამოთქმა მოვისურვე. რახან პირდაპირი კრიტიკა არ გამოდიოდა (კრიტიკას, სხვათა შორის, დამსახურება სჭირდება), სარკაზმი ვარჩიე და ასეთი რამ ვთქვი: "რა სასიხარულოა, რომ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის არსებობის მეოთხმოცე წელს განსახილველად გამოაქვთ ისეთი სადისერტაციო ნაშრომები, რომელთა მსგავსითაც თავიანთი არსებობის მეოთხმოცე წელს ნამდვილად იამაყებდნენ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები". აქ ჩემმა გაოცებამ მოიმატა, რადგან იქ მსხდომთა სახეებზე ძარღვიც კი არ შეტოკებულა, საერთო საზეიმო განწყობილება არ შეცვლილა. ამიტომ იძულებული გავხდი, ასე განმეგრძო: "მოგეხსენებათ, ბოლონიისათვის უნივერსიტეტის არსებობის მეოთხმოცე წელი მე-12 საუკუნეში დადგა, პარიზისთვის - მე-14 საუკუნეში...". შეკრებილთაგან მხოლოდ ორმა ჩაღუნა თავი და სახეზე აიფარა ხელები სიცილის შესაკავებლად.
მაგრამ მთავარი გაოცება წინ მელოდა: სხდომის დამთავრების შემდეგ თვით დისერტანტი მომიახლოვდა და ჩემი სიტყვების გამეორება მთხოვა. უკან ვერ დავიხევდი და სიტყვა-სიტყვით გავუმეორე. მან ასევე სიტყვა-სიტყვით ჩაიწერა რვეულში და გულითადი მადლობა გადამიხადა.
რა თქმა უნდა, ეს მცირე მაგალითი არ გამოდგება რეალური ვითარების მტკიცებად - ეს მხოლოდ ვითარების ილუსტრაციაა. "უიკენდის" იმავე ნომერში დაიბეჭდა კიდევ ერთი ილუსტრაცია, რომელიც მთლიანად უნდა მოვიყვანო. ჩემი კომენტარები მხოლოდ შეიჭრება ტექსტში და არაფერს წაართმევს მას, რათა თავი დავიზღვიოთ სტანდარტული არგუმენტისაგან, რომელიც ასე უყვართ ჩვენებურ უწიგნურებს: "კონტექსტიდან ამოგდებული ციტატები". ვიმეორებ, ტექსტიც შენარჩუნებული იქნება და კონტექსტიც.
მაშ ასე, მომყავს ღია წერილი ტარიელ ჭანტურიასადმი, რომელსაც ხელს აწერს ხუთი ავტორი. ერთადერთი, რასაც გამოვტოვებ, მათი სახელებია - მაგალითი მართლაც რომ ძალიან ზოგადი და საყოველთაოა, არ გავაფუჭებ ზედმეტი დაკონკრეტებით... მივყვეთ ნელ-ნელა:
"ბატონო ტარიელ! ამ წერილის ხელისმომწერნი თქვენი უმცროსი ძმები და მეგობრები ვართ. გაფასებთ, დიდ პატივს გცემთ!"
ესეც თქვენი captatio benevolentiae - რიტორიკული ფიგურა, რომელიც მოითხოვს ტექსტის დასაწყისში ადრესატისადმი კეთილგანწყობის გამოჩენას. ჯერ-ჯერობით ყველაფერი რიგზეა, სტილზე ნუ გამოვეკიდებით.
"თანაც ისინი გახლავართ, ვისაც ძალიან უყვარს ვახუშტი კოტეტიშვილიც და მის მიმართ ძვირსაც არავის ვათქმევინებთ!"
მაღალი რიტორიკა მაშინვე უკვალოდ ქრება და უკვე ძნელია გარკვევა, გაზეთში გამოსაქვეყნებლად მომზადებულ ტექსტს ვკითხულობთ, თუ "დაპადიეზდების" სტენოგრამას. ძახილის ნიშანი მაინც არ დაესვათ... იქ, სადაც პიროვნული თავისუფლება სუფევს, რას უნდა ნიშნავდეს ეს "გვიყვარს", რომელიც ასე ერთმნიშვნელოვნად არის დაკავშირებული განცხადებასთან "არავის ვათქმევინებთ"? მაგრამ ნუ შევყოვნდებით:
"არც შეგახსენებთ ამ გაზეთში თვენახევრის წინ (7 მაისს) თქვენს "დინოზავრიდან დიზაინამდე" ვახუშტის მიმართ გამოთქმულ ძალზე უხერხულ და უტაქტო შედარებას".
თუ სტილსაც გავითვალისწინებთ, ნამდვილად "დაპადიეზდების" სტენოგრამაა - თქვე დალოცვილებო, მე თუ მაკითხებთ ამ ტექსტს, რატომ მაიძულებთ, სიტყვაზე გენდოთ? და თუ არ გინდათ ამის გახმაურება, რატომ მიმართავთ ტარიელ ჭანტურიას გაზეთის საშუალებით? - ბიჭები საგაზეთო პუბლიკაციის ჟანრში ვერ გარკვეულან.
"გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს სრულიად უნებლიედ მოხდა. ასეც ხომ ხდება" - გვინდა, მაგრამ არ გვჯერა. "ჩვენ რომ არ გამოვხმაურებოდით ამ სავალალო ფაქტს, ისიც ვერ შევძელით!" - აბა, კაცო, თვენახევარი ყოყმანობდნენ და ბოლოს მაინც ვერ შეძლეს...
"რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ასე გამოხატეთ თქვენი დარბაისლურ სიჭარმაგეში შესვლა:
როგორც წაბლი,
სიმწიფეში შესული წაბლი,
მეც სიბერეში რბილი ვხდები,
ვიშორებ ეკლებს.
როგორც ჩანს, "დარბილებულ წაბლს" ერთი ეკალი კიდევ შერჩა და ისიც ათასი უბედურების მნახველ ვახუშტის აძგერეთ - მისი სიკვდილის მერე!"
აი, ტექსტის ვერგაგებისა და კომუნიკაციური არაკომპეტენტურობის საქრესტომათიო მაგალითი: პოეტსა და მწერალს სთხოვენ, საკუთარი შემოქმედების ნაყოფი, ასე ვთქვათ, ცხოვრებისეულ პრინციპად მიიღოს. ამის კულტურულ-ისტორიული არქეტიპი საყოველთაოდ ცნობილია: გეხსომებათ ძალიან გავრცელებული კამათი იმის გარშემო, მიხეილ ჯავახიშვილი "ჯაყოს ხიზნებისთვის" დახვრიტეს, თუ "არსენა მარაბდელისთვის". შემოქმედებითი პროდუქტის მიჩნევა დანაშაულის შემადგენლობად და წამოძახება, თუ ასე წერ, რატომ ასევე არ იქცევიო, ერთმანეთის ეკვივალენტური ქმედებებია. განსხვავება ისაა, რომ ერთი სამართლის სფეროში დაშვებული შეცდომაა, მეორე კი მორალის სფეროში. ორივე ავტორის წინააღმდეგ იყენებს მისივე შემოქმედებას.
"ვახუშტი თქვენ გაფასებდათ და თქვენი საზიარო არაფერი ჰქონია!" - აქ კი ბიჭებს ნამდვილად აერიათ ქართული: "თქვენი საზიარო" კი არა, "თქვენთან გასაყოფი" უნდა დაეწერათ.
"ბატონო ტარიელ!.. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ... გულს კი ნურც ჩვენ და ნურც სხვებს ნუღარ ატკენთ", - ისევ სიტყვაზე უნდა ვენდოთ, რომ გული ეტკინათ.
"ჭეშმარიტი მეგობრობით, სიყვარულით!" - იმედია, არავინ მომთხოვს იმის განმარტებას, რატომ არ მჯერა ასეთი ფინალისა.
ახლა კი ვნახოთ, რა ეწერა ტარიელ ჭანტურიას 7 მაისის "უიკენდში". მკითხველი ალბათ რაღაც საშინელებას მოელის... მაპატიოს, რომ იმედი უნდა გავუცრუო. ქვემოთ ასევე მთლიანად მომყავს ტარიელ ჭანტურიას ჩანაწერი:
"პოეტები მრავალი ნიშნის მიხედვით იყოფიან ჯგუფებად. ერთი ნიშანი ასეთიცაა: ისინი, ვისაც მხოლოდ სახელით მოიხსენიებენ: შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, ანა, მურმანი, მუხრანი, ირაკლი, ლადო... და ყველა დანარჩენი - მეორე მხრივ!
ისე, მე თუ მკითხავთ, საქმის გაიოლება საერთოდ ჯობს, მით უმეტეს, რომ მამის სახელი უკვე საკანონმდებლო დონეზე მოვტეხეთ!
მოკლედ, სახელი და მისი ჯანი!
აბა, თქვენ იცით!
მაგარია, ვინც პირველად იფიქრა ამაზე! - ნაღდად ღირსია სახელის, ოღონდ, მხოლოდ სახელის - ყოველგვარი მამის სახელისა და გვარის გარეშე! ვთქვათ ასე: კიკა, მარინა, ვახუშტი... და ასე შემდეგ!
ისე, ზოგიერთი გაუგებრობა ჯერ კიდევ რჩება. მაგალითად, არც ისე იოლია პასუხი შეკითხვაზე: ვახუშტის რომ ახსენებენ, რატომ ვთვლით ყველანი, რომ უსათუოდ ვახუშტი კოტეტიშვილი იგულისხმება და რატომ არავის გვახსოვს ვახუშტი ბატონიშვილი! თუმცა ასეთი უმნიშვნელო გაუგებრობები ამ სერიოზულ პროცესს ვერანაირად ვერ დააბრკოლებს!"
ნეტა სად არის აქ "უხერხული და უტაქტო შედარება"? - შედარება მხოლოდ ერთია - ვახუშტი კოტეტიშვილსა და ბატონიშვილ ვახუშტის შორის. მაგრამ ამას უხერხულად და უტაქტოდ ზემოხსენებული ღია წერილის ავტორებიც კი ვერ მიიჩნევდნენ.
აჰა, როგორც ეტყობა ამ პასაჟს გულისხმობენ: "კიკა, მარინა, ვახუშტი...". მართალია, ეს შედარება არ არის, უბრალოდ ჩამონათვალია, მაგრამ სწორედ ამისთვის ატყდა ზემოთ მოყვანილი ისტერია. არც ერთი სახელის პატრონი აქ დაკონკრეტებული არ არის - როგორც ეტყობა, ავტორის ტაქტიანობის გამო. მაგრამ რახან ისტერია ატყდა, ჩვენც გვაქვს ვარაუდის უფლება. სხვათა შორის, ცნობილი თბილისელი "კოლორიტების" გვერდით ტექსტში მოხსენიება სულაც არ არის შეურაცხყოფა ან ტრაგედია. ვერ გამიგია, რატომ გიჟდება ჩვენი ქვეყნის საშუალო სტატისტიკური მცხოვრები ამაზე და ამავე დროს ადვილად იტანს როცა ვისიმე ან თუნდაც მისი საკუთარი სახელი რეალურ ცხოვრებაში ასოცირდება რომელიმე კორუმპირებულ რექტორთან, ან ხაზინის ქურდთან, ან გაქცეულ ბოროტმოქმედთან, ან ნაცისტური თუ სტალინისტური ყაიდის "მოაზროვნესთან" და ა. შ.
კიკა მეც მახსოვს - წითური, დიდთავა და ნაღვლიანი. ყოველ შემთხვევაში, ასეთად დავინახე იგი ერთადერთხელ - გაზაფხულის საღამოს, ორ ნომერ ტროლეიბუსში. ამბობენ, მარინა დღესაც მოჩანს ხოლმე დადიანის ქუჩაზე. ვერ გავიგე, რატომ თაკილობს მათთან წარმოსახვით სიახლოვეს საზოგადოება, რომლის წევრებს სულ ცოტა ხნის წინათ ეძვირფასებოდათ არა თუ "კანონიერ ქურდთან", არამედ რომელიმე "უბნის მაყურებელთან" თუნდაც შორეული, მაგრამ რეალური ნაცნობობა.
რა თქმა უნდა, წერილის ავტორებმა ეს ჩემი განაზრებები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა მიიღონ საკუთარ თავზე - ამის თქმისას დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასე მოხდება, რადგან დისკურსისა და რიტორიკის გაგება გადაულახავი ამოცანაა "საზეპიროებით" გაზრდილი ქართველისათვის. ასეთი ქართველი უმალ იმას იფიქრებს, რომ ტარიელ ჭანტურიასთან პირადი მეგობრობა ან საერთო ინტერესი მაკავშირებს...
პირადისა და საჯაროს გარჩევა ჩვენი ყველაზე დიდი სიძნელეა. ისე გამოვიდა, რომ ჩვენი წიგნიერი ისტორიის მანძილზე ორგანულად მხოლოდ ერთ სფეროს დავეუფლეთ, მხოლოდ იქ ვგრძნობთ თავს, როგორც თევზი წყალში, და ამიტომაც ყველაფერი - პარლამენტის სხდომა და სიყვარულის სარეცელი, სამეცნიერო სტატია და სადღეგრძელო, სასამართლო პროცესი და ცოლ-ქმრის კინკლაობა, საეკლესიო ქადაგება და გულისსწორთან ტკბილი ბაასი, სატელევიზიო ტოკ-შოუ და მეზობელთან ჭორაობა - იმ ერთადერთ სფერომდე, ანუ ქუჩურ გარჩევამდე დაგვყავს.
სახარებაში წერია, "სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათე, 18:20) - განათლების წარმატებულ რეფორმაზე რომ არაფერი ვთქვათ, აქ კიდევ დიდხანს ვერ განხორციელდება სრულად ვერც პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ვერც პიროვნული თავისუფლება და ვერც სისტემური დემოკრატია, რადგან ვისი სახელითაც არ უნდა შეიკრიბოს ორი გინა სამი ქართველი, ისინი ჯერ-ჯერობით ვერაფერს ქმნიან, ბირჟის გარდა...