რამდენიმე დღის წინათ რადიო "თავისუფლების" ინტერნეტ-გვერდზე გიგა ზედანიამ გამოაქვეყნა ბლოგი, რომელშიც განიხილავდა იმას, რასაც სოზარ სუბარმა "საქართველოს ეროვნული იდეა" დაარქვა.
24 საათი 11.07.10

რამდენიმე დღის წინათ რადიო "თავისუფლების" ინტერნეტ-გვერდზე გიგა ზედანიამ გამოაქვეყნა ბლოგი, რომელშიც განიხილავდა იმას, რასაც სოზარ სუბარმა "საქართველოს ეროვნული იდეა" დაარქვა.
მოგვიანებით, უფრო ზუსტად კი ორშაბათს, 5 ივლისს, სოციალურ ქსელში "ფეისბუკი" გაჩნდა შეკითხვა: "როგორ ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა რამე ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის შემდეგ?".
ეს ორი მოვლენა არსებითად არის დაკავშირებული ერთმანეთთან.
რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ რაიმე პირდაპირ ან აქტუალურ კავშირს, მაგალითად, იმის თქმა არ მინდა, რომ გიგა ზედანიამ ვიღაც "ფეისბუკელს" დაურეკა და სთხოვა ამგვარი შეკითხვის გამოქვეყნება, არც იმისა, თითქოს ვინმემ გიგა ზედანიას ბლოგი წაიკითხა და ამან შთააგონა ზემოხსენებულ შეკითხვაზე. მე იმას ვგულისხმობ, რომ შეკითხვა ერთგვარი პასუხია იმ პრობლემაზე, რომელსაც გიგა ზედანია სვამს თავის ბლოგში.
რა თქმა უნდა, ყოველგვარი ინტერპრეტაცია ტექსტის მხოლოდ ერთ რომელიმე რაკურსს წარმოაჩენს და არ არსებობს ინტერპრეტაცია, რომელიც ტექსტს ბოლომდე ამოწურავდეს. არც მე მაქვს ამის პრეტენზია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემ მიერ დაჭერილი რაკურსი არ არის მნიშვნელობას მოკლებული.
მაშ ასე, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, გიგა ზედანიას ბლოგის ძირითადი მესიჯი, უწყება, ან, თუ გნებავთ, - მაპატიონ თეოლოგებმა - კერიგმა შემდეგში მდგომარეობს: ან შენი ეროვნული იდეა დასავლეთთან ინტეგრაციას გულისხმობს, ან ეროვნული იდეა საერთოდ არა გაქვს.
როგორ თუ არა გვაქვს? - აღშფოთდებიან მავანნი. როგორ და ძალიან მარტივად: უტოპიურობის ან, უბრალოდ, სიბრიყვის გამო განუხორციელებელი იდეა შეიძლება იდეა იყოს, მაგრამ ეროვნული ვერ იქნება. სწორედ ამას ამბობს გიგა ზედანია: დასავლეთთან რამენაირ ინტეგრაციას (ინტეგრაციის კონკრეტულ სახეს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს) მხოლოდ ერთი ალტერნატივა შეიძლება ჰქონდეს: საკუთარ უბადრუკობაში ჩახრჩობა — ნელი ან ჩქარი (გარემოებებს გააჩნია). ეს უკანასკნელი კი ვერანაირად ვერ გამოდგება ეროვნულ იდეად.
კეთილი და პატიოსანი. შეიძლება ამას არ ვეთანხმებოდეთ (მე ვეთანხმები), მაგრამ ზემოთ გამოთქმული აზრი გასაგებად ძალიან ძნელი არ უნდა იყოს. რაღა შუაშია ჰილარი კლინტონის ვიზიტის გამო დასმული შეკითხვა?
გავიმეორებ, რომ ბლოგის ძირითად უწყებასა და ამ შეკითხვას შორის სწორედ რომ არსებითი კავშირია. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ზედაპირზე დავცურავთ: რა თქმა უნდა, ეს კავშირი შეუიარაღებელი თვალით ჩანს! - გიგა ზედანია ლაპარაკობს დასავლეთთან ინტეგრაციაზე, შეკითხვის ავტორს კი აინტერესებს, რამდენად რადიკალურად შეუწყობს ხელს ამ პროცესს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სტუმრობა საქართველოში. დიდი ჭკუა არ არის საჭირო ამის დასანახად.
მაგრამ განა ჩვენ ოდესმე დავშვერით ასეთი, თუმც კი ძლიერი, მაგრამ მაინც ზედაპირული კავშირების აღმოსაჩენად და გასარკვევად? არც ახლა შევჩერდებით ამაზე. ჩვენი საკვლევი უფრო ღრმად მდებარეობს...
თავდაპირველად ყურადღება მივაქციოთ ერთ გარემოებას.
ჩვენმა არასრულმა ინტერპრეტაციამ გამოავლინა გიგა ზედანიას ტექსტის ერთ-ერთი მთავარი უწყება. მაგრამ ყოველი ტექსტი, რაც არ უნდა მარტივი იყოს, უწყების გარდა, შეიცავს არაცხად შეკითხვასაც. გამონაკლისი არც მისი ბლოგია. მთავარი შეკითხვა აქ შემდეგია: გვაქვს თუ არა შინაგანი რესურსი იმისათვის, რომ დასავლეთის ცივილიზაციაში ინტეგრაცია განვახორციელოთ?
ასეთ შეკითხვას ხშირად სვამენ და პასუხიც საკმაოდ ხშირად გვესმის: საჭიროა რეფორმების ტემპი, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ა. შ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არც აზრს მოკლებულია და არც უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენ ამჯერად სხვა მხრიდან მივუდგებით.
ხშირად ლაპარაკობენ გარეგან დაბრკოლებებზეც. ზოგჯერ საკმაოდ არადიპლომატიურადაც: როცა რუსეთისაგან გაზს მოელიან, ჩვენთვის ვინ შეიწუხებს თავს! მართალი გითხრათ, მე მაქვს ამბიცია ვიფიქრო, რომ ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო ბევრად უფრო "მზად არის" დასავლურ ცივილიზაციასთან ინტეგრაციისათვის, ვიდრე, მაგალითად, ალბანეთი, რომლისთვის თამასა უფრო დაბალი აღმოჩნდა. მაგრამ ამაზე ფიქრი სრულებით არაკონსტრუქციულია, რადგან უმჯობესი იქნება, თუ მიზეზებს საკუთარ თავში მოვიძიებთ.
ამიტომ დავუბრუნდეთ ბლოგის ძირითად მესიჯს: ან დასავლეთი, ან არაფერი. რატომ? თუნდაც იმიტომ რომ თითოეული ადამიანისა და მთელი საზოგადოების ღირსეული ცხოვრების მატერიალური და სულიერი საფუძვლები ერთპიროვნულად ეკუთვნის დასავლეთს. ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ საზოგადოებებში სოციალური პრესტიჟის, სიმდიდრის, ძალაუფლების და სხვა სასურველი მახასიათებლების მდგომარეობა განისაზღვრება არა იმით, რამდენად ფლობს ესა თუ ის ადამიანი საკუთარ ტრადიციებს ან აკმაყოფილებს "ეროვნული თვითმყოფადობის" მაჩვენებლებს თუ მოთხოვნებს, არამედ იმით, თუ რამდენად მიუწვდება ხელი დასავლური ცივილიზაციის პროდუქტებზე.
რა თქმა უნდა, გარკვეულ პირობებში შეიძლება შეგშურდეს, თუ ვინმე კარგად მღერის მეორე ხმას, მაგრამ ბევრად უფრო ბუნებრივია, როცა იმისი გშურს, ვისაც შავი ბმვ ჰყავს. სხვათა შორის, მეორე ხმის კარგი სიმღერაც მხოლოდ ერთ-ერთი გზაა შავი ბმვ-სა და მისთა მსგავსთა შესაძენად და როცა ტრადიციულ ნიჭს დასავლური დივიდენდები არ მოაქვს, ის მხოლოდ ფრუსტრაციის საბაბი ხდება.
უფრო მეტიც, ისინი, ვინც აშკარად და აგრესიულად ეწინააღმდეგებიან დასავლეთს, მის გარეშე მხოლოდ ნულები არიან. მუსლიმი ტერორისტის რაობა არ გამოიხატება ყურანით - ჩვეულებრივ, მან ყურანი არც იცის დამაკმაყოფილებლად. მაგრამ ტერორისტი წარმოუდგენელია და შეუძლებელი თუნდაც დეტონატორის გარეშე. დეტონატორი კი დასავლური გამოგონებაა.
იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ დუბაისა და ქუვეიტის ჩვენთვის სანატრელი სიმდიდრის მიზეზი და საფუძველი აღმოსავლეთში უნდა ვეძიოთ - თუ გნებავთ არა "სულიერებაში" არამედ მიწაში, ნავთობის სახით? - სისულელეა! რომ არა ქრისტიანული დასავლეთი და ის ყველაფერი, რამაც ნავთობის ტექნიკური მოთხოვნილება შექმნა, შავი ოქრო დარჩებოდა დედამიწის მყრალ გამონადენად და მხოლოდ ექიმბაშებსა და შამანებს თუ დააინტერესებდა...
სწორედ ამას გვეკითხება გიგა ზედანიას ბლოგი: რა გვინდა - ვიყოთ დასავლური სიკეთის უბრალო მომხმარებლები, თუ მონაწილეობა მივიღოთ შემოქმედებაში? აი ამ შინაგან რესურსს გულისხმობს ტექსტის ფარული შეკითხვა. პასუხი კი ერთია: ჩვენთვის მეორე არჩევანი, ანუ შემოქმედებაში მონაწილეობა, შეუძლებელია დასავლეთთან პოლიტიკური ინტეგრაციის გარეშე.
ახლა კი მთავარი დაკავშირების დროც დადგა. გავიხსენოთ ფეისბუკზე დასმული შეკითხვა: "როგორ ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა რამე ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის შემდეგ?".
ერთი მხრივ, გასაკვირი არაფერია: მართლაც, ამ ტიპის შეკითხვებსა და მასზე პასუხებს ხშირად გაიგონებთ იმავე დასავლეთში. მაგრამ საზრისს ტექსტი კი არა, კონტექსტი ქმნის...
როგორია ჩვენი კონტექსტი?
ქვეყანაში, სადაც ჰგონიათ, რომ დემოკრატია გაზაფხულივით უნდა მოვიდეს და ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს, სადაც ყოველ წუთში მსჯელობენ, გადარჩება (ვარიანტი: "გაბრწყინდება") თუ არა საქართველო, სადაც სერიოზულად აყენებენ ალტერნატივას "რუსეთი თუ ამერიკა", ეს შეკითხვა სულ სხვაგვარად ჟღერს: მასში იკითხება მხსნელის, გარეგანი ყოვლისშემძლე ფაქტორის სურვილი. თანაც მხსნელმა სწრაფად უნდა იმოქმედოს - უნდა განახორციელოს ჩვენი გადარჩენის ერთჯერადი, ძლევამოსილი და სამარადისო აქტი.
ვინც არ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში - ბუში, რაისი, ბაიდენი თუ კლინტონი - საზოგადოების დიდი ნაწილი მათ ისე უყურებს, როგორც სამარიტელი დედაკაცი - ქრისტეს. და როცა არავინ აპირებს ისეთი ჭის ჩვენებას, საიდანაც წყალს დალევ და უკვე აღარასოდეს მოგწყურდება, იწყება იმედგაცრუება და "დაუმარცხებელი რუსეთის" მითის არაცხადი აღიარება: "იარონ, რამდენიც უნდათ, ჩვენ მაინც არაფერი გვეშველება", "ზურგი შეგვაქციეს", "გაგვყიდეს" და ა. შ.
ამიტომ დავარქვი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ წინადადადებას გიგა ზედანიას ბლოგში არაცხადად მოცემული შეკითხვის პასუხი: სანამ ჩვენში არ დაიბუდებს და არ გამყარდება იმის შეგნება, რომ ცხოვრება ნელი, რთული და მრავალნაბიჯიანი პროცესია, და ამ პროცესში არ არსებობს არც ერთადერთი მიზეზი, არც საბოლოო მიზანი, არამედ ყოველი მიღწეული სიმაღლე მხოლოდ შემდგომი მწვერვალის ძირია, მანამდე არავითარი აზრი არ ექნება დასავლეთთან ჩვენი ინტეგრირების შესახებ ლაპარაკს.
ჯერ-ჯერობით ჩვენი გონება სულ სხვაგვარადაა მოწყობილი. ამის გასაგებად ერთი იტალიური სიტყვა გამოგვადგება.
"ჯირასოლე" - ასე ჰქვია იტალიურად მზესუმზირას. რომ ვთარგმნოთ, გამოვა: "მზის დამტრიალებელი". ქართული და სხვაენოვანი დასახელებები ასახავს იმ გარემოებას, რომ ყვავილი მართლაც მიჰყვება მზის დღიურ მოძრაობას ცის თაღზე. როგორც ეტყობა, ამისათვის გარკვეული საფუძველი აქვს. მხოლოდ იტალიურ დასახელებაში ხდება მიზეზისა და შედეგის ინვერსია: აქ საქმე ისეა წარმოჩენილი, რომ ყვავილი ნელ-ნელა ატრიალებს თავს და მისი მზერით მონუსხული მზეც იძულებულია მიჰყვეს.
ჩვენც სწორედ ასე აღვიქვამდით საკუთარ ისტორიას, საკუთარ თავს სულ მამოძრავებელ ძალად მივიჩნევდით: გვეგონა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ არაბებზე, გვეგონა, რომ ჩვენ განვდევნეთ მონღოლები, გვეგონა, რომ ჩვენ ვუმკლავდებოდით სპარსეთის მთელ სამხედრო ძლიერებას, გვეგონა, რომ ჩვენ შევიტანეთ გადამწყვეტი წვლილი საბჭოთა კავშირის დანგრევაში.
მაგრამ ასეთი ხედვის შესაძლებლობა საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ზუსტად არის აღწერილი სახარებაში: საკუთარი ნებით ერთი მტკაველითაც ვერ მოვიმატებთ სიმაღლეს, საკუთარი ნებით ვერ შევიცვლით თმის ფერს. ახლა უკვე ადეკვატურად და ზუსტად უნდა შევაფასოთ გარემომცველი რეალობა და ჩვენი შესაძლო თუ სასურველი ადგილი ამ რეალობაში - ეს არასოდეს გაგვიკეთებია ისტორიაში. მაგრამ ამას ახლა უნდა მივეჩვიოთ და რაც შეიძლება სწრაფად: რეალობაცა და ჩვენი ადგილი მასში ყოველწამიერად იცვლება...