RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

ჟამთა სიავე

გვეშველა! - ასე გვითხრეს, თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე ქანდაკების დასადგმელად თავისუფალი კონკურსი გაიმართება და თანაც ამ კონკურსში თამარ კვესიტაძე მონაწილეობას არ მიიღებსო.

24 საათი 31.12.11

გვეშველა! - ასე გვითხრეს, თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე ქანდაკების დასადგმელად თავისუფალი კონკურსი გაიმართება და თანაც ამ კონკურსში თამარ კვესიტაძე მონაწილეობას არ მიიღებსო.

სიამოვნებით დავიჯერებ, რომ თამარ კვესიტაძეს უბრალოდ მობეზრდა შეტენილი პრივილეგია, მაგრამ პრეზიდენტმა რატომღა მოგვახარა ეს ამბავი? - ნუთუ ირიბად აღიარებს, ნუ გეშინიათ, პრეტენდენტთა შორის ჩემი ფავორიტები არ იქნებიან და კონკურენციაც სამართლიანი გამოვაო?..

მარჯანიშვილის მოედანს კიდევ დავუბრუნდები, მაგრამ ახლა შეგახსენებთ, რომ მრავალტანჯულ თემას - ქართულ კულტურას შევეხეთ. როგორ გვიყვარს ეს ორი სიტყვა! ზოგი მოწიწებით წარმოთქვამს, ზოგი ტუჩს იბზუებს, მაგრამ ყველანი თანხმდებიან ერთზე: "ქართული კულტურა" არსებობს როგორც რაღაც ჰომოგენური, ლამის მარტივი ერთიანობა, რომლის შესახებ შესაძლებელია ერთიანად ლაპარაკი და, რაც მთავარია, ის ცალსახად და მთლიანობაში იმსახურებს ზოგისთვის თაყვანისცემას, სხვებისთვის კი დაცინვას. სხვათა შორის ყველა ამ მიდგომას აკლია ყველაზე დასაფასებელი რამ - ცნობისმოყვარეობა და ინტერესი...

რა თქმა უნდა, მე რამდენადმე ვამარტივებ, მაგრამ იმიტომ ვამარტივებ, რომ ცხადი გახდეს: ჩვენი კულტურის მრავალფეროვნებისა და შინაგანი წინააღმდეგობრიობის გააზრება აუცილებელია. სხვა თუ არაფერი, არ უნდა გვეგონოს, თითქოს "ბახტრიონი" და "საიდუმლო სირობა", "აბესალომ და ეთერი" და "სამი დალიე" სხვადასხვა კულტურების წიაღში წარმოქმნილი ფენომენებია. სხვა სიტყვებით, როცა კულტურას ჰომოგენურ ერთიანობად წარმოვიდგენთ, ამგვარი მიდგომა სწორედ იმას ემუქრება, რასაც ყველაზე მეტად ვუფრთხილდებით და დავფოფინებთ - ეროვნულ ერთიანობას. ამიტომაც უნდა შევეგუოთ კულტურის შინაგან წინააღმდეგობრიობას, რათა საზოგადოების წიაღში აპარტეიდი არ წარმოიქმნას. აპარტეიდი? ძალიან ძლიერი ნათქვამი ხომ არ არის? - მაგრამ თუ გავიხსენებთ "მართლმადიდებელთა" მიერ "ავანგარდისტების" წინააღმდეგ მოწყობილ ობსტრუქციას, ეს სხვა არაფერია, თუ არა პირველებისგან მეორეთა საზოგადოებიდან გარიცხვის ცდა.

რა ასაზრდოებს ამგვარ მოვლენებს? წარმოვიდგინოთ სადმე ევროპაში მცხოვრები ქართველი ინტელექტუალი. ასეთებში სამშობლოს სიყვარული ხშირად უცნაურ ფორმებს იღებს. მაგალითად, გაქვს სერიოზული სამსახური და გარემოსთან ინტეგრირებას არაფერი გიბრკოლებს, მიუხედავად ამისა, "აქუს" გადაცემათა მოცქირალი მილიარდერისა არ იყოს, უამრავ დროს ატარებ ქართული საინფორმაციო ნაგვის ქექვაში. აი რომელიმე ასეთი ყმაწვილი ინტერნეტში სეირნობისას შემთხვევით გადაეყრება საიტს, რომელზეც გამოქვეყნებულია რომელიმე მოპატრიოტო პოეტის - პირობითად დავარქვათ მას მუხრან ხერხელაური - თხზულებები. აქედან გამომდინარე, აცხობს სტატიას, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ ქართული კულტურის მთავარი თვისება არის პროვინციალიზმი.

მაგრამ ამის თქმა არაფრის თქმაა. საკმარისია ავიღოთ ნებისმიერი დროის ნებისმიერი ქართული არტეფაქტი ან კულტურის სხვა რამ მონაპოვარი და ოდნავ უფრო ფართო კონტექსტში შევაფასოთ. მაშინვე ცხადად დაგვიდგება თვალწინ ერთი თვისება: პერიფერიულობა. დიახ, შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობა ისეთივე პერიფერიული მიბაძვა იყო ბიზანტიური ნიმუშებისა, როგორიც 1970-იანი წლების პროგრამა "მოამბე" იყო "ცენტრალური ტელევიზიის" პროგრამა "ვრემიას" მქრქალი ასლი. უფრო მეტიც, ეს გარემოება სავსებით რეფლექსირებული, ანუ გააზრებული და შეგნებულიც გახლდათ - იმდენად, რომ იოანე საბანისძე არც კი შეწუხებულა არგუმენტების მოსაძიებლად, ისე სადად და ალალად დაწერა, ქვეყნიერების ყურეში ვიმყოფებითო.

ასეთივე არაფრისმთქმელი ნიშანია კულტურაში არსებული, ასე ვთქვათ, პარანოიდული ტენდენცია, როცა კულტურის მატარებლებს სულ მუდამ ეშინიათ, რომ რაღაცას "ართმევენ" - ხან ქართველობას, ხან კაცობას, ხან ღირსებას, ხანაც (ჰოი, დიდი ხნის ნანატრო წამო!) ქალიშვილობას. რიჟა ბაზარია ეს ყველაფერი: აბა, ერთი ქართველი მაინც დამისახელონ, რომლებმაც იმდენი გადაიტანეს, რამდენიც გუსტავ ფლობერმა და ოსკარ უაილდმა! ჩვენს ღვთივდაცულ კუთხეში კულტურული პარანოის უდიდესი გამოხატულება ის არის, ვიღაცეები საკუთარ თავს პრემია "საბას" შორტლისტებში თუ ვერ აღმოაჩენენ - მაგრამ ეს პრობლემაც ძმაკაცურად წყდება: პირსუკან ღრენითა და პირზე კოცნით. თანაც საიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენში ამგვარი ტენდენცია გადამწყვეტია? ამ საკითხზე ზუსტი პასუხი არ გამაჩნია, მაგრამ ინტუიციურად ვგრძნობ, რომ დროთა განმავლობაში პარანოიდული შეტევების სიმწვავე კლებულობს. სხვათა შორის, მახსენდება სოფელ მისაქციელის მკვიდრი ერთი მოხუცი, რომელიც ღიმილით მეუბნებოდა: ეგეთი სულელები, შვილო, ყოველთვის იქნებიან - ჩემს დროს, ახლა რომ "სუხიშვილებია", იმათ აუტეხეს ერთი ამბავი, ხევსური დიაცის კაბა რატომ დაამოკლეთო...

მადლობა ღმერთს, ამ ჩვენმა ინტელექტუალებმა იმდენი ჭკუა ისწავლეს, დღენიადაგ და ქვეყნის გასაგონად იმას მაინც აღარ არკვევენ, ქართული კულტურა ანალურია თუ ფალოცენტრული. იმედია, მოვა დრო და მიხვდებიან, რომ თვისებები, რომლებიც სიმრავლის ყველა წევრს ერთნაირად ახასიათებს, ამ სიმრავლის სტრუქტურული აღწერისთვის არ გამოდგება.

არც ის ჩვენი გამოგონილი მუხრან ხერხელაურია საშიში: ვიღაც "იუთუბზე" დადებს, ვიღაც თავის შექმნილ საიტზე დაკიდებს, ვიღაც შვილის ქორწილში წააკითხებს ლექსს შალახოსა და ფეირვერკს შორის დროის მონაკვეთში... მერე და რა? - ბავშვებს გული მაინც "ნარუტოსაკენ" მიუწევთ...

მაგრამ ჩვენი შინნაზარდი კულტუროლოგები (ნეტა საიდან გამახსენდა ეს სიტყვა?) არ ისვენებენ და განგაშის ზარებს აგრიალებენ: ჩვენ ვერ დავძლიეთ საბჭოთა კავშირი! საბჭოთა კავშირი მარად ცოცხალია!

მე კი სხვა კითხვა მტანჯავს: რატომ არის გულწრფელად მოტირალ ჩრდილოკორეელებზე ქილიკი ქედმაღლობა, "ნანუკას შოუს" არანაკლებ გულწრფელი გოიმობის დაცინვა კი ეროვნულად საშური საქმე? ნუთუ კიმ ირ სენისა და კიმ ჩენ ირის გაპირუტყვებული მასები რამეთი სჯობია ნ. ჟორჟოლიანისა და ლ. მოროშკინას აღზრდილ "სტუდენტთა პლეიადას"?

თავი დავანებოთ იმას, რომ მანიაკიც გულწრფელად კლავს ბავშვებს და "გულწრფელობა" საერთოდ არ არის სერიოზული განხილვისას გამოსაყენებელი პრედიკატი. საინტერესო აქ სხვა რამეა: წარმოვიდგინოთ, რომ შეიმუშავეს იაფი, ეფექტური და პრინციპულად განსხვავებული საშუალება რაიმე დაავადების წინააღმდეგ - ვინ იზარალებს? რა თქმა უნდა, შესაბამისი პრეპარატების მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანიები. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთბაშად ასრულდა შალვა ნათელაშვილის ოცნება და გაქრა დიქტატურის მიმართ პიეტეტი - ვინ იზარალებს? რა თქმა უნდა, ის, ვინც რომელიმე ფერადი ზონიდან მუხლჩაუხრელად აყრის ქოქოლას წარსულის აჩრდილებს. სიძულვილის ობიექტი უნდა არსებობდეს, მისი შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია. აბა, ახალი ობიექტის ძებნას ხომ შრომა სჭირდება, კრიტიკის ახალი მეთოდების ათვისებაზე რომ არაფერი ვთქვათ! სადა გვაქვს შრომის თავი!

ჰოდა, გამოდის, რომ კიჩისა და უგემოვნებობის წინააღმდეგ ამხედრებულთა საბრძოლო ნადავლი ეფექტიანობის მხრივ იმ ჟურნალისტ გოგონათა პროდუქციას შეედრება, რომლებიც ინტერვიუზე დადიან რეზო ამაშუკელთან, მერე კი დიქტოფონიდან გულმოდგინედ შიფრავენ ბილწსიტყვაობას. საქონელი თავის მუშტარს პოულობს - ესაა და ეს.

თუმცაღა არის ერთი არსებითი განსხვავება: გულისრევა, რომელსაც ჩვენი მოკულტურ-მოგლამურო ელიტა იწვევს - გინდ ბორიას ელაქუცებოდეს და გინდ ნანუკას, - ისეთია, სარტრი რომ მოსწრებოდა, საკუთარ ხელნაწერს ნაფლეთებად აქცევდა და დარცხვენილი ამოეფარებოდა სიმონას კალთას. ამას რაღა ვუყოთ?

სწორედ აქ უნდა დავუბრუნდეთ მარჯანიშვილის მოედანს. იქ, თბილისის "ყველაზე მაგარ" ადგილას, ყოველთვის იდგა და, შესაძლოა, დღესაც დგას საათი - მრგვალი, რეტროს სტილში გადაწყვეტილი, რომაულციფრებიანი. ეს საათი მოკრძალებით მოგვიწოდებდა ევროპის წარსულიდან ჩვენს მომავალში, როგორც სიზუსტისა და დროის დაფასების ინსტრუმენტი. დავტოვოთ მშვენიერი საგანი იქ, სადაც იყო - იქნებ ოდესმე მის საჭიროებას ჩავწვდეთ. თავისუფალი კონკურსების თემა კი უამრავია. აი, მაგალითად, გამოვაცხადოთ ტენდერი თბილისის გათავისუფლებაზე ზურაბ წერეთლის ქმნილებებისგან. ან გამოვაცხადოთ ამნისტია ფერადი ლითონების ქურდებისათვის და გათავისუფლებულებს დავურიგოთ უგვანი ქანდაკებების მოოქროვილი ნატეხები. ეს იდეები რომელიმე წინასაარჩევნო ღონისძიებას თუ ჩამოუვარდება, მე მოგიკვდეთ...

იქნებ ამ წვალების შემდეგ მაინც მივხვდეთ, რომ ნომინაცია "წლის თოჯინა" ბევრად უფრო სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია, ვიდრე ნომინაცია "უგემოვნოდ ჩაცმული", ხოლო საჯაროდ წარმოთქმული ფრაზა "კაიოჯახისშვილს მივყვები ცოლად" უფრო მეტად გჩაგრავს და გაკნინებს, ვიდრე ჰიჯაბი და ჩადრი. თუმცა ეს ყველაფერი წვრილმანებია... არსებითი და საწყისი მსხვილმანი სხვაგანაა...

უბედურება ის არის, რომ საქართველოში გოიმობა და კაიტიპობა არ კორელირებს ეკონომიკურ მდგომარეობასთან. რას გვთავაზობს ჩვენი კურთხეული ქვეყანა? სადაგი და სადღესასწაულო ტელეშოუების გარდა, სად არის ელიტურობის გამჟღავნების ასპარეზი? - ყველა ეს "კაიოჯახისშვილები", რა თქმა უნდა, თავიანთ სოციალურ კუთვნილებასა და შინაგან რაობას "გუდვილის" ათასკვადრატულმეტრიან სავაჭრო დარბაზში დიდი ურიკის შეგორებით ადასტურებენ. მაგრამ თუ გადავხედავთ ეკონომიკისა და კულტურის ისტორიულ განვითარებას იმ ქვეყნებში, რომლებსაც ქართველები "ნორმალურს" უწოდებენ, აღმოვაჩენთ, რომ ასეთი ურიკები და დარბაზები რუხი მასებისთვისაა ჩაფიქრებული და შექმნილი. რამდენიმე დღის წინ ნაცნობმა იტალიელმა მწერალმა გამომიგზავნა მეილი: თურმე ერთ-ერთ ასეთ ჰიპერმარკეტში, სადაც ის საკუთარი დემოკრატიულობის დასადასტურებლად შედის ხოლმე, 18 ევროდ უყიდია ერთი ბოთლი "კლიკოს ქვრივი". გაკვირვება ბუნებრივია: "ნორმალური" ქვეყნის მკვიდრი ასეთ ადგილებში და ასეთ ფასად არ ელის ძვირფას ფრანგულ შამპანიურს...

ერთი სიტყვით, ამ ქვეყნის საზოგადოებას ჯერ არ შეხებია ნამდვილი კონკურენციის ქაფქირი, ამიტომაც მის ზედაპირზე, ძირითადად, გააზნაურებული მდაბიოები ფუთფუთებენ. თუმცა კი არის ერთი კლასი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შეძენილი მოთმინებითა და აუჩქარებლობით იძენს ჭეშმარიტი ელიტის თვისებებს...

გუშინწინ, ნუცუბიძის ქუჩაზე, პატარა და სიმპათიურ მაღაზიაში "ყველის კუთხე", ვიხილე ერთი ფრიად სანდომიანი გარეგნობის იღუმენია. ჯერ ვიფიქრე, რომ სახარების მოთხოვნისამებრ თითი უნდა მეტაკა მარჯვენა თვალში, მაგრამ მერე შევყოვნდი, რადგან გულმა მიგრძნო, რაღაც საინტერესო ხდებოდა. ღირსმა დედამ ათასნაირი ყველი შეიძინა: გარგანტუა, პანტაგრუელი და გენერალი დე გოლი ენის წკლაპუნით შეხვდებოდნენ მისი არჩევანის რაოდენობასა და ხარისხს. ყველის შენახვის შესახებ რჩევაც კი იკითხა, ყურადღებით მოისმინა, გამყიდველს თვალებით შესცინა, ნატიფად განახვნა ბაგენი და ნარნარი ხმით წარმოთქვა: "ოჰ, ეს პარმიჯანო, რა საშინლად ხმება ხოლმე მაცივარში!".

ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, მისი ლოცვის მადლი შეგეწიოთ ყველას ახალ 2012 წელს!

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი