RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
21 მაისი, სამშაბათი 2013
თბილისი ... ...
თვალსაზრისი >>

მადონა

დარწმუნებული ვარ, ეს არასოდეს მომხდარა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს...

24 საათი 29.01.12

დარწმუნებული ვარ, ეს არასოდეს მომხდარა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს...

ერთი სიტყვით, საბჭოთა იდეოლოგიის მთელ სივრცეზე, სასკოლო სახელმძღვანელოებიდან თემატურ ტელე და რადიოგადაცემებამდე წამდაუწუმ აწყდებოდი ერთსა და იმავე ამბავს, რომელიც ახლანდელი გადასახედიდან მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: კომუნისტური აგიტაცია და პროპაგანდა ბიზანტიური ჰაგიოგრაფიიდან ამოიზარდა...

საბჭოთა პატერიკი გვამცნობდა, რომ როდესაც ვლადიმერ ულიანოვი, მოგვიანებით ლენინის ფსევდონიმით ცნობილი პოლიტიკური ავანტიურისტი, პირველად დააპატიმრეს ყაზანში სტუდენტური მღელვარების დროს, მასსა და ერთ ჟანდარმს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

ჟანდარმი: ყმაწვილო, საით მიექანებით, განა ვერ ხედავთ, რომ თქვენ წინ კედელია?

ულიანოვი: კედელია, მაგრამ დამპალი - ჰკარი ფეხი და დაინგრევა.

გასაოცარია, მაგრამ არავის მოსდიოდა აზრად შეკითხვები: რატომ ლაპარაკობდა ეს ჟანდარმი ასე ცივილურად? რა აიძულებდა დაკავებულისადმი თანაგრძნობას? თვით საბჭოთა ლიტერატურაშიც კი ვერ იპოვით სახელმწიფო უშიშროების თუნდაც ერთ ოფიცერს, მოგონილს ან ისტორიულს, რომელიც ამგვარ ადამიანურობას გამოავლენდა.

მაგრამ ჩვენ პრობლემის სულ სხვა ასპექტი გვაინტერესებს: პიროვნებისა და სისტემის ურთიერთობა. სისტემა აქ უეჭველად მონაწილეობს - ჟანდარმი სწორედ მისი წარმომადგენელია. სიტყვა "პიროვნება", რა თქმა უნდა, პირობითია, რადგან სულაც არ არის ცხადი, რომ ვლადიმერ ულიანოვი ამ შემთხვევაში პიროვნებას განასახიერებს. და მაინც, მივიღოთ ამგვარი თვალსაზრისი, რადგან ჩვენ არა ამ ამბით გამოხატული აზრი გვაინტერესებს, არამედ მისდამი გავრცელებული დამოკიდებულება, უფრო ზუსტად, ის ტენდენცია, რომლის აშკარა გამომხატველია ზემოთ მოყვანილი საკრალური ანეკდოტი.

ტენდენცია კი თითქმის ყოველთვის ვლინდება იქ, რასაც ხელს მოჰკიდებს მემარცხენე შემოქმედი. მაგალითად ავიღოთ იტალიელი რეჟისორის, ნანი მორეტის ფილმი "Habemus Papam" ("გვყავს პაპი" - ამ ლათინური ფრაზით აუწყებენ ახალი პაპის არჩევას კათოლიკურ ეკლესიაში). მაშ ასე...

კონკლავზე მთავარი კანდიდატები ვერა და ვერ იღებენ საჭირო უმრავლესობას, ამიტომ, როგორც ხშირად ხდება, იმარჯვებს, ასე ვთქვათ, შემთხვევითი კარდინალი. ეს კეთილი მოხუცი სულაც არ არის წინააღმდეგი - თავისი გვარის გაგონებაზე სიხარული იპყრობს, როგორც ეტყობა, ოფიციალურ ფორმულასაც წარმოთქვამს - accipio ("ვიღებ") - რადგან ეს პროცედურა წინ უნდა უსწრებდეს შემოსვას, თუმცა რეჟისორი ამ დეტალს არ წარმოაჩენს. პაპი წესისამებრ იმოსება კიდეც, მაგრამ შემდეგ, როცა უკვე საქვეყნოდ უნდა გამოცხადდეს მისი სახელი და თვითონაც უნდა აკურთხოს მრევლი, მოულოდნელად შიშის შემოტევას იგრძნობს და ხალხის წინაშე გამოჩენას თავს არიდებს. ცოტა ხნის შემდეგ ქალაქში გაიპარება და სასტუმროში დაბინავდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში ახალ პაპს არ ეტყობა არც შინაგანი რელიგიური ბრძოლა, არც რეფორმატორული ჟინი და არც პაპის ინსტიტუტის წინააღმდეგ რაიმე განწყობა. მას თითქოს ერთადერთი რამ აწუხებს - სიყმაწვილის აუხდენელი ოცნება, თეატრის მსახიობობა. ბოლოს და ბოლოს, პაპი ვატიკანში ბრუნდება, აივანზე გამოდის და აცხადებს, რომ ესოდენ მაღალი პასუხისმგებლობის ღირსი არ არის.

მერე და რა კავშირია ამ ფილმსა და ლენინის კანონიკურ ბიოგრაფიას შორის? ან რა ტენდენცია გამოიკვეთა?

ორივე შეკითხვას ერთიანად ვუპასუხოთ: ტენდენციას შეიძლება დავარქვათ დამპალი კედლის ილუზია. ეს ილუზია მით უფრო საყოველთაო გახდა, რომ თავგანწირულ იდეალისტთა დრო წარსულს ჩაბარდა: დღევანდელობასთან ადაპტირებული რადიკალი სისტემის ჩრდილქვეშ მოკალათებულა და მოზომილ წიხლებს უშენს კედელს. იქნებ მასაც გაუმართლოს და პირველი მსოფლიო ომის მაგვარი რამ ატყდეს, მერე ვინმემ ზომიერ ფასად დაჯავშული ვაგონით შეუშვას სისტემის შიგნით და, ვინ იცის, ისტორიის მღვრიე ტალღამ დიდების მწვერვალზეც აიტაცოს. ამტკიცონ მერე, რომ მისი მოწყობილი არაა ეს ყველაფერი...

რამდენადაც მახსოვს, ტალეირანმა თქვა: "თუ თვრამეტი წლისა რადიკალი არა ხარ, ხარ ნაძირალა, თუ ორმოცი წლისა არა ხარ კონსერვატორი, ბრიყვი ყოფილხარ". ის, რომ გადაბერებული რადიკალები მართლა სავალალოდ გამოიყურებიან, თავისთავად გასაგებია: მაგალითად, შემოქმედებითი ძარღვის მქონე რეჟისორი იმით დაიწყებდა ფილმს, რითაც ნანი მორეტიმ დაამთავრა. მაგრამ ეს უკვე აღარ გვაინტერესებს, ჩვენი საზრუნავი სხვაგანაა: საქართველოში რადიკალიზმიც ისევე შემოდის, როგორც ყველაფერი დანარჩენი - ყველაზე ტლანქი და უდღეური ფორმით.

ოდესღაც, 1970-იან წლებში, როგორც ამბობენ, თბილისელი ჰიპები გრიბოედოვის ძეგლთან იკრიბებოდნენ. საღამოს მშობლების შავი "ვოლგები" მოადგებოდნენ მოედანს და "ბავშვებს" შინისაკენ გააქროლებდნენ. ახლანდელებს სხვა ადგილი გამოუჩნდათ: გუდიაშვილის სკვერი.

როგორც ამბობენ, ყველაფერი ასე დაიწყო: ვიღაცამ ინტერნეტში განათავსა რაღაც უმსგავსო ფოტო, რომელზედაც, როგორც მინაწერი გვამცნობდა, გამოსახული იყო ხსენებული ადგილის რეკონსტრუქციის გეგმა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნამდვილი გეგმა სრულიად სხვაგვარია, მაგრამ ამას უკვე არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია: ტალღა აგორდა და გამოცხადდა, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება ახლა უკვე გუდიაშვილის სკვერში იბადება. როგორც ნანი მორეტი არ დაინტერესებულა კათოლიკური ეკლესიის ნამდვილი და მწვავე პრობლემებით, სისტემის სუსტი და მტკივნეული წერტილებით, არც ჩვენი ენთუზიასტები არ დაინტერესებულან, რა ხდება გუდიაშვილის სკვერის გარშემო: ეს საკითხი ჯერ კიდევ მოითხოვს იმას, რასაც ჩვენი "მეოთხე ხელისუფლება" ჯიუტად უწოდებს "გაშუქებას".

თუ გულდასმითა და კომპეტენტურად გამოვიკვლევთ თბილისის მერიის საქმიანობას, დარწმუნებული ვარ, საკმარისზე მეტ სიბრიყვესა და უმსგავსობას აღმოვაჩენთ. მაგრამ ის, ვისაც გულდასმითა და კომპეტენტურად კვლევა შეუძლია, სადარბაზოებში გლინტვეინის სმას ნამდვილად ითაკილებს. რა უნდა ვქნათ? - რეცეპტი მარტივია: ნაკლი უნდა ვაქციოთ ღირსებად, მომზადების დეფიციტი უნდა გარდაიქმნას მთავარ შემტევ იარაღად. ჰოდა, გადააქციეს და გარდაქმნეს კიდეც, რის წყალობით გუდიაშვილის სკვერი გამოცხადდა "ახალი ქართული ხელოვნების მასობრივი წარმოების ადგილად".

მერე და რა? - შედეგი ერთდროულად პარადოქსულიცაა და ბუნებრივიც. ამის გასაგებად უნდა გავიხსენოთ ჩვენი რეალობის ორი ჯერაც ცინცხალი მოვლენა...

მოვლენა პირველი: საინფორმაციო საშუალებები მოიარა ცნობამ, რომ სვანები აღაშფოთა აწ განსვენებული მოქანდაკის, ვაჟა მელიქიშვილის სკულპტურამ "თამარ მეფე", რომელიც მესტიაში დაიდგა. იტყობინებოდნენ, რომ აღშფოთებულები პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციის გამართვას ლამობენ და მათ წინ მიუძღვის ადვოკატი კლარა შუკვანი.

მოვლენა მეორე: ჩვენი მოწინავე ინტელექტუალური ელიტა აღაფრთოვანა გუდიაშვილის მოედანზე ჩატარებულმა პერფორმანსმა - ახალგაზრდა ქალმა ყველას თვალწინ საგანგებო მოწყობილობით გამოიწველა საკუთარი მკერდი, გაანაწილა რძე ჭიქებში და ირგვლივ შეკრებილებს დაურიგა. აღფრთოვანება სულაც არ იყო არგუმენტებს მოკლებული, არგუმენტები კი ნამდვილად ბაჯაღლო გახლდათ: რახან ხელოვნების ყველა შედევრი, მათ შორის მიქელანჯელოსა და იმპრესიონისტების ქმნილებები, თავიდან მიჩნეული იყო არაესთეტიკურად, ამიტომ იმ "კარგი გოგოს" მოქმედება შეიძლება ჩაითვალოს ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად.

თუ ამ ყველაფერს ზედაპირულად მივუდგებით, შეიძლება გავიმეოროთ საბჭოთა დროის ერთი ცნობილი შტამპი და ვთქვათ, რომ საქართველო არის "კონტრასტების ქვეყანა". მაგრამ საკმარისია ოდნავ დავფიქრდეთ და აღმოვაჩენთ, რომ კონტრასტი ქრება: აღშფოთებული სვანები და მოწინავე ინტელექტუალური ელიტა ერთმანეთთან საოცარ მსგავსებას ავლენს - ერთის აღშფოთება და მეორის აღფრთოვანება ერთი და იმავე მიზეზებითაა გამოწვეული და ერთსა და იმავე აღწერას ექვემდებარება...

აშკარაა, რომ ორივე მოვლენას აერთიანებს უკვე ნახსენები მომზადების დეფიციტი - კლარა შუკვანის ირგვლივ შეკრებილებმა ვერ დაინახეს ვაჟა მელიქიშვილის ქანდაკების მშვენიერება, ჩვენს შინნაზარდ ინტელექტუალებს კი ერთმანეთში აერიათ სიქსტის კაპელა და წვრილმანი ეპატაჟი. სხვათა შორის, მსგავსი პერფორმანსი ერთხელ უკვე ჩატარდა თანაც ძალიან დიდი ხნის წინათ: ანტიკური წყაროები გვამცნობენ, რომ ფილოსოფოსი დიოგენე, აი ის, რომელსაც ფართო საზოგადოება კასრში ცხოვრებითა და ალექსანდრე მაკედონელთან გესლიანი დიალოგებით იცნობს, ქალაქ სინოპის აგორაზე გამოვიდა, ქიტონი აიწია, საჯაროდ მასტურბირება დაიწყო და თან დაიჩივლა, ნეტა ასევე შეიძლებოდეს მუცელზე ხელის მოსმით შიმშილის დაოკებაო... ამ პერფორმანსის საფუძველი ის იყო, რომ დიოგენესა და მის მაყურებლებს ესმოდათ: ხელის ერთნაირი მოძრაობები ყველა შემთხვევაში ერთნაირ შედეგს არ იძლევა. ჩვენებს კი სწორედ ეს არ ესმით: აღშფოთებული სვანები მერაბ ბერძენიშვილის ჩამოსხმულ ცხენოსან ქანდაკებებს შესცქერიან და ჰგონიათ, რომ სხვა ყველაც ამათ უნდა დაემსგავსოს; აღფრთოვანებულ ინტელექტუალებს გაუგიათ, რომ მანეს "ოლიმპია" ვიღაც ჟურნალისტმა დედალ გორილას შეადარა და ამტკიცებენ, რომ ვინც შუა ქუჩაში პრიმატივით მოიქცევა, ამით უკვე ემსგავსება "ოლიმპიას".

მაგრამ არის კიდევ ერთი, ბევრად უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი მსგავსება: საზოგადოებრივი აქტივობის ორივე გამოვლინება არსებითად არის მიმართული წესრიგის წინააღმდეგ. დამპალი კედლის ილუზია ჩვენშიც იკიდებს ფეხს. სადღაც სოციალური ქაოსის ხვეულებში ხვდებიან ერთმანეთს ისინი, რომლებიც ქუთაისში აფეთქებულ არქიტექტურულ მონსტრს დასტირიან, და ისინი, რომლებიც "კიჩობის" მომიზეზებით იწუნებენ განახლებულ ბათუმს. ეს თანხვედრა მით უფრო ტრაგიკულია, რომ მისი მხარეები ვერასოდეს აღიარებენ ერთმანეთთან არსებით სიახლოვეს. მაგრამ სწორედ ეს სიახლოვე აძლევს გუდიაშვილის მოედანზე მკერდმოშიშვლებულ ქალს იმას, რაც მას აღფრთოვანებულებმაც კი ვერ გამოუძებნეს: სოციალურ კონტექსტსა და იდეურ გამართლებას.

ბოლოს და ბოლოს უნდა ვთქვათ, რომ მან სწორედ ის გამოიწველა საკუთარი სხეულიდან და ის დაურიგა გარშემო მყოფებს, რაც ჩვენს სამოქალაქო ცნობიერებას ჯერაც ტუჩებზე არ შეშრობია... ან იქნებ არც არასოდეს უგემია?

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რეგიონი >>

    aa
  3. კინო >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. კალათბურთი >>

    aa
  6. კალათბურთი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. საზოგადოება >>

    aa
  10. თვალსაზრისი >>

    aa
  11. ინტერვიუ >>

    aa
  12. პოლიტიკა >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. ავტო >>

    aa
  33. ავტო >>

    aa
  34. ავტო >>

    aa
  35. ავტო >>

    aa
  36. ავტო >>

    aa
  37. ავტო >>

    aa
  38. ავტო >>

    aa
  39. ავტო >>

    aa
  40. მეცნიერება >>

    aa
  41. მეცნიერება >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. საზოგადოება >>

    aa
  44. რევიუ >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. სპორტი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი