1996 წელს ირლანდიის პოლიტიკურ პარტიათა ჯგუფმა დაიწყო მოქმედება კონსტიტუციის შესაცვლელად.
24 საათი 19.02.12

1996 წელს ირლანდიის პოლიტიკურ პარტიათა ჯგუფმა დაიწყო მოქმედება კონსტიტუციის შესაცვლელად.
კერძოდ, ქვეყნის ძირითადი კანონიდან უნდა ამოეღოთ განქორწინების აკრძალვა. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას შესაბამისი წინააღმდეგობა დახვდა კათოლიკეთა მხრიდან და განქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მთავარ საყრდენად იქცა მონაზონი აგნეს გონჯა ბოიაჯიუ, რომელსაც ფართო საზოგადოება დედა ტერეზას სახელით იცნობს. ღმერთი, რომელსაც დედა ტერეზა და მისი მომხრეები წარმოდგენდნენ ამ კამპანიის განმავლობაში, სამარადისო წარწყმედით სჯიდა უბრალო ირლანდიელ ქალს, რომელსაც არ სურდა ეთმინა ყოველდღიური შეურაცხყოფა, ცემა, შვილების გაუპატიურება და ა. შ.
მოგვიანებით, იმავე 1996 წელს, იმავე დედა ტერეზამ განაცხადა, რომ ძალიან სურს, პრინცესა დაიანამ მალე დააღწიოს თავი ქორწინებას, რომელიც, საბოლოო ჯამში, მისთვის უიღბლო აღმოჩნდა.
მსგავსი მაგალითების მოძიება ადვილია. მათში მოცემული აშკარა წინააღმდეგობის შეფასება კი სხვადასხვანაირად შეიძლება.
აგნოსტიკოსი ხელს ჩაიქნევს და იტყვის, რიგითი ფარისევლობააო. გულანთებული ანარქისტი გაცხარებით დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ეკლესია, როგორიც არ უნდა იყოს ის, საუკუნეების განმავლობაში უფრო სიღარიბეს ეხმარებოდა, ვიდრე ღარიბებს, უფრო ტანჯვას უთანაგრძნობდა, ვიდრე ტანჯულებს. ვაღიაროთ, რომ ორივე პოზიცია საკმაოდ საფუძვლიანია, მაგრამ დავიწუნოთ კიდეც, რადგან არც გულგრილობა გვიზიდავს და არც საგანში ზედმეტად ემოციური ჩართულობა.
ჩვენი მიზანი წინააღმდეგობრივი ფენომენის გაგება, მისი ახსნაა. და როგორც კი ავხსნით, მაშინვე აღმოჩნდება, რომ ფენომენი სულაც არ არის წინააღმდეგობრივი.
ყველაზე ადვილ და ზედაპირზე მოტივტივე ახსნას ალბათ მოყვარული ლიბერტარიანელები შემოგვთავაზებენ და იტყვიან, რომ ყველაზე ადრე და ყველაზე კარგად სწორედ ეკლესია მიხვდა: მდიდართა დათრგუნვა ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ღარიბთა ბედნიერებას.
გარკვეული აზრით ესეც მართალია, მაგრამ ჩვენ შორს ვართ იმისგან, სინამდვილე სწორხაზოვნად წავიკითხოთ, თანაც იმ მხრიდან, რომელიც ყველაზე კარგად ეთანხმება ჩვენს საკუთარ შეხედულებებს. ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ შინაგანი მოტივაცია - მადლობა ღმერთსა და გლობალიზაციას, რომ დღეს საქართველოში ყველას ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა.
დავიწყოთ იმით, რომ რელიგიურ ყოფაში ამგვარი არჩევითი დამოკიდებულება ყველა დონეზე შეინიშნება. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მღვდელი ან ეპისკოპოსი, რომელთანაც "პიარ" იმპულსებით აღგზნებული პრეზიდენტი ან პირველი ლედი მივიდა საზიარებლად, მან კი უკან გააბრუნა, ხსნილის ან აღსარების ჩაუბარებლობის მიზეზით? მე მეძნელება.
არც ასეთი ხმამაღალი მაგალითების მოძიებაა აუცილებელი, რადგან ფენომენს ყოველ სამრევლო თემში შეგვიძლია დავაკვირდეთ. ყველგან არის შუახნის მჭახეხმიანი დედაკაცი, რომელმაც მღვდელზე უკეთ იცის ყველაფერი და მრევლის შიგნით ერთგვარი სახალხო რაზმის როლს ასრულებს. არიან უცნაური სტუმრები, რომლებიც თითქმის არასოდეს დგანან წირვაზე, მაგრამ დროდადრო გამოჩნდებიან, მღვდლის დანახვაზე სახეზე ზეთი და ბადაგი გადასდით, მერე კი ასევე უხმოდ ქრებიან მანქანის კარის ჯახუნისა და კარგად აწყობილი სტარტერის ხმასთან ერთად. არიან მოგიჟო ელემენტები, რომლებიც უხვი მეტანიებით გამახსოვრდებიან და იმით, რომ ყველაზე ხშირად ხვდებათ თავში. არის სტიქაროსანთა გუნდი, ლაქიური სერვილიზმისა და ცენტრთან ქედმაღალი სიახლოვის კურიოზული ნაზავი - საკმეველსაც გააფიცხებენ და მიცვალებულთა მოსახსენიებლად მოზიდულ ხორაგსაც გუნდურად მიაძღებიან. არის მდიდრულად ჩაცმული და უკიდურესად მოვლილი ქალბატონი, რომელსაც მღვდლის პრესტიჟი აბარია - ეს ზეპური დედაც იშვიათად ჩნდება, მრევლის დანარჩენ წევრებს დისტანცირებული სიყვარულით გადახედავს და "მამაოსთან" განმარტოვდება: ეგ იმის შვილია, აი, ხომ გახსოვთ... მოსკოვში აქვს დამთავრებული, "მეხა ი პუშნინა"... ჩვენი "მამაო" მისი მოძღვარია...
თითოეულ ტიპაჟს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება მაგრამ ყველას მიმართ და ყველა დონეზე მოქმედებს ორი უცვლელი პრინციპი: 1) რაც უფრო დიდია ტიპაჟებს შორის სოციალური განსხვავება, მით უფრო თვალში საცემი და მკვეთრია ხსენებული წინააღმდეგობა: დაბალ საფეხურებზე ყველაფერი, ასე ვთქვათ, სამოძღვრო იკონომიით აიხსნება, მაგრამ როდესაც ერთმანეთს ვადარებთ სამეფო ოჯახის წევრისა და უბრალო მოკვდავის მიმართ მიდგომებს, აქ უკვე ვერავითარი სამოძღვრო ღვთისმეტყველება ვერ ახსნის ყბადაღებულ შეუსაბამობებს. 2) დაბალ საფეხურზე მდგომი ყოველთვის უფრო მეტად ითრგუნება.
ერთი სიტყვით, თუ კარგად დავაკვირდებით, აქ მართლაც რთულ და განვითარებულ სტრუქტურას აღმოვაჩენთ. განვითარებული სტრუქტურები კი არ არსებობენ ინდივიდუალური ან ჯგუფური ფარისევლობისა და ოპორტუნიზმის საფუძველზე. და თუმცა ფარისევლობაც და ოპორტუნიზმიც საკმაოდ ადვილი შესამჩნევია, ეს მხოლოდ გარეგნული გამოვლინებებია. საკვანძო სიტყვა კი არის კონტროლი. საეკლესიო სისტემა კონტროლის საშუალებით, მის ხარჯზე არსებობს. თუ ამას ვაღიარებთ, მაშინ წინააღმდეგობაც ქრება, რადგან ძლიერი უფრო ადვილად ალერსითა და წახალისებით კონტროლდება, სუსტი კი ძალმომრეობით.
ახალი არაფერი გვითქვამს. რა თქმა უნდა, კონტროლი ყოველგვარი საზოგადოებრივი სტრუქტურის აუცილებელი ნაწილია. მაგრამ საეკლესიო სამყაროში ის ორი თავისებურებით გამოირჩევა:
პირველი - კონტროლის ობიექტები არიან ყველა და ყოველთვის. თუ საზოგადოების განვითარებასთან ერთად საერო ძალაუფლება საგრძნობლად იცვლება, რბილდება და შტოებადაც კი იყოფა, ისე რომ მას, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება მივანიჭოთ "ღამის დარაჯის" ფუნქცია, საეკლესიო სტრუქტურაში ეს პრინციპულად შეუძლებელია. შეიძლება მოვითხოვოთ, რომ სახელმწიფო კონტროლი, ასე ვთქვათ, მძინარე მდგომარეობაში იყოს, მაგრამ პირველივე ფორმალურ მოხმობაზე იღვიძებდეს და ვითარებას არეგულირებდეს მისთვის დაწესებულ ფარგლებში. მაგრამ ეკლესიისათვის საარსებო პირობა მოთხოვნებისადმი ადეკვატურობა კი არ არის, არამედ საკუთარი ერთხელ და სამუდამოდ დაწესებული წყობა, ანუ თვითშენარჩუნება მინიმალური ადაპტაციით ან სულაც ადაპტაციის გარეშე. ამიტომ საეკლესიო კონტროლი ვერ დაიძინებს, რადგან აშკარად გამოჩნდება, რომ ეს სტრუქტურა სულაც არ არის აუცილებელი; საეკლესიო კონტროლი მხოლოდ "დამრღვევებით" ვერ შემოიფარგლება, ამიტომაც ყველას უნდა მიენიჭოს დამრღვევის, პროფესიულ ჟარგონზე კი ცოდვილის კვალიფიკაცია. რა თქმა უნდა, სტოაში მდგომი ბოგანო ბევრად უფრო ცოდვილია, ვიდრე მდიდარი და გავლენიანი ქტიტორი, მაგრამ ეს უკვე დეტალებია...
მეორე - დროთა განმავლობაში კონტროლი სულ უფრო და უფრო უცხოვდება თავისი პირვანდელი საფუძვლისაგან. სანამ ეკლესია საზოგადოებაში ერთადერთი მედიაციური ინსტიტუტის როლს ასრულებდა, ანუ, სხვა სიტყვებით, ეკლესიის გარეშე შეუძლებელი იყო სუსტის დაცვა, სოციალური სტატუსის ამაღლება და ა. შ., მანამ არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა კონტროლის ფორმალურ საფუძველს, ანუ მოძღვრებას, ანუ თეოლოგიას.
კონკრეტულად, ამას ასეთი სახე ჰქონდა: ძლიერის სურვილები და უძლურის ბოღმა უნდა შეიზღუდოს, რადგან ძლიერიცა და უძლურიც ხატად და მსგავსად ღვთისა არის შექმნილი. ქრისტიანობის იდეური შინაარსის, ანუ საღვთო წერილისა და საღვთო გადმოცემის შენახვა და მუდმივად განახლებადი განმარტება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის არა მარტო შინაგანი სისტემის, არამედ მთელი საზოგადოების შენარჩუნებას უზრუნველყოფდა.
დღეს ვითარება შეიცვალა: ეკლესია საზოგადოების სტაბილურობას კი არ განაპირობებს, არამედ ცდილობს საზოგადოების გარკვეული ნაწილის საშუალებით შეინარჩუნოს საკუთარი შინაგანი სტრუქტურა. საზოგადოების ამ ნაწილს მრევლს უწოდებენ და დაჟინებით გვარწმუნებენ, რომ მისი წილი 80 პროცენტზე მეტია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ 80 პროცენტს რეალურად არ ენდობიან და სახელმწიფო მხარდაჭერას ითხოვენ. ამ შემთხვევაში უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა მოძღვრების შინაარსს, ის ნებისმიერი ხდება. თუ ადრე კონტროლი დაბალანსებული და მიზანშეწონილი იყო, დღეს მის უზრუნველსაყოფად უკვე ნებისმიერი ხერხი გამოდგება. რა საჭიროა სულთა განათლებაზე ზრუნვა, თუ შენი ნათქვამის ქმედითობაზე დღევანდელი საინფორმაციო პროცესების გვერდითი ეფექტი ზრუნავს და ნებისმიერი სისულელე შეიძლება გაასაღო საღვთო ჭეშმარიტებად.
ადრე: "ყველაფერი მიეტევება ადამიანს, გარდა სულის წმინდის გმობისა"; დღეს: "პატრიარქზე ასე ნუ ლაპარაკობთ, თორემ ღმერთი დაგსჯით". ადრე: "მორჩილება სიქველეა, ოღონდ არა სინდისის საწინააღმდეგოდ, რადგან ნება თავისუფალია"; დღეს: "ვინ მოგცათ მოძღვრის განკითხვის უფლება?!"; ადრე: "ჭამე, რადგან არაფერია უწმინდური, რაც მე განვწმინდე"; დღეს: "ჩიპიანი პასპორტებით ცდილობენ ჩვენს დამონებას"; ადრე: "არ არსებობს არც ელინობა და არც ებრაელობა, არც მონობა და არც თავისუფლება, არც მამაკაცობა და არც დედაკაცობა, რადგან ერთნი ხართ იესო ქრისტეს მიერ"; დღეს: "იაპონელებს ქალიშვილობის ინსტიტუტი არა აქვთ და ამიტომ დასაჯა ღმერთმა"; ადრე: "ვინც უცოდველია, პირველმა მან ესროლოს ქვა"; დღეს: "შარვლიანი დედაკაცი სძაგს უფალსა"...
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მაგალითებია და ცალსახად არაფერს ამტკიცებს, არამედ მხოლოდ აადვილებს თვალნათლივ დავინახოთ სულიერი სიდუხჭირის მოძალება. მაგრამ ყველაზე თვალსაჩინოდ ამ სიდუხჭირეს, ქრისტიანული სულისკვეთების დაკნინებას ვხედავთ იმ განცხადებაში, რომლითაც საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების გადამრჩენ ინიციატივას.
როგორც ეტყობა, საქართველო მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლაში არ ლიდერობს, არამედ პოსტქრისტიანული პროცესების მანათობელი შუქურაც არის: ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აღდგენა არ მოსწონთ. მაგრამ ამ მეჩეთის აღდგენა თუ აჭარის მუსლიმთა თემმა მოითხოვა, საქართველოს კანონმდებლობაში ნამდვილად გაჭირდება რაიმე დაბრკოლების გამონახვა. და თუ ეს თემი იმდენად სუსტია, რომ მეჩეთს ვერ გამოიყენებს, ის აღდგენის შემდეგ უბრალო არქიტექტურულ დეტალად დარჩება და, არა მგონია, ბათუმში უფრო უადგილო იყოს, ვიდრე ბოლონიის პიაცა ნეტუნოდან უცვლელად გადმოღებული შადრევანი.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საპატრიარქო ერთობ გულწრფელი აღმოჩნდა თავის განცხადებაში: თუ სვეტიცხოველში დაგებული მეტლახის იატაკი და მის გალავანზე დაკიდებული კონდიციონერები მხოლოდ მიგვანიშნებდნენ ეროვნული მეხსიერებისადმი დღევანდელ მწყემსთა რეალურ დამოკიდებულებას, განცხადების შემდეგ ეს დამოკიდებულება სრულიად აშკარა გახდა.