საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ ჯონ ტეფტის ოთხწლიანი საქმიანობა სექტემბერში სრულდება. ტეფტი შეერთებული შტატების რიგით მეოთხე ელჩია. მას ჯონ ბასი შეცვლის, რომელიც საქართველოში ოქტომბერში ჩამოვა და მუშაობას შეუდგება.ჯონ ტეფტი "24 საათს" საქართველოში მუშაობის დროს მიღებული შთაბეჭდილებებისა და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.
24 საათი 01.09.09

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ ჯონ ტეფტის ოთხწლიანი საქმიანობა სექტემბერში სრულდება. ტეფტი შეერთებული შტატების რიგით მეოთხე ელჩია. მას ჯონ ბასი შეცვლის, რომელიც საქართველოში ოქტომბერში ჩამოვა და მუშაობას შეუდგება.ჯონ ტეფტი "24 საათს" საქართველოში მუშაობის დროს მიღებული შთაბეჭდილებებისა და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.
- საქართველოში თქვენი მუშაობის დრო უკვე იწურება. ოთხი წლის მანძილზე საკმაოდ ბევრი მოვლენის მომსწრე და მონაწილე გახდით. და მაინც, რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში?
- რთულია რაიმე კონკრეტულის გამოყოფა. საქართველოზე უამრავი კარგი მოგონება მექნება. რასაკვირველია, ომი არ არის კარგი მოგონება. ერთი, რითიც ვამაყობ და განსაკუთრებით აღვნიშნავდი, არის ის პასუხი, რომელიც შეერთებული შტატების მხრიდან საქართველომ გასული წლის ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მიიღო. ჩვენი პასუხი ნაწილობრივ როგორც ჰუმანიტარულ, ასევე იმ მილიარდდოლარიან დახმარებაში გამოიხატებოდა, რომელიც საქართველოს შეერთებულმა შტატებმა გამოუყო. ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჯოზეფ ბაიდენს, რომელიც იმ პერიოდისთვის სენატორი იყო და სენატში ძალიან აქტიურობდა. აღმასრულებელ რგოლშიც ყველა სააგენტო, ყველა სამთავრობო სტრუქტურა გაერთიანდა, რათა საქართველოს მიეღო მილიარდიანი დახმარება. ეს იყო საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების განწყობის მტკიცე ნიშანი.
- თქვენ მრავალი წელია დიპლომატი ხართ. გაქვთ ყოფილ საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის გამოცდილებაც. მოგეხსენებათ, საქართველოც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, თუმცა იგი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა რეგიონში, რომელმაც ღიად დაიწყო დასავლური ფასეულობების დანერგვა. აქ ჩამოსვლისას თი იგრძენით საბჭოთა სისტემის გავლენა.... როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება ამ ქვეყანაზე და როგორია ახლა?
- მე მსოფლიოს ამ ნაწილში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს. მოღვაწეობა დავიწყე 1977 წელს, როდესაც უნგრეთში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატად დავინიშნე. მაშინ მმართველობაში ჯერ კიდევ კომუნისტები იყვნენ. 1991 წელს, იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა, ვმუშაობდი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საბჭოთა კავშირის განყოფილებაში. ასევე ვიყავი სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, ვკურირებდი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ჩემს სფეროებში შედიოდნენ რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და მოლდოვა. საქართველომ, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციით, სერიოზული განაცხადი გააკეთა, რომ მას ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება და გაძლიერება სურს. როგორც საქართველოში სტუმრობისას ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა: "ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება საერთო დემოკრატიულ იდეალებს, ეყრდნობა იმ ფასეულობებს, რაც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს. დემოკრატია რთული და ხანგრძლივი პროცესია, შეიძლება ხშირად გვსურს, რომ ეს პროცესი უფრო სწრაფადაც წარიმართოს, მაგრამ მე საქართველოში პირველად ჩამოსვლის დროსაც და დღესაც იმას ვფიქრობ, რომ მეტი უნდა გაკეთდეს და ეს არის პროგრესი, რომელსაც დრო სჭირდება."
- ბუნებრივია, საქართველოში ჩამობრძანებამდე, გექნებოდათ ინფორმაცია ამ ქვეყნის შესახებ და აქ განვითარებულ მოვლენებზე... რამდენად შეესაბამებოდა წინასწარი შთაბეჭდილება რეალობას?
- რა თქმა უნდა, საქართველოში ჩამოსვლამდე კარგად ვიყავი ინფორმირებული. როდესაც საქართველოში დანიშვნის შესახებ შევიტყვე, ის პერიოდი კარგად გამოვიყენე და მოვემზადე. მრავალი შეხვედრა მქონდა საქართველოს თემაზე მომუშავე ადამიანებთან, ჩემს წინამორბედ ელჩთან, ბატონ მაილსთან, ასევე ექსპერტებთან. საქართველოში მუშაობის დროსაც მჭიდრო კონტაქტი მქონდა არასამთავრობო სექტორისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან, როგორც ამერიკელებთან, ისე ევროპელებთან - მათთან, ვინც კარგად ფლობს ინფორმაციას და იცნობს საქართველოს.
- ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მხარს უჭერს ქვეყანაში დემოკრატიის და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. თქვენც, მთელი ოთხი წლის განმავლობაში, როგორც აშშ-ს წარმომადგენელი, ამ კუთხით მუშაობდით და რეკომენდაციებს აძლევდით ქვეყნის ხელისუფლებას, რათა ქვეყანაში იყოს უფრო მეტი დემოკრატია. ახლა, საქართველოში თქვენი ოთხწლიანი მოღვაწეობის დასასრულს, როგორ შეაფასებთ ქართული დემოკრატიის ხარისხს? არის მოსაზრება, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება შეჩერდა...
- კვლავ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვებს გავიმეორებ, რომელიც მან საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას წარმოთქვა: "არ არსებობს დემოკრატიის რაიმე სპეციფიკური შემოწმება. მე განსაკუთრებით მივმართავ საქართველოს ახალგაზრდობას, ქართველი ლიდერების მომავალ თაობას, რათა გავაგრძელოთ მათი იდეალების, მათი ხმის და ენერგიის ხელშეწყობა და ამით დავეხმაროთ მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული და ეკონომიკურად აყვავებული საქართველოს შექმნაში." საქართველო უკვე დგას ამ გზაზე და მას სხვა ქვეყნები ეხმარებიან. ამ პროცესში მე ჩემი წვლილის შეტანას ვცდილობდი. ჩემს შემდეგ ამ მისიას ელჩი ბასი გააგრძელებს.
- ბატონო ტეფტ, საქართველოში თქვენი მუშაობის მანძილზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან არაერთხელ გამხდარხართ კრიტიკის ობიექტი. ხშირად გაისმის ბრალდებები, რომ ხელისუფლებას ლობირებთ. როგორ მოქმედებს თქვენს დიპლომატიურ საქმიანობაზე ასეთი განცხადებები? ალბათ იმ პოლიტიკურ ფიგურებთანაც გიწევთ ურთიერთობა, ვინც თქვენი მისამართით ასეთ განცხადებებს აკეთებს...
- მე დიპლომატი გახლავართ. მე ვარ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელი და აქ, ჩვენი საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, მის პოლიტიკას ვატარებ. ამ პოლიტიკას პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და სხვა ოფიციალური პირები ქმნიან. მართალია, ზოგი მაკრიტიკებს, ეს მათი ნებაა. წლების განმავლობაში ვცდილობდი, აქტიურად მემუშავა როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან საქართველოში დემოკრატიული განვითარების, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვმუშაობდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე. ჩვენთვის ეს ყოველდღიური სამუშაოა.
- თქვენ აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობაში ერთგვარი შუამავალი ხართ და საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესს ინტერესით აკვირდებით. ფაქტობრივად, 2007 წლის 7 ნოემბერიდან მოყოლებული, საქართველოში პოლიტიკური პროცესები პერმანენტული არასტაბილურობით ხასიათდება. თქვენ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი, რაში ხედავთ გამოსავალს? რა რეკომენდაციები შეგიძლიათ მისცეთ ხელისუფლებას და ოპოზიციას?
- ეს საკითხები ნამდვილად არსებობს. მე კვლავ ბატონი ბაიდენის სიტყვებს მოვიშველიებ: "ვარდების რევოლუცია მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც მთავრობა მეტად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახდება, ხოლო მართვა საზოგადოების ფართო მონაწილეობით განხორციელდება; როდესაც სხვადასხვა საკითხებზე დავა პარლამენტის შენობის დარბაზებში წარიმართება და არა მხოლოდ გარეთ, ქუჩაში; რომ მეტი არის გასაკეთებელი და ვარდების რევოლუცია მაშინ იქნება ბოლომდე მიყვანილი, როცა დემოკრატიული კუთხით საქართველოს უფრო მეტი პროგრესი ექნება." ეს არის გარკვეულად იმის შეჯამება, რის უზრუნველყოფასაც ჩვენ ვცდილობთ. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან.
- ამ დღეებში ძალიან აქტიურად საუბრობდნენ გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველოში გადმოყვანაზე. სხვათა შორის, ამ კონტექსტში იმაზეც იყო ლაპარაკი, რომ ეს, შესაძლოა, საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების პარალელურად მომხდარიყო. რამდენად რეალურია ასეთი პერსპექტივა?
- "ვაშინგტონ პოსტში" ვნახე სტატია ბაზების შესახებ და ეს ხუმრობად მივიჩნიე. საქართველოში ერთმა ოფიციალურმა პირმა უთხრა ამერიკის ოფიციალურ პირს, რომ მივიღებთ გუანტანამოს ციხის ყველა მკვიდრს, თუ თქვენ საქართველოში სამხედრო ბაზას ააგებთო და, ჩემი აზრით, ეს ხუმრობა იყო "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში ასახული. როდესაც სახელმწიფო მოხელე ხარ და სტატუსი გაქვს, ძალიან ფრთხილად უნდა იყო ხუმრობისას. რაც შეეხება გუანტანამოს ციხის მკვიდრთა განაწილებას საქართველოსა თუ სხვა ევროპულ სახელმწიფოებში, ეს ამჟამად განხილვის სტადიაშია, მიმდინარე პროცესია და ამაზე საუბარი ნაადრევი იქნება.
- შეერთებული შტატები გლობალური უსაფრთხოების სისტემის მთავარი გარანტია. რა ფუნქცია აქვს საქართველოს უსაფრთხოების ამ სისტემაში?
- საქართველო შეერთებული შტატებისთვის მუდამ იყო საინტერესო. ამ საკითხზე საკმაოდ ზუსტად ისაუბრა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის გამოსვლაში. მისი თქმით: "საქართველო გახდა მოდელი დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის კანონის უზენაესობისა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში." საქართველო მნიშვნელოვანია თავისი სატრანზიტო ფუნქციის გამო, რაც გამოიხატებოდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისა და ნავთობისა და გაზის სხვა მნიშვნელოვანი მილსადენების ტრანზიტის შესაძლებლობაში. საქართველო მნიშვნელოვანია, როგორც პარტნიორი შეერთებული შტატებისა და ევროპისთვის. ჩვენ და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები საქართველოს პარტნიორად მივიჩნევთ. ეს აისახა ბუქარესტში ნატო-ს სამიტზეც, სადაც ითქვა, რომ საქართველოს გახდება ნატო-ს წევრი. ასევე აისახება საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებში.
- ობამას ხელისუფლების მოსვლამდე საქართველოში არსებობდა შიში, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის ინტერესი შემცირდებოდა. ობამას ხელისუფლების მიერ გადადგმულმა პირველივე ნაბიჯებმა აჩვენა, რომ ეს ინტერესი კვლავ არსებობს. არის თუ არა საფრთხე, რომ მომავალში საქართველო ნაკლებად აქტუალური გახდება ამერიკისთვის და მას სხვა საერთაშორისო საკითხები და ინტერესები გადაწონის?
- მინდა კვლავ ბაიდენის სიტყვების ციტირება მოვახდინო: "ვიცი, არსებობს გარკვეული წუხილი, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა საქართველოს ხარჯზე მოხდება. მინდა, ნათლად განვაცხადო: ეს არ მომხდარა, ეს არ მოხდება და ეს ვერ მოხდება." ეს დღესავით ნათელია.
- ბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მკაფიოდ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები დამკვიდრებული გავლენის სფეროების არსებობის წინააღმდეგია. ბაიდენის თქმით, საქართველოს თავისუფლება მნიშვნელოვანია ამერიკისა და მთელი მსოფლიოსთვის... საქართველოში მისი ეს ვიზიტი შეფასდა, როგორც ობამას მოსკოვური ვიზიტის შემდგომ კრემლისთვის გაგზავნილი მესიჯი. ეს მართლაც ასე იყო თუ არა და, თქვენი აზრით, რამდენად სწორად აღიქვა ადრესატმა აღნიშნული გზავნილი?
- მოსკოვში ეს ნათლად აღიქვეს. ეს ჩვენი პოლიტიკის ფუნდამენტურ ნაწილს წარმოადგენს და ჩვენი ევროპელი მოკავშირეებიც ამავე აზრზე არიან. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის სამეზობლო პოლიტიკა და პარტნიორობის პროგრამა, რომელიც საქართველოს აქვს. ასეთია ახალი, 21-ე საუკუნის ევროპული წყობა. ხოლო ინტერესთა გადანაწილების სფერო, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მე-19 საუკუნის პოლიტიკის ასახვაა.
- აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თარიღმა განუსაზღვრელი ვადით გადაიწია. თუმცა, ბუქარესტის დაპირება ძალაში რჩება. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსი?
- მე ძალიან სერიოზულად აღვიქვამ ბუქარესტში ნატო-ს სამიტის დროს გაჟღერებულ სიტყვებს, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან. როგორ და რამდენად სწრაფად მოხდება, ეს ცალკე თემაა და ამაზე საუბარი გამიჭირდება. თუმცა ამ განცხადებას ძალზე სერიოზულად აღვიქვამ და ამისი მჯერა.
- დღეს საქართველოს საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არჩეული პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის გამო დაკარგა ტერიტორიები - კერძოდ, რუსეთმა საქართველო დასავლური არჩევანის, მათ შორის ნატო-ში შესვლის მცდელობის გამო დასაჯა. როგორ ფიქრობთ, თუ საქართველო გააგრძელებს აღნიშნულ საგარეო-პოლიტიკურ კურსს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რა გარანტიები აქვს?
- საგარეო პოლიტიკა, რომელიც საქართველომ აირჩია, არის ის კურსი, რომელსაც, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა. ეს არ არის მთავრობის არჩევანი, ეს ის არჩევანია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს. ამაში ჩვენ ყოველდღიურად ვრწმუნდებით, როდესაც ვხედავთ სტუდენტების რაოდენობას, რომლებიც თავიანთი განათლების შემდგომი ეტაპისთვის ამერიკას თუ ევროპას ირჩევენ. მიუხედავად შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილებისა, მიუხედავად იმისა, ხელისუფლებაში დემოკრატები იქნებიან თუ რესპუბლიკელები, საქართველოს მიმართ ამერიკის ადმინისტრაციის განწყობა არ იცვლება და არა მხოლოდ საქართველოს, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართაც. ამის შესახებ პრეზიდენტმა ობამამ მოსკოვში გააკეთა განცხადება, ვიცე-პრეზიდენტმა - საქართველოში, სახელმწიფო მდივანმა კლინტომა კი თავის მთელ რიგ განცხადებებში.
- შეერთებული შტატები საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური დონორი და სტრატეგიული მოკავშირეა. თქვენი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტი განხორციელდა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რომელი იყო მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკისთვის?
- ამერიკის დახმარების პროგრამებიდან გამოვყოფდი იმ დახმარებას, რომელიც საქართველოში ომის შემდეგ შემოვიდა. 250 მილიონი დოლარის ღირებულების პირველი ნაწილი საბიუჯეტო დახმარებაზე წავიდა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობას, გადაეხადა ხელფასები და შეესრულებინა საბიუჯეტო ვალდებულებები. ჩვენ გვაქვს სხვა პროგრამებიც, რომლებიც არ უკავშირდება პოსტკონფლიქტურ სიტუაციებს და საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ხორციელდება. აღნიშნული პროგრამები მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს, რათა იგი თანამედროვე სახელმწიფო გახდეს. მე რამდენიმეს შესახებ მოგახსენებთ: ბიზნესის კლიმატის რეფორმის პროგრამა - იგი ეხმარებოდა საქართველოს მთავრობას რეფორმების გეგმების შემუშავებაში, რამაც ქვეყანას, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში შეუწყო ხელი. საქართველო გახდა მსოფლიოში პირველი რეფორმატორი სახელმწიფო, რაც მსოფლიო ბანკმაც აღიარა. პროგრამის, სახელწოდებით "ჯანმრთელი ქალები", ფარგლებში საქართველოში მცხოვრებ ქალებს მიეცათ საშუალება, ბავშვები უსაფრთხო და დაცულ გარემოში გააჩინონ. ასევე აღვნიშნავ სასოფლო-სამეურნეო პროგრამას. გახსოვთ ალბათ, როდესაც რუსები ე.წ. ბუფერული ზონიდან გავიდნენ და ქართველი მოსახლეობა საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნდა, მათ მოსავალი განადგურებული დახვდათ. აუცილებელი იყო ზამთრამდე თესვის მოსწრება. ჩვენ ძალიან სწრაფად მოვახდინეთ რეაგირება და ათასობით ფერმერსა და გლეხს გავუწიეთ დახმარება, მივაწოდეთ ხორბლის სათესლე მასალა, შედეგად კი გლეხებმა უმაღლესი ხარისხის მოსავალი მიიღეს. ვფიქრობ, ეს სამი კარგი მაგალითია.
- ბატონო ტეფტ, თუ შეგიძლიათ, გვითხრათ თქვენი გეგმების შესახებ. საინტერესოა, სად გააგრძელებთ საქმიანობას. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, თქვენ უკრაინაში უხელმძღვანელებთ დიპლომატიურ მისიას...
- ამ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. ჩემს მომავალს ვაშინგტონში ჩემი ხელმძღვანელები წყვეტენ.
- თქვენს შემცვლელად ჯონ ბასი დასახელდა. რა რეკომენდაციებს მისცემთ მას, რა უნდა გაითვალისწინოს საქართველოში მუშაობის პერიოდში?
- მას, პირველ რიგში, ის ვუთხარი, რომ ძალიან გაუმართლა, თუმცა მგონი არ სჭირდებოდა ამის თქმა, რადგან პრეზიდენტმა ობამამ და სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა შეარჩიეს. მთელი რიგი პრობლემების გამო, რომლებზეც უკვე ვისაუბრე, მას აქ ნამდვილად ექნება გამოწვევებით სავსე სამსახური. როდესაც ბატონ ბასს ვაშინგტონში შევხვდები, ვურჩევ, რაც შეიძლება მეტი იმოგზაუროს საქართველოს მასშტაბით და მეტ ადამიანს შეხვდეს, იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ცხოვრების მთელ სპექტრს წარმოადგენენ. საქართველოში ჩემი მოგზაურობისას აღმოვაჩინე, რომ ქართველები ძალზედ ამაღელვებელ მოქმედებებს სჩადიან. ისინი ყველაფერს აკეთებენ ცხოვრების, თავიანთი ქვეყნის გაუმჯობესებისთვის, იმისთვის, რომ მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. ჯონ ბასსაც გაუჩნდება პატივისცემა იმ ადამაინების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, თავისი ქვეყანა დასავლეთის ნაწილი გახადონ. ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი რჩევა იქნება, რომ ფრთხილად იყოს ქართულ სუფრაზე, რადგან ქართული კერძები იმდენად გემრიელია, ძალზედ რთულია, ცდუნებას გაუძლო.
- როგორ შეაფასებდით თქვენს პირად წვლილს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარებაში?
- მეც და ჩემი თანამშრომლებიც აქტიურად ვცდილობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს განვითარებაში. პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს მიერ ხდება, შემდგომში ამ გადაწყვეტილებებს სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპული დეპარტამენტის ბიურო და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ახორციელებენ. ჩვენ ჩვენი შეხედულებები გვაქვს და ვცდილობთ, ეს დადგენილი პოლიტიკის ფარგლებში ავსახოთ.
- დაბოლოს, რა როლი ითამაშა საქართველოში მუშაობის პერიოდმა თქვენს დიპლომატურ კარიერაში?
- მე და ჩემი მეუღლე ძალზედ კმაყოფილები ვართ იმ პერიოდით, რომელიც საქართველოში გავატარეთ. რომ არ ვისაუბროთ ოფიციალურ ღონისძიებებზე, ჩვენ ბევრი ქართველი მეგობარი შევიძინეთ და როგორც ჩვენ ქართველ მეგობრებს ვეუბნებით, აუცილებლად ჩამოვალთ მათთან და ისინიც გვესტუმრებიან. საქართველომ და ქართველმა მეგობრებმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს ჩვენს გულებში.