“თანამდევი სულის” პირველი ნაწილის ბეჭდვა 1987 წლის 12 სექტემბერს, ილიას მკვლელობის დღეს, კომუნისტებმა აკრძალეს...
24 საათი 01.02.10
“თანამდევი სულის” პირველი ნაწილის ბეჭდვა 1987 წლის 12 სექტემბერს, ილიას მკვლელობის დღეს, კომუნისტებმა აკრძალეს...
მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, ერთხელ მიტოვებულ საქმეს თითქმის 22 წლის მანძილზედ ვეღარ მივუბრუნდი. წიგნის წერა ახლაღა გავასრულე.
ადრე გამოქვეყნებულ ტექსტში შემჩნეული შეცდომები გავასწორე. ზოგი რამ აღვადგინე. მცირე რამ დავამატე კიდეც.
მეორე ნაწილის (1871-1907 წ.წ.) წერისას აღარც თვითცენზურა მჭირდებოდა, აღარც ცენზურის, აღარც ალკკ და სკკპ კომიტეტებისაგან პუბლიკაციათა აკრძალვის შიში მქონია.
ახლა თქვენს ხელთ არის ილიასა და მისი ეპოქის სურათი.
ეს არის წიგნი წარსულზე. ეს არის ერთგვარად “გრძელი როქი” - დღევანდელი ტკივილებით წარსულში გადასახლება და წარსულის ღია ჭრილობის დღემდე მოუშუშებლობის ჩვენება.
სამწუხაროდ, ბედი XIX საუკუნისა, XX საუკუნის დასაწყისისა და დღევანდელი საქართველოსი ალიკვალია ერთმანეთისა.
მაშინ ერის “მაჯაშისა შემტყობარი” იყო ილია ჭავჭავაძე. დღეს კიდევ უფრო მეტად გაჩნდა მისი უკვდავი სულის ჩვენთან ყოფნის საჭიროება. ილია ხომ მისივე “აჩრდილის” გმირის მსგავსად საქართველოს თანამდევი სულია.
წიგნის სათაურიც აქედან იღებს სათავეს.
ილიას მემუარები არ დაუტოვებია. მისი ცხოვრება და მისი ეპოქის სურათი რომ აღადგინო თანამიმდევრულად, მთლიანად უნდა გადასახლდე მის დროში. ეს არის ცხოვრება შენი წინაპრების გვერდით. ფრიად გულისშემძვრელი, ტკივილიანიც და სასიამოვნო მოგზაურობაც წარსულში.
ამისათვის სულ “მცირე” რამ არის საჭირო.
უნდა გაეცნო ერეკლეს შვილებისა და შვილიშვილებისაგან მოყოლებული ყველა მეტ-ნაკლოებად ცნობილ პიროვნებათა მემუარებს, ჩანაწერებს, მათ განცხადებებს, კერძო მიმოწერებს.
უცხოელნიც, რომელთაც იმ ეპოქაში საქართველოსთან შეხება ჰქონდათ, ძალიან საინტერესო მასალებს გვაწვდიან.
არაფერს ვამბობ მთავარმართებელთა და მეფისნაცვალთა მიმოწერებზე, ან, რიგ შემთხვევებში, მათ მოგონებებზე. მაგ.: ასეთი დატოვეს ვორონცოვმა და ბარიატინსკიმ. არაფერს ვამბობ ოფიციალურ გაზეთ “კავკაზზე” და ოფიციალურ “აქტებზე”, საცენზურო კომიტეტისა და ჟანდარმერიის “ეპისტოლარულ განძზე”...
იმ ეპოქის მკვლევარი უნლა გაეცნოს კოლუბიაკინის, ბოროზდინის, გრაფი ვიტეს, დიუმას, ლაისტის, უორდროპების, სხვათა და სხვათა ნაწერებს.
რაღა თქმა უნდა, XIX და XX საუკუნის დასაწყისის ქართულ პრესას, საარქივო მასალებს.
რაღა თქმა უნდა, ილიას ბიოგრაფთა ნაშრომებს, მოყოლებული - ყიფშიძე, მეუნარგია, ჟურული, მანსვეტაშვილიდან, დამთავრებული თანამედროვე მკვლევარებით.
ეს ზღვა მასალა იძლევა საშუალებას მთელი ეპოქის სრულად თუ არა, მიახლოებით მაინც დასურათებისა. ილიას ცხოვრების მეტ-ნაკლები სისავსით აღდგენისა.
თითქოს გაფანტული მძივებისაგან ერთი გრძელი კრიალოსანი აღგედგინოს!..
ბევრი რამ ვერ მოხვდა წიგნში. სხვაგვარად ტომეულები იქნებოდა საჭირო.
ილიას თხზულებებს სტუდენტობიდანვე ვიკვლევდი. დიპლომიც მასზედ დავწერე და იმავ წელს “ცისკარში” დაიბეჭდა.
ილიას სამყაროს სრულიად ახალი კარი 70-იანი წლების მე-2 ნახევრის სტუდენტებს სულკურთხეულმა აკაკი ბაქრაძემ გაგვიღო.
არაფერს ვამბობ დიდი მეცნიერის პავლე ინგოროყვას გაწეულ ღვაწლზე, რომლის შრომა 3-4 ინსტიტუტს ეყოფოდა, - ვამბობ ბატონ ლადო მინაშვილზე - ჩვენს ლექტორზე, რომლის ლექციებს ილიაზე, დღემდე სიამოვნებით ვიხსენებ.
და აი, 1986 წლის შემოდგომაზე, მაშინდელი გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქტორმა, ბატონმა პაატა ნაცვლიშვილმა, ილიას მოახლოებულ იუბილესთან დაკავშირებით შემომთავაზა - დამეწერა ილიას ბიოგრაფია, თან წიგნის სტრუქტურაც განსაზღვრა - ბიოგრაფია უნდა დაწერილიყო ცალკეული წლების მიხედვით, 70 წელი - 70 თავად.
მაშინ ბეჭდვა აგრერიგად იოლი არ იყო, თვით ნაფიცი მწერლებისთვისაც კი, ახალგაზრდა ლიტერატორისთვის - მით უფრო.
დიდი მადლობა მოვახსენე რედაქტორს და დღესაც ამ იდეისთვის დიდ მადლობას ვწირავ ბ-ნ პაატა ნაცვლიშვილს.
გახარებული შევუდექი ჩემს საქმეს.
მერე მოხდა ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ. დავწერე 33 წელი, 33 წერილი, ილია ქრისტეს ასაკში მივატოვე, რადგან ბეჭდვა ამიკრძალეს. მხოლოდ შარშან და წელს ეს წიგნი გავასრულე.
იმ პირველ პუბლიკაციებს ჩემთან ერთად ხელს აწერდა გიორგი ჯორჯაძე (ფსევდონიმია პაატა ნაცვლიშვილისა).
ამას ჰქონდა თავისი მიზეზი. რაკი წერილებს თან ვწერდი და თან ქვეყნდებოდა, მქონდა გამოუვალი რეჟიმი - დღეში ზოგჯერ 14-16 საათი უნდა მემუშავა. პაატას, ბუნებრივია, ამის დრო არ ჰქონდა. ამიტომ შევთანხმდით: პირველ ნაწილს დავწერდი მე და ის დაიწყებდა მეორე ნაწილის წერას. ვიდრე პირველი ნაწილის ბეჭდვა მორჩებოდა. მას მე-2 ნაწილის დიდი მონაკვეთი უკვე მზად ექნებოდა. აი, ამიტომ აწერდა ჩემს პუბლიკაციებს ისიც ხელს, ისე როგორც მე მოვაწერდი შემდეგში ხელს მის წერილებს. სამწუხაროდ, ეს თანაავტორობა ვერ შედგა მხოლოდ იმისა გამო, რომ ცალკეული ცდების მიუხედავად, მან ვერ მოიცალა. მე ვწუხვარ, რომ 23 წელზე მეტს ვეღარ დაველოდე და ჩემი დაწყებული წიგნი, თავადვე დავასრულე.
არა მგონია, ბატონ პაატას ეს რომ პირდაპირ დაეწერა, მუნდირის ღირსება შელახვოდა. წინასიტყვაობა აძლევდა საშუალებას, ამაზე მე არ მელაპარაკა...
სხვათაშორის, აღარც უცნაური ფორმულირების წარმოდგენა მოუწევდა: “ჩემეულ ფორმას მან ზუსტად მოარგო შინაარსი”-ო.
ფორმისა და შინაარსის ცნება ლიტერატურაში აქამდე მე სხვაგვარად მესმოდა...
თუ ფორმა იმას ჰქვია, რომ რედაქტორმა გითხრას, დაწერე ილიას ბიოგრაფია წლების თანამიმდევრობით: თითო წერილი - თითო თავი და მე ამ “მისეულ ფორმას” მოვარგე შინაარსი, მაშინ იგივე პრეტენზია ბატონ პაატასთან შეიძლება ჰქონდეთ მკვლევარებს ნ. გურგენიძესა და ი. გიორგაძეს. მათ შეუძლიათ თქვან - ეგ “შენეული ფორმა” არ არის, ვინაიდან უფრო ადრე დავწერეთ და სწორედ 1987-ში წიგნად გამოვეცით “ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე”, 1990 წელს კი “აკაკი წერეთლის ცხორვრებისა და შემოქმედების მატიანე”-ო.
ერთიც და მეორეც დაწერილია სწორედ სკრუპულოზური თანმიმდევრობით.
ხოლო მათთან, თავის მხრივ, ცოცხალი რომ იყოს, პრეტენზია უნდა ჰქონოდა ლევან ასათიანს, რომელმაც 1960 წელს გამოსცა “ცხოვრება აკაკი წერეთლისა”. სადაც უკვე წლების მიხედვით არა მშრალი ბიბლიოგრაფია, არამედ წლებისა და ცალკეული თავების მიხედვით - თითო წერილი - თითო თავი, აკაკის ცხოვრებაა აღწერილი.
ასე რომ, წიგნის ასეთი სტრუქტურა ჩვეულებრივი ხერხია და არა აღმოჩენა. ღმერთმა იცის, რომ ამ მცირე განმარტებამ იძულებით მომიწია.
დასასრულ, ბატონ პაატას კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ამ წიგნის შეკვეთისათვის, იმ ფათერაკების გადატანისთვის, რაც I ნაწილის ბეჭდვის დროს შეხვდა. დავშთები მარად მისი კეთილისმსურველი და სიხარულით შევხვდები მისი კარგი წიგნების გამოსვლას.
ნოდარ გრიგალაშვილი