სტუდენტობა რთულ, 1985-92 წლებს დაემთხვა, ორი წელი ჯარში იმსახურა.
24 საათი 13.02.10
სტუდენტობა რთულ, 1985-92 წლებს დაემთხვა, ორი წელი ჯარში იმსახურა.
მერე იყო გარეჯი, სადაც დიდ დროს ატარებდა - 1992 წელს შრომითი კარიერა გარეჯში დაიწყო, იქ დარაჯად მუშაობდა. ამ დროიდან დაიწყო ეკლესიური ცხოვრებაც, ეკონომოსიც კი იყო წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში.
ძირითადი საქმიანობა ცესკო-მდეც ციფრები იყო - მათემატიკა, პროგრამირება, ბუღალტერია, აუდიტი. ამბობს, რომ მისი პროფესია ძალიან ახლოს დგას მის ახლანდელ საქმიანობასთან - პროგრამისტობის გამო ბაზების დამუშავება მისთვის სიახლე არ არის და პროფესიონალი აუდიტისთვის ხმების დათვლაც ფინანსური აქტივების დათვლის მსგავსია.
ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის ჰობი ორ ნაწილად იყოფა - ადრეულ წლებში როკით იყო გატაცებული, თან სერიოზულად. ჯგუფიც ჰქონდა და როგორც იმ დროს, 80-იანის პირველ ნახევარს შეეფერებოდა, სარდაფებში ჩუმად უკრავდნენ. კარგი არჩევნების ოცნება მერე მოვიდა, მანამდე ამ ჯგუფის აღდგენაზე ოცნებობდა.
უფრო მერე პილიგრიმობა გახდა მისი ჰობი, - წმინდა ადგილების მოლოცვა. ბოლოს, 2007 წელს, ფერისცვალებას საბერძნეთში, ათონის მთაზე იყო.
წინა არჩევნებზე ცესკო-ში ფინანსური მონიტორინგის ჯგუფში ერთ-ერთ წევრად იყო ჩართული. ეს ჯგუფი შემოწირულობებსა და ხარჯების ანგარიშებს ამოწმებდა. ეს კანონმდებლობის მოთხოვნაც იყო და წინა თავმჯდომარისაც...
- ლევან თარხნიშვილს სტუდენტობის დროიდან, ეროვნული მოძრაობიდან ვიცნობ. მერე ის ევრაზიის ფონდში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის პროგრამებს კურირებდა. აქ ბუღალტერთა ორგანიზაციას ვხელმძღვანელობდი. “ენჯეოშნიკური” ურთიერთობები გვქონდა... როცა ცესკო-ში ასეთი ჯგუფის საჭიროება დადგა, ლევანს გავახსენდი... ორ თვეზე მეტი დაჭირდა, დავეთანხმებინე ამ ჯგუფში მუშაობაზე. მაინც არ მინდოდა საარჩევნო პროცესებში ჩართვა, პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობა არ მხიბლავდა და საარჩევნო გარემო ჩემში სიმპათიას არ იწვევდა...
- ახლა მოგწონთ ეს პროცესი?
- ახლა სხვა ვალდებულებებია და პასუხისმგებლობაც სხვანაირია. ბუღალტერია და აუდიტი რომანტიკისგან შორსაა. გამორციხულია, რომელიმე ბავშვი, ან ახალგაზრდა ამაზე ოცნებობდეს. მაგრამ, საჭირო პროფესიაა და აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებ. ეს ცესკო-ში საქმიანობასაც ჰგავს - აქაც ნაკლებია რომანტიკა და ძალზე საჭირო საქმეა.
- ცესკო-სადმი საზოგადოების ნდობა ძალზე დაბალია და ეს ტრადიცია არსებობს. როგორ აპირებთ ამ ორგანიზაციისადმი ნდობის აღდგენას დღეს?
- მზა რეცეპტები რომ არსებობდეს, არავის არ გაუჭირდებოდა ამის გაკეთება. ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი რეალობაა და ადამიანიც და მთლიანად საზოგადოებაც უნდა გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც მოცემულ მომენტში არსებობს.
თუ საქართველოს ისტორიას გავითვალისწინებთ და ოქროს ხანის მცირე პერიოდის იქით გავიხედავთ, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მძიმე გამოწვევების წინაშე უხდებოდათ საქმიანობა და გადარჩენა. პრინციპში, არაფერი შეცვლილა - დღესაც არანაკლებ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, განსხვავება ისაა, რომ მაშინ ხმალი ეჭირათ და ისე იბრძოდნენ, დღეს კი ბრძოლისა და თვითგადარჩენის სხვა მეთოდებია.
ვფიქრობ, ამ პროცესში არჩევნები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. დღესაც არანაკლები ბრძოლა გვიწევს, ფიზიკური გადარჩენის საფრთხე ისევ არსებობს, როგორც ეს ორი წლის წინანდელმა მოვლენებმა გვაჩვენა. ყველა ჩვენგანმა თავისი ბრძოლა უნდა მიიღოს და საკუთარი ჯვარი უნდა ატაროს.
საარჩევნო ტენდენციების შეცვლა და მასში გარდატეხის შეტანა მოცემულ მომენტში ყველასთვის მნიშვნელოვანია. ვთვლი, რომ ჩემთვის ეს დიდი ბრძოლა და ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
ვფიქრობ, რომ ღმერთი ადამიანს იმაზე დიდ განსაცდელს არ გამოუგზავნის, ვიდრე მას შეუძლია გადაიტანოს. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი თავისი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის რაღაცის გაკეთებას ცდილობს, შეუძლებელს ღმერთი არ მისცემს.
- აქამდე ჩატარებულ არჩევნებში უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა ცესკო-ს თავმჯდომარეს. ყევლა არჩევნები აუცილებლად ერთ ადამიანს უკავშირდებოდა. ეს იმის ბრალიცაა, რომ ინსტიტუციონალურად კარგად არ არის ჩამოყალიბებული საარჩევნო სისტემა. როგორ გგონიათ, რა როლს შეასრულებთ თქვენ?
- გეთანხმებით, დღეს საქართველოში ინსტიტუციონალური მიდგომები, სამწუხაროდ, არ მუშაობს. ჯერჯერობით, პიროვნება იმაზე მეტ გავლენას ახდენს პროცესებზე, ვიდრე ეს სასურველია. თან, ცესკო-ს თავმჯდომარის როლი მაღალია... რეალობა ასეთ მოცემულობას გვაძლევს. ყველანაირად ვცდილობ, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესი მაქსიმალურად კოლეგიალური იყოს და თორმეტივე წევრმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს.
- განათლებით მათემატიკოსი ხართ, ფინანსისტიც და თვლა თქვენი პროფესიაა. ამ თანამდებობაზე რომ თანხმდებოდით, ალბათ, ყველა ეს გამოწვევა გათვალეთ.
- ცოტა რთულია ამის თქმა. დეტალები შემდგომ უფრო გავიაზრე, სიმართლე გითხრათ, როდესაც თავიდან იყო ლაპარაკი, წარგვედგინა თუ არა ჩემი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე, ბევრი არ მიფიქრია და არა იმიტომ, რომ ეს დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო. რაც მეტს ვიფიქრებდი, ალბათ, უფრო გამიჭირდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება. თან იქ ასარჩევად იყო კანდიდატურები და ასე ვთქვი - თუ ჩემი არჩევა ღმერთმა დაუშვა, ეს ჩემი ტვირთია-მეთქი. უფრო სულიერი მორჩილების კუთხით შევხედე ამას და არა გააზრებულად, რადგან გააზრებულად რომ შემეხედა, ალბათ უფრო გამიჭირდებოდა, უფრო შემეშინდებოდა...
- გინდათ გვითხრათ, რომ ბედს მიენდეთ? რა სირთულეები დაინახეთ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ?
- ძირითადად ერთი - ცესკო ძალიან იდენტიფიცირებულია თავმჯდომარესთან და ეს არ არის სწორი. ეს ხომ სისტემაა და ნდობა სისტემისადმი უნდა იყოს და არა პიროვნებისადმი. პიროვნება მიდის და მოდის, სისტემამ გამართულად უნდა იმუშაოს.
ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს, ჟან ბუკიკიოს არაერთხელ უთქვამს - კარგი კანონმდებლობით შეიძლება ცუდი არჩევნები ჩაატარო და პირიქით, ცუდი კანონმდებლობით - კარგი. რა თქმა უნდა, კანონმდებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის მხრიდან იმის გადაწყვეტა, თუ საით უნდა მივმართოთ ერთობლივი ვექტორი.
- ქვეყანაში არჩევნების სახეს ყველა ერთად ქმნის - საზოგადოება, პოლიტიკოსები, გარემო. კარგი არჩევნები ყველაზე ძალიან მაინც ამომრჩეველს უნდა, არა?
- ადამიანის ბუნებაა იმოქმედოს საკუთარი ინტერესებით. ეს მით უმეტეს ახასიათებთ პოლიტიკოსებს და ბუნებრივია, თავის ჯგუფურ ინტერესებზე ფიქრობენ. მთავარია, საკანონმდებლო თუ საზოგადოებრივი აზრის მობილიზების კუთხით, როგორ განსაზღვრავს საზოგადოება თამაშის წესებს, რა საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ მათი ქმედების საზღვრები, სამოქმედო ჩარჩოები კარგად იყოს განსაზღვრული. როცა თამაშის წესები ჩამოყალიბებულია, პროცესები კორექტულად მიმდინარეობს, როცა ეს ჩარჩოები არ არის, საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდეც მიდის.
- პოლიტიკური სპექტრის მზაობა თანამშრომლობისთვის ერთი პატარა ტესტითაც გამოჩნდა - თქვენ ოპოზიციას სიების მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელობა შესთავაზეთ, მაგრამ მათ თავი შეიკავეს. რა იყო ამის ნამდვილი მიზეზი?
- გასაგებია, ეს საკმაოდ რთული პროცესია. ჩემი აზრით, ეს შეთავზება, თუნდაც, ფსიქოლოგიურად იყო საკმაოდ მოულოდნელი. ისინი ფრთხილობენ, რამე ხომ არ დგას ამის უკან. თუმცა, ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ეს გადაილახება. ამ თვალსაზრისით, სიტუაცია ლღვება. პროცესში ჩართვა ჩვენ არამხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისგან დანიშნულ წევრებს ვთხოვეთ, ასევე ვთხოვეთ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც...
სხვათა შორის, ორი წლის განმავლობაში დიდი სამუშაო ჩატარდა, რომ ბოლო არჩევნების მერე სიების ბაზები გასწორებულიყო.
- ერთხელ და სამუდამოდ რატომ ვერ სწორდება სიები?
- რასაც ამ მოკლე ხანში ჩავხედე, ტექნიკური ხასიათის პრობლემებია. საქმე ისაა, რომ ეს პრობლემები მეტნაკლებად ბევრს აძლევს ხელს. დიდ ყურადღებასაც არავინ უთმობდა ამას, ოპოზიციასაც გარკვეულწილად ჰქონდა მიზეზი, რაზეც აპელირება შეიძლებოდა, - ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.
საერთოდ, ეს რთული პროცესია და კარგი მართვა და სხვადასხვა უწყებების კოორდინაცია ჭირდება. მაგრამ, ამის მოგვარება რეალურია. სიტუაცია სხვაა, ხარისხი ბევრად გაუმჯობესდა. ჩვენ და სამოქალაქო რეესტრი ახლა ვიწყებთ ინტეგრაციას და ძირითადი ინფორმაცია, ნებისმიერი ცვლილება პირდაპირ ონლაინ რეჟიმში მოგვეწოდება.
- როგორ გგონიათ, ცესკოში ნეიტრალურ პირად აღგიქვამენ?
- არ ვიცი, ეს ალბათ მათ უნდა ჰკითხოთ. არ მინდა, რომ ვინმე ძალიან მეგობრად და თავისიანად მთვლიდეს. მოსვლისას დავინახე, სერიოზული მცდელობა იყო, რომ ახალი თავმჯდომარის მიმართაც უნდობლობის იგივე ხარისხი ყოფილიყო, მაგრამ მთელი ჩემი ძალისხმევა იქითკენ იყო მიმართული, რომ ამგვარ განწყობაში არ ჩავმჯდარიყავი.
ჩემს წინამორბედთან დღესაც კარგი ურთიერობა მაქვს და მეგობრად ვთვლი, მაგრამ ვფიქრობ, უმჯობესია, ნეიტრალური სახე ჰქონდეს არამხოლოდ თავმჯდომარეს, არამედ კომისიის ყველა წევრს - ნომინირების წესი შესაცვლელია, ასე დატოვება არ შეიძლება - პოლიტიკურმა პარტიებმაც იგივე პირობებში უნდა ჩააყენონ თავისი წევრები, როგორც დამოუკიდებლებმა და შემდგოში ეს შეიძლება გახდეს კანონში, დამოუკიდებლობის ხარისხის, სტატუსის ამაღლების და კომპლექტაციის წესებში ცვლილების საფუძველი... ცესკო-ში ამის თაობაზე ენთუზიაზმი მინიმალური იყო.
- გაქვთ რაიმე მექანიზმი იმისთვის, რომ ხმის დათვლის პროცესში გარიგებები უბნებზე თუ ცესკო-ში მინიმუმადე დავიდეს?
- ბევრი რამ მსმენია და მათ შორის, ამ გარიგებების შესახებაც, მაგრამ, რაც უფრო ჩავიხედე, ყველაფერი უკეთ არის ორგანიზებული და დალაგებული, ვიდრე საზოგადოებაში არსებობს ინფორმაცია. ეს აშკარად საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებლობის ბრალია. რაც კი ცესკო-ში დადებითი იყო გაკეთებული, ისიც კი არ ჩანდა. როგორც რიგით ამომრჩეველს, მეც ცუდი შთაბეჭდილება მქონდა. მართალი გითხრათ, სიები ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ამის შესახებ ინფორმაცია არსებობს.
- მხოლოდ ნაკლები კომუნიკაციის ბრალია, თუ ვინმე სხვა უფუჭებს საქმეს ცესკო-ს?
- ის, ვისაც თავისი ცუდი მუშაობის ცესკო-სთვის გადაბრალება უნდა - გააჩენენ არარეალურ მოლოდინს, რათა მოიზიდონ და მობილიზება გაუკეთონ მომხრეებს, პარტიულ თუ აქტიურ ამომრჩეველს. პირდებიან, რომ უკვე მოგებულები არიან, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო არ არიან მოგებულები. მერე კი, ცხადია, ცესკო-სკენ იშვერენ ხელს.
- გგონიათ, რომ ამჯერად ცესკო დაბალი ღობე აღარ იქნება?
- არა! არანაირად არ ვიქნებით და თუ ვინმე ხელს ჩვენსკენ გამოიშვერს, იმ ხელზე ძალიან სერიოზულად ვუკბენთ.
- თქვენი პირველი გამოცდა ადგილობრივი არჩევნები იქნება, რომლისადმიც უსაშველოდ გაზრდილია მოლოდინი და სცდება ადგილობრივ მნიშვნელობას. ერთ-ერთმა ლიდერმა ტელეეთერით ამ რჩევნებს “ქვეყნის ბოლო შანსი” თუ “დემოკრატიის ბოლო შანსი” უწოდა. როგორ აპირებს ცესკო, დაუბრუნოს ამ არჩევნებს ის სახე და მნიშვნელობა, რაც რეალურად ეკუთვნის?
- ეს განცხადება არ მომისმენია, მაგრამ ეს შეფასება არსებობს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენს დასავლელ მეგობრებში ამგვარი განწყობა არის. ცხადია, ბოლო შანსი არ იქნება, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ შეიძლება თუ არა საქართველო ცივილიზებულ ქვეყნად ჩაითვალოს; რუსეთი ჩაყლაპვას რომ დააპირებს, დაგეხმაროთ თუ მარტო დაგტოვოთ... - ამგვარი დამოკიდებულება ჩანს. არ მიკვირს ეგეთი განცხადება.
როგორც რიგით მოქალაქეს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროპაში ბევრი პოლიტიკოსია, ვისთვისაც საქართველო სერიოზულ თავის ტკივილს და პრობლემას ნიშნავს. და თუ საქართველოს ფეხი დაუცდება და პასუხისმგებლობას მოიხსნიან, მოხარულები იქნებიან. როგორც ჩანს, ეს განწყობა ძლიერდება - “მისტრალის” მიყიდვა რუსებისთვის სერიოზული სიგნალია იმისა, რომ ევროპას შეუძლია გადაყლაპოს ყველა შეურაცხყოფა, ყველაფერი... არ ვიცი, რითი ხელმძღვანელობდნენ საფრანგეთის პოლიტიკური ძალები, ისინი მზად არიან მოძებნონ მიზეზი იმისთვის, რომ საქართველო მათთვის პრობლემა არ იყოს და ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ამ თვალსაზრისით, ეს არჩევნები მართლაც მნიშვნელოვანია.
- როგორც მივხვდი, ამ ყველაფრის დაძლევას თქვენი მთავარი იარაღით - ღიაობით და გამჭვირვალობით აპირებთ?
- თუ სხვა რამეს შემომთავაზებთ, სიამოვნებით გავიზიარებ... აბა სხვაგვარად ნდობა როგორ უნდა გაზარდო? - მაქსიმალურად ჩართო პროცესებში ოპოზიცია, საზოგადოება, საერთაშორისო თუ ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი, მედია, რიგითიÕ ადამიანები... არა მგონია, სხვა წამალი არსებობდეს. ყველა ეს ქმედება პრინციპულად უნდა ერთიანდებოდეს ამ საბაზისო საკითხზე, ამოსავალი წერტილი ესაა - მაქსიმალური ჩართულობა - ღიაა ინტერნეტი, სიები, არამხოლოდ ღიაა კარები, არამედ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს კარები ღიაა და შემოსვლა შეუძლიათ.
- გადავიდეთ სიებზე - რა ციფრია ეს - 3 700 000?
- აქ არის მანიპულირების საშუალება. თუ ამაში საქართველოს მოსახლეობას გულისხმობენ, ეს ასე არ არის. ეს არის საქართველოს იმ მოქალაქეების სია (და არამხოლოდ საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა სია), ვინც 30 მაისის მდგომარეობით 18 წლის ზევით ასაკისაა.
არის ერთი მექანიზმი, რომელიც აქამდე სირთულის გამო ნაკლებ გამოიყენებოდა - საარჩევნო სიაში უნდა იყოს მითითებული, რომ პირი ქვეყნიდან გასულია. რთული ტექნიკური საკითხია თუ სად ვიპოვოთ ქვეყნიდან გასული მოქალაქეები. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავაფიქსიროთ, მაგრამ უფრო ადრე გასულების მოძიების ერთადერთი მექანიზმი არის “კარდაკარ”-ის ჩატარება (2005-2006 წლებამდე გასულების მოძიება ჭირს, მერე უკვე კონტროლდება). ეს ყველაფერი პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციის საგანი ხდება.
- ზოგი ოპოზიციური პარტია სიების გადამოწმების პროცესში მონაწილეობას არ იღებს, რა არის ამის მიზეზი?
- რთული სათქმელია. მოდი, ასე დავსვათ კითხვა - ის, ვინც დათანხმდა, რატომ დათანხმდა...
- “ქრისტიან დემოკრატების” აზრით, მათ ამ პროცესისთვის გამოყოფილი თანხა პირადი მიზნებისთვის ჭირდებათ...
- ამის გამორიცხვა არ შეიძლება. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, ალბათ, გამოკვეთილი აქვს ის უბნები, სადაც წარმატების შანსი აქვს და სწორედ ამ უბნებში და რეგიონებში მხარდამჭერთა მობილიზაციისთვის ჭირდება ეს ფული.
- რა გავლენა შეიძლება მოახდინოს არჩევნების პროცესზე იმ პარტიების პოზიციამ, ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს?
- ეგენიც საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულნი სიების გადამოწმების პროცესში - ბურჯანაძის პარტიაც და ნოღაიდელის პარტიაც ბიუჯეტგანაწილებულებზე უფრო აქტიურად ჩანან ცესკო-ში.
- ერთი თვეა ამ თანამდებობაზე ხართ. შეგიძლიათ უკვე თქვათ, რა იყო აქამდე ცესკო-ს მუშაობის მთავარი ხარვეზი?
- კომუნიკაცია საზოგადოებასთან. მაგრამ, სიტუაცია მაშინ სხვა იყო, ახლა აშკარად უკეთესი და დადებითი გარემოა. იმ სიტუაციაში რომ ვიყო, რაშიც ჩემს წინამორბედს მოუწია მუშაობა, მის ადგილზე არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი.
არანაირი პოლიტიკური ვალდებულებები არ მქონია არც წარსულში და არც მომავალში მექნება. ამ ადგილზე თავს მენეჯერად განვიხილავ და არა პოლიტიკურ მოღვაწედ. ადმინისტრაცია ჩემთვის მხოლოდ აღმასრულებელი ორგანოა.
- პრეზიდენტს შეხვდით?
- დიახ, თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ.
- ხელისუფლებას ზეწოლის მექანიზმებიც აქვს და რესურსებიც...
- არ ვიცი. ჯერ ეგეთი პრაქტიკა არ მქონია. მექანიზმი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მგონია, რომ რასაც ვფიქრობ, იმას რეალურად გავაკეთებ. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ცესკო-ში კენჭისყრისას ხმები 6/5-ზე იყოფოდა. მწვავე საკითხებზე ჩემი, კიდევ ერთი ხმა ოქროსი იქნება. ვფიქრობ, მაგ დროს საკუთარი სინდისი გადამწყვეტია. ბევრ რჩევას მოვისმენ, მაგრამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მივიღებ. ადამიანი საკუთარი თავისა და ღმერთის წინაშე უნდა იყოს მართალი, მე სხვანაირად არ შემიძლია.
- დამოუკიდებლობა ფარდობითი ცნებაა - გაუთვალისწინებელ, ექსტრემალურ ვითარებაში როგორ იქცევით?
- სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციაში ნაკლებად მოვხვედრილვარ. ისე კი, კრიტიკულ სიტუაციებში შინაგანად გაცილებით მობილიზებული ვარ. ამ თანამდებობამდე კერძო სექტორში ვმუშაობდი, თავისუფალი რეჟიმი მქონდა. ამის გამო მოვდუნდი კიდეც. ახლა გაღვიძებისთანავე მობილიზებული და მოქოქილი ვარ. სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე არასდროს მიმუშავია...
- ყველაფერი წინ გაქვთ... მხოლოდ ვანო იცნობსო, თქვენზე ამბობდნენ...
- ჩემს შესახებ რაც მსმენია, ესაა - “მეორე თარხნიშვილი,” და “ვანიჩკას ბუღალტერი”... ჯერ სხვა არაფერი მომისმენია...
აქ ყველაზე მარტივადაა საქმე - ვინც 90-იან წლებში არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობდა, ყველას ახსოვს, რომ სულ სამი ძირითადი ფონდი იყო - ევრაზიის, სოროსის და ფონდი ჰორიზონტი. 90-იანი წლების მეორე ნახევარში ყველა იმ ფონდებში ტრიალებდა სადაც მე ვიყავი. დღეს ეს ხალხი ბევრი ოპოზიციაშიც არის და ხელისუფლებაშიც, ყველა ერთმანეთს ვიცნობდით - საერთო სემინარები იყო და ა.შ. მათ შორის იყო ის ორგანიზაციაც, სადაც მაშინ ვანო მერაბიშვილი მუშაობდა. არასოდეს ვყოფილვარ ამ ორგანიზაციის ბუღალტერი... მას შემდეგ, რაც ეს ხალხი პოლიტიკაში მოვიდა, ჩემი მათთან კომუნიკაცია შეიზღუდა... 2003 წლის მერე შეხვედრაც არ მქონია.
თუ ვინმეს ბუღალტერი ვიყავი, ეს ბატონი ზურაბ ტყემალაძეა, რადგან ერთ ხანს ვმუშაობდი ფინანსურ მენეჯერად ერთობლივ ქართულ-ამერიკულ კომპანიაში, რომლის აქციონერიც ბატონი ზურაბ ტყემალაძე გახლდათ. დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ბატონ ზურაბთან. 2005 წელს, საარჩევნო კოდექსზე მუშაობის დროსაც განახლდა ჩვენი ურთიერთობა.
- ამ თანამდებობაზე, ალბათ, ყველა თავმჯდომარე კეთილი ოცნებებით მოდის და როგორ ამთავრებენ, ამომრჩევლები ვხედავთ...
- მეც მაინტერესებს, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. შიში არ მაქვს, ყველაზე რთული მომენტი ისაა, რისი ხმამაღლა თქმაც არ მინდა, ჩემგან ნათქვამი სხვაგვარად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ... შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც ვატყობ, ზოგი პოლიტიკური ძალა არჩევნებისთვის არ ემზადება.
- კონკრეტულად ვინ?
- არ დავაკონკრეტებ, თუ შეიძლება...
ჩვენ გაცილებით უფრო მკაცრად მოგვთხოვენ, ვიდრე უკრაინას. ამას ორი მიზეზი აქვს და ერთი ისაა, რომ ჩვენ ვთქვით - “ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”; უკრაინაში კი არ ისმება კითხვა, არის თუ არა უკრაინელი ევროპელი. მეორე მიზეზზე კი უკვე ვისაუბრეთ - თავის ტკივილი ვართ და მიზეზს ეძებენ...