RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

მე ავსტრალიელი ვარ, მე აბორიგენი ვარ

სიდნეიში ჩასულთ ერთი იქ მცხოვრები რუსის ქალი შეგვიჩნდა, ჟურნალისტები ხართ და აქაურ აბორიგენებთან შეხვედრა უთუოდ დაგაინტერესებთ.

24 საათი 27.02.10

სიდნეიში ჩასულთ ერთი იქ მცხოვრები რუსის ქალი შეგვიჩნდა, ჟურნალისტები ხართ და აქაურ აბორიგენებთან შეხვედრა უთუოდ დაგაინტერესებთ.

ისინი ავსტრალიის ერთ-ერთ პარკში დაბანაკდნენ და აქციას აწყობენ, თან ეგზოტიკურ სურათებს გადაიღებთ, ოღონდ მათ უჩემოდ ვერ მოძებნით, იქამდე ავტომობილით სამი-ოთხი საათის სამგზავროა და რომ მიგიყვანოთ, მათთან შეგახვედროთ, გასაუბროთ, გითარჯიმნოთ და სურათებიც გადაუღოთ, თითოეულმა 50-50 (სულ 250) დოლარი უნდა მომცეთო.

იმ აბორიგენებამდე რუსის დაუხმარებლად... 40 წუთში მივაღწიეთ. ისინი შუაგულ ქალაქში მდებარე ვიქტორია პარკში ყოფილან დაბანაკებულნი. ვისაუბრეთ კიდეც და ის “ეგზოტიკური” სურათებიც გადავიღეთ. ეს ყველაფერი 50-50 დოლარი კი არა, 50-50 ცენტიც არ დაგვჯდომია, მაგრამ მანამ ჩვენი იქ სტუმრობის ამბავს გავიხსენებდე, ავსტრალიელ აბორიგენებთან ჩემს პირველ შეხვედრაზე გიამბობთ. იმ აბორიგენს ქუჩაში გადავეყარე. მაშინ იმ ნახევრად შიშველ-ტიტველ და მთლად მოხატულ აბორიგენს სიდნეის ქუჩაში აღმა-დაღმა შეუმჩნევლად ვდიე მანამ, სანამ მისი “ჩაცმულობის” კვალობაზე ყველაზე კურიოზულ ადგილზე არ გადავუღე სურათი. ეს კურიოზული ადგილი იყო ქალაქის ერთ-ერთი მეტად ძვირი და პრესტიჟული ვეება უნივერმაღი, მაგრამ “ჩემი” აბორიგენი იქ სამოსის განყოფილებაში კი არა, პარფიუმერიის დახლთან კარგა ხანს შეყოვნდა და რაღაც-რაღაცებიც იყიდა, ალბათ თავ-ტან-ხელ-ფეხის უფრო მოსახატად. მაღაზიაში იმ აბორიგენს სურათის გადასაღებად მისდა შეუმჩნევლად რომ დავდევდი, ალბათ მეტად საეჭვოდ გამოვიყურებოდი და ამიტომ ფარული ვიდეოკამერებიც ჩემსკენ იქნებოდა მომართული. ეჭვი რომ გამეფანტა, იძულებული გავხდი, მეც რაიმე შემეძინა, ის ნივთი კი სწორედ აბორიგენთა იარაღი - ბუმერანგი აღმოჩნდა. არადა, სულ სხვა მაღაზიაში მქონდა შეგულებული, სადაც გაცილებით იაფი ღირდა.

მაგრამ დავუბრუნდეთ აბორიგენებთან ჩემს შეხვედრებს.

იმ “ჩემს” აბორიგენს მაღაზიაში რომ შევყევი, ფოიეში კიდევ ერთს შევეფეთე. ისიც ნახევრადშიშველი იყო და სისხლისფერი, ვეება ქოთანში ჩარგული რაღაც ეგზოტიკური, ულამაზესი ყვავილების ძირში იდგა. თავზე ისეთივე ფერის ლენტი წაეკრა, სარცხვინებელ ადგილებს კი იმფერივე ჩამოძონძილი ნაჭერი უფარავდა. გაკრიალებულ პარკეტზე კენგურუს ტყავი დაეფინა, ზედ ცალი ფეხით შემომდგარიყო, მეორე კი მძინარე ქათამივით შემოეკეცა. შემოეკეცა და თან ვეება, ორნახევარი მეტრი სიგრძის დიჯერიდუს აღმუვლებდა თუ აბღუვლებდა. მოგუდულად, ყრუ ხმაზე კი უკრავდა, მაგრამ მთელ მსოფლიოში ეს ერთ-ერთი უძველესი სასულე მუსიკალური ინსტრუმენტი, თავად აბორიგენები უიდაკს, უირაკას, ჰაამპუს, არტავირს და კიდევ ათზე მეტ სახელს რომ უწოდებენ, ძალზე ძლიერ ტემბრს გამოსცემდა. წამით გავიფიქრე, ეს საბრალო ლუკმა-პურის ფულს ამგვარად შოულობს-მეთქი, მაგრამ როცა იატაკზე ვერც გადმობრუნებული ქუდი დავინახე და ვერც ჭიქა თუ ჯამი, მივხვდი, ეს ეგზოტიკური სანახაობა კლიენტთა მისაზიდად იყო დადგმული, ან იმ მბზინავ მაღაზიაში უპოვარ, საწყალ აბორიგენს ვინ შეუშვებდა.

ახლა დავუბრუნდეთ ვიქტორია პარკში ჩვენს სტუმრობას, რომლის შესასვლელში ვეება პლაკატი გადაეჭიმათ წარწერით: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აბორიგენთა კარვების საელჩოში”-ო. იქვე ერთმანეთზე გადაჭდობილი ჭოკების კენწეროებზე მათი ეროვნული დროშები ფრიალებდა.

ამ დროშის ნახევარი, ჰორიზონტალურად, შავია, ნახევარი - წითელი, შუაში კი ყვითელი დისკო გამოუსახავთ.

- ეს დროშა 1977 წლიდან იღებს სათავეს. მასში ჩვენი წარსული და მომავალია ასახული. შავი - ეს წარსული ბნელი ცხოვრებაა, წითელი - აბორიგენთა დღევანდელი სისხლი, ყვითელი დისკო მზეა - ჩვენი იმედი და მომავალი, გვეუბნებიან კარავთა აბორიგენები.

ეს დროშა პირველად გააცნო მსოფლიოს აქაურმა აბორიგენმა მძლეოსანმა ქალმა კეტი ფრიმენმა. მან, ავსტრალიელ აბორიგენთაგან პირველმა, გაიმარჯვა 1994 წელს კეთილი ნების თამაშებზე. იქ მან 400 მეტრზე რბენაში ჩემპიონობის აღსანიშნავად მხარზე წამოისხა ავსტრალიისა და აბორიგენთა დროშები, სტადიონს საპატიო წრე შემოურბინა, თან გაიძახოდა: “მე ავსტრალიელი ვარ, მე აბორიგენი ვარ, მე ჩემპიონი ვარ!”

მაშინ ფრიმენის საქციელით უკმაყოფილო დარჩა 72 წლის გუნდის მენეჯერი არტურ ტანსტოლი, ზეიმი მხოლოდ ავსტრალიის სახელმწიფო დროშით შეიძლებაო. ფრიმენმა მისი სიტყვები ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა, როცა სამი დღის მერე 200 მეტრზე რბენაშიც გაიმარჯვა და ჩემპიონობა ძველებურად აღნიშნა.

ამის მერე კეტი ფრიმენის სურათებმა ჟურნალ-გაზეთების შიდა გვერდებიდან გარეკანზე გადაინაცვლა.

ერთ-ერთი გაზეთის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ფრიმენის საქციელს მხარს უჭერდა ავსტრალიელთა 73 პროცენტი, ხოლო დანარჩენი კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

კეტი ფრიმენის პოპულარობა გაიზარდა ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე, როცა 400 მეტრზე რბენაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ათენის 1997 და სევილიის 1999 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე კი ყველას აჯობა.

ფრიმენის პოპულარობა იმდენად გაიზარდა და მისი სახელი იმდენად შორს გავარდა, რომ მას სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური ცეცხლის აგიზგიზების პატივი მიაგეს. ეს უდიდესი ნდობა და პატივი მან იქვე თავის “საფირმო” 400 მეტრზე რბენაში ჩემპიონობით გაამართლა.

კეტი ფრიმენამდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავსტრალიელი აბორიგენი იყო ფერმწერი ალბერტ (ელია) ნამატჟირა, რომელმაც ამ ქვეყნის უდაბური ადგილების აკვარელით მხატვრობას ჩაუყარა საფუძველი. 1938 წელს, როცა მისი შემოქმედება მელბურნში გამოიფინა, უკლებლივ ყველა ნახატი გაიყიდა და უამრავი შეკვეთაც მიიღო. 1953 წელს ნამატჟირა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა მედლით დააჯილდოვა, ერთი წლის მერე კი თვით დედოფალსაც შეხვდა.

ყოველივე ამით დიდად ამაყობენ კარვის აბორიგენები და სხვა მათი თანამოძმენი, რომლებსაც ზოგჯერ ბუშმენებსაც უწოდებენ და ძირითადად ქალაქებისგან შორს ცხოვრობენ.

XVIII საუკუნემდე, მანამ ავსტრალიაში ევროპელები გამოჩნდებოდნენ, აბორიგენები, რომლებიც 500-ზე მეტ ტომში გაერთიანებულიყვნენ, სავარაუდოდ 700 ათას კაცს ითვლიდნენ, ახლა კი მათი რაოდენობა 257 ათასამდე შემცირებულა, რაც ავსტრალიის მოსახლეობის 1,5 პროცენტს შეადგენს.

ბედის ირონიით აბორიგენებს 1960 წლამდე არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ, ახლა კი ისინი ხმას იმაღლებენ და ქვეყნის მომავალში თავიანთი ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვიან.

“ყოველივე ამას სათავეში უდგას კეტი ფრიმენი”, - ამბობს სიდნეიში მომუშავე ამერიკელი მესვეტე პიტერ რუელი.

კეტი ფრიმენის იერში იკითხება მომავალი ავსტრალიელის სახე. მასში სხვადასხვა დროისა და ხალხის ანარეკლს ვხედავთ, რაშიც ავსტრალიელთა ისტორიაც იკითხება.

- დედამ ჩვენი ოჯახის გენეალოგიური წიგნი შეადგინა. მამამისი, ანუ პაპაჩემი სირიელი გახლდათ, - ამბობს კეტი ფრიმენი. - იგი ავსტრალიაში აქლემების ჩამოსაყვანად ჩამოვიდა, მერე კი აქ დაფუძნდა; ჩემი დიდი პაპა ჩინელი იყო. იგი აქ XIX საუკუნეში ოქროს ციებ-ცხელებამ ჩამოიყვანა. დედის მხრიდან უფრო ძველი წინაპარი ვიღაც ინგლისელი გახლდათ, დოსეტიდან. კატორღელი იქნებოდა, ავსტრალიის ახალმოშენე. ჩემს გარეგნობაში მათი სახეც ირეკლება და მათივე გენებიც მომყვება.

იგივე შეუძლია თქვას ბევრ ავსტრალიელს. ნათქვამი უფრო ნათელი რომ გახდეს, გავიხსენოთ ცოტაოდენი ისტორია.

1788 წლის იანვარში ავსტრალიის აბორიგენი მოსახლეობა გაკვირვებული შეჰყურებდა თერთმეტ აფრააშლილ ხომალდს, რომლის მსგავსი მანამდე არ ენახა. ხომალდებმა ღუზები ჩაუშვეს იმ ადგილზე, რომელსაც ახლა ჰქვია სიდნეი ჰარბორი, რაც ამ ქალაქის გულია. ხომალდები სავსე იყო დიდბრიტანელი შფოთისთავებით, ქურდებით, მეძავებით, მკვლელებით, აგრეთვე ჯარისკაცებით, მეზღვაურებით, ადმინისტრატორებით, რომლებმაც ის კატორღელები ჩამოიყვანეს და მათი კოლონია დააარსეს.

ბრიტანელებმა თავიანთ ვიზიტს პირველი ფლოტი უწოდეს, აბორიგენებმა მათ ჩამოსვლას - თავდასხმა.

მერე და მერე ამგვარი ფლოტები მოზღვავდნენ და აბორიგენებმა თავიანთ ბედად პემელვიეს მეთაურობით მათ წინააღმდეგ ომი გააჩაღეს. 1802 წელს ინგლისელებმა აბორიგენთა ბელადი გათოკეს, თავი მოკვეთეს და იგი ლონდონს გაგზავნეს, როგორც ადგილობრივი ველური ცხოვრების ნიმუში.

სიდნეიში ბრიტანელ კატორღელთა და ჯარისკაცთა კულტურამ მთელი 160 წელი იბატონა, 1850-იანი წლებიდან კი იგი გადაახალისეს ჩინელმა ოქროსმაძიებლებმა. 1950-იანი წლებიდან სიდნეელთა ცხოვრება გაამრავალფეროვნა ათასობით ემიგრანტმა, რომლებიც ავსტრალიის ხელისუფლებამ, როგორც იაფი მუშახელი, ძირითადად იტალიიდან და საბერძნეთიდან ჩამოიყვანა.

ეს ყველაფერი, როგორც ვნახეთ, კეტი ფრიმენის დედის გენეალოგიურ წიგნშიც აირეკლა, აი, მამაზე კი, გარდა იმისა, რომ აბორიგენი იყო და ცოლ-შვილი მიატოვა, კეტი არაფერს ამბობს.

ასეა თუ ისე, თავად აბორიგენებსაც აქვთ წარსული. ისინიც ავსტრალიას ჩამოსახლებულნი არიან. მკვლევართა თქმით, ავსტრალიაში არაუმეტეს 40 ათასი წლის წინათ გამოჩნდა პირველი მოსახლეობა, რომლებიც აბორიგენთა წინაპრები იყვნენ. მკვლევართა თქმით, ისინი სამხრეთ აზიიდან დაეშვნენ. მათ შორის იყვნენ იმ კუნძულიდან, რომელსაც დღეს ინდონეზიას ვუწოდებთ. იმ დროს ზღვის დონე დღევანდელთან შედარებით 100 მეტრით დაბალი იყო და ორ კონტინენტს ვიწრო სრუტე ჰყოფდა, სულ ბოლო ვარაუდებით კი ავსტრალიაში პირველი მოსახლეები აფრიკიდანაც უნდა ჩამოსულიყვნენ.

ახლა დროა, იმ შორეული წარსულიდან ჩვენს კარვის აბორიგენებთან დავბრუნდეთ. მათ უამრავ კარავთან ერთად ჰქონდათ ერთი გამორჩეული, რომელსაც ამშვენებდა წარწერა: “სუვერენული კარავი”.

- ჩვენ, აბორიგენები ავსტრალიის მოსახლეობის ორ პროცენტსაც არ შევადგენთ, გვეუბნება მათი ერთ-ერთი ბელადთაგანი, რომელიც თოკზე დაკიდებული სხვა ბელადების ვეება ფოტოსურთების ფონზე გვესაუბრება. დევნის გამო 300 000-მდეც აღარ დავრჩით და უსამართლობას ვგმობთ. ჩვენ მოვითხოვთ, აღიკვეთოს უცხოელთა ჩამოსვლა და დაფუძნება. ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენვე უნდა გვეკუთვნოდეს.

როცა ბელადი თავისი ხალხის უფლებებზე გვესაუბრებოდა, გვახსენდებოდა ავსტრალიელთა ნათქვამიც, აბორიგენებს მეტი რაღა უფლებები უნდათ. ახლა მათ იმდენი უფლება და შეღავათები აქვთ, რომ შევნატრით კიდეც. ბევრი ავსტრალიელი საკუთარ გენეალოგიას გაფაციცებით იკვლევს, იქნებ სადმე ჩემს წინაპართა შორის აბორიგენს წავაწყდე და მეც აბორიგენის სტატუსი მივიღოო. ზოგი მათგანი ამას ახერხებს კიდეც, რადგან შავ და ყავისფერ აბორიგენებთან ერთად ვნახეთ ისეთი ქერებიც, რომლებსაც სკანდინავიელისგან ძნელად თუ განასხვავებდით ან იქნებ ვერც გაგერჩიათ. ავსტრალიაში ასე გამხდარა ყვავი ჩხიკვის მამიდა. ეტყობა, კიდევ ბევრი გახდება, მანამდე კი აბორიგენები თავიანთ “მშვიდობისა და სამართლიანობის ცეცხლს ანთებენ და იმ ცეცხლის ღადარსაც თავს დაჰფოფინებენ. ამგვარი ცეცხლი იმ კარვის აბორიგენებსაც ჩაუქრობლად ენთოთ.

- ამ ცეცხლს ევალება მშვიდობის მოტანა, მიწისა და ყველა ჩვენგანის განკურნება, - გვეუბნებიან სუვერენული კარვის დარაჯნი. - ჩვენი უბედურება დაიწყო 1768 წლიდან, როცა კაპიტანმა ჯეიმს კუკმა კურნელში თავის ნატერფალი დატოვა და ავსტრალია, ახალ ზელანდიასთან ერთად, ბრიტანეთის სამფლობელოდ გამოაცხადა. იმ ნატერფალმა დიდი ავადმყოფობა მოგვიტანა...

ისე, საინტერესოა, რომ არა კუკის ნატერფალი, რანი იქნებოდნენ დღეს აბორიგენები, რომლებიც ინგლისელი კაპიტანის გამოჩენამდე ქვის ხანაში ცხოვრობდნენ.

ავთანდილ გურასაშვილი

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი