როგორია სერვისი საქართველოში?
24 საათი 06.03.10

როგორია სერვისი საქართველოში?
შოპინგი - ქალში მხოლოდ სასიამოვნო ემოციებისა და მამაკაცში საპირისპირო გრძნობის გამომწვევი პროცესი, საქართველოში უფრო გამაღიზიანებელი და დამღლელი აღმოჩნდა, ვიდრე დამამშვიდებელი.
ალბათ უფროს თაობას კარგად ახსოვს საბჭოური ეპოქის სავსე, მაგრამ ერთფეროვანი დახლები, ჩუმად დახლქვეშ ნაყიდი იმპორტული საქონელი და გამყიდველების არც თუ ისე ზრდილობიანი მომსახურება. დრო გავიდა, კომუნისტების ეპოქა საბედნიეროდ წარსულს ჩაბარდა და სამწუხაროდ, გარკვეული წლებით თან გაიყოლა სავსე ვიტრინები, რომელთა საქონელი არცთუ მაინცდამაინც სახარბიელო იყო, მაგრამ ყიდვა ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის ყველას შეეძლო. დღეს ყველაფერი პირიქითაა - ყველაფერი არის, მაგრამ არაა სახსრები ამ ყველაფრის შესაძენად. ფულის კარგად დათვლისა და შოვნის უნარის მქონე ქართველები არასოდეს დაფიქრებულან იმაზე, რომ შეიძლებოდა საქონელზე დაწესებულ ფასში, მომსახურების მაღალი ხარისხიც შესულიყო. მთავარი ხომ სასურველის მოპოვება იყო, თუნდაც “ბერიოზკებში”, ბონებზე, ებრაელებში, ან კერძო ვაჭრებთან მოსკოვში. იმას, რომ საკუთარი ფულის დახარჯვა სასიამოვნოდ შეიძლება, მხოლოდ საზღვარგარეთ წასულები მივხვდით. თურმე ნუ იკითხავთ და სავარძელში ჩაჯდომა და ლეიბზე "წამოგორება" მაღაზიაშივე შეიძლება, რათა ფართო არჩევანში არ დაიკარგოთ და ფული სწორად დახარჯოთ. შეცდომისაგან დაზღვეული არავინ არის და ამიტომ ნაყიდი ნივთის დაბრუნებაც სავსებით შესაძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში გამყიდველია თქვენი მადლიერი, რომ შენაძენი ზუსტად მასთან გააკეთეთ და არა მყიდველი, როგორც ამას ჩვენ მიგვაჩვიეს. სწორედ ამიტომ ცივილიზებულ ქვეყნებში მადლობასაც ისინი გვიხდიან, რითიც საბოლოოდ იგებენ ჩვენს გულს და სხვა მომდევნო შემთხვევაშიც იმათთან გავრბივართ, ვისთვისაც სასურველი კლიენტები ვართ. რას ვიზამთ, არც თუ ისე უნაკლოები ვართ და ფართო ამერიკული ღიმილი, ქათინაურები, თავაზიანი მომართვა ჩვენი დახარჯული ფულის სანაცვლოდ, მართლაც და ძალიან გვსიამოვნებს. დასავლეთმა აქაც გვაჯობა და რამდენიმე ნაბიჯით წინ გაგვისწრო, მაღალი სერვისი, შესაბამისი ფასები მენეჯმენტის წარმატების საწინდარია და ჩვენც მზად ვართ, საკუთარი ნებით თავი შევყოთ სათაგურში და სასურველი ყველის ნაჭრის სანაცვლოდ სწორედ იმდენი გავიღოთ, რამდენსაც ითხოვენ. სინამდვილეში ჩვენ ხომ ნივთთან ერთად დახლს მიღმა მდგომის კეთილგანწყობასა და დადებით ფლუიდებს ისე ვყიდულობთ, რომ ამას ვერც კი ვამჩნევთ.
მაგრამ ასე ხომ ევროპასა და ამერიკაშია, საქართველო ჯერ კიდევ რაღაც გარდამავალ ეტაპზე დარჩა. აქ მხოლოდ ფასების, დოლარის კურსის ზრდასა და საბაჟოზე უსაშველოდ დაბეგვრის შესახებ გვესაუბრებიან. სასურველი ნივთის ძებნაში მთელი დღის ქანცგამოცლილი სიარულის შემდეგ გამყიდველებმა, ერთი სიტყვით უცებვე უხეშად და უტაქტოდ შეიძლება გაგრძნობინონ, რომ სასურველი კლიენტი საერთოდაც არ ხარ, რომ მათთვის სულერთია სად იყიდი, მასთან თუ სხვაგან. კოსმეტიკისა თუ პარფიუმერიის შემადგენლობასა და მოქმედებაზე კონსულტანტები იმას გვპასუხობენ, რისი წაკითხვაც თავადაც შეგვიძლია ეტიკეტზე. აი, თუ რომელ ჯგუფს, აღმოსავლურსა თუ ალდეჰიდურს განეკუთვნება კონკრეტული სუნამო, თქმა უჭირთ, რომელი ტიპის სახის კანს რომელი რძე, ლოსიონი, თუ სკრაბი მოუხდება, არ იციან, და საერთოდ მყიდველო, შენც თუ არ იცოდი, რა გჭირდებოდა მაღაზიაში, რას მოდიოდი? სხვაგან წადი, აქ კი ის შეიძენს, ვისაც ამდენი ფუფუნი არ ჭირდება. შენ ეძებ და შენ გჭირდება?! ამიტომაც დავალებული შენ ხარ და არა ჩვენ - აი ქართველი მომსახურე პერსონალის 90 პროცენტის ჩვეულებრივი მიდგომა, რის გამოც ხშირ შემთხვევაში წაგებული ორივე მხარეა. და იქ - სხვა სამყაროში ოქროს ასოებით ამოტვიფრული: კლიენტი ყოველთვის მართალია, საქართველოში აბსურდის ტოლფასია. გამყიდველი ბრაზობს, საკუთარი პრობლემებით გადაღლილს ისღა აკლია სხვას ებოდიშოს და თქვენობით მიმართოს. მას ხომ დილიდან საღამომდე უწევს დახლთან დგომა, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება აქვს, რომ სახლში პრობლემებმა დაღალეს, დევნილია, ან კიდევ ათასი სხვა რამ აწუხებს, რომელთა შესახებ კლიენტმა არაფერი იცის. შენი სატკივარი სხვას არც ტკივა და არც აინტერესებს, მაგრამ რაა იმაზე ადვილი, თუ არა საკუთარ უბედურებაში სხვისი დადანაშაულება? დაფიქრებულა თუ არა მომსახურე პერსონალი იმის შესახებ, რომ საკუთარი პრობლემა მყიდველსაც შეიძლება ჰქონდეს და მთელი თვის ჯამაგირიდან დანაზოგით მხოლოდ თქვენი 50 ლარიანი ზედატანის ყიდვა შეუძლია ამ თვეში და სხვა არაფრის, ამიტომ ფიქრობს, ყოყმანობს, თქვენ კი მოთმინება არ გყოფნით და ცეცხლზე ნავთს ასხამთ: ფასის შესაბამისია, უკეთესს ამ ფასში ვერსად იშოვი, ეს პირველი და მეორე კი არაა, კარგად გადის და ყველას ეს მიაქვს. იაფიანია და გასაღებადი, თავში უსიამოვნო აზრები იწყებენ ბზუილს და უკვე წარმოიდგენ, როგორ აცვიათ შენნაირი ახლადნაყიდი ზედატანი შენს ქალაქში უმრავლესობას და ოი, საშინელებავ - სამსახურშიც. ნივთს უსიამოვნოდ ხელს უშვებ და შენს სმენას გამყიდევლის ბუზღუნი და "რა ჭირს დასაწუნი" წვდება. გუნება გაფუჭებულია, მაგრამ სახლში ცარიელი დაბრუნება არ გინდა, რადგან ძალიან გსურს რაღაც ახლის ყიდვა, დახლები კი შავად ანათებს და კიდევ ერთხელ უსვამ საკუთარ თავს რიტორიკულ შეკითხვას, რატომ გვიყვარს ასე ძალიან ქართველებს შავი სამოსი? ნუთუ ქართველი პოეტების დანატოვარიდან მხოლოდ ეს ავითვისეთ: "შავგრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება"?.. ძებნით დაღლილს, ან მაღალქუსლიანები რამ ჩაგაცვა, - ბრაზი საკუთარ თავზე გერევა, უკვე მოშიებულს (მაგრამ ხელებზე გამრავლებული ბაქტერიების გამო ქუჩაში არაფერს ჭამ), ეს გაუთავებელი შავი ზედატანებიც საბოლოოდ ნერვებს გიშლის და კითხვასაც, თუ რატომ მოაქვთ საქართველოში გასაყიდად მხოლოდ მუქი ფერები, გამყიდველი მწყობრიდან გამოჰყავს: იმიტომ, რომ სხვა ფერი არ იყიდება, კარგი ფერადიც უფრო ძვირია, ვიდრე შავი, თან პრაქტიკული და რაც მთავარია მრავალპროფილიანია, ჭირში (ღმერთმა გვაშოროს), ლხინში (ღმერთმა გვიმრავლოს) ერთნაირად გამოსადეგარია. და საერთოდ თქვენსას რას გაიგებს კაცი, ფერადი მაქვს და არ იყიდება და ვზარალდები, ითხოვთ რაც არ მაქვს.
საქართველოში რეალიზატორს ექსპერიმენტებისთვის არ ცხელა, გამოცდილ ხერხს მიმართავს და ის მოაქვს, რაც "ჩაწოლილი საქონელი" ნამდვილად არ იქნება, ბაზარზე წინადადება არც თუ ისე დიდია, პლუს საქართველოში გაბატონებული მატერიალური სიდუხჭირე და სწორედ ამიტომ არ იტკივებს გამყიდველი თავს არც რეკლამასა და არც ბოდიშობაზე. ტვინში კი ტივტივდება ო`ჰენრის ერთ-ერთი გმირის რჩევა, არ არის მოთხოვნა? შექმენი ამ მოთხოვნის გამომწვევი პირობები. თუმცა, ჩვენ და დასავლეთი სხვადასხვა ნაპირებზე ვდგავართ, სადაც კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი წარმატებული ვაჭრობის ფორმულაც შეადგინეს. ნივთის გასაყიდად არამარტო მისი ხარისხი და ფასია მთავარი, არამედ ლამაზი რეკლამა და კარგი შეფუთვა. სწორედ ამიტომ მხოლოდ იქ შეიძლებოდა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ენდი უორხოლისთვის შეეკვთათ არამარტო სხვადასხვა ბრენდების ფეხსაცმელებისა თუ ხელჩანთების ესკიზები, არამედ რკინის ქილებში გასაყიდი წვნიან ჩამპბელლს-ის ეტიკეტიც, ჩვენთან კი ისიც კმარა, რომ ყველა იმას ყიდულობს, რაც არის. ერთი სიტყვით, მენტალური, მატერიალური, საბაზრო ეკონომიკისა და კონკურენციის არარსებობისა თუ კიდევ სხვა მიზეზის გამო არჩევანი დიდი არა გვაქვს და რომელი მოდის ტენდეციას მივაწეროთ საქართველოში წვრილ-მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის დეფიციტი? ირგვლივ ე.წ. პლატფორმები, პლატფორმები, პლატმორმები და ჰოი, საოცრებავ, ძლივს ერთადერთი კლასიკური გრძელცხვირიანი და მაღალქუსლიანი არა მანოლო ბლაჰნიკ-ის, მაგრამ მაინც ნანატრი "მადე ინ იტალია", ფასიც ევროპულის შესაბამისი, არც ადგილობრივი ცეხების წარმოებაა და არც სტამბულის. გაგიმართლათ, გამყიდველი კმაყოფილია, გატყობთ დაინტერესებას და უცებ საზღვარგარეთ ცხოვრებისას შესისხლხორცებული და საქართველოს ბაზრისთვის მეტად უტაქტო შეკითხვა, ალბათ ერთი თვის გარანტიით ხომ? მეპატრონეს სახე ეცვლება და ითხოვს შეკითხვის დაკონკრეტებას. შემცბარი ვხვდები, რომ ხაფანგში გავები, მაგრამ იხტიბარს არ იტეხ და ბოლოს და ბოლოს ფიქრობ, მარტო ფასები ხომ არ უნდა გადმოვიღოთ დასავლეთისგან, სადღაა კლიენტის ინტერესები, მომხმარებლის უფლებები და კოდექსი? თუმცა ამ უკანასკნელზე არაფერს ვამბობ და მოკრძალებულად, აი ქუსლი რომ მოტყდეს ვთქვათ ყიდვიდან 3 კვირაში? და რისხვასაც იღებ: გოგონა, რას მიბედავთ, რამდენი გამიყიდია, ჯერ ასეთი შემთხვევა არ მქონია და უკან არ მოუბრუნებიათ. "საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო", მაგრამ თავს ვერ ვიკავებ და - ქალბატონო, რას მოაბრუნებდნენ, თუ იცოდნენ, რომ გარანტია არ აქვს. დიალოგი გრძელდება და გამყიდველი მწყობრიდან გამოდის: იცით თქვენ ამის ჩამოტანა მე თვითონ რა მიჯდება (არ მაინტერესებს, მაგრამ ამაზე უკვე ჩემთვის)? 10 წუთის წინ ერთმა საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა იყიდა, რა იაფიაო და საერთოდ, მაღალქუსლიანი გამოსასვლელია და ყოველდღე ხომ ვერ ჩაიცვამ! რას იზამ, აქ იმერეთია და "ზოგჯერ თქმა ჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდება" და ახალი სავაჭრო ცენტრის კეთილმოწყობილი მაღაზიიდან დატუქსული გამოვდივარ. გამყიდველმა რა იცის, რომ ასეთ კლასიკურ ფეხსაცმელს ყოვედღიურად და არა განსაკუთრებული შემთხვევისთვის ვატარებ და ამიტომაც მაინტერესებდა საკუთარი უფლებები. ამ ფიქრებში წასულს ზურგს უკან გამყიდველის ქოქოლა მესმის: ვინ შარიანი იყო, არც მინდოდა მაგას რომ ეყიდა. ესეც ქართული სიამაყე, თორემ დახლზე დება ერჩივნა? მაგრამ უკან მიბრუნება ნამდვილად არ ღირდა, ღმერთმა დღეში 100 გაგაყიდინოთ იტალიური ფეხსაცმელი საბერძნეთში კარგ ადგილზე მომუშავე უპრეტენზიო ქართველებზე.
ერთი სიტყვით, ორივე მხარე უკმაყოფილო დარჩა. იქნებ კლიენტის ბრალიც იყო? მოგწონს, უსიტყვოდ გადაიხადე და წამოიღე სახლში. თუ იაფფასიანია და მალე გაფუჭდა, რას იზამ, ფასის შესაბამისად გემსახურა, თუ ძვირიანია, მოფრთხილება უნდა და მიზეზიანს იტალიაში ხომ არ მიაბრუნებენ? გინდა და ახალი შეიძინე… ან იქნებ კლიენტისთვის საყვედურის ნაცვლად - "კრუჩოკზე" დაკიდებულ ხელჩანთისთვის ხელის ხლება არ შეიძლებაო, რადგან ტყავი იქლიქება თურმე, უმჯობესია აბრა დაკიდოთ წარწერით - ხელი არ ახლოთ, ან თაროებზე დაალაგოთ საქონელი, თან ესთეტურადაც უკეთესად გამოიყურება. თქვენ არც ეს გინდათ, მყიდველი კი ვერ ხვდება, რომ დაკიდებული ხელჩანთისთვის ხელის ხლება ტყავს უცაბედად აფუჭებს. მოკლედ ამ თემაზე საუბრის გაგრძელება დაუღალავად შეიძლება, რაც უთუოდ მონოლოგურ ჭორიკნობაში შეიძლება ჩამოგვერთვას.
ბოლოს კი მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა, რომელიც საქართველოში ნამდვილად არ მომხდარა. ძვირადღირებული ტექნიკის მაღაზიაში ერთი შუახნის მამაკაცი ბარბაცით შემოვიდა, უსახლკაროს ალბათ მისამართი შეეშალაო, იფიქრეს გამყიდველებმა და მუსიკალური ინსტრუმენტების განყოფილებასთან მისულს თავიდან ყურადღება არც ერთმა მათგანმა არ მიაქცია. უცნობმა ერთ-ერთ კონსულტანტს უხმო და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მისთვის საინტერესო შეკითხვებს უსვამდა. ახალგაზრდა გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებდა ნასვამისაგან, მაგრამ მის ყველა შეკითხვას თავაზიანად და ამომწურავად პასუხობდა. დიდი ყოყმანის შემდეგ მამაკაცმა ქვითრის ამოწერა მოითხოვა და ძვირადღირებული იამაჰა შეიძინა. მაღაზიაში მოლარის ჩათვლით არავის ჯეროდა, რომ მათი აზრით უსახლკარო ინსტრუმენტს იყიდიდა, მაგრამ რეპუტაციაზე მომუშავეებს ამისდა მიუხედავად მოთმინება არ დაუკარგავთ და რაც ყველაზე მთავრია, კლიენტი სახლში კმაყოფილი წავიდა და როგორც ქართველები ვიტყვით, სიამოვნებით მოიშოპინგა. ეს ინციდენტი საქართველოს ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში მოხდა და ნუთუ არ შეგვიძლია, ჩვენც ბოლოს და ბოლოს ყველაფერში ნიჭიერებმა ვისწავლოთ, რომ ჩვენამდე მოსული კლიენტი უკან შეურაცხყოფილი არ გავუშვათ და გავითავისოთ, რომ ვიდრე ნივთი ერთი ხელიდან მეორეში გადავა, ერთმანეთს ვჭირდებით და პირველ რიგში, ეს თქვენ ხართ დაინტერესებული ნივთის გაყიდვაში, უფრო მეტიც, მყიდველი რომ შემდეგშიც თქვენთან მოვიდეს და იქნებ, როგორც ეს ხშირად ხდება საზღვარგარეთ, კლიენტმა ნივთი მხოლოდ იმიტომ იყიდოს თქვენთან, რომ თქვენივე სერვისით მონუსხულსა და მოთაფლულს შერცხვეს შენაძენის გარეშე გასვლა თქვენი ბუტიკიდან.
უცნაურები ვართ და ალბათ ამიტომ მხოლოდ საქართველოში შეიძლება გამყიდველი გეუბნებოდეს, რომ კოსტიუმი ღირს 300 ლარი და როდესაც იარლიყზე მიკრულ 280 ლ. ამჩნევ და ინტერესდები, ეს რაღაა, გიპასუხონ: ეს გასაყიდი ფასია. ესე იგი შეგეშალათ, 280 და არა 300 ლარი ღირს? არა, 280 ბოლო გასაყიდი ფასია, ისე კი 300 ღირს… როგორც ერთი პუბლიცისტი იტყოდა: "საქართველო ექსკლუზიური ქვეყანაა".
მოკლედ, თავს არ შეგაწყენთ და გამყიდველსაც და მყიდველსაც წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!
ლონდა კვარაცხელია