ეს ტრაგედია შვიდი თვის წინ დატრიალდა - ხუთი წლის ნუციკო აღნიაშვილი მშობლებმა "ავერსის" კლინიკაში გლანდების ოპერაციის გასაკეთებლად მიიყვანეს, მაგრამ ბავშვი საოპერაციო მაგიდაზევე გარდაიცვალა.
24 საათი 08.12.10
ეს ტრაგედია შვიდი თვის წინ დატრიალდა - ხუთი წლის ნუციკო აღნიაშვილი მშობლებმა "ავერსის" კლინიკაში გლანდების ოპერაციის გასაკეთებლად მიიყვანეს, მაგრამ ბავშვი საოპერაციო მაგიდაზევე გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა, ექიმმა-ანესთეზიოლოგმა ინგა აბუაშვილმა ნუციკოს ოპერაციის წინ ცხვირში პრეპარატი "დორმიკუმი" ჩააწვეთა, რასაც, ჩვეულებრივ, მოიხმარენ ამ ტიპის ქირურგიული ჩარევების დროს. მაგრამ, ასევე ჩვეულებრივ, ექიმები ავადმყოფობის ისტორიასაც ეცნობიან. იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა, რომ, წინასწარი გამოკვლევების შედეგად, პაციენტისთვის აღნიშნული პრეპარატის გამოყენება დაუშვებელი იყო. მას შემდეგ, რაც ხუთი წლის გოგონა საოპერაციოდ გაამზადეს, დედამ რეანიმატოლოგი საოპერაციო ბლოკიდან გამოიხმო და შეახსენა, რომ ბავშვს ალერგია აწუხებდა.
პასუხად მხოლოდ ის მიიღო, რომ ექიმი სწორედ იმ დროს ეცნობოდა ისტორიას და დიდად დაავალებდნენ, თუ ხელს აღარ შეუშლიდნენ. როგორც ჩანს, ჩანაწერებს ნუციკოს ჯანმრთელობის შესახებ ექიმი-ანესთეზიოლოგი არ გასცნობია ან მხოლოდ მას შემდეგ ჩაიხედა ამ მნიშვნელოვან დოკუმნეტში, როცა ბავშვს უკვე ჩაწვეთებული ჰქონდა მისთვის აკრძალული მედიკამენეტი. არც ისაა გამორიცხული, რომ "ავერსის" კლინიკაში ავადმყოფობის ისტორია ისე არ ივსება, როგოც ამას წესი მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე აღიძრებოდა არა დაუდევრობით გამოწვეულ სიკვდილთან დაკავშირებით, არამედ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაც, რასაკვირველია, აბსურდული ბრალდებაა. სამწუხაროდ, არანაკლებ აბსურდულია ექიმების ჩვენებები და საქმის ისე წარმართვა, რომ ნუციკო აღნიაშვილის სიკვდილში მხოლოდ ანესთეზიოლოგია დამნაშავე.
პროცესი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს, ერთ-ერთი უმძიმესია ბოლოდროინდელი სასამართლო მოსმენების ფონზე. დაკავებულია ექიმი-ანესთეზიოლოგი; იკითხება კლინიკის მედპერსონალი; საკუთარ აზრს გამოთქვამენ დამოუკიდებელი ექსპერტები. მე, ჟურნალისტი, რასაკვირველია, არ ვარ იმის მომხრე, რომ გამოძიების დამთავრებამდე მხოლოდ საკუთარ ვარაუდზე დამყარებული დასკვნები გამოვაქვეყნო და ამით მკითხველი შეცდომაში შევიყვანო. მაგრამ მე, ჟურნალისტი, ასევე ვალდებული ვარ, ვერდიქტის გამოტანამდე ინფორმაცია შევაგროვო ამ საქმესთან დაკავშირებით. მოდი, ასე ვთქვათ: ექიმი-ანესთეზიოლოგი რომ დამნაშავეა, ეს უდავოა, მაგრამ ისიც ხომ შეიძლება ვიკითხოთ, რატომ გამოიყენა ამ უკანასკნელმა მაინცდამაინც ის მედიკამენტი, რაც ბავშვისთვის საზიანო იყო? კითხვა ლეგიტიმურია და სავსებით ლოგიკური და მეც ჯერ თბილისის მერიას, შემდეგ კი "ავერსის" კლინიკას მივმართე.
მერიას იმიტომ, რომ ხსენებულ კლინიკაში ტონზილექტომიისა და ადენოიდექტომიის ოპერაციები (ჩვენებურად: გლანდებისა და პოლიპების) მერიის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ტარდებოდა. ჩვენც აქედან დავიწყოთ. როგორც მერიაში განგვიმარტეს, ეს პროგრამა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სტაციონალურ დახმარებას გულისხმობდა. კიდევ უფრო თუ დავაკონკრეტებთ: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, იგულისხმებოდა ოპერაციების მხოლოდ ადგილობრივი გაუტკივარებით ჩატარება. ეს ბოლო წინადადება აუცილებლად დავიმახსოვროთ, თუმცა მანამადე კიდევ ერთი ნიუანსის გარკვევა მოგვიწევს. ნუღარ დავკარგავთ დროს იმაზე მსჯელობით, თუ რატომ გაიმარჯვა აღნიშნულ ტენდერში მაინცდამაინც "ავერსის" კლინიკამ (ცნობისათვის, ამავე კლინიკამ ამავე ტენდერის თანახმად მხოლოდ გლანდების ოპერაციის უფლება არ მოიპოვა. აქვე კეთდებოდა წინამდებარე ჯირკვლისა (პროსტატის ადენომის) და ჩიყვის ქირურგიული ოპერაციები). პასუხი ამთავითვე ნათელია: "ავერსი" სხვებთან შედარებით უკეთეს პირობებს შესთავაზებდა სატენდერო კომისიას, სადაც, სხვათა შორის, ორი ექიმიც შედიოდა: მამუკა ქაცარავა - ექიმი და თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი და ამავე პროფესიის გრიგოლ მამრიკიშვილი, რომელსაც მერიის სოციალური მომსახურებისა და ჯანდაცვის განყოფილების უფროსის თანამდებობა უკავია. საფიქრებელია, რომ ეს ტენდერი, როგორც არაერთი ჩვენს ქვეყანაში, ფორმალურად ჩატარდა. რადგან აღნიაშვილების ოჯახს ჯერ კიდევ 20 მარტს შეატყობინეს, რომ მათი შვილი პროგრამაში მოხვდა - არადა, ტენდერი მხოლოდ 7 აპრილს გამოცხადდა და თუ კანონს მივყვებით, მითითებულ დღეს გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი ვერ იქნებოდა.
ამ საქმესთან დაკავშირებით დანარჩენი კითხვების ადრესატი უშუალოდ «ავერსის" კლინიკაა, თუმცა ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებზე მხოლოდ ის პასუხი მივიღე, რომ საკითხი კვლევას მოითხოვს და ამ ეტაპზე ისინი ინფორმაციას ვერ გასცემენ. სასაცილო იქნებოდა იმის მტკიცება, რომ იმ დღეს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ჟურნალისტს იმ რიგის კითხვები დაუგროვდა, რაზედაც თავად კლინიკაში არავინ დაფიქრებულა. საქმეც ისაა, რომ დამაფიქრებელი ამ კითხვებზე პასუხებია, რის გამოც სასამრთლო პროცესზეც და სასამართლოს გარეთაც "ავერსის" უკლებლივ ყველა თანამშრომელი დუმილს გაგებებს. გრჩება ერთადერთი გზა: გახსნა "ავერსის" ვებგვერდი და მათ მიერვე დეკლარირებული "ათი მცნების" კვალდაკვალ გაარკვიო, შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ დასმული კითხვები "ავერსის" კლინიკის სამოქმედო კოდტქსს. როგორც მოკრძალებულ ხალხს სჩვევია ხოლმე, ათ პუნქტად ჩამოწერილ შეგონებებს სხვა სახელი ჰქვია, მაგრამ, სულო ცოდვილო, ჩემი მხრიდან უსინდისობა იქნებოდა, ისინი უბრალოდ "პრინციპებად და მიზნებად" მომეხსენიებინა. ასევე, ვიტოვებ იმედს, რომ რიგითობის დარღვევა მკრეხელობად არ ჩამეთვლება.
მცნება პირველი: ავერსელების მიზანია, საქართველოში დავამკვიდროთ ცხოვრების ჯანსაღი წესი.
გვაქვს თუ არა საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამ ღვთისმოშიშ ორგანიზაციაში მერიის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ერთი სამუშაო დღის განმავლობაში იმაზე მეტი ოპერაცია ტარდებოდა, რაც, ჩვეულებრივ, დასაშვებია და ექიმმა-ანესთეზიოლოგმაც შეცდომა ამ მიზეზით დაუშვა? თუ ამ კითხვაზე "ავერსის" კლინიკა პასუხს არ გაგვცემს, მეც და თქვენც აუცილებლად დავასკვნით, რომ იქ ქირურგიული ოპერაციების სიხშირე "ავერსის" აფთიაქებშივე გაყიდული წამლების პირდაპირპროპორციულია: მეტი ოპერაცია - მეტი მედიკამენტი და, რაღა თქმა უნდა, მეტი მოგება.
მცნება მეორე: ავერსელები ვართ ჩვენი კომპანიის და ქვეყნის პატრიოტები, ამიტომ ჩვენი შემოსავლიდან ვიხდით ყველა გადასახადს სახელმწიფოს ბიუჯეტში.
თუ მერია ოფიციალურად მიდასტურებს, რომ მის მიერ დაფინანსებული პროგრამა გულისხმობდა ოპერაციების ჩატარებას მხოლოდ ადგილობრივი გაუტკივარებით, უნდა ვიკითხოთ თუ არა, რა ხდებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც პროგრამაში მოხვედრილ თბილისელებს აღნიშნული ოპერაციები უკეთდებოდათ არა ადგილობრივი გაუტკივარებით, არამედ ნარკოზით (დაძინებით) - პაციენტები დამატებით თანხას იხდიდნენ თუ პროგრამა ამ შემთხვევებსაც ითვალისწინებდა?
მცნება მესამე: ავერსელებს გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ჩვენი საქმიანობით ყოველთვის მართალი უნდა ვიყოთ სახელმწიფოს ანუ კანონის წინაშე.
რა შემთხვევაში გაიცემოდა ექიმების რეკომენდაცია, რომ ოპერაცია გაკეთებულიყო არა ადგილობრივი გაუტკივარებით, არამედ პაციენტის დაძინებით და ადგილი ჰქონდა თუ არა ფაქტებს, როდესაც პაციენტი ან მისი მშობელი თავად ითხოვდა ქირურგიული ჩარევის დროს დაძინებას?
მცნება მეოთხე: თითოეული ავერსელის შესაძლებლობები უსაზღვროა, მაგრამ ავერსი, როგორც ძლიერი ადამიანების ერთიანი გუნდი, ამ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის, ვინაიდან ძალა ერთობაშია.
"ავერსის" კლინიკას რომ რეანიმაციის განყოფილება არ გააჩნია, ამაზე დიდხანს ნუ შევყოვნდებით, რადგან იქ, სადაც არსებობს ინტენსიური თერაპიის განყოფილება, წესით, პაციენტის რეანიმაცია სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდეს როგორც შესაბამისი აპარატურით აღჭურვის, ისე ექიმების კვალიფიკაციის გამო. ამისდა მიუხედავად, ნუციკო აღნიაშვილის მდგომარეობიდან გამოსაყვანად კლინიკამ "კატასტროფის ცენტრის" ბრიგადა დიღმის ბოლოდან გამოიძახა და რატომღაც არ მიმართა იმავე ტერტორიაზე განთავსებული რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგებს. რატომ, ეს ორი კლინიკა ძაღლი და კატასავითაა ერთმანეთს გადაკიდებული თუ "ავერსის" ექიმები არ ენდობიან ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგებს?
მცნება მეხუთე: ავერსელების მიზანია, უპირველესად მომხმარებელი, პაციენტი და დაზღვეული გვყავდეს კმაყოფილი და მხოლოდ ამის შემდეგ ვიყოთ კმაყოფილნი ჩვენ. ამისთვის კი აუცილებელია მუდმივი სწავლა, პროფესიული თვითსრულყოფა, სითბოს, იმედისა და ამაღლებული განწყობის გადაცემის უნარის გამომუშავება.
სასამრთლო პროცესზე "კატასტროფის ცენტრის" ექიმებმა დაადასტურეს შემდეგი: სანამ მათ გამოიძახებდნენ, 5 წლის ნუციკოს "ავერსის" კლინიკის ექიმები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში უკეთებდნენ გულის არაპირდაპირ მასაჟს, დაახლოებით იმდენივე ხანს იგივე მოიმოქმედეს "კატასტორფის ცენტრის" ექიმებაც. არადა, უკლებლივ ყველა მედიკოსი დაადასტურებს, რომ მაქსიმუმ ნახევარი საათის შემდეგ გულის არაპირდაპირ მასაჟირებას აზრი აღარ აქვს.
მცნება მეექვსე: ავერსელებს გვიყვარს ადამიანები, ამიტომ ჩვენი საქმიანობით ყოველთვის მართალი უნდა ვიყოთ ადამიანების წინაშე.
მშობლებმა ოპერაციის გართულების შესახებ მხოლოდ "კატასტროფის ცენტრის" მოყვანის შემდეგ შეიტყვეს, ისიც იმიტომ, რომ დიღმიდან გამოძახებული ექიმები ფოიეში ხმამაღლა არკვევდნენ, სად ეწვათ ნუციკო აღნიაშვილი.
მცნება მეშვიდე: ავერსელები ვამაყობთ, რომ ვმუშაობთ კომპანიაში, რომელიც 1994 წლიდან დაუღალავად იღვწის, რათა უდიდესი სიყვარულითა და სიამოვნებით ემსახუროს ხალხის ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს.
შეიძლება თუ არა კლინიკაში, სადაც კეთდება ოპერაციები და, შესაბამისად, თეორიულად მაინც არსებობს გართულების შანსი, ინტენსიური თერაპიის ბლოკში არ მოიპოვებოდეს დეფიბრილატორი? ეს ის აპარატია, რომელიც ასევე გამოიყენება რეანიმაციის დროს და რომლის დადგმასაც ასე დაჟინებით მოითხოვს ქვეყნის პრეზიდენტი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
მცნება მერვე: ავერსელები უნდა ვიყოთ პიროვნული და ორგანიზაციული წარმატების საუკეთესო მაგალითი და ლეგენდა არა მარტო ჩვენს სფეროსა და ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში და ამ წარმატებამ საუკუნეებს უნდა გაუძლოს.
როგორ მოხდა, რომ 30 აპრილს გარდაცვლილი ბავშვის ისტორიაში წერია, რომ ნუციკო აღნიაშვილი 1 მაისს კლინიკიდან გაეწერა? ალბათ ესეც ლეგენდის ნაწილია: ირწმუნო, რომ "ავერსის" აფთიაქებიც და კლინიკაც მართლა ლიდერია ლიდერთა შორის.
რაც შეეხება დარჩენილ კითხვებს, უფრო მეტს და უფრო მწვავეს, აჯობებს, ისინი სასამართლო პროცესის დამთავრების შემდეგ შემოვინახოთ, მით უფრო, რომ დარჩენილი ორი მცნებიდან პირველი მოქმედების სრულ თავისუფლებას მაძლევს - გვწამს ღმერთი, ამიტომ ჩვენი საქმიანობით ყოველთვის მართალი უნდა ვიყოთ ღმერთის წინაშე. ცნობისათვის, მეც არ ვარ ათეისტი.