გუშინ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” სტარტი აიღო სუმოში წლის პირველმა სუპერტურნირმა.
24 საათი 09.01.12

გუშინ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” სტარტი აიღო სუმოში წლის პირველმა სუპერტურნირმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ ბაშოზე საშინელი ასპარეზობის გამო (ჯამში მხოლოდ ხუთი მოგებული შერკინება), ქართველი სუმოისტები - ტოჩინოშინი, გაგამარუ და კოკაი წოდებაში საკმაოდ დაქვეითდნენ და ტოკიოში დაწყებულ ჰაცუ ბაშოზე წინსვლისთვის უნდა იბრძოლონ.
სამწუხაროდ სუპერტურნირის პირველი დღე ქართველთათვის არც ისე კარგი გამოდგა. სამი ქართველი სუმოისტიდან გამარჯვება მხოლოდ ერთმა იზეიმა.
იანვრის ბაშოზე საუბარი ვეტერანი ქართველი სუმოისტით კოკაით დავიწყოთ, რომელიც ნოემბრის ბაშოზე განცდილი წარუმატებლობის გამო ძუროს დივიზიონშია დაქვეითებული. კოკაიმ წლის პირველი სუპერტურნირის სასტარტო დღეს ორთაბრძოლა ცურუგიდაკესთან ოშიდაშის ილეთით დათმო, დღეს ქართველი რიკიში მორიგ შერკინებას ძუროს დივიზიონის მესამე საფეხურზე მყოფ მასუნოიამასთან გამართავს, რომელიც კოკაის დარად პირველ ორთაბრძოლაში დამარცხდა.
მაკუჩი დივიზიონის ორი ქართველიდან კი გამარჯვება მხოლოდ ერთმა მოიპოვა. გაგამარუს შიკონით ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი ბაშოს პირველ დღეს აღმოსავლეთის მეათე მაეგაშირა ტოკიტენუკის დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ თავად გაგამარუც ამჟამად მეათე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს. 32 წლის მონგოლმა სუმოისტმა ქართველი უშიმოსოს ილეთით დაამარცხა. გაგამარუმ მეტოქის შემოტევას ვერ გაუძლო და დოხიოზე თავი ვერ შეიმაგრა. სამაგიეროდ გამარჯვებით დაიწყო იანვრის ბაშო, ამჟამად მეცხრე მაეგაშირას რანგში მყოფმა ტოჩინოშინმა. ლევან გორგაძემ შიტატენაგეს ილეთით დოხიოზე დასცა დაიდო და აქტივში პირველი გამარჯვება ჩაიწერა.
უნდა ითქვას, რომ სამმაგი გამარჯვების იმედი დღესაც არ უნდა გვქონდეს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ დღევანდელ დღეს სამივე ქართველი ვერავითარ შემთხვევაში ვერ დამარცხდება. საქმე ისაა, რომ მაკუჩი დივიზიონში ერთგვარი ქართული დერბი გაიმართება. იანვრის ბაშოს მეორე საასპარეზო დღეს ერთმანეთის პირისპირ გაგამარუ და ტოჩინოშინი წარსდგებიან.
აღსანიშნავია, რომ მაკუჩი დივიზიონში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში გაგამარუ და ტოჩინოშინი ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდნენ, ეს ზუსტად ერთი წლის წინ 2011 წლის იანვრის ბაშოზე მოხდა და მაშინ გამარჯვება ტოჩინოშინმა იზეიმა.