2008 წლის აგვისტოში ცნობილმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბზეჟინსკიმ, გერმანულ გაზეთ "დი ველტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის საგარეო კურსი საოცრად წააგავს გასული საუკუნის 30-იან წლებში სტალინისა და ჰიტლერის პოლიტიკას".
24 საათი 29.01.12
2008 წლის აგვისტოში ცნობილმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბზეჟინსკიმ, გერმანულ გაზეთ "დი ველტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის საგარეო კურსი საოცრად წააგავს გასული საუკუნის 30-იან წლებში სტალინისა და ჰიტლერის პოლიტიკას".
ბზეჟინსკის აზრით, პუტინის მიერ, რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით, საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებულ სამხედრო კამპანიას, ბევრი საერთო გააჩნია 1938 წლის ჰიტლერის აგრესიასთან სუდეტის ოლქში. პოლიტოლოგის განცხადებით, 2008 წლის მოვლენებს კიდევ უფრო მეტი პარალელი აქვს ზამთრის ომთან, რომლის დროსაც სტალინი ფინეთის ანექსიას ცდილობდა.
არ არსებობს მოვლენა, რომელიც ისტორიაში ზუსტად მეორდება. მაგრამ ნებისმიერ მოვლენას მოეძებნება ანალოგი, რომელიც რაღაც ფორმით იმეორებს წარსულს. ამბობენ, რომ ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია, რომელსაც ყველაზე ცუდი მოსწავლეები ჰყავს. ამ რუბრიკის საშუალებით ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, არსებობს თუ არა მსგავსება კომუნიზმსა და ნაციზმს შორის და ჰგავს თუ არა საქართველოს მიმართ რუსეთის დღევანდელი საგარეო პოლიტიკა XX საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმების პოლიტიკას.
ბოლშევიზმი, რომელიც მარქსიზმის რადიკალური მიმდინარეობა იყო, XX საუკუნის დასაწყისში - 1903 წელს შეიქმნა. სწორედ ბოლშევიზმი გახდა ტოტალიტარიზმის, როგორც პოლიტიკური სისტემის ფუძემდებელი. ამ მოძრაობაში გაერთიანდა მარქსისტული იდეა პროლეტარიატის მსოფლიო ბატონობის შესახებ და რუსული საზოგადოების იმპერიული ამბიციები. სწორედ ბოლშევიზმის შემდეგ წარმოიშვა ჯერ იტალიური ფაშიზმი და შემდეგ უკვე გერმანული ნაციზმი.
ტოტალიტარული სისტემების ჩამოყალიბებას პირველმა მსოფლიო ომმა შეუწყო ხელი. ომისგან დანგრეულ კონტინენტზე, სადაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა და ცხოვრების დონე მკვეთრად დაეცა, პოლიტიკურ ასპარეზზე რადიკალური პარტიები გამოჩნდნენ. ისინი მოსახლეობას ომის დასრულებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჰპირდებოდნენ. ასეთი პოპულისტური პროპაგანდისთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემო რუსეთის იმპერიაში აღმოჩნდა. 1917 წლის შემოდგომაზე ბოლშევიკებმა სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს.
ხელისუფლების სათავეში ლენინის პარტიის მოსვლისთანავე, ქვეყანაში წითელი ტერორი გამოცხადდა. ბოლშევიკებმა პოლიტიკური მოწინაღმდეგეების და მთელი სოციალური კლასების დევნა დაიწყეს. აიკრძალა ყველა პოლიტიკური პარტია, კანონგარეშედ გამოცხადდა ბურჟუაზია, როგორც კლასი, რეპრესიები დაიწყო ეკლესიის წინააღმდეგ, დევნიდნენ ინტელიგენციასა და თავად-აზნაურთა ფენას. ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე ტოტალური ტერორი გამეფდა. აპატიმრებდნენ და ხვრეტდნენ ყველას, ვინც კი ოდნავ მაინც არ ეთანხმებოდა ბოლშევიკების კურსს.
ხანმოკლე პერიოდში, კომუნისტებმა სამოქალაქო ომი მოიგეს და მთელ ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურა დაამყარეს. ბოლშევიკების მმართველობისა და მათ მიერ დანერგილი იდეოლოგიის წყალობით, საბჭოთა კავშირში სამოქალაქო საზოგადოება გაქრა. მის ნაცვლად ადამიანთა ამორფული, შეშინებული მასა ჩამოყალიბდა, რომელსაც პროტესტის გრძნობა აღარ ჰქონდა და უსიტყვოდ ასრულებდა პარტიული ბელადების ყველა მითითებას. ის კი, ვინც ახალ წყობას ეურჩებოდა, საკონცენტრაციო ბანაკებში ხვდებოდა. სწორედ კომუნისტებმა შექმნეს პირველად საკონცენტრაციო ბანაკების ორგანიზებული სისტემა.
ეს ჯერ კიდევ 20-იან წლებში, მოხდა, როდესაც პოლიტპატიმრების უზარმაზარი რაოდენობის გამო, კომუნისტების წინაშე მათი განთავსების საკითხი დადგა. პირველი ასეთი სრულყოფილი ბანაკი კუნძულ სოლოვკებზე შეიქმნა. დროთა განმავლობაში, როდესაც რეპრესიების მასშტაბი გაიზარდა, საკონცენტრაციო ბანაკების სისტემა მთელ საბჭოეთს მოედო და მას გულაგი ეწოდებოდა.
ბოლშევიკებისგან განსხვავებით, ჰიტლერის პარტია ხელისუფლებაში რევოლუციებისა და სამხედრო გადატრიალების გარეშე, კონსტიტუციური გზით მოვიდა. თუმცა როგორც კომუნისტებმა, ასევე ნაცისტებმაც საკმაოდ კარგად გამოიყენეს გერმანიაში არსებული მძიმე სოციალური ფონი და საზოგადოების რევანშისტული განწყობები, რომელიც პირველ მსოფლიო ომში დამარცხებით იყო განპირობებული. ვერსალის კაბალური ზავის, რეპარაციებისა და მძიმე ეკონომიკური ყოფის გამო, გერმანელთა ეროვნული თავმოყვარეობა შელახული აღმოჩნდა. ამის ფონზე სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლოდა ნაციონალურ-სოციალისტური პარტია. მისი ლიდერი ადოლფ ჰიტლერი გერმანელებს უმუშევრობის მოსპობას, ტერიტორიების დაბრუნებასა და ახალი იმპერიის შექმნას ჰპირდებოდა. შედეგად 1933 წელს ნაცისტთა პარტია ქვეყნის სათავეში მოვიდა და მაშინვე დაიწყო ტოტალიტარული სისტემის მშენებლობა. ისევე როგორც საბჭოთა კავშირში, გერმანიაშიც მმართველი პარტიის გარდა ყველა სხვა პარტია აიკრძალა. შეიზღუდა ძირითადი სამოქალაქო უფლებები: გაუქმდა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, სიტყვის, შეკრების, ბეჭდვის, გადაადგილების თავისუფლება. ბოლშევიკების ანალოგიურად, ნაცისტებმა პოლიტიკური ოპონენტებისა და რეჟიმით უკმაყოფილო პირთათვის საკონცენტრაციო ბანაკების შექმნა დაიწყეს. პირველი გერმანული ბანაკი მიუნხენთან ახლოს მდებარე დაბა დახაუში მოეწყო.
როგორც გერმანიაში, ასევე კომუნისტურ რუსეთში მკვეთრად გამოხატული ტოტალიტარული რეჟიმები ჩამოყალიბდა, სადაც საზოგადოება მთლიანად ჩამოშორებული აღმოჩნდა პოლიტიკურ ცხოვრებას და იგი მმართველი პარტიის მკაცრ დიქტატს ემორჩილებოდა. ეს დიქტატი ცხოვრების ყველა სფეროში იგრძნობოდა და მას საზოგადოების ყველა ფენა ემორჩილებოდა. ორივე ტოტალიტარული რეჟიმი იდეოლოგიურ დონეზე ახალი ადამიანის ჩამოყალიბებას და მის შესაბამის აღზრდას ისახავდა მიზნად. გერმანიის შემთხვევაში ეს იყო არიული რასის გამოყვანა, რომელიც მსოფლიოს ბატონი უნდა ყოფილიყო. ბოლშევიკების შემთხვევაში კი უნდა შექმნილიყო ახალი ადამიანი, რომელიც ინტერნაციონალიზმის პრინციპებზე გაიზრდებოდა და რომლის ცხოვრების წესს კოლექტივიზმი წარმოადგენდა.
ახალი საზოგადოებისთვის წევრების აღზრდა ადრეული ასაკიდანვე იწყებოდა. საბჭოთა კავშირში ამ საქმეს პიონერული და კომკავშირული ორგანიზაციები ემსახურებოდნენ, გერმანიაში იგივე ფუნქციას ჰიტლერიურგენდი ასრულებდა. საზოგადოების დამუშავებისთვის ორივე რეჟიმი აქტიურად იყენებდა პროპაგანდას. ინფორმაციის მასობრივი საშუალებები, მწერლობა, კინო, თეატრი, მხატვრობა - ნებისმიერი სფერო - ორივე ქვეყანაში პარტიული ცენზურის ქვეშ იყო და მხოლოდ რეჟიმის განმტკიცებას ემსახურებოდა.
პარტიის გარდა, საზოგადოებაში სხვა ავტორიტეტი არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ, როგორც ნაციზმი, ასევე ბოლშევიზმი რელიგიას და ეკლესიას ყველა მეთოდებით ებრძოდნენ. როგორც საბჭოეთში, ასევე გერმანიაში ეკლესია თითქმის კანონგარეშედ იყო გამოცხადებული და მათ არავითარი უფლებები არ გააჩნდათ. მათ ნაცვლად საზოგადოებაში აქტიურად ნერგავდნენ პარტიული ბელადების კულტს, რომელთა მიმართ თაყვანისცემა სახელმწიფო რანგში იყო აყვანილი. გერმანიაში ჰიტლერის დაბადების დღე საერთო ეროვნული დღესასწაულის მსგავსად აღინიშნებოდა. იწერებოდა ფიურერის სადიდებელი ლექსები, იქმნებოდა ნახატები. ფიურერის სახალხოდ გამოჩენა მასაში ექსტაზს იწვევდა. იდენტური ვითარება იყო საბჭოეთშიც, სადაც სტალინს ხალხის მამას და პროლეტარიატის ბელადს უწოდებდნენ.
ერთი და იგივე საგარეო პოლიტიკა ჰქონდა როგორც გერმანიას, ასევე საბჭოთა კავშირსაც. ეს პოლიტიკა სუსტი ქვეყნების მიმართ აგრესიული დიქტატის განხორციელებას გულისხმობდია. ამ პოლიტიკას პირველი მსოფლიო ომის შედეგი განაპირობებდა. დამარცხებულმა გერმანიამ საკუთარი ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტი დაკარგა, რომელიც მისმა მეზობლებმა გადაინაწილეს.
საფრანგეთს გადაეცა ელზას-ლოტარინგიის რეგიონი. ბელგიამ მიიღო მალმედის და ეიპენის მხარე. შლეზვინგის რეგიონის ჩრდილოეთი დანიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ერთა ლიგის მმართველობაში გადადიოდა აღმოსავლეთ პრუსიაში მდებარე ქალაქი დანცინგი. გერმანიამ დაკარგა დასავლეთ პრუსიის ნაწილი, რომელიც ახლადშექმნილ პოლონეთის სახელმწიფოს შეუერთეს. ის ნაწილი პოლონეთმა მიიღო ზედა სილეზიაც. ლიტვას გადაეცა ქალაქი მემელი. ყოფილ იმპერიას ჩამოართვეს ყველა კოლონია აფრიკაში და აზიაში.
თითქმის იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთის ყოფილი იმპერიაც. მოსკოვმა დაკარგა პოლონეთი, დამოუკიდებლობა გამოაცხადა ფინეთმა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა. რუმინეთმა დაიბრუნა ბესარაბია. პოლონეთთან სამხედრო მარცხის შემდეგ, კრემლმა დათმო დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსის რეგიონები. როგორც მოსკოვი, ასევე ბერლინი საკუთარი იმპერიის აღდგენას და მის შემდგომ გაფართოებას ფიქრობდნენ. მიზნის მიღწევის თვალსაზრისით, გერმანულ ნაციზმსა და რუსულ ბოლშევიზმს შორის განსხვავება მხოლოდ იდეოლოგიურ ფორმებში და ტაქტიკაში იყო. სტრატეგიული მიზანი ორივე რეჟიმს ერთი და იგივე ჰქონდა - მსოფლიოზე ბატონობა. კომუნისტების შემთხვევაში ეს მსოფლიო რევოლუციის იდეას ეფუძნებოდა, რომელიც რუსული იმპერიალიზმის გაგრძელებას წარმოადგენდა. ნაციზმის შემთხვევაში კი საქმე ეხებოდა მთელ სამყაროში არიული რასის დომინირებას.
მიზნის მისაღწევად, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, არც ერთი რეჟიმი არ იხევდა უკან და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებდა. როგორც კომუნისტები, ასევე ნაცისტები იდეოლოგიურად ამართლებდნენ მასობრივ მკვლელობებს. ამის ყველაზე ნათელი დადასტურება ნაცისტების მიერ ორგანიზებული ჰოლოკოსტი და კომუნისტების მიერ მოწყობილი ჰოლოდომორია.
ტოტალიტარულ რეჟიმთა შორის, მასობრივი მკვლელობების პიონერები ბოლშევიკები იყვნენ. ჯერ კიდევ 1917 წლის სახელმწიფო გადატრიალებისა და სამოქალაქო ომების პერიოდში კომუნისტები უმოწყალოდ ანადგურებდნენ თავის იდეურ და კლასობრივ მოწინააღმდეგეებს. ბოლშევიკები არა მარტო სამხედრო დანაშაულებს სჩადიოდნენ, არამედ მიზანმიმართულად ჟლეტდნენ სამოქალაქო მოსახლეობის იმ ნაწილსაც, რომელიც მათ პოზიციას არ იზიარებდა. რევოლუციის დროს დაწყებული წითელი ტერორის ტალღა, 30-იან წლებშიც გაგრძელდა და კაცობრიობის ისტორიაში უსაშინლეს გენოციდში გადაიზარდა. ეს გენოციდი უკრაინელების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებიც საბჭოთა რეჟიმს ეურჩებოდნენ და ეროვნულობის შენარჩუნებას ცდილობდნენ. 1932-1933 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ გლეხობისგან მარცვლეულის ამოღების საბაბით, ხორბლისგან და საკვები პროდუქტებისგან მთლიანად დაცალა უკრაინული სოფლები. შემდეგ უკრაინის საზღვრები არმიის საშუალებით ჩაკეტეს და მშიერ ხალხს საკვების შოვნის ყველანაირი საშუალება წაართვეს. ამ აქციის შედეგად, უკრაინაში, სხვადასხვა მონაცემებით, 6 თვეში - 5-დან 8 მილიონამდე მოქალაქე დაიღუპა. ადამიანები შიმშილისგან სივდებოდნენ, ჭკუიდან იშლებოდნენ. მრავლად იყო ასევე კანიბალიზმის შემთხვევები. ბოლშევიკებმა თავის მიზანს მიაღწიეს: დასაჯეს მთელი ერი და ამით უკრაინის ეროვნული მოძრაობა კარგა ხნით შეაჩერეს.
ბოლშევიკების ასეთი სისხლიანი ტერორის მიუხედავად, კაცობრიობის ისტორიაში ნაცისტების მიერ მოწყობილი ჰოლოკოსტი უფრო ცნობილია, რომელიც ჰოლოდომორიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო. ჰოლოდომორის შემთხვევაში კომუნისტები თავის კლასობრივ მტრებს - კულაკებს ებრძოდნენ და ამის საფარქვეშ მთელ უკრაინას სჯიდნენ. ჰოლოკოსტის დროს კი ნაცისტები გერმანულ საზოგადოებას და შემდეგ უკვე მთელ მსოფლიოს, არასრულფასოვანი ერებისგან - უპირატესად ებრაელებისაგან "წმენდნენ". ნაცისტთა მიერ შექმნილი არიული იდეოლოგიის შესაბამისად, ებრაელები არაადამიანები იყვნენ, რომლებიც სხვა ერების ხარჯზე "პარაზიტულად" ცხოვრობდნენ და ევროპულ ცივილიზაციას ანგრევდნენ.
ფაშისტებმა სიკვდილის კონვეირის ასამუშავებლად, კომუნისტების მიერ აპრობირებული საკონცენტრაციო ბანაკების სისტემა გამოიყენეს. თუ ციმბირის ბანაკები პრიმიტიულ დონეზე იყო მოწყობილი და ძირითადად ადამიანთა უფასო შრომის გამოყენებასა და პატიმრების დათრგუნვას ემსახურებოდა, გერმანელებმა ეს სისტემა დახვეწეს და მაღალტექნოლოგიური წარმოების სახე მისცეს. ეს წარმოება მხოლოდ ერთ პროდუქციას ამზადებდა - სიკვდილს. ამ სისტემის წყალობით, ნაცისტებმა მოკლე დროში მხოლოდ ეთნიკური ებრაელებიდან, 6 მილიონამდე ადამიანი გაანადგურეს.
ამდენად, ნაცისტებმაც და ბოლშევიკებმაც მოწინააღმდეგეთაგან ჯერ მტრის ხატი შექმნეს, შემდეგ მათ წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგია და კანონმდებლობა ჩამოაყალიბეს, ბოლოს კი, მათ ფიზიკურ ლიკვიდაციას შეუდგნენ.
საბჭოთა კავშირში ფაშიზმი მთავარ საფრთხობელას წარმოადგენდა. წლების მანძილზე, ბოლშევიკური იდეოლოგია საბჭოთა მოქალაქეებს ფაშისტების პირსისხლიან სახეს უხატავდა. თავის მხრივ, ნაცისტური პროპაგანდისთვის რუსული კომუნიზმი გერმანიის ნომერ პირველი მტერი იყო, რომელიც გერმანულ კულტურასა და ყოფას განადგურებით ემუქრებოდა.
მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული დაპირისპირება იყო. საჭიროების შემთხვევაში, ორი ტოტალიტარული რეჟიმი ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობას ახერხებდა. ჯერ კიდევ 20-იან წლებში საბჭოთა კავშირი აქტიურ დახმარებას უწევდა გერმანიას სამხედრო სფეროში. ვერსალის ხელშეკრულებით, უკიდურესად შეიზღუდა გერმანიის სამხედრო პოტენციალი. მისი შეიარაღებული ძალები 100 ათას ჯარისკაცამდე დაიყვანეს. გაუქმდა სავალდებულო სამხედრო სამსახური. გერმანიას ჩამოერთვა სამხედრო ფლოტის 80 პროცენტი, აეკრძალა შეიარაღებაში მძიმე ტექნიკისა და ავიაციის ყოლა. ევროპას გერმანიაში ახალი მილიტარიზმის აღორძინების ეშინოდა. ასეთი აკრძალვის პირობებში, გერმანელები წვრთნებს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გახსნილ საიდუმლო სამხედრო ცენტრებში ატარებდნენ. ყაზანის სატანკო, ლიპეცკის საავიაციო და ვოლსკის ქიმიურ სასწავლო ცენტრებში, წლების მანძილზე ვერმახტის ათასობით ოფიცერმა გაიარა მომზადება.
ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე, ნაცისტები და კომუნისტები ერთობლივ მიტინგებსაც კი აწყობდნენ გერმანიაში, რომელიც სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგალითად, 1930 წლის ოქტომბერში გამართულ ასეთ მიტინგზე ნაცისტებიდან სიტყვით იოზეფ ჰებელსი გამოვიდა, კომუნისტების მხრიდან კი ჰაინც ნოიმანი. გარკვეულწილად, სწორედ საბჭოთა კავშირისა და გერმანული კომუნისტური პარტიის ქმედებებმა განაპირობა ჰიტლერის პარტიის გამარჯვება. კრემლის დავალებით, კომუნისტები გერმანიაში სოციალ-დემოკრატებს ებრძოდნენ, რის შედეგადაც არჩევნებზე მათ ხმებს ართმევდნენ.
მეორე მსოფლიო ომის წინ, როდესაც ჰიტლერი უკვე ხელისუფლებაში იყო, ორი ტოტალიტარული რეჟიმი მაქსიმალურად დაახლოვდა. 1939 წლის აგვისტოში ბოლშევიკებმა და ნაცისტებმა თანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწიეს. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა და გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იოაჰიმ ფონ რიბენტროპმა ურთიერთთანამშრომლობის პაქტს მოაწერეს ხელი. პაქტის საიდუმლო ნაწილის მიხედვით, ახალი პარტნიორები ევროპაში გავლენის სფეროებს ინაწილებდნენ: მოსკოვი არ გააპროტესტებდა გერმანიის თავდასხმას პოლონეთზე. ამის სანაცვლოდ პოლონეთი შუაზე გაიყოფოდა. გარდა ამისა, კრემლის გავლენის სფეროდ ცხადდებოდა ბალტიის ქვეყნები, ფინეთი და ბესარაბია. გერმანია და საბჭოეთი სტრატეგიულ პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ.
1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. ორ კვირაში კი, ბერლინთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, პოლონეთის წინააღმდეგ ინტერვენცია დაიწყო საბჭოთა კავშირმაც: პოლონეთი ნარევ-ვისლა-სანის ხაზზე გაიყო. კრემლმა მიიღო 196 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია, სადაც 13 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდა ლვოვი, ვილნიუსი, როვნო, ბრესტი. ამ ტერიტორიების ნაწილი მოსკოვმა უკრაინას შეუერთა, ხოლო ნაწილი ბელორუსს. ორად გაიყო გერმანიის მიერ კონტროლირებული პოლონური ტერიტორიებიც. ლოძის, კატოვიცეს, პოზნანის და დანციგის რაიონი პირდაპირ მესამე რაიხს შეუერთეს. დანარჩენ ტერიტორიაზე კი გენერალ-საგუბერნატოროს სახით, საგანგებო ტერიტორიული ერთეული შექმნეს, რომელიც მთლიანად საოკუპაციო რეჟიმის მიერ იმართებოდა.
გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის მეგობრობის ნიშნად, ბრესტ-ლიტოვსკში, ერთობლივი სამხედრო აღლუმი ჩატარდა. აღლუმს ვერმახტის ფელდმარშალი გუდერიანი და საბჭოთა კომბრიგი კრივოშეინი იბარებდნენ.
დაპყრობილ ტერიტორიაზე ნაცისტები და ბოლშევიკები ერთნაირი მეთოდებით მოქმედებდნენ. ოკუპაციის პირველივე დღეებში გერმანელებმა დაახლოებით 15 ათასი პოლონელი მოქალაქე დააპატიმრეს. უკვე მომდევნო თვეებში დაპატიმრებულთა რიცხვმა ასეულ ათასობით ადამიანს მიაღწია. დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები გერმანელებმა რასების მიხედვით დაჰყვეს და მათ განადგურებას გეტოებისა და საკონცენტრაციო ბანაკების მეშვეობით შეუდგნენ.
1939 წლის სექტემბერშივე პოლონეთში დაიწყეს დაპატიმრებები კომუნისტებმაც. 1940 წლის ივლისამდე საბჭოთა ხელისუფლებამ ანექსირებული რაიონებიდან 400 ათასამდე ადამიანის დეპორტაცია მოასწრო. ციმბირში და ყაზახეთში ასახლებდნენ ყოფილ ჩინოვნიკებს, პოლიციის თანამშრომლებს, ინტელიგენციას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. 1940 წლის გაზაფხულზე, ორი თვის განმავლობაში, საბჭოთა რეჟიმმა კალინინის, ხარკოვის, სმოლენსკისა და კიევის ციხეებში გამომწყვდეული 21 ათასი პოლონელი დახვრიტა, რომელთა უმეტესობა სამხედრო ოფიცერი იყო. ეს ტრაგედია ისტორიაში კატინის სახელით არის ცნობილი. ამ დანაშაულს საბჭოთა კავშირი მთელი თავისი არსებობის მანძილზე უარყოფდა და პოლონელი ოფიცრების დახვრეტას ნაცისტურ რეჟიმს აბრალებდა.
გერმანიასთან პარტნიორული ურთიერთობის დასადასტურებლად, საბჭოთა კავშირში დააკავეს და ნაცისტებს გადასცეს 4 ათასამდე გერმანელი პოლიტ-ემიგრანტი. თავის მხრივ, ფაშისტებმა ბოლშევიკებს გადასცეს გერმანიაში ემიგრირებული ტროცკისტები, თეთრგვარდიელები და ის კომუნისტებიც კი, რომელთა მიმართ სტალინს კონკრეტული პრეტენზიები ჰქონდა. პოლონეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთობლივი მოქმედების კოორდინაციისთვის, შინსახკომისა და გესტაპოს თანამშრომლებისთვის სპეციალური სემინარებიც კი ეწყობოდა.
პაქტის გაფორმებისთანავე როგორც გერმანიამ, ასევე საბჭოთა კავშირმა მთლიანად შეცვალეს პროპაგანდის სტილი. გაზეთი "პრავდა" მთელ გვერდებს უთმობდა ჰიტლერს და მის გამოსვლებს ხშირად უცვლელადაც კი ბეჭდავდა. იგივე ვითარება იყო გერმანიაშიც, საბჭოეთს სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებდნენ და ურღვევ მეგობრობაზე საუბრობდნენ. საბჭოთა კავშირში აიკრძალა ანტიფაშისტური ფილმების ჩვენება. ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს ანტიფაშიტური ლიტერატურა. ამის სამაგიეროდ დაუშვეს ნაცისტთა გამოცემები. მოსკოვის დიდმა თეატრმა დირექტივა მიიღო ვაგნერის ოპერა "ვალკირიის" დადგმაზე, რომელიც ძალიან უყვარდა ჰიტლერს. ცვლილება განიცადა საბჭოთა ისტორიოგრაფიამ: თუ აქამდე გერმანია რუსეთის მტრად მოიხსენიებოდა, პაქტის გაფორმების შემდეგ, სახელმძღვანელოებში გამოჩნდა გერმანიის პოზიტიური როლი რუსეთის განვითარებაში.
პოლონეთის გაყოფისთანავე, მკვეთრად შეიცვალა ოფიციალური მოსკოვის ტონიც. შეცვლილი პოზიციის მიხედვით, ჰიტლერი საბჭოთა კავშირის საიმედო მოკავშირედ ცხადდებოდა.
1939 წლის 31 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს სესიაზე, რომელსაც გერმანია-საბჭოთა კავშირის პაქტის რატიფიცირება უნდა მოხედინა სიტყვით საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ვიაჩესლავ მოლოტოვი გამოვიდა, რომელმაც შემდეგი განაცხადა: "ჩვენი ურთიერთობა გერმანიასთან ძირეულად გაუმჯობესდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობაზე ორიენტირებული გერმანიის საგარეო პოლიტიკას. გერმანია ის სახელმწიფოა, რომელსაც სურს რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ომი, მაგრამ ინგლისი და საფრანგეთი, რომლებიც ადრე ვითომ მშვიდობისთვის იბრძოდნენ, ახლა ომის გაგრძელების მომხრეები არიან და უარს აცხადებენ მშვიდობის დამყარებაზე. ბოლო პერიოდში ინგლისისა და საფრანგეთის ხელისუფლებებს სურთ საქმე წარმოაჩინონ ისე, რომ ისინი აწარმოებენ დემოკრატიულ ბრძოლას ჰიტლერიზმისგან ჩაგრული ერების გასათავისუფლებლად. ინგლისის მთავრობა საერთოდ აცხადებს, რომ ომის მთავარ მიზანს არც მეტი, არც ნაკლები, ჰიტლერიზმის განადგურება წარმოადგენს. მაგრამ ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ჰიტლერიზმის წინააღმდეგ დაწყებული ომი არა მარტო უაზრობაა, არამედ დანაშაულებრივიც კი არის."
ტოტალიტარული სისტემები წარმატებით თანამშრომლობდნენ ეკონომიკურ სფეროშიც. 1940 წლის 13 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, საბჭოთა კავშირი გერმანიისთვის ნედლეულის მიმწოდებელი მთავარი წყარო გახდა. 17 თვის განმავლობაში საბჭოთა კავშირმა გერმანიას 800 მილიონი მარკის ღირებულების ნედლეული მიაწოდა. მათ შორის: 900 ათასი ტონა ნავთობი, 150 ათასი ტონა მარგანეცი, 3 ათასი ტონა ნიკელი, 14 ათასი ტონა სპილენძი და თუთია, 100 ათასი ტონა ბამბა, 1 მილიონი ტონა ხე-ტყე და 1,5 მილიონი ტონა ხორბალი. გარდა ამისა, მოსკოვი გერმანიას საიდუმლოდ ეხმარებოდა მესამე ქვეყნებიდან საჭირო ნედლეულის შეტანაში. სწორედ რუსეთიდან მიღებული პროდუქციის შემდეგ დაიწყო ვერმახტის ბლიც-კრიგთა მთელი სერია დასავლეთ ევროპის მიმართულებით.
თავის მხრივ, გერმანია ყოველმხრივ უჭერდა მხარს მოსკოვის საგარეო ამბიციების დაკმაყოფილებას. 1939 წლის ოქტომბრიდან საბჭოთა კავშირმა, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიდან გამომდინარე, ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია დაიწყო. ბერლინმა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ფლობდა ამ რეგიონში, ბალტიის სახელმწიფოებს კრემლის პირობებზე დათანხმება ურჩია. ორ თვეში მოსკოვმა ჯარები შეიყვანა ლატვიაში, ესტონეთში და ლიტვაში.
აგრესიის დროს, ტოტალიტარული რეჟიმების ხელწერა თითქმის ყოველთვის ერთნაირი იყო. შესაძლოა განსხვავება მხოლოდ დეტალებში ყოფილიყო, მაგრამ მოქმედების მანერა ერთმანეთს საოცრად ჰგავდა. 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთის წინააღმდეგ გერმანიის ომის დაწყების საბაბი სასაზღვრო ინციდენტი გახდა. გერმანიის სპეც-სამსახურების მიერ ორგანიზებული იყო ოპერაცია, რომლის დროსაც პოლონურ ფორმაში გადაცმული გერმანელი სამხედროები თავს დაესხნენ საზღვართან მდებარე რადიოსადგურს. ეს ფაქტი ბერლინმა საბაბად გამოიყენა და პოლონეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.
იგივე სცენარით მოქმედებდა კრემლი ფინეთის წინააღმდეგ. 1939 წლის 26 ნოემბერს მოსკოვმა ფინეთის საზღვართან - სოფელ მაინილაში განლაგებული საკუთარი საჯარისო ნაწილი დაბომბა, ინციდენტში ფინური მხარე დაადანაშაულა და შემდეგ ომი დაიწყო. ორივე შემთხვევაში ხელწერა იდენტური იყო. როგორც ნაცისტები, ასევე კომუნისტები აგრესიის გასამართლებლად წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას იყენებდნენ და ომის გაჩაღებაში სხვას ადანაშაულებდნენ.
1945 წელს გერმანულმა ნაციზმმა მეორე მსოფლიო ომში მარცხი განიცადა. კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, 1945-1946 წლებში ნიურნბერგში გერმანელ ნაცისტთა ლიდერების წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლო პროცესი შედგა. ნაცისტური პარტია დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადდა. ჰიტლერის მთავრობის 12 წევრს სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. დანარჩენებს კი სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
ომის დასრულების შემდეგ, გერმანიის უკვე ახალმა ხელისუფლებამ ებრაელებისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული აღიარა. 1952-დან 1965 წლის ჩათვლით, გერმანიის მთავრობამ ისრაელს რეპარაციებისა და კომპენსაციების სახით 3 მილიარდი მარკა გადაუხადა. 1970 წლის 7 დეკემბერს გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის კანცლერმა ვილი ბრანდტმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტისას, ვარშავის გეტოს მემორიალთან, ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, გერმანელი ერის სახელით, ბოდიში მოიხადა და მუხლებზე დაიჩოქა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსულ კომუნიზმს ათეულობით მილიონი ადამიანი შეეწირა და კაცობრიობის წინაშე ფაშიზმზე არანაკლები ბოროტება აქვს ჩადენილი, იგი დღემდე არავის გაუსამართლებია, არავისთვის ბოდიში არ მოუხდია და არც კომპენსაცია გადაუხდია. საბჭოთა კავშირი თავის დანაშაულებრივ პოლიტიკას მაშინაც აგრძელებდა, როდესაც ნაციზმი აღარ არსებობდა.
ევროპა ფაშიზმისგან გათავისუფლდა, მაგრამ მის სანაცვლოდ, კომუნიზმი მიიღო. პოლონეთში, რუმინეთში და ბულგარეთში საბჭოთა რეჟიმი ჩამოყალიბდა. იგივე ვითარება იყო იუგოსლავიაში, ალბანეთში, უნგრეთში და ჩეხოსლოვაკიაში, სადაც კრემლის მხარდაჭერით, კომუნისტებს შეუზღუდავი ჰეგემონია ჰქონდათ და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა ჯარები იდგნენ. ომისშემდგომ პერიოდში, აღმოსავლეთ ევროპაში ყავისფერი ტერორი უკვე წითელმა ტერორმა ჩაანაცვლა.
დემოკრატიული სამყარო კარგად აცნობიერებდა თუ ვისთან ჰქონდა საქმე. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი კომუნიზმს ფაშიზმზე დიდ უბედურებად თვლიდა. მისი ცნობილი გამოთქმის მიხედვით: ფაშიზმი მხოლოდ კომუნიზმის ჩრდილი, მისი მახინჯი შვილი იყო. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, დასავლეთის ქვეყნებს, საბჭოეთისთვის ჯეროვანი წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა აღარ ჰქონდათ. მსოფლიო ორ პოლუსად გაიყო და მათ შორის მყიფე ბალანსი ჩამოყალიბდა. ამ ბალანსის დარღვევას ყველა ერიდებოდა, რადგან ეს უთუოდ მესამე მსოფლიო ომს და ბირთვულ დაპირისპირებას გამოიწვევდა, რომელიც მთელი კაცობრიობისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა.
2006 წლის 25 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოფიციალური რეზოლუცია მიიღო, რომელიც მოუწოდებს მსოფლიოს, დაგმოს ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომელსაც წლების მანძილზე ახორციელებდნენ ტოტალიტარული რეჟიმები. რეზოლუციაში აღნიშნული იყო, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმების დამხობას არ მოჰყოლია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ რეჟიმების მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება. საერთაშორისო საზოგადოებას პასუხისგებაში არ მიუცია ამ დანაშაულების ჩამდენი პირები, როგორც ეს მოხდა ფაშიზმის შემთხვევაში. ზოგიერთ ქვეყანაში კომუნისტური პარტიები დღემდე განაგრძობენ ლეგალურ მოღვაწეობას. რეზოლუციის ავტორთა აზრით, ამ დოკუმენტმა ხელი უნდა შეეწყოს ისტორიული სამართლიანობის აღდგენას, რომელიც გულისხმობს კომუნიზმის ისეთივე გასამართლებას, როგორც გაასამართლეს ფაშიზმი ნიურნბერგში. ევროპისგან განსხვავებით, დღევანდელ რუსეთში სულ სხვანაირად ფიქრობენ. თუ დემოკრატიული სამყარო ფაშიზმსა და კომუნიზმს ერთნაირ ბოროტებად აღიქვამს, კრემლში დღესაც მიაჩნიათ, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლა XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა იყო.
ნაციზმი და კომუნიზმი, ორივე დანაშაულებრივი სისტემაა, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიკვდილი დაუშვეს, მაგრამ ისტორიული მეხსიერება მათ მიმართ განსხვავებულია. თუ ფაშიზმს ყოველთვის გვახსენებენ, კომუნიზმის საშინელებების შესახებ ხშირ შემთხვევაში არავინ საუბრობს.
სავარაუდოდ ეს ფაქტორი იმით არის გამოწვეული, რომ ფაშიზმი ომში დამარცხდა და მოკავშირეებმა მთლიანად გამოამზეურეს ჰიტლერის რეჟიმის დანაშაული. გარდა ამისა, დასავლეთის სამყარომ თავის თავზე გამოსცადა ფაშიზმი, მაშინ როდესაც ბოლშევიზმი მათ არ შეხებიათ. ნაციზმი სულ 12 წელი იყო და თაობა, რომელიც ამ საშინელებებს მოესწრო, გასამართლების პროცესში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ნათლად ახსოვდა ყველაფერი. კომუნიზმი კი 70 წლის მანძლიზე დომინირებდა. ამ ხნის მანძილზე რამდენიმე თაობა გამოიცვალა, წაიშალა მეხსიერება, შეიცვალა საზოგადოება. შთაბეჭდილება რჩება, რომ კომუნიზმის მიერ ჩადენილ უამრავ დანაშაულს, მსოფლიომ ხანდაზმულობის გამო, ამნისტია გამოუცხადა.
მიხეილ ბასილაძე