სიტყვა ყველას
გამოგვეხმაურეთ, მოგვაწოდეთ თქვენი აზრი საჭირბოროტო და თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.
24 საათი 06.05.12
გამოგვეხმაურეთ, მოგვაწოდეთ თქვენი აზრი საჭირბოროტო და თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.
უბრალოდ, გაუზიარეთ თქვენი სათქმელი სხვებს - ნებისმიერ თემაზე.
გიგა მირცხალავა: მე ძალიან მინდა დავიბრუნოთ აფხაზეთი. ეს ის ფიქრია, რომელიც მუდამ თან მსდევს და არასდროს მავიწყდება და ვფიქრობ, ყველა პატრიოტი ქართველისაც. მე არ მაინტერესებს, რას იზამს ჩვენი პრეზიდენტი - შადრევანს დადგამს, თუ გვირაბს გათხრის. მე მარტო ერთი რაღაც მინდა, რომ სააკაშვილმა დაიბრუნოს აფხაზეთი ნებისმიერ ფასად, ღირსეული თუ უკანონო, ეს არ მაღელვებს. მთავარია, ქართველები ვიყოთ ერთნი. თუ თვლის, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანით დავიბრუნებთ აფხაზეთს, მაშინ იქნებ მართლაც დავიბრუნოთ. აქამდე არც არავინ ცდილობდა და ეს კაცი ცდილობს მაინც.
ლალი კოღუაძე: მე მიკვირს მიხეილ სააკაშვილის - გავცვლი ჩემს პრეზიდენტობას აფხაზეთზე, - ეს არასერიოზული საქციელია. ჩვენ არავის წინაშე ვალდებულები არ ვართ. არც სხვისი ძროხა მოგვიპარავს, რომ კომპრომისებზე წავიდეთ. ჩვენ ჩვენი ტერიტორია გვინდა, ჩვენი კუთვნილი მიწა და ხალხი, მე ვიცი და ჩემს თავზე გამოვცადე, როგორ არ უყვართ აფხაზებს ქართველები იმიტომ, რომ უმეტესობა «ტრიპაჩები" და მატრაკვეცები არიან და სულ ზემოდან იყურებოდნენ. რატომ?! არ ვიცი, მაგრამ ეს არის სიმართლე. აფხაზები ძალიან ამაყები არიან საიმისოდ, რომ ვინმეს თავი დაუხარონ და ღირსება შეალახინონ. ამიტომ ჩვენ სათანადოდ დავისაჯეთ.
ჯანბაკურ მილორავა: მე არ ვარ ნაციონალი საერთოდ, მაგრამ მედვედევის კომენტარმა თმა დამიყენა ყალყზე. კაცი, რომელიც უცებ საიდანღაც გამოიღო პუტინმა, პრეზიდენტად დასვა და მერე გადააგდო - ზის და არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილზე იტყვის რამეს თუ სხვაზე - მაგრამ, ხმას იღებს. ეს შემაშფოთებელია ნამდვილად. რაც შეეხება რუსეთის მხრიდან გაწეულ დახმარებას - დახმარებასთან ერთად რამდენი რამ დაგვიშავა, და არც ისე დიდი ხანი გასულა იმ ამბების მერე, რომ დაგვვიწყებოდა.
სანდრა მალხაზიშვილი: ქუთაისში აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია «ქართული ოცნება" გაწუწეს, თითქოს რამეს აშავებდნენ. მე მესმის, რომ ხელისუფლება შეშინებულია და თვლიან, რომ მათი დღეები დათვლილია. ეს ეგრეც არის, მაგრამ ასეთი აგრესია როგორ შეიძლება?
დალი კოჭლამაზაშვილი, 48 წლის: სკოლა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარების პროცესში, ამიტომ საჭიროა მაღალკვალიფიციური მასწავლებლები, რომ სწორად შეძლონ ბავშვის პიროვნების ფორმირება, რადგან სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვი მშობლების სახლის მიღმა ყველაზე მეტ დროს ატარებს და იქ გაგებული, ნასწავლი და ნანახი მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება. დღეს-დღეობით კი სკოლებში ძალიან ბევრი ძალადობაა, თუნდაც ერთმანეთში და თუნდაც მასწავლებლების მიმართ. არ ვიცი, როგორ მოახერხეს სკოლების ხელმძღვანებლებმა, რომ ბავშვებს მათ მიმართ ასეთი აგრესია გასჩენოდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასეა, ეს პრობლემა, ჩემი აზრით, სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი, რომ ახალი თაობა ჯანსაღი ფსიქოლოგიის და იდეოლოგიის მატარებელი იყოს.
დათა ბანძელაძე, 28 წლის: ბოლოს და ბლოს, არ უნდა მორჩეს პატიმრების სიკვდილი ქართულ ციხეებში? რა გახდა ამის მოწესირგება? ქობულეთელი პატიმარი თუ ავადმყოფობით მოკვდა, რატომ მიიყვანა აქამდე ციხის ადმინისტრაციამ, დროზე რატომ არ უმკურნალა, დღეს ვიღა კვდება ვენერიული დაავადებით?! და თუ მართლა წამებით გარდაიცვალა ის საწყალი, ეს უნდა გამოიძიონ და ვიღაც უნდა დაისაჯოს აუცილებლად, ამას ითხოვს ყველა - ამ მთავრობის მომხრეც და მოწინააღმდეგეც და ასეთ რაღაცეებზეა საბოლოოდ არჩევნებში გამარჯვება დამოკიდებული.
ნათია ამაშუკელი, 56 წლის: ერთ-ერთი, რაც ყველაზე კარგი გაკეთდა დღეს საქართველოში ის არის, რომ ჩვენი ენერგიის წყარო გვაქვს და აღარ ვართ არავიზე დამოკიდებულები, თორემ მე კარგად მახსოვს, როდესაც სულ უშუქოდ ვიჯექით, ხან გაზი არ იყო და ხან - წყალი არ იყო. ახლა ეს პრობლემები აღარ არსებობს და ამიტომ აღარც ახსოვს უმეტესობას და ყველას დიდი პრეტენზიები აქვს. ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ 8 წელიწადში ყველაფერს ვერ შეცვლი და ის, რაც დღეს გაკეთდა, ესეც რეკორდული მაჩვენებლებია.
ნიკოლოზ კაპანაძე, 61 წლის: არავინ არ იცის, დღეს საქართველოში რა დონეზეა განვითარებული სამხედრო ძალები. გვეუბნებიან, რომ ყველაფერი თითქოს და კარგად არისო, მაგრამ არავინ იცის, სინამდვილეში რა ხდება. ყველაფერი ბურუსით არის მოცული ამ ხელისუფლებაში. თან სულ შეიცვალა მომზადების სისტემა, ეს ბიჭები დღეგამოშვებით სახლში მოდიან, ეს არ არის სერიოზული. მე ვურჩევდი ყველას, ისევ ძველი სისტემა განაახლონ და ყველამ მოიხადოს თავისი მოვალეობა ქვეყნის წინაშე, აბა რა არის, ეს ბიჭები გოგოებს რომ დაემსგავსნენ და ყველა მხრიდან მარტო ის მესმის, ნეტა «დამბრაკონ", ნეტა «დამბრაკონ». სხვანაირად უნდა დადგეს ეს საკითხი.
გიორგი ლომჯარია, 35 წლის: ეს»ოცნება» არც ერთ კვლევას არ ენდობა, არც ამერიკულს, არც «გელაპს», არც ადგილობრივს. მგონი, მარტო რუსულ, ან კაჭკაჭიშვილის კვლევების ჯერა... ჯერა და ჯეროდეს, ვნახავთ შემოდგომაზე.
ბადრი მანია, 43 წლის: მე ვეთანხმები და მჯერა იმის, რომ ხელისუფლება საწვავის ფასს ხელოვნურად ზრდის. მანქანით სიარული ძვირი სიამოვნება გახდა და მე "ტაქსაობით" უკვე ფულს ვეღარ ვშოულობ. რასაც ერთ დღეში ვიშოვი, იმ ფულის ბენზინს ვასხამ და მეორე დღესაც იმ ფულით დავდივარ. ასეა დღიდან დღემდე და მოგება არ მრჩება. ხელისუფლება კი ამის ხარჯზე ჯიბეებში იდებს ფულს, რომელიც წესით ხალხს ეკუთვნის.
შაკო ბაქრაძე: არ მაინტერესებს პოლიტიკა. ერთი თხოვნა მაქვს, ერთადერთი და მეტი არაფერი არ მინდა - არც პლანის ლეგალიზაცია და არც ახალი პრეზიდენტი - გთხოვთ, ვინმემ რამე უქენით ბიჭოლა თეთრაძეს! ეგ ადამიანი, რომელსაც კაცს ვერ დაარქმევ, არცხვენს საქართველოს. «დოლჩეგაბანას» ჩვენებაზეც შეგვარცხვინა და კაცმა არ იცის კიდე სად და როდის მოგვიწევს მის ნაცვლად გაწითლება. გთხოვთ, ეგ ადამიანი გავაქროთ ერთობლივი ძალებით.
მაგული ზამბახიძე, 56 წლის: მაინტერესებს რას ფიქრობენ ნინო სუხიშვილი და ნინო ანანიაშვილი, ასეთი დიდი პროფესიონალები, როცა «ცეკვავენ ვარსკვლავებში» ძალიან კომპრომისულად და ლამის არაპროფესიონალურად აფასებენ მოცეკვავეებს ალბათ, ვიღაცის დავალებით? აბა ლელა წურწუმიას ქება შეიძლება? თან იმ ფონზე, როგორც სხვები, ან იმედაძე, ან სადუნიშვილი, ან კოშკელიშვილი ცეკვავენ? ფინალამდე მაინც მოიყვანეს წურწუმია... მოკლედ, ესეც ჩვეულებრივი, ქართულ-ტრადიციული, გაყიდული კონკურსია.
ზიზი მანჯგალაძე: ქუთაისი როგორ გალამაზდა და სხვა ქალაქებიც და ეს ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. გამოკითხვებით კი, მთავარი პრობლემა მოსახლეობის უმუშევრობაა და არა ლამაზი ქალაქები. ნელ-ნელა ამასაც უნდა მიეხედოს, ეს ლამაზი ქალაქები და კარგი ინფრასტრუქტურა ხო უნდა გამოიყენოს ხალხმა?