ვალენტინა იონჩენკო (ბელორუსი. ბრაგინის რაიონის მცხოვრები):
24 საათი 06.05.12
ვალენტინა იონჩენკო (ბელორუსი. ბრაგინის რაიონის მცხოვრები):
"ასე მგონია, რომ მთელი ცხოვრება მემახსოვრება ეს დღე. 1986 წლის 26 აპრილს ჩვენ მშობლების ბოსტანში ვმუშაობდით. მზიანი დღე იყო და ვერავინ იფიქრებდა იმას, რომ უკვე რაღაც მოხდა. ჩვენ ჩერნობილთან ახლოს ვცხოვრობდით და ხშირად დავდიოდით იქ სურსათისათვის, რადგან ამ ქალაქს კარგი მომარაგება ჰქონდა. იმ დღესაც მეზობელი მოვიდა ჩვენთან, რომელიც სურსათზე იყო იქ და რაღაც აფეთქებაზე მოგვიყვა. ჩვეულებრივად ყვებოდა, როგორც ერთ რიგით ამბავს. მას ვიღაცამ უთხრა ქალაქში და ისიც ყვებოდა. უმნიშვნელოდ ჩავთვალეთ. რა უნდა გვეფიქრა? ხუმრობით მას იქ ნაყიდი პროდუქტების გადაყრაც კი ვურჩიეთ, მაგრამ უარი თქვა: ბევრი ფული მაქვს გადახდილიო. იმედიანად ვიყავით და ვამბობდით: რაღაც კი აფეთქდა, მაგრამ გვჯერა ჩვენი სახელმწიფოსი და ყველაფერი კარგად იქნება."
*
1986 წლის 25 აპრილს ჩერნობილის ატომური სადგურის პერსონალი მეოთხე ენერგობლოკში გეგმიურ ექსპერიმენტს ახორციელებდა. ამ ექსპერიმენტით უნდა დადგენილიყო, თუ როგორ გამოიმუშავებს ავარიის პირობებში ტურბოგენერატორი ელექტროენერგიას. ყველასთვის მოულოდნელად მე-4 ბლოკის გეგმიურმა ავარიულმა გამორთვამ არ იმუშავა და რეაქტორი კონტროლიდან გამოვიდა. 26 აპრილის ღამის პირველ საათზე და 23 წუთზე, ჩერნობილის ატომურ ელექტრო სადგურზე, ატომური ენერგეტიკის ისტორიაში უდიდესი ავარია დაფიქსირდა. სადგურის მე-4 ბლოკში მომხდარი აფეთქების გამო, ატმოსფეროში დიდი რაოდენობით რადიოაქტიურმა ნივთიერებებმა გაჟონეს.
აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მან მაშინვე დაანგრია ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორის მეტალოკუნსტრუქცია, მისი შიგთავსი და ათასტონიანი სახურავი.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქებიდან 6 წუთის შემდეგ, მეოთხე რეაქტორზე ცეცხლის ლოკალიზება 21-მა მეხანძრემ სცადა. მაგრამ გამოსხივების ფონი უკვე იმდენად მაღალი იყო, რომ ერთი საათის შემდეგ, მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 6 მეხანძრე რამდენიმე დღის შემდეგ ისე გარდაიცვალა, რომ ექიმებმა მათი გონზე მოყვანა ვერ მოახერხეს. ამ დროისათვის გამოსხივების დონე მეოთხე რეაქტორის ირგვლივ საათში ათას რენტგენს აღწევდა. ეს დოზა კი დასაშვებ ნორმას რამდენიმე ასეულით აჭარბებდა.
ვალერი მილიოშინი (ჩერნობილის ავარიის ლიკვიდატორი): "როდესაც ატომურ ელექტროსადგურზე მივედით, ენერგობლოკი უკვე ნახევრად დანგრეული იყო და კვამლი ამოდიოდა. გარშემო ვერტმფრენები დაფრინავდნენ და ბარიუმს ყრიდნენ. ჩემი სამხედრო პრტოფესიიდან გამომდინარე უკვე ვიცოდი რაც იქ მოხდა. ვგრძნობდი ძლიერი რადიაციის სიმპტომსაც: პირში რკინის გემო მქონდა. პირველი დღეები ასეთ დროს ყველაზე საშიშია, რადგან მაშინ მიმდინარეობს რადიაქტიური იოდის გამოსხივება. ის სწრაფად იშლება და ამის გამო ადამიანს მუდმივად რკინის გემო აქვს პირში."
ხანძარი მესამე რეაქტორსაც დაემუქრა, რომლის აფეთქების შემთხვევაშიც მდგომარეობა საერთოდ უკონტროლო გახდებოდა. გაჩნდა ბირთვული აფეთქების საშიშროება, რომელიც ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბზე განუზომლად დიდი სიმძლავრის იქნებოდა. თუმცა, მეხანძრეთა თავდადების შედეგად ეს საფრთხე ლიკვიდირებული იყო. სამოქალაქო თავდაცვისა და სახანძრო სამსახურის რაზმები და ვერტმფრენები ალმოდებულ რეაქტორს წყალს და თხევად აზოტს ქვიშას, ტყვიას და დალამიტს ასხავდნენ. ატომურ ელექტროსადგურთან პირველი ათი დღის განმავლობაში მფრინავებმა, 1 800 რეისი განახორციელეს და 5 000 ტონა მასალა გადმოყარეს რეაქტორის თავზე. თუმცა, საბოლოოდ, როგორც გაირკვა, ავარიის ლიკვიდაციისთვის მიღებული ზომები არაეფექტური აღმოჩნდა. ამიტომ, სპეციალისტთა გადაწყვეტილებით, რადიაქტიური ნუკლიდების შესაჩერებლად, დანგრეული რეაქტორის გარშემო, ბეტონის სარკოფაგის მშენებლობა დაიწყო. კონსტრუქციის აგება 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასზე მუშაობა, საბოლოოდ, 1986 წლის ნოემბერში დასრულდა.
ვალერი მილიოშინი (ჩერნობილის ავარიის ლიკვიდატორი): "არავინ იყო მზად კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციისთვის. არ არსებობდა ორგანიზაციული მხარე. არ იყვნენ შესაბამისი სპეციალისტები, არ არსებობდა გეგმა. როგორც ყოველთვის, საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა პრობლემა ადამიანათა რაოდენობით გადაეჭრა. ავარიის ლიკვიდაციისთვის ჩერნობილში უამრავ ადამიანს ერეკებოდნენ და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ: უამრავი ადამიანი დასხივდა რადიაციით, როდესაც ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობდა."
საბჭოთა ხელისუფლებამ, ავარიის მიზეზად, ატომური ელექროსადგურის თანამშრომლების მიერ რეაქტორის ექსპლუატაციაში დაშვებული შეცდომები დაასახელა.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფა იმ ეპოქაში მოხდა, როდესაც საბჭოთა იმპერიას რკინის ფარდა ჰქონდა ჩამოშვებული დასავლურ სამყაროსთან. მართალია, საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალურ მდივანს მიხეილ გორბაჩოვს უკვე გამოცხადებული ჰქონდა გარდაქმნისა პოლიტიკა, მაგრამ საბჭოთა ლიდერი ინერციით ჯერ კიდევ მტრად აღიქვამდა დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებს და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას გაურბოდა. ამის გამო, მოსკოვი შეეცადა დაემალა ავარია და ჩერნობილში მომხდარი კატასტროფის შესახებ ინფორმაცია დახურა.
თუმცა, ატომური კატასტროფის საიდუმლოდ შენახვა შეუძლებელი იყო. ავარიიდან მეორე დღეს, რადიაციული ფონის მომატება დაფიქსირდა სკანდინავიის ნახევარკუნძულსა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში. 27 აპრილს, შვედეთის სამეფომ ოფიციალური განმარტება მოსთხოვა მოსკოვს, მაგრამ კრემლი მთელი დღის განმავლობაში დუმდა. საბჭოთა ხელისუფლებამ მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა განცხადების გაკეთება, როდესაც სტოკჰოლმი დაიმუქრა, რომ განგაშის სიგნალს გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოში გააგზავნიდა.
ჩერნობილის კატასტროფიდან სამი დღის შემდეგ, კრემლს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ფაქტის აღიარება მოუწია. ავარიასთან დაკავშირებით, პროგრამა "ვრემიამ" მოკლე ინფორმაცია გაავრცელა: "ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე უბედური შემთხვევა მოხდა. რის გამოც დაზიანებულია ერთ-ერთი რეაქტორი. ამჟამად მიღებულია ყველა შესაბამისი ზომა აღნიშნული დაზიანების აღმოსაფხვრელად. დაზარალებულებს გაეწიათ სათანადო დახმარება. შექმნილია სამთავრობიო კომისია". ეს ავარია, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს უდიდეს საფრთხეს უქმნიდა, ამის შესახებ არავინ იუწყებოდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ატომური კატასტროფის შესახებ მოსახლეობას აფეთქებიდან მხოლოდ 36 სათის შემდეგ აცნობა.
ჩერნობილის კატასტროფის დროს მეტეოროლოგიური პირობები ისეთი იყო, რომ რადიონუკლიდების გავრცელება ძირითადად ჩრდილო-დასავლეთის ქვეყნებს ემუქრებოდა. აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა ატომურმა ღრუბელმა უკრაინის, ბელარუსის და რუსეთის ზოგიერთი რაიონი დაფარა და მოძრაობა სკანდინავიისკენ გააგრძელა. მაგრამ, აპრილის ბოლოს ქარის მიმართულება შეიცვალა და რადიოაქტიურმა ღრუბლებმა უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონებისკენ გადაიწიეს. რუსეთის ფედერაციის მჭიდროდ დასახლებული ქალაქები: ვორონეჟი, ნიჟნი-ნოვგოროდი, იაროსლავი და საბჭოთა კავშირის დედაქალაქი მოსკოვი რადიაციული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
მოსკოვის მიმართულებით მოძრავი რადიაციული ღრუბლის შესაჩერებლად, 28 აპრილს, თავდაცვის სამინისტრომ ჩერნობილის გარშემო, 100 კილომეტრის რადიუსში, საიდუმლო სამხედრო ოპერაცია განახორციელა. კომუნისტებმა სპეციალური ავიაცია გამოიყენეს და ხელოვნური წვიმა გამოიწვიეს. ეს წვიმა რადიაქტიური ნალექების სახით, ბელარუსის ტერიტორიაზე წამოვიდა. ჩერნობილის ავარიის შედეგად გამოწვეული მთელი რადიოაქტიური ნალექის 70 პროცენტი სწორედ ბელარუსის რესპუბლიკას დაატყდა თავს. ყველაზე მეტად მოგილოვის, მოზირის და გომელის რაიონები დაზარალდნენ. რადიოაქტიური იოდის დარტყმა ბელორუსის პრაქტიკულად მთელმა მოსახლეობამ მიიღო. რესპუბლიკის 20 პროცენტი კი ცეზიუმ 137-ით, სტრონციუმ 90-ით და პლუტონიუმ 41-ით დაბინძურდა. დაბინძურების ზონაში მოხვდა ბელარუსის 56 რაიონი, სადაც 4 ათასამდე დასახლებული პუნქტი იყო. ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 2,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ბელარუსის ტერიტორიის 23 პროცენტი, ანუ რესპუბლიკის მეოთხედი რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული აღმოჩნდა.
ვადიმ როსტოვი. ბელარუსის გაზეთი "სეკრეტნიე ისლედოვანიე": "ჩერნობილის ატომურ რეაქტორზე მომხდარი კატასტროფიდან ცოტა ხანში, ბელარუსის მაცხოვრებლები რადიაციული წვიმის შესახებ საუბრობდნენ. მანამდე ცაში თვითმფრინავები დაფრინავდნენ და ღრუბლების თავზე ფერად ნივთიერებებს ყრიდნენ. მოსკოვის რადიაციული დაბინძურების საფრთხის გამო ჩერნობილის რადიაციის ორი მესამედი, ბელარუსზე გადმოიტანეს. აი, ასეთი "ხალხთა მეგობრობა" იცოდნენ საბჭოთა კავშირში."
საბჭოთა ხელისუფლებას არც კი გაუფრთხილებია ბელარუსის რესპუბლიკის მაცხოვრებლები თუ რა საშიშროება ელოდათ მათ. მოსკოვს შეეძლო ოპერაციის დაწყებისთანავე განეხორციელებინა მოსახლეობის ევაკუაცია, მაგრამ ეს არავის გაუკეთებია.
1986 წლის 1 მაისს, რადიაციის მაღალი ფონის მიუხედავად, კომუნისტურმა რეჟიმმა, დაბინძურების ზონაში მცხოვრები ასობით ათასი ადამიანი მშრომელთა სოლიდარობის დემონსტრაციებზე გამოიყვანა. საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და საწარმო-დაწესებულებების თანამშრომლები, მწყობრი კოლონობით გაატარეს ადგილობრივი პარტიული ელიტების ტრიბუნებთან.
ვალენტინა იონჩენკო (ბელარუსი. ბრაგინის რაიონის მცხოვრები): "1 მაისის დემონსტრაციაზე ჩვენი რაიონის ყველა ორგანიზაცია და სკოლა გამოვიდა. იქ იყვნენ მშობლები შვილებთან ერთად. ჩვენ ანგარიში ჩავაბარეთ მიღწევების შესახებ. დემონსტრაციაზე არავის უთქვამს მომხდარი ტრაგედიის შესახებ. არავინ გაგვაფრთხილა, რომ ამ დროს ბავშვების ქუჩაში ყოფნა არ შეიძლებოდა. ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა. ჩვეულებრისამებრ წავედით დემონსტრაციაზე, რადგან ეს დღესასწაული იყო. ამ დღესასწაულზე ბავშვები გონებას კარგავდნენ. ბევრი ამბობდა, რომ ეს სიცხის გამო ხდებოდა. გარეთ თბილი ამინდი იდგა და ყველას ეგონა, რომ ბავშვები მზეზე ხანგრძლივად ყოფნის გამო კარგავდნენ გონებას. თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ეს რადიაციის შედეგი იყო."
6 მაისს, როდესაც რადიაციული ფონი პიკს აღწევდა, კომუნისტებმა კიევში მშვიდობის ველორბოლაც კი ჩაატარეს, რომელშიც სოციალისტური ბლოკის ქვეყნები მონაწილეობდნენ. ნახევრად დაცლილ ქალაქში, ხელისუფლების მითითებით, მოზარდებისა და პიონერების მობილიზაცია მოახდინეს, რომლებიც ველოტრასის მთელ გაყოლებაზე მხიარულად უქნევდნენ ხელს ველომრბოლელებს. კომუნისტური რეჟიმი რადიაციულ კიევში ჩვეულებრივი ცხოვრების იმიტაციას ცდილობდა.
მოსახლეობის ევაკუაცია დაბინძურებული ზონიდან ეტაპობრივად და აუჩქარებლად მიმდინარეობდა. აფეთქების დღეს, 26 აპრილს ჩერნობილიდან და ქალაქ პრიპიატიდან, რომელიც რეაქტორთან ახლოს მდებარეობდა და იქ ატომური სადგურის მომსახურე პერსონალი და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ, ევაკუაცია დღის 2 საათზე დაიწყო - მაშინ, როდესაც მთელი ქალაქის მოსახლეობა უკვე დასხივებული იყო. სხვა დაბინძურებული ტერიტორიებიდან ხალხის გამოყვანა არავის უფიქრია. მოსახლეობისთვის არავის უთქვამს, რომ სანამ რადიაციული ღრუბელი არ გადაივლიდა, საჭირო იყო სახლში დარჩენა, ფანჯრების დაკეტვა და ა.შ. ჩერნობილის გარშემო 30 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები ადამიანების ევაკუაციის საბოლოო გადაწყვეტილება საბჭოთა ხელისუფლებამ მხოლოდ 3 მაისისთვის მიიღო.
ვალენტინა ნიკიტენკო (ბელარუსი. ხოინიკის რაიონის მცხოვრები): "ჩვენ ვგრძნობდით რკინის გემოს პირში, ოთხი დღის შემდეგ საგრძნობლად დამიქვეითდა მხედველობა. მარტო მე არ ვიყავი ასეთ მდგომარეობაში. ჩემს გარშემო ყველა ცუდად გრძნობდა თავს. ბავშვებს ცხვირიდან სისხლი სდიოდათ, გული მისდიოდათ და თავის ტკივილები ჰქონდათ. ხალხში პანიკა დაიწყო. ყველა ხვდებოდა მდგომარეობის სერიოზულობას. მოსახლეობას დამოუკიდებლად გაჰყავდა ბავშვები. გამოსახლება 10-12 მაისს დაიწყო. თავდაპირველად, საქონელი მიჰყავდათ. შემდეგ მოსახლეობა. გვითხრეს, რომ თან უნდა წამოგვეღო მხოლოდ საბუთები. როგორც ვიყავით ჩაცმულები ისე წაგვიყვანეს. სოფლიდან არაფერი წამოგვიღია, რადგან იქ ყველაფერი რადიაციული იყო. ჩვენ რეაქტორთან სულ რაღაც 20 კილომეტრში ვცხოვრობდით".
1986 წლის 4-5 მაისს, გომელის ოლქის, 50 დასახლებული პუნქტიდან ევაკუაციის პირველი ტალღა განხორციელდა. დაბინძურებული ოლქების მაცხოვრებლები ავტობუსების კოლონებით მიჰყავდათ რესპუბლიკის ჩრდილოეთ რაიონებსა და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონებში. მათ ახალი საცხოვრებელი ადგილები სანატორიუმები, სასტუმროები და პიონერთა ბანაკები გახდა. ერთი თვის განმავლობაში, გომელის და მოგილევის ოლქების ასეულობით სოფელი მოსახლეობისგან სრულიად გაუკაცრიელდა.
1986 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე თითქმის ყოველ დღე მიმდინარეობდა საცხოვრებელი სახლების, სკოლების, სატრანსპორტო საშუალებების და მიწის დეზაქტივაციის პროცესი. ოქტომბერში, ბირთვული ენერგეტიკის სპეციალისტების მიერ ჩატარებული დეზიმეტრული შემოწმების შედეგად, საბოლოოდ გახდა ნათელი, რომ მოსახლეობის დაბრუნება მათ პირვანდელ სახლებში შეუძლებელი იყო. ცეზიუმ 137-ის, სტრონციუმ 90-ისა და ტრანსურანული ელემენტებით დაბინძურებული აღმოჩნდა ბელარუსის რესპუბლიკის 56 რაიონის 3 678 დასახლებული პუნქტი. საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რადიაციული დაბინძურების ზონებიდან სულ 137 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, 200 ათასზე მეტმა მოქალაქემ კი საკუთარი საცხოვრებელი სახლები დამოუკიდებლად დატოვა. ბელარუსის რესპუბლიკა ეკოლოგიური უბედურების ზონად გამოცხადდა.
ჩერნობილის კატასტროფის შედეგების ლიკვიდაცია ამჟამადაც მიმდინარეობს. არსებობს დასახლებები, სადაც მაღალი რადიაციის გამო, შენობებს დღემდე ანადგურებენ. თუ სახლი ძლიერ დაბინძურებულია, მას მთლიანად შლიან და სპეციალურ სამარხში გადააქვთ. დღეს ბელარუსში 92 რადიაქტიული სამარხი მოქმედებს.
ჩერნობილის კატასტროფამ, პირველ რიგში, გამოუსწორებელი ზიანი ადამიანთა ჯანმრთელობას მიაყენა. ატომური სადგურის მე-4 რეაქტორის აფეთქების შედეგად, ატმოსფეროში სხვა ნივთიერებებთან ერთად, რადიოაქტიური იოდიც გავრცელდა, რომლის დაშლის პერიოდი სულ 10 დღეს შეადგენს. იოდი ფარისებრ ჯირკვალს აზიანებს და ონკოდაავადებას იწვევს. მოსახლეობის დაცვის მიზნით, ხელისუფლებას კატასტროფისთანავე უნდა დაერიგებინა ხალხისთვის იოდის შემცველი პრეპარატები. თუმცა, ეს არ მომხდარა. საბჭოთა ხელისუფლების მიერ შექმნილმა სამთავრობო კომისიამ ასეთი განკარგულება მხოლოდ 1986 წლის 23 მაისს გასცა, როდესაც უკვე გვიან იყო - ატმოსფეროში რადიოაქტიური იოდი ამ დროისთვის უკვე ფიზიკურად აღარ არსებობდა.
რადიაციამ დაასუსტა ადამიანების იმუნური სისტემა, გამოიწვია ენდიკრინული, სასუნთქი სისტემებისა და გულსისძარღვთა დაავადებები. მკვეთრად გაიზარდა ონკოლოგიური ფონი. საბჭოთა ხელისუფლებამ, გარდა იმისა, რომ რამდენიმე დღე მალავდა ჩერნობილის კატასტროფის მასშტაბებს, საიდუმლო დოკუმენტებად აქცია ის პირველადი სამედიცინო მაჩვენებლებიც, სადაც მოსახლეობის დასხივების მონაცემები იყო მოცემული. ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმებს მითითება მისცა დაეფიქსირებინათ რადიაციის შემცირებული დოზები და დაესვათ ისეთი დიაგნოზები, რომელიც არ იქნებოდა დაკავშირებული დასხივებასთან.
რეალური სურათი კატასტროფიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. ჩერნობილის კატასტროფიდან 6 წლის შემდეგ, ბელარუსის რესპუბლიკაში, რადიაციით ყველაზე მეტად დაბინძურებულ რაიონებში, დაავადებების მაჩვენებელი 51 პროცენტით გაიზარდა. რადიაციული მედიცინისა და ენდოკრინოლოგიური კვლევების მეცნიერთა მონაცემებით, საშუალოდ ბელარუსის მთელ ტერიტორიაზე 1990 წლიდან 2000 წლებში კიბოს დაავადებების რიცხვმა 40 პროცენტით მოიმატა. 1990 წლიდან მოყოლებული, რესპუბლიკას პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში, ფარისებრი ჯირკვლების კიბოთი დასნეულებულ ადამიანთა რაოდენობის მხრივ. ყველაზე ხშირად კი ამ სენით ბავშვები იტანჯებიან.
2000 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დასკვნით, ბელარუსის, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის რადიაციით დაბინძურებულ ტერიტორიებზე, ბავშვებსა და მოზარდებში მოსალოდნელია ფარისებრი ჯირკვლების კიბოს დაავადებისა 50 ათასი ახალი შემთხვევა. ამ მხრივ ყველაზე მძიმე ვითარება გომელის ოლქშია, სადაც ეს დაავადება შესაძლოა აღმოაჩნდეს 36 პროცენტს იმ ადამიანებისა, ვინც ჩერნობილის კატასტროფის დროს 4 წელზე ნაკლები ასაკის იყო.
ჩერნობილის კატასტროფამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ბელარუსის რესპუბლიკის ეკონომიკას. კატასტროფული ვითარება შეიქმნა სოფლის მეურნეობის სფეროში. რადიონუკლიდ ცეზიუმ-137-ით დაბინძურდა 18 ათასი კვადრატული კილომეტრის სასაფლაო სავარგულები, ანუ დაახლოებით, 20 პროცენტი მთლიანი ფართობისა. აქედან 265 ათასი ჰექტარი მიწა დიდი ხნით ამოღებული იქნა ექსპლუატაციიდან. დაზარალებულ რაიონებში მუშაობა შეაჩერა 55-მა მეურნეობამ. დაიხურა აგროსამრეწველო კომპლექსის 9 გადამამუშავებული ქარხანა. გარდა ამისა, რადიაციული დაბინძურების ზონაში მოხვდა ბელარუსის რესპუბლიკის ტყის ფონდის მეოთხედი და სასარგებლო წიაღისეულის 132 საბადო.
მიუხედავად იმისა, რომ 1986 წელს, ხელისუფლებამ აკრძალა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 30 კილომეტრიან ზონაში ცხოვრება, რეაქტორის აფეთქებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ბელარუსებმა მაინც დაიწყეს მშობლიურ სოფლებში თვითნებურად დაბრუნება. მიწაზე მუშაობას შეჩვეული ადამიანები ვერ შეეგუენ ახალ პირობებში ცხოვრებას და გაურკვეველი პერსპექტივების იმედად ყოფნას. ბელარუსის რესპუბლიკაში დღეს ამ ადამიანებს თვითმოსახლეებს უწოდებენ. მათი ზუსტი რაოდენობა დღემდე დაუდგენელია, მაგრამ ცნობილია, რომ ზოგიერთ სოფელში მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. ძველ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებულთა უმრავლესობა ხანში შესული ადამიანები არიან.
დღეისათვის, რადიონუკლიდებით დაბინძურებულია ბელარუსის რესპუბლიკის მთლიანი ფართობის 25 პროცენტი. იმ ტერიტორიებზე, სადაც ადამიანის ცხოვრება ნებადართული არ არის, შექმნილია ევაკუაციისა და განსახლების ზონები. 1988 წლიდან, ამ ფართობებზე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმები მოქმედებს. ამ რაიონებში დაბინძურების დონე დღესაც საკმაოდ მაღალია. მაგალითად, მარტო ცეზიუმ 137-ის მიერ გამოწვეული რადიაცია 1000 კიურის აღწევს.
1988 წლის თებერვალში, ჩერნობილის ავარიიდან 2 წლის შემდეგ, ბელარუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობამ, დაბინძურებულ ტერიტორიაზე სპეციალური ნაკრძალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ადგილს პოლესიის რადიაციულ-ეკოლოგიური ნაკრძალი ჰქვია. მისი ფართობი 215 ათას ჰექტარს შეადგენს და მასში შესულია ხოინიკის, მარომიანსკის და ბრაგინის რაიონები. ადრე აქ 118 სოფელი იყო, თუმცა ახლა ეს ტერიტორია ადამიანებისგან მთლიანად დაცლილია. სოფლების ადგილებს ნელ-ნელა ტყე იკავებს. ნაკრძალის შექმნის მთავარ მიზანს, რადიაციული ზონის იზოლირება წარმოადგენდა. გარდა ამისა აქ ტარდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებიც. მეცნიერები გარე სამყაროზე რადიაციის ზემოქმედებას სწავლობენ. ჩერნობილის ავარიის შემდეგ ყველაზე კარგ მდგომარეობაში ფლორა და ფაუნა აღმოჩნდა. ადამიანებისგან დაცლილ ზონაში მათ განვითარებას ხელს არავინ უშლის.
პოლესიის რადიაციულ-ეკოლოგიურ ნაკრძალს ბელარუსის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის 700 კაციანი პერსონალი იცავს. აქ, ნებადართულია მხოლოდ იმ ტიპის სამეურნეო საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია რადიაციულ უსაფრთხოებასთან და სამეცნიერო-კვლევით სამუშაობთან. 40 მეცნიერი სისტემატიურად აკვირდება რადიონუკლიდების გადანაწილების დინამიკას ნიადაგში, მათ რაოდენობას მცენარეებსა და გარეულ ცხოველებში.
2000 წლის 15 დეკემბერს 13 საათზე და 17 წუთზე უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, ჩერნობილის ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა სამუდამოდ შეწყვიტა. ამის მიუხედავად, განადგურებული მეოთხე რეაქტორი კვლავ დიდი საფრთხის შემცველია მთელი მსოფლიოსთვის. რეაქტორის გარშემო 1986 წელს აგებული სარკოფაგი უკვე ძლიერ არის დაზიანებული. შიგნით არსებული ბირთვული მასა კი დღესაც იმდენად რადიოაქტიურია, რომ მასთან მიახლოებაც საშიშია სიცოცხლისთვის. სარკოფაგის ჩამონგრევის შემთხვევაში აქ არსებული რადიაქტიულ ნივთიერებების 95 პროცენტი კვლავ ატმოსფეროში გააღწევს.
გენადი ანტიპოვი (ბელორუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტორო): "ამჟამად რადიაციის დოზა დაეცა. დოზის შემცირება იმით არის გამოწვეული, რომ სიცოცხლის უუნარო იზოტოპები, მაგალითად ისეთი როგორიც არის იოდი 131 დიდი ხანია აღარ არსებობს. იგი ბუნებრივი რადიაქტიური დაშლის შედეგად გაქრა. მაგრამ, დარჩა რადიაციის გამომწვევი სხვა ელემენტები. დღეს რადიაციას ხანგრძლივ მოქმედი იზოტოპები განსაზღვრავენ და პირველ რიგში, ეს ცეზიუმ 137-ია. ამ მხრივ რადიაციის დოზა საკმაოდ მაღალია. მისი სიმძლავრე საათში 600-700 მიკრორენტგენია, მაშინ როდესაც ნორმალური ფონის დროს, საათში სულ 20 მიკრორენტგენი უნდა იყოს.
ცეზიუმ 137-ის რადიაქტიური გამა ელემენტების ნაწილის დაშლას, რომელიც ამჟამად ნიადაგსა და მცენარეებშია, 30 წელი ჭირდება. შემდეგ კიდევ 30 წელი ჭირდება დარჩენილი ნივთიერების ნაწილის დაშლასაც, შემდეგ კიდევ 30 წელი და ასე უსასრულოდ. თუ ავიღებთ ალფა გამოსხივების ტრანსურანულ ელემენტებს: ამერიციუმს და სტრონციუმს, მათი დაშლის პერიოდი მილიონი და მილიარდი წელია. ეს ელემენტები კიდევ მილიონი წელი იარსებებენ და მათი აქტივობა სულ უფრო გაიზრდება.
სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ რადიაციული ფონი შემცირებული კი არის, მაგრამ დაბინძურებულ ტერიტორიებზე იგი კვლავ იმდენად მაღალია, რომ ადამიანის სიცოცხლეს სასიკვდილო საფრთხეს უქმნის. 25 წლის განმავლობაში რადიაციის დონემ, მხოლოდ 10 პროცენტით დაიკლო."
ჩერნობილის კატასტროფის შედეგად, უშუალოდ ავარიის ლიკვიდატორებიდან მარტო სამი თვის განმავლობაში 31 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, ადამიანთა მსხვერპლი მხოლოდ ამით ამ შემოიფარგლება. ჩერნობილის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შესახებ, ზუსტი მონაცემები არ არსებობს. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ავარიის მსხვერპლი მილიონობით ადამიანი გახდა და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. დაზარალებულთა უმეტესობა კი, ბელარუსის ტერიტორიაზე ცხოვრობს.
მიხეილ ბასილაძე