პატარები უფრო გახსნილები არიან მათემატიკის მიმართ, ვიდრე ჩვენ გვგონია.
24 საათი 29.12.09
პატარები უფრო გახსნილები არიან მათემატიკის მიმართ, ვიდრე ჩვენ გვგონია.
გასულ საუკუნეში, მასწავლებლებსა და მეცნიერებს ძალიან დიდ ხანს სჯეროდათ, რომ 5 წლამდე ბავშვებს მათემატიკის სწავლა არ შეუძლიათ, რადგანაც მათი გონება ჯერ არ არის ამისთვის მზად.
მაგრამ ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ გეომეტრიის, კითხვის, ენისა და კლასში თვითკონტროლის შესახებ, პირობით სიბრძნესთან ერთად, ეს მოსაზრება ეჭვქვეშ დააყენა. ეს აღმოჩენები, ძირითადად კვლევითი სფეროდან სახელწოდებით ნეიროკოგნიტოლოგია, გვეხმარებიან იმის გარკვევაში, თუ როდის არის გონება მზად ფუნდამენტურ კონცეფციებში ჩაწვდომისთვის.
მაგალითისთვის, ერთ ბოლოდროინდელ გამოკვლევაში, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ელემენტარული გაყოფის შესრულება შეუძლიათ, ორი ან სამი სათამაშო ცხოველისთვის კანფეტების დარიგების მეშვეობით. სხვა კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტვინის უნარი, შეაერთოს ასოების კომბინაციები ბგერებთან, ბოლომდე არ არის განვითარებული 11 წლის ასაკამდე, რაც მიჩნეულზე გაცილებით გვიანი ასაკია.
ძირითადი აკადემიური უნარების სწავლებას, რაც აქამდე ტრადიციისა და მიხვედრილობის სამყარო იყო, ნელ-ნელა კოგნიტურ მეცნიერებაზე დაფუძნებული მიღწევები ანაცვლებს. მრავალ ამერიკულ ქალაქში, მათ შორის, ბოსტონში, ვაშინგტონსა და ნეშვილში, სკოლები სწავლების ახალ კურსთან დაკავშირებით ექსპერიმენტებს ატარებენ სკოლამდელ ბავშვებში მათემატიკური უნარების გასავითარებლად. სხვა სკოლებში მასწავლებლებმა ბავშვებში დისლექსიის დასაძლევად ტვინის მეცნიერების მიერ განვითარებული მეთოდები გამოიყენეს.
მრავალი შტატის სკოლებმა დაიწყეს პროგრამის გამოყენება, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდა მოწაფეების შუბლის წილის განვითარების დაჩქარებას, რაც, თავის მხრივ, კლასში თვითკონტროლს აუმჯობესებს.
"სწავლება ძველისძველი ხელობაა და ჯერჯერობით წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ მოახდინა მან გავლენა განვითარებად გონებაზე," - განაცხდა კურტ ფიშერმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის Mind, Brain and Education-ის (გონება, ტვინი და განათლება) დირექტორმა: "ეს ცვლილების დასაწყისია და პირველად ხდება, რომ მეცნიერება გონების შესახებ და განათლება ერთობლივად მუშაობენ".
ექსპერტების თქმით, ეს ურთიერთობა ახალი და მოუხერხებელია და ბაზარზე არსებული "გონებაზე დაფუძნებული" სავაჭრო პროდუქტები ჰიპერბოლით უფროა გარშემორტყმული, ვიდრე სიცხადით. მაგრამ სხვა რაღაცეებიც არსებობს, მაგალითად, ძველი მათემატიკური პროგრამა, რომელსაც ასწავლიდნენ ბუფალოში, ნიუ-იორკში და სკოლებში. ამ პროგრამებს საოცარი წარმატება ჰქონდათ. ექსპერტების თქმით, თუ ამ და კიდევ მსგავს მცდელობებს სკოლებში მომხრეები ეყოლებათ, სწავლების გარდაქმნა ახლიდან მოხდება - ძველისძველ ხელობას ხელთ თანამედროვე მეცნიერების კომპასი ექნება.
ტიპიურ სკოლამდელ კლასში ბავშვები მათემატიკაში ძალინ ცოტას მეცადინეობენ. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აღმოაჩინეს, რომ მათემატიკურ ინსტრუქციებს ძალინ ცოტა დრო ეთმობა (ან საერთოდაც არ ეთმობა). ეს გაცილებით ცოტაა, ვიდრე ბავშვებს შეუძლიათ და არცაა საკმარისი, სახლში მათემატიკური თამაშებით გართულებს შევადაროთ, რომლებიც საბავშვო ბაღის პროგრამას ჩამორჩებიან.
"ეს თუ ერთხელ მოხდა, დაწევა ძალიან ძნელი იქნება," - ამბობს ჯული სარამა, ბუფალოში მდებარე უნივერსიტეტის განათლების მაგისტრატურის მკვლევარი, რომელმაც, თავის კოლეგასთან და მეუღლესთან, დუგ კლემენტსთან ერთად (რომელიც ამავე დეპარტამენტშია პროფესორი) განავითარა პროგრამა სახელწოდებით Building Blocks - ადრეული მათამატიკური განათლების გასამდიდრებლად.
Building Blocks-ის საკლასო ოთახებში რიცხვები ყველგანაა - ხელოვნების ნაწარმოებზე, კომპიუტერულ თამაშებზე და გაკვეთილებზე, და მათ იგივე დრო ეთმობა, რაც ასოებს. "სეზამის ქუჩის" ("Sesame Street”) მსგავსად, Building Blocks-ს ჰყავს ბავშვები, რომლებიც შემოქმედებით საანგარიშო თამაშებს თამაშობენ. მაგრამ ყურადღება ექცევა, ასევე, რიცხვით უნარებსაც, მათ შორის, რაოდენობას (რამდენი ობიექტია მწკრივში) და შესაბამისობას ერთი-ერთზე (ობიექტთა ჯგუფების შეჯამება, მაგალითად, ფინჯნებისა და ლამბაქების).
როცა საქმე უკვე რიცხვების გაგებას ეხება, ახლახან ჩატარებული კვლევის მიხედვით, სკოლამდელი ასაკის ბავშვს ერთი ობიექტის ორისგან, და ორის სამისგან განსხვავება შეუძლია.
სკოლამდელ პერიოდში, ტვინს შეუძლია დიდ რიცხვებს გაართვას თავი და სამი გადამწყვეტი კონცეფციის შეერთებისთვის იბრძოლოს: ფიზიკური სიდიდეები (შვიდი ქანდაკება, შვიდი სანტიმეტრი), აბსტრაქტული ციფრის სიმბოლოები ("7") რიცხვის შესაბამის სიტყვასთან ("შვიდი").
კვლევების აღმოჩენებით, 18 თვემდე ასაკის ბავშვები უკვე ცნობენ გეომეტრიულ ფიგურებს. სკოლამდელ პერიოდში ტვინი იწყებს მარტივი გეომეტრიული განსაზღვრებების გაგებას.
წინა წელს გამოქვეყნებულ კვლევაში პიტსბურგში მდებარე Carnegie Mellon უნივერსიტეტის მეცნიერები გვამცნობენ, რომ, ერთი შეხედვით, მარტივი ბავშვური თამაშები, მაგალითად, Chutes and Ladders (ხანდახან მას Snakes and Slides-საც უწოდებენ) დაბალშემოსავლიან სკოლამდელ ბავშვებში რიცხვების შემეცნებას აჩქარებს.
"ერთია, როცა გეუბნებიან, რომ 2-ჯერ 4 არის 8, - ამბობს ერთ-ერთი ავტორთაგანი, ფსიქოლოგი რობერტ სიგლერი, - მეორეა, როცა ხედავ, რომ რიცხვ 8-მდე ორჯერ უფრო შორია და იქამდე მისასვლელად ორჯერ დიდი მანძილის გავლა გჭირდება".
ახლახანს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საწყისი "რიცხვითი ინსტინქტი" ტვინთანაა მიერთებული. ძუძუმწოვრებს სწრაფად შეუძლიათ რაოდენობრივი განსხვავების შეცნობა - ირჩევენ იმ ხეს ან ბუჩქს, რომელზეც უფრო მეტი ხილი ასხია. ანთროპოლოგების აღმოჩენით, ადამიანებს, თუნდაც ისინი ისეთ შორეულ კულტურებს მიეკუთვნებოდნენ, სადაც არ არსებობს მათემატიკის ფორმალური განათლება, რაოდენობების ფართო გაგების უნარი აქვთ.
გამოსახულების ბოლოდროინდელ კვლევებში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყურზე 2.5 სანტიმეტრით მაღლა, ტვინის ზედაპირზე მდებარე თავის ტვინის საფეთქლის წილი განსაკუთრებით აქტიურია, როცა ტვინი რაოდენობას ითვლის.
კვლევის მიხედვით, ამ მიდამოში, რომელსაც ინტრაპარიეტალური ღარი ეწოდება, სპეციფიური რაოდენობების დანახვაზე ნეირონები მგრძნობიარენი ხდებიან. ზოგის ტვინი განსაკუთრებულად ინთება, როცა ხუთ ობიექტს ხედავს. ნაკლებად- როცა ოთხს ან ექვს ხედავს, და საერთოდ არ ინთება ორის ან ცხრის დანახვაზე. სხვების ტვინები აქტიურდებიან ერთის, ორის, სამის და ა.შ დანახვაზე.
გაკვეთილში ან სავარჯიშოში ჩართულობის დროს, ეს რეგიონები აქტიურად უკავშირდებიან შუბლის წილის მიდამოებს, რომლებიც დაგეგმვაზე და კრიტიკულ აზროვნებაზე არიან პასუხისმგებლები.
"ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი სახის მათემატიკური განათლება რაოდენობის ნეირონების აქტიურობას აძლიერებს," - განაცხადა სტანისლას დეჰანმა, პარიზში მდებარე College de France-ის ნეიროკოგნიტოლოგმა.
ბენედიქტ კარეი