კავკასიის ბიზნესსკოლა აბიტურიენტებს მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს.
24 საათი 10.02.10
კავკასიის ბიზნესსკოლა აბიტურიენტებს მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს.
“თიბისი ბანკის” სათაო ოფისში ბიზნესსკოლის ხელმძღვანელობამ გუშინ ღია კარის დღე მოაწყო, სადაც აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე შეეძლოთ პასუხის მიღება... უახლოეს მომავალში მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის სექტემბრიდან კავკასიის ბიზნესსკოლაში გადასახადის საფასური გაიზარდა. იქ სწავლის მსურველთათვის მაქსიმალური გადასახადი 9900 დოლარით განისაზღვრა. ალბათ, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 2009 წელს კავკასიის ბიზნესსკოლამ ყველაზე მცირე კონტინგენტი მიიღო. გასულ წელს ბიზნესსკოლაში 500 ადგილზე 200 სტუდენტი ჩაირიცხა. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია აცხადებს, რომ სწავლის მაქსიმალური გადასახადი 9900 დოლარი 2010 წლიდან 7500 დოლარამდე, ანუ იმ ნიშნულამდე შემცირდება, რომელიც 2009 წლამდე იყო. კავკასიის ბიზნესსკოლაში 2010 წლისთვის მინიმალური გადასახადი - 4500 დოლარი ტურიზმის სპეციალობაზე იქნება. “ეკონომიკური კრიზისი და რუსული აგრესია ამ ბიზნესსაც შეეხო... ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადასახადის ღირებულების შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ. წინასწარ ვერ გეტყვით, ეს პროცესი როდემდე გაგრძელდება. ჩვენ დავაკვირდებით ეკონომიკის ზრდის ტემპებს, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და მომავალში სწავლის საფასურის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილებას ამის შედეგად მივიღებთ... მინდა გითხრათ, რომ სწავლის საფასური არა მარტო წელს ჩასარიცხ კონტინგენტს, არამედ იმ სტუდენტებსაც შეუმცირდებათ, რომლებიც კავკასიის ბიზნესსკოლის სტუდენტები გასულ წელს გახდნენ,” - აღნიშნა “24 საათთან” საუბრისას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.
წელს პირველად კავკასიის ბიზნესსკოლა ბათუმში ახალ - კავკასიის ტურიზმის სკოლას გახსნის, სადაც სტუდენტები ორ ახალ სპეციალობას დაეუფლებიან. ეს არის ტურიზმის მენეჯმენტი და საერთაშორისო ბიზნესი. “ამ ორი სპეციალობის შესწავლა მხოლოდ ბათუმში იქნება შესაძლებელი... ეს გადაწყვეტილება მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე მივიღეთ. საქართველოს მასშტაბით აჭარაში ტურიზმის ყველაზე დიდი ცენტრია. იქ საჭიროა მაღალკვალიფიციური კადრები. ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ კავკასიის ტურიზმის სკოლა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს,” - ამბობს კახა შენგელია.