საქართველოში ენდაუმენტის ფონდები შეიქმნება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გუშინ ფინანსთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
24 საათი 29.06.10
საქართველოში ენდაუმენტის ფონდები შეიქმნება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გუშინ ფინანსთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც განათლების მინისტრმა განმარტა, ენდაუმენტის ფონდი ნიშნავს იმას, რომ უმაღლესი სასწავლებლის ფული ბანკში დევს და პროცენტი, რომელიც ამ თანხას ემატება, სტუდენტის სწავლა-განათლებისთვის გამოიყენება.
"მსგავსი ფონდები მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. მათი მიზანია, შემოსავალი, რომელსაც უმაღლესი სასწავლებელი იღებს, არა მხოლოდ ხელმძღვანელობის თუ დამფუძნებელთა ხელფასებისთვის იყოს გამოყენებული, არამედ სასწავლებლის სტუდენტებსაც მოხმარდეთ", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
"ინტერპრესნიუსის" ცნობით, მან მადლობა გადაუხადა ფინანსთა სამინისტროს იმისათვის, რომ განათლების სამინისტროს რეკომენდაციები გაითვალისწინა და განათლების სისტემის დღგ-თი დაბეგვრის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ განათლების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ენდაუმენტების ფონდების შექმნის პროექტს შეიმუშავებს.
"ფონდი საშუალებას მოგვცემს, თანხა, რომელიც უნივერსიტეტებში შემოსავლის სახით შედის, გამოყენებული იყოს განათლების ხელმისაწვდომობის და სისტემის მდგრადობისთვის", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. მისივე ინფორმაციით, ენდაუმენტების ფონდების შექმნის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ივლისში შევა. სამუშაო ჯგუფი კი ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს.
კახა ბენდუქიძის განცხადებით კი, ენდაუმენტების ფონდები საქართველოში რევოლუციას არ გამოიწვევს. მისი თქმით, "თავისუფალ უნივერსიტეტს" უკვე აქვს ცოდნის ფონდი - ენდაუმენტების ფონდების მსგავსი.
"ეს კარგია, რადგან უმაღლესებს ენდაუმენტის ფონდი სხვადასხვა თანხების მოზიდვის საშუალებას მისცემს, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ფონდები რევოლუციას ვერ მოახდენს. ამერიკაში ეს ფონდები მრავალი წლის განმავლობაში იქმნებოდა და შედარებით უკეთ მუშაობს, ხოლო ევროპაში ამ ფონდების ეფექტურობა უფრო დაბალია. საქართველოს პირობებში ასეთი ფონდების მუშაობა, ვფიქრობ, განსაკუთრებულ გადატრიალებას ვერ მოხდენს", - განაცხადა კახა ბენდუქიძემ.