ის, რომ სკოლებში ქართული ენის სწავლების მეთოდიკა და პროგრამა დღემდე საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული, მასწავლებლები და მეცნიერები დიდი ხანია მსჯელობენ, მაგრამ, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებამდე, პედაგოგების, სახელმძღვანელოების ავტორების თუ განათლების სამინისტროს მხრიდან ექსპერიმენტები არ წყდება. ექსპეტიმენტი სასურველია და აუცილებელიც, როცა საქმე მეცნიერებას ეხება, მაგრამ პედაგოგიკაში, ვფიქრობთ, მეტი სიზუსტეა საჭირო, მართლა სიბერემდე ხომ არ ვაპირებთ, გრამატიკა ვისწავლოთ?
24 საათი 19.12.11

ის, რომ სკოლებში ქართული ენის სწავლების მეთოდიკა და პროგრამა დღემდე საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული, მასწავლებლები და მეცნიერები დიდი ხანია მსჯელობენ, მაგრამ, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებამდე, პედაგოგების, სახელმძღვანელოების ავტორების თუ განათლების სამინისტროს მხრიდან ექსპერიმენტები არ წყდება. ექსპეტიმენტი სასურველია და აუცილებელიც, როცა საქმე მეცნიერებას ეხება, მაგრამ პედაგოგიკაში, ვფიქრობთ, მეტი სიზუსტეა საჭირო, მართლა სიბერემდე ხომ არ ვაპირებთ, გრამატიკა ვისწავლოთ?
არადა, აშკარაა, რომ მართლწერა და სწორად მეტყველება ჩვენი საზოგადოების აქილევსის ქუსლად იქცა და ხშირად კურიოზებამდე მივდივართ.
სიახლეს საზოგადოება ძნელად იღებს, მათ შორის, პედაგოგებიც, რომლებსაც განათლება აკაკი შანიძისა და ლეო კვაჭაძის მიერ შედგენილი გრამატიკის სახელმძღვანელოებით აქვთ მიღებული და ხშირად ისევ მას ირჩევენ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამდენ ექსპერიმენტებში პედაგოგებსაც თავგზა აებნათ, ამიტომ ბაზისად და საყრდენად ისევ პარტიარქებს მიმართავენ.
ამ ცოტა ხნის წინ მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულმა ქართული ენის კომისიამ, ქართული ენის სწავლების პრობლემებთან დაკავშირებით, სკოლის პედაგოგებთან შეხვედრა მოაწყო, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი ქართული ენის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული გახლდათ. კომისიის მხრიდან სიტყვით გამოვიდნენ: თამაზ გამყრელიძე, მზექალა შანიძე, ენის კომისიის თამჯდომარე გუჩა კვარაცხელია, გ. გოგოლაშვილი, თ. ვაშაკიძე (არც ერთი სახელმძღვანელოს ავტორი არაა), პედაგოგი ი. ტაბატაძე და სხვანი.
ავთანდილ არაბული, თანამედროვე ქართული ენის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი, საკუთარ მეთოდზე საუბრისას არნოლდ ჩიქობავას სიტყვებს იშველიებს: "გრამატიკა არის რუკა უცხო ქალაქში გზის გასაკვლევად" და იქვე აგრძელებს: "მაგრამ მშობლიურ ქალაქში რუკა არ გვჭირდება. იმ ასაკში, როდესაც ბავშვები სწავლას იწყებენ, მათ მშობლიური ენის გრამატიკა თავში უდევთ, უცხო ენისგან განსხვავებით".
90-იანი წლების შუა ხანებში ავთანდილ არაბულმა ქართული ენის სწავლების ახლებური პროგრამა შემოგვთავაზა. ენა მხოლოდ გრამატიკა არ არის, იგი მდიდარი და საინტერესო ფენომენია. სახელმძღვანელო “ქართული ენის სამყარო", რომელიც მე- 5-კლასელებისთვის იყო განკუთვნილი, სწორედ ამ განწყობით შეიქმნა. ენათმეცნიერი დაწყებით კლასებში კატეგორიულად ეწინააღმდეგება სისტემური გრამატიკის სწავლებას. მისი სახელმძღვანელოს კონცეფციით, I-დან მე-4 კლასის ჩათვლით გრამატიკა ლიტერატურასთან უნდა იყოს ინტეგრირებული. მე-5, მე-6, მე-7 კლასებისთვის იგი მოზაიკური ტიპის სახელმძღვანელოს გვთავაზობს, სადაც იქნება საკითხები გრამატიკიდან, ლექსიკიდან და ა.შ. მე-8, მე-9 კლასებში კი უნდა შემოსულიყო სისტემური გრამატიკა, სადაც ის ელემენტები გამთლიანდებოდა, რომლებიც მანამდე მოსწავლეებმა გაიარეს, თუმცა აქცენტი ამ კლასებშიც არა თეორიაზე, არამედ პრაქტიკულ სავარჯიშოებზე უნდა გაკეთდეს.
ავთანდილ არაბული: "როდესაც მე ვსწავლობდი სკოლაში, ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო რუსულისგან არაფრით განსხვავდებოდა - არც მასალობრივად, არც თეორიულად, არც მეთოდურად და არც სავარჯიშოებით. მასწავლებლებლებთან საუბრისას მომყავს ხოლმე მთელი რიგი არგუმენტები. ბავშვი გრამატიკული ფორმების ცოდნას თანდათან იძენს და როცა სკოლაში ასწავლიან, რომ გარდამავალი ზმნის სუბიექტი მე-2 სერიაში უნდა იყოს მოთხრობით ბრუნვაში, მას უკვირს: ამას რად უნდა ამდენი გაუგებარი წინადადება, ეს ხომ ისედაც იცის! და უჩნდება კონფლიქტი რეალობასა და თეორიას შორის, ეს კი მის გაღიზიანებას იწვევს. მით უფრო, როცა ერთი და იგივე საკითხები რამდენჯერმე ბრუნდება სხვადასხვა კლასში. ფსიქოლოგებმა შეისწავლეს, რომ მე-4-მე-5 კლასელები ცნებებს ვერ აღიქვამენ და კონკრეტული ფაქტების განზოგადებას ვერ ახდენენ. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ამ კლასებში აქცენტი პრაქტიკულ სავარჯიშოებზე უნდა გაკეთდეს, ხოლო მაღალ კლასებში, როცა ბავშვმა შეიძლება ცნებები გაიგოს, მას სისტემური გრამატიკა უნდა ვასწავლოთ.
მასწავლებლებთან შეხვედრებისას მათ ვეკითხები ხოლმე: რას აბარებენ მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას ანდა ეროვნულ გამოცდებზე? რას და, მე-9-მე-11 კლასებში ნასწავლ ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის კურსს. მაშინ, რატომ აბარებენ იმ გრამატიკას, რომელიც მე-5-მე-6 კლასებში ისწავლეს? ესეც ხომ მეცნიერებაა?
გრამატიკა არის უმშვენიერესი შენობა და მისი არქიტექტურა მაშინ უნდა ასწავლო, როცა ამ მშვენიერებას დაინახავს, სისტემას დაინახავს და განათლდება, მისი ცნობიერება განვითარდება. როდესაც მასწავლებლებს ამას ვეუბნები, იქვე დავძენ, რომ უნდა არსებობდეს შეთანხმება ავტორსა და პედაგოგებს შორის: თუ ვართ პარტნიორები, მაშინ უნდა დაემორჩილოთ იმ შემოთავაზებას, რასაც ავტორი გთავაზობთ. თუკი მასწავლებელი ამბობს: "ვინ ჰკითხავს ავთო არაბულს ანდა ვინ ჰკითხავს შაშკინს", ეს იმას ნიშნავს, რომ რეფორმა სწორად ვერ გატარდება."
რამდენიმე წლის წინ, სასკოლო რეფორმის დაწყებისას, მასწავლებელი სახელმძღვანელოს ინდივიდუალურად ირჩევდა და პასუხისმგებელიც თვითონ იყო. რეფორმის შემდეგ ეტაპზე მეტი ცენტრალიზება მოხდა მასწავლებლის "ინფორმირებისაც" და სახელმძღვანელოების შერჩევისაც. პედაგოგის ინიციატივა ისევ ჩაიხშო; თუმცა პედაგოგები კონკრეტულ სახელმძღვანელოებს ისევ საკუთარ მეთოდებს არგებენ და ავტორები ვეღარ იგებენ, რამდენად შედეგიანია მათი მეთოდები. როგორც კი "ზემოდან" ჩაერევიან მასწავლებლის არჩევანში, როგორც კი პედაგოგს შეუზღუდავენ ინიციატივის უფლებას, ტრენერთა ინსტიტუტიდან მომდინარე იქნება ეს, რესურსცენტრიდან, დირექციიდან თუ კათედრიდან, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ პროგრესი ამ პროცესში სერიოზულად შეფერხდა. მომავალი მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლის ინფორმირებულობასა და თავისუფლებაშია. მხოლოდ მის კომპეტენციასა და პირად პასუხისმგებლობას შეუძლია დააზღვიოს ჩვენი მომავალი "ფალსიფიცირებული წამლისაგან". გასულ წელს სასკოლო სახელმძღვანელოების შესაქმნელად ახალი კონკურსები გამოცხადდა. ავტორები ისევ რამდენიმე საფეხურად მუშაობენ. 3 ჯგუფის მიერ შეიქმნა I საფეხურის სახელმძღვანელოები. სამივე მეთოდი ინტეგრირებულ სწავლებას გულისხმობს - ლიტერატურულ ტექსტებზე მუშაობას ახლავს ენის საკითხები. საავტორი ჯგუფების მიდგომა ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, განსხვავება მასალების შერჩევაშია, თუმცა კი სახელმძღვანელოს აწყობა ავტორთა გემოვნებაზეც მეტყველებს ხოლმე, ასაკობრივად ტექსტის შერჩევა წარმოუდგენლად რთული ამოცანაა.
დღეს სკოლებში ქართული ენის სწავლების I საფეხური სტანდარტითაა განსაზღვრული, და გრამატიკის ელემენტები მე-3 კლასიდან შედის. მე-6-მე-9 კლასების სახელმძღვანელო ასევე ინტეგრირებულია და გრამატიკის არასისტემურ კურსს მოიცავს, თუმცა ბლოკებად არის დალაგებული. ყველა სახელმძღვანელოს ახლავს მოსწავლის რვეული, სადაც ენობრივი საკითხები ცალკეა წარმოდგენილი. რვეულის პრაქტიკა, რომელიც დასავლეთში აპრობირებული იყო, საქართველოში სარეფორმო სახელმძღვანელოებით დაინერგა, და წარმატებითაც. ეს საშუალებას იძლევა, ენის საკითხები ძირითადი სახელმძღვანელოსაგან გამოაცალკევო. მე-7-მე-8- მე-9 კლასებში პრაქტიკული გრამატიკა რვეულების სახით სისტემურად არის მოცემული. მესამე საფეხურზე, ანუ მე-10-მე-11-მე-12 კლასებში, დებულების მიხედვით, გრამატიკა ლიტერატურასთან ისევ ინტეგრირებულია, თუმცა ახალი კონკურსის შემდეგ ეს სახელმძღვანელო რა ადგილს დაიკავებს, არ ვიცით. სახელმძღვანელოს ეფექტურობა იმაზეცაა დამოკიდებული, საათების რა რაოდებონა ეთმობა ქართული ენის სწავლებას სკოლაში. მაშინ, როცა ინგლისური პრაქტიკულად განუსაზღვრელი საათებით ისწავლება, ქართულ ენას მხოლოდ 5 საათი აქვს დათმობილი კვირაში, რაც წარმოუდგენლად მცირე დროა იმისათვის, რომ ლიტერატურაც ვასწავლოთ და გრამატიკაც გავააზრებინოთ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პედაგოგთა შეხვედრა ქართული ენის კომისიასთან პირველი პრეცედენტი იყო და, იმედია, ამას ორმხრივი სარგებლობა ექნება - ავტორებიც გაითვალისწინებენ მასწავლებელთა შენიშვნებს და მასწავლებლებიც გაიაზრებენ, რომ ისინი სასწავლო პროცესში მარტონი არ არიან და რომ ქართული ენა სხვებსაც ახსოვთ. პედაგოგებმა მომავალი შეხვედრების სურვილიც გამოთქვეს.
პედაგოგთა და მეცნიერთა ურთიერთობას მართლაც შეუძლია სკოლისთვის სიკეთის მოტანა. სკოლებში ხშირად ინფორმაციაც კი აკლიათ მეცნიერული სიახლეების შესახებ. მაგალითად, ბევრ მასწავლებელს არც კი გაუგია, რომ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ახალი რედაქცია გამოდის. ამჟამად მომზადებულია სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი. ლექსიკონი, რომელიც სამაგიდო წიგნად უნდა ედოს ყველა მოსწავლეს, მოუქნელი მენეჯმენტის გამო, დიდი შანსია, ისევ ჰაერში დაეკიდოს. ენის კომისია მიიჩნევს, რომ ამაზე განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს, ისევე როგორც ზოგადად ქართულ ენაზე, რომელიც სახელმწიფო ენაა და რომლის არსებობაზეც დამოკიდებულია სახელმწიფოს არსებობა.