წლევანდელი კანის კინოფესტივალი 16-27 მაისს გაიმართება
24 საათი 21.01.12

წლევანდელი კანის კინოფესტივალი 16-27 მაისს გაიმართება
ორი წლის შემდეგ კანის კინოფესტივალი საუკეთესოთა შერჩევის პატივს კვლავ ევროპელი რეჟისორის თავმჯდომარეობით მომუშავე ჟიურის არგუნებს. ტიმ ბარტონისა და რობერტ დე ნიროს შემდეგ ჟიურის იტალიელი რეჟისორი და მსახიობი ნანი მორეტი უხელმძღვანელებს, რომლის ექვსი ფილმი სხვადასხვა დროს უკვე მონაწილეობდა კანის ფესტივალის კონკურსებში, ხოლო 2001 წელს გადაღებული "ვაჟიშვილის ოთახი" ფესტივალის ტრიუმფატორი გახდა.
2011 წელს მორეტიმ კიდევ ერთი ძალიან კარგი, თუმცა ფართო მაყურებლის მხრიდან არც ისე დიდი ენთუზიაზმით მიღებული "ჩვენ გვყავს პაპი" გადაიღო, რომელიც "ოქროს პალმის რტოზეც" იყო ნომინირებული და იტალიური "ოქროს გლობუსის" ლაურეატიც გახდა. ნანი მორეტის ოდესღაც იტალიელი ვუდი ალენი შეარქვეს, რადგან მას საუკეთესოდ შეუძლია დრამატული ისტორიის ექსცენტრიკულ კომედიად ქცევა და, ამასთანავე, თითქმის თავის ყველა ფილმში თამაშობს. ასე ხდება "ჩვენ გვყავს პაპშიც" - მორეტიმ კაცობრიობის კათოლიკე ქრისტიანი ნაწილისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ლამის სასწაულთან გაიგივებული მოვლენა - რომის პაპის არჩევნები ყოველდღიურ ყოფით ამბამდე დაიყვანა და ვატიკანის ჩაკეტილ სისტემაში გამოგონილი (ან სულაც რეალურად არსებული) კარი გაგვიღო. ფილმშიÕ მთავარ როლს ფრანგული კინოს პატრიარქი მიშელ პიკოლი თამაშობს. სწორედ ის გახლავთ ახლადარჩეული პაპი, გამარჯვებული, ვისი კანდიდატურაც არასდროს განიხილებოდა, მას პაპობას არც კონკლავის წევრები და არც პრესა არ წინასწარმეტყველებდა, თუმცა ხმები სწორედ მის სასარგებლოდ გადანაწილდა. აღმოჩნდა, რომ საკუთარ კანდიდატურას ახალი პაპიც აღიქვამდა სერიოზულად, ის კონკლავის ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი წევრი იყო ღვთის მსახურებას ასევე გააგრძელებდა, რომ არა შემთხვევითობა, არასწორად დათვლილი ხმები თუ, სულაც, ღვთის ნება. პაპს ირჩევენ და სწორედ მაშინ, როდესაც მან წმინდა პეტრეს ტაძრის წინ შეკრებილი სამწყსო პირველად უნდა დალოცოს, აივნიდან ხმის ამოუღებლად ბრუნდება და კონკლავის წევრებს უცხადებს, რომ პაპის მძიმე ტვირთის საზიდად მზად არაა. ყველაზე საინტერესო სწორედ ამის შემდეგ იწყება - დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა შორის ღმერთთან ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანის მდგომარეობაში გასარკვევად ფსიქოანალიტიკოსს მოიწვევენ (ნანი მორეტის გმირი), რომელიც პაპის ამ ახირების საფუძვლების ძიებას იწყებს. მისი მცდელობა ვერ ამართლებს, პაპი საკუთარი რეზიდენციიდან გარბის და თეატრალურ დასს მიეკედლება, ფსიქოანალიტიკოსი კი კარდინალებისგან ფრენბურთის გუნდებს ქმნის და ჩემპიონატსაც აწყობს.
სრულიად განსხვავებული სიმძიმის მატარებელია მორეტის ათი წლის წინანდელი "ვაჟიშვილის ოთახი" - შვილის სიკვდილით განადგურებული ოჯახის ისტორია. ფილმის ცენტრალური ფიგურა თავად რეჟისორის მიერ განსახიერებული ფსიქოანალიტიკოსია, რომელიც ვერა და ვერ იცილებს სინანულის შეგრძნებას იმის გამო, რომ შესაძლოა შვილის სიკვდილში მასაც მიუძღვის მცირედი წვლილი. პარალელურად კარგად აცნობიერებს, რომ დროა ამ საშინელ დანაკლისს შეეგუოს, მაგრამ რამდენჯერაც შვილის ცარიელ ოთახში მარტო რჩება, იმდენჯერ საკუთარ ტრაგედიას სულ უფრო მეტი სიმძაფრით შეიგრძნობს. ამ ფილმისთვის ნანი მორეტიმ, კანის ფესტივალის პრიზის გარდა, "დონატელოს დავითი" და იტალიური "ოქროს გლობუსიც" მიიღო.
მორეტის კინოფესტივალებთან, განსაკუთრებით, კანის ფესტივალთან მიმართებაში საკმაოდ კარგი ბიოგრაფია აქვს. ჯერ კიდევ შორეულ 1978 წელს გადაღებული "ეს ბომბია" კანის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა, 1981 წელს ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის დიდი პრიზი მისმა "ოქროს ოცნებებმა" მიიღო, ოთხი წლის შემდეგ "მესა დასრულებულია" "ვერცხლის დათვის" ლაურეატი გახდა, ხოლო 1994 წელს "ძვირფასი დღიურის" რეჟისურისთვის მორეტიმ თავისი პირველი "ოქროს პალმის რტო" მიიღო. საინტერესოა, რომ სერიოზული სარეჟისორო მოღვაწეობის დაწყებამდე ნანი მორეტის მეტ-ნაკლებად კარგი სამსახიობო კარიერაც ჰქონდა - ის ძმები ტავიანების "მამა ბატონშიც" თამაშობს.
კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მორეტი ამბობს: "როგორც რეჟისორს ყოველთვის მაღელვებდა, როდესაც ჩემი ფილმები კანის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი, ამიტომ ამ ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეობა ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. მე, პირველ რიგში, მაყურებელი ვარ და ახალი ფილმის ყურებისას აღმაფრენას განვიცდი, ამიტომ დიდ კინოში სამოგზაუროდ სიამოვნებით გავემართები."