სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს განეკუთვნება, რომელსაც ყველა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა და საერთაშორისო სამართალი არეგულირებს.
24 საათი 30.09.09
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს განეკუთვნება, რომელსაც ყველა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა და საერთაშორისო სამართალი არეგულირებს.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო წესით დაცვა პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდა: 1776 წლის ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, 1789 წლის ამერიკის კონსტიტუციაში და 1791 წლის უფლებათა ბილ-ში, რომელიც კონსტიტუციის პირველ შესწორებას წარმოადგენდა.
საქართველოში “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების" შესახებ კანონი 2004 წლის 24 ივნისს მიიღეს, რომლის თანახმად, ადმინისტაციული ორგანოს გარდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიის ან მისი იურისდიქციის ფარგლებში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება მოქალაქეობის, მოქალაქეობის არქონის და ლტოლვილის სტატუსის მიუხედავად.
გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას, პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას, ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას, ცენზურის დაუშვებლობას, სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოება და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები.
“თუმცა, საერთაშორისო სამართალი, ისევე, როგორც ეროვნული კონსტიტუციების უმრავლესობა, უშვებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მაგრამ ნებისმიერი შეზღუდვა არ უნდა გასცდეს მკაცრად განსაზღვრულ პარამეტრებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მეორე პუნქტი ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პირობებს. შეზღუდვა დაწესებული უნდა იყოს ისე, რომ რაც შეიძლება მცირე ზიანი მიაყენოს გამოხატვის თავისუფლებას,” - ამბობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერი მოსამართლე მირანდა ერემაძე.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დაუშვებელია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.
კონსტიტუციით, შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს, სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
“საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საერთაშორისო დებულებების, კერძოდ, ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის ანალოგიურია, კონსტიტუციის აღნიშნული მუხლები მთავარი გარანტიაა, რომელიც უზრუნველყოფს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და თავისუფალი მედიის არსებობას. თუმცა ორივე მუხლი შეიცავს დანაწესს სხვათა უფლებებისა და ღირსებების შესახებ,” - აღნიშნავს სპიკერი მოსამართლე მირანდა ერემაძე.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ადამიანის პიროვნულ უფლებებს თანაბრად იცავს საქართველოს კონსტიტუცია, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და კანონი "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ".
აღსანიშნავია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებს ითვალისწინებს “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის მე-8 მუხლი.
“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონმა შეავსო საკანონმდებლო ვაკუუმი, როდესაც ერთმანეთისგან გამიჯნა ფაქტები და მოსაზრებები და აღიარა, რომ აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. აბსოლუტური პრივილეგია კი არის პირის სრული და უპირობო გათავისუფლება პასუხისმგებლობისაგან.
შესაბამისად, სასამართლოს არ შეუძლია მოპასუხეს დააკისროს პასუხისმგებლობა მის მიერ გავრცელებულ მოსაზრების გამო. აზრი კი ეს არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და ფაქტს არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად,” - განმარტავს სპიკერი მოსამართლე.
კანონით, მედიასაშუალებას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე და შეუძლებელია აზრზე და კომენტარზე კონტროლის დაწესება. ჟურნალისტი არც ერთი კანონის მიხედვით არ არის ვალდებული, მისი აზრი წარმოადგენდეს აბსოლუტურ ჭეშმარიტ ფაქტებზე დამყარებულ დასკვნას და ასევე არც ის ვალდებულება აკისრია, რომ მან წარმოადგინოს მხოლოდ გადამოწმებული და უტყუარი ფაქტები.
“კანონი შინაარსობრივად აწესრიგებს ისეთი ტიპის გამოხატვებს, როგორიცაა მოწოდება, ცილიწამება, უხამსობა, პირისპირ შეურაცხყოფა, დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზება, მუქარა. საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვშია, სადაც ცილისწამება სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი დანაშაული არ არის. რაც შეეხება პასუხისმგებლობას ცილისწამებისათვის: პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს, უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი,” -აღნიშნავს მარინა ერემაძე.
ცილისწამების განმარტება მოიცავს ორ ძირითად ელემენტს. პირველი - განცხადება უნდა შეიცავდეს არსებითად მცდარ ფაქტს და მეორე - განცხადების გავრცელების შედეგად პიროვნებას ან მის რეპუტაციას უნდა მიადგეს ზიანი. ორივე გარემოების მტკიცება ევალება მოსარჩელეს.
კანონი განასხვავებს საჯარო და კერძო პირების ცილისწამებას, რომლებიც გულისხმობს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რომ საზოგადოებაში თავისი მაღალი მდგომარეობის გამო, საჯარო პირებმა უფრო მეტად უნდა ითმინონ კრიტიკა, ვიდრე ჩვეულებრივმა ადამიანებმა.
ცილისწამების დადასტურების შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამ სახეს: ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება, უარყოფის ან შესწორების გამოქვეყნება. კანონის შესაბამისად, დაუშვებელია პირის იძულება მოიხადოს ბოდიში.
საქართველოს კანონმდებლობა პასუხისმგებლობას აწესებს საიდუმლოს გამხელისთვის - პირი სამართლებრივად პასუხს აგებს მხოლოდ იმ საიდუმლოების გამხელისთვის, რომლის დაცვაც მას კანონით ევალება. საიდუმლოების გამხელისას, პირი თავისუფლდება სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თუ ინფორმაციის გამხელა მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესის დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.
“დაუშვებელია კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის ან კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის გამოყენება ინფორმაციის არგამხელის მოტივად, როდესაც მისი გამხელა მნიშვნელოვანია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოების ინტერესის უზრუნველსაყოფად. კანონი ზღუდავს პასუხისმგებლობას კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელისთვის, რომლის დაცვაც პირს ევალება სამსახურებრივად ან სამოქალქო გარიგებით. დაუშვებელია შეიზღუდოს თვითმმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამხელა კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პირადი საიდუმლოების დაცვის მოტივით,” - განმარტავს სპიკერი მოსამართლე.
საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით ასევე დაცულია პროფესიული საიდუმლოება, რომლის დაცვის ვალდებულება ეკისრება მხოლოდ პირთა განსაზღვრულ წრეს, მაგალითად: პარლამეტის წევრს, ჟურნალისტს, სასულიერო პირს, ექიმს. სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს შეზღუდვები იმგვარი შინაარსის ინფორმაციაზე რომელიც დაკავშირებულია პროფესიულ საიდუმლოებასთან. კანონის შესაბამისად, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არა აქვს უფლება მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა.
სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გაცემის ვალდებულება. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა მისი მფლობელის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე. ევროსასამართლოს განმარტებით, ჟურნალისტური წყაროების დაცვა პრესის თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით, "მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე, აქედან გამომდინარე, კანონი ასევე იცავს ჟურნალისტს მესაკუთრის ზეწოლისაგან. ჟურნალისტებს უფლება აქვთ, საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღონ სარედაქციო გადაწყვეტილებები.
“მედია სივრცეში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ უნდა ხელყოფდეს პიროვნულ უფლებებს. მნიშვნელოვანი ამ დროს პიროვნულ უფლებათა ხელყოფის საფუძვლის, ფორმის დადგენაა: ხელყოფა განხორციელდა მცდარი ფაქტების გამოქვეყნებით თუ კონკრეტულ ფაქტზე ჟურნალისტის მოსაზრების გაჟღერებით, უფლებაშემლახველი ცნობები გავრცელებული იყო, როგორც უტყუარი ფაქტები თუ როგორც აზრი, დასკვნები თუ მსჯელობა. აზრისა და ფაქტის გამიჯვნა ეფუძნება გამოხატვის თავისუფლებისა და პრესის თავისუფლების პრინციპს,” - ასეთია სპიკერ მოსამართლე მირანდა ერემაძის პოზიცია.