ბრიტანული ულტრამემარჯვენე "ნაციონალური პარტიის" ლიდერი ნიკ გრიფინი "ბი- ბი-სი"-ს ეთერში გამოჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ ამას შესაძლოა კორპორაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა მოჰყვეს.
24 საათი 22.10.09

ბრიტანული ულტრამემარჯვენე "ნაციონალური პარტიის" ლიდერი ნიკ გრიფინი "ბი- ბი-სი"-ს ეთერში გამოჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ ამას შესაძლოა კორპორაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა მოჰყვეს.
ტელეკომპანიის გადაცემაში "შეკითხვების დრო" (Question Time) გრიფინი, დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრ ჯეკ სტროსთან, ლორდთა პალატის წევრთან და "კონსერვატიული პარტიის" გამოჩენილ წევრ ბარონესა ვარსისთან, "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენელ კრის ჰიუნთან და დრამატურგ ბონი გრირთან ერთად მაყურებლის წინაშე პოლიტიკური ექსპერტის რანგში წარდგება.
განცხადებამ, რომ "ბი-ბი-სი"-ს ერთ-ერთ წამყვან გადაცემაში მიწვეულ სტუმართა სიაში "ნაციონალური პარტიის" წარმომადგენელიც იყო, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ინგლისში ბევრი ამ პარტიას არა მხოლოდ ულტრამემარჯვენე, არამედ აშკარად ფაშისტურადაც მიიჩნევს.
ამ საკითხის შესახებ ღია წერილით "ბი-ბი-სი"-ს გენერალურ დირექტორ მარკ ტომპსონს გაერთიანებული სამეფოს უელსის საკითხების მინისტრმა პიტერ ჰეინმა მიმართა, რომელიც ამჟამინდელ თანამდებობაზე არჩევამდე აქტიურად იბრძოდა სამხრეთ აფრიკაში მოქმედი აპარტეიდის (აფერთეიდის) რეჟიმის წინააღმდეგ.
პასუხად ტომპსონმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მალევე ცნობილი გახდა, რომ საკითხს კორპორაციის სამეურვეო საბჭო განიხილავს. თუმცა როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, სამეურვეო საბჭო ნაკლებად შეეცდება იმის გარკვევას, თუ რამდენი პლუსი ან მინუსი ექნება გადაცემაში გრიფინის მოწვევას. ისინი უფრო იმის დადგენას შეეცდებიან, თუ რამდენად სამართლიანად იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.
დღეს მოქმედი "ბრიტანეთის ნაციონალური პარტია" 1980 წლიდან არსებობს, თუმცა ის მეოთხე პოლიტიკური ძალაა, რომელიც ამ სახელს ატარებს. ბრიტანეთის პირველი "ნაციონალური პარტია" მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩნდა და ის ბრიტანელი ფაშისტების გაერთიანება იყო.
"ნაციონალური პარტია", რომელსაც გრიფინი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად აშკარა ანტისემიტური ლოზუნგებით გამოდიოდა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ნაციონალისტური კურსი ისლამის წინააღმდეგ მიმართა და განაცხადა, რომ ახლა უკვე პარტიაში ებრაელებიც შედიან. აქედან გამომდინარე, ეს პოლიტკური მოძრაობა დღემდე რასისტულად და ფაშისტურად მიიჩნევა და ეს რეალობისგან არცთუ შორს დგას, რადგან შესაბამისი შინაარსის ფრაზები ორგანიზაციის წესდებაშიც კი დევს.
ბრიტანელი ანტიფაშისტები იმდენად არიან აღშფოთებულნი გრიფინის სატელევიზიო ეთერში მიწვევის ფაქტით, რომ ლონდონში, მანჩესტერში, ბრისტოლში, უელსსა და შოტლანდიაში გადაცემის მსვლელობის დროს დემონსტრაციების გამართვას გეგმავენ. უფრო მეტიც, არსებობს ინფორმაცია, რომ ფაშიზმის მოწინააღმდეგეთა კავშირი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს, რათა გაირკვეს, რამდენად კანონიერია "ბი-ბი-სი"-ს გადაწყვეტილება გადაცემაში გრიფინის მიწვევის შესახებ. კავშირის წარმომადგენლები კორპორაციის სამეურვეო საბჭოს სხდომაშიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლის მოწვევაშიც დიდი როლი ითამაშა ბრიტანეთის უელსის საქმეთა მინისტრმა. თავის პოზიციას ბრიტანელი მინისტრი სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთის "ნაციონალური პარტიის" წესდება ეწინააღმდეგება გაერთიანებული სამეფოს კანონს თანასწორობის შესახებ. წესდების ერთ-ერთ მუხლში ნათქვამია, რომ პარტიის წევრობის უფლება მხოლოდ "ძირძველი ბრიტანული ეთნიკური ჯგუფის წარმომდგენელს აქვს, რომელიც "ძირძველი ევროპელების" კლასიდან მოდის." სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გრიფინი წესდებაში ცვლილებების შეტანას დათანხმდა.
პიტერ ჰეინს, მინისტრს უელსის საკითხებში, მიაჩნია, რომ ნიკ გრიფინის ეთერში მიწვევა, სულ მცირე, იმ დრომდე უნდა გადაიდოს, სანამ მისი პარტია განახლებულ წესდებას არ შეიმუშავებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრის აზრით, გრიფინის სატელევიზიო ეთერში გამოჩენას, შესაძლოა ტელეკომპანიისთვის არასასურველი შედეგები მოჰყვეს, მათ შორს სასამართლო პროცესებიც, რომლებზეც იმის დადგენას შეეცდებიან, რამდენად კანონიერი იყო ტელევიზიის მესვურთა გადაწყვეტილება.
საინტერესოა ერთი ფაქტი - მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ ნაციონალების წესდებაში კანონთან შეუსაბამო მუხლებია შეტანილი, პარტიის საქმიანობა არ აკრძალა. სწორედ ამ ფაქტს იშველიებს "ბი-ბი-სი"-ს დირექტორი გრიფინის მოწვევის გასამართლებლად. ტომპსონის განცხადებით, ის ვალდებულია, სატელევიზიო ეთერში ყველა არჩეული წარმომადგენელი მიიწვიოს და ამ საკითხში მიუკერძოებლობა გამოიჩინოს. თავის პოზიციას ტომპსონი იმით ამყარებს, რომ ქვეყანაში ხვალვეც რომ ჩატარდეს ადგილობრივი ან საპარლამენტო არჩევნები, "ნაციონალურ პარტიას" მათში მონაწილეობის სრული უფლება ექნება.
არჩევნებში ბრიტანეთის "ნაციონალური პარტია" ჩამოყალიბების დღიდან მუდმივად მონაწილეობს, თუმცა დღემდე მისმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ქვეყნის პარლამენტში მოხვედრა. მაგრამ წელს ივნისში ჩატარებულ ევროპარლამენტის არჩევნებში "ნაციონალებმა" 2 მანდატის მოპოვება შეძლეს.
ამავე დროს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტი და დედოფალი გრიფინის "ბი-ბი-სი"-ს ეთერში გამოჩენის წინააღმდეგები არ არიან. ბრაუნის აზრით, მნიშვნელოვანია, მოხდეს იმის დემონსტრირება, თუ რა იდეოლოგია აქვს რეალურად ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას.
2002 და 2003 წლიდან "ნაციონალური პარტიის" წევრებს აკრძალული აქვთ დიდი ბრიტანეთის პენიტენციალურ სისტემასა და პოლიციაში მუშაობა. სამართალდამცავ ორგანოებში დასაქმება მათ მას შემდეგ აეკრძალათ, რაც 2003 წელს "ბი-ბი-სი"-მ პოლიციაში არსებული რასიზმის შესახებ ფარული კამერით გადაღებული მასალები გაავრცელა.
გრიფინის წინა გამოჩენა ტელეკრანებზე რუსეთის სახემწიფო ტელეკომპანის RT (ყოფილი Russia Today)-ის ეთერში მოხდა, რომელიც დიდ ბრიტანეთში ინგლისურ ენაზე მაუწყებლობს. თუმცა გადაცემაში არ უხსენებით, რომ სტუმრები - ნიკ გრიფინი და ბობ ბეილი, რომლებიც გადაცემაში ავღანეთიდან ბრიტანული ჯარების გამოყვანის აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ, ქვეყნის პარლამენტის დეპუტატები არ არიან და ექსტრემალურ მემარჯვენე ფრთას წარმოადგენენ. წამყვანის კითხვაზე, შეუძლია თუ არა მათ პარტიას გამოასწოროს ის, რასაც "გატეხილი ბრიტანეთი" ჰქვია, გრიფინმა უპასუხა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამის უნარი შესწევს, მისი პარტიაა, რადგან "გატეხილ ბრიტანეთში" გლობალიზაციასა და ინტერნაციონალიზმს მიუძღვის ბრალი და ახალი გლობალიზაციითა და ინტერნაციონალიზმით ამ პრობლემის მოგვარება არ შეიძლება. გრიფინის მტკიცებით, ამისათვის საჭიროა ნაციონალური კურსი, სწორედ ისეთი, რომელსაც მისი პოლიტიკური ორგანიზაცია მისდევს.