“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობამ გუშინ გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე მაუწყებლის 2009 წლის ანგარიში და 2010 წლის პრიორიტეტები წარადგინა.
24 საათი 30.12.09
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობამ გუშინ გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე მაუწყებლის 2009 წლის ანგარიში და 2010 წლის პრიორიტეტები წარადგინა.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის გიორგი ჭანტურიას განცხადებით, მიმდინარე წელი არხის საქმიანობისთვის სიახლეებით დატვირთული იყო. შეიცვალა მაუწყებლის მენეჯმენტი და სახელმწიფო სახსრების ეფექტურად განკარგვის მიზნით პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა შიდა წარმოებაზე გადასვლა, ხოლო პროგრამირებაში - საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პროდუქტების ხვედრითი წილის ზრდა.
მისივე განმარტებით, არხის მთავარი საინფორმაციო გადაცემა “მოამბე" ახალი ფორმატით ჩამოყალიბდა.
“2008-2009 წლების სეზონზე “საზოგადოებრივი მაუწყებელზე” წარმოებაში იყო 23 გადაცემა, ახალი სეზონისთვის კი ჩვენ ვამზადებთ 20-25 ახალ პროექტს, რაც, სავარაუდოდ, 4 მილიონი ლარი დაჯდება. მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკური უმცირესობებიათვის “ახალი ამბების" გამოშვებების ყოველდღიურ რეჟიმზე გადასვლა მოხდა და ტრანსლირდება როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული სამაუწყებლო არხების მეშვეობით. საინტერესოდ მზადდება დილის გადაცემა, რომელიც 5-საათიანი პირდაპირი ეთერით მაუწყებლობს. აღდგა დოკუმენტური ფილმების სტუდია, სადაც ყოველკვირეულად ერთი ტელეფილმი იწარმოება. მაუწყებლისა და ოლიმპიურ ფედერაციასთან შეთანხმებით ჩვენ სპორტის ყველა სახეობის ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება მოვიპოვეთ. აგრეთვე მნიშვნელოვნად მიმაჩნია საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და განვითარება, რომელიც მიმართულია მაუწყებლის ფინანსური და პროგრამული გაძლიერებისაკენ," - განაცხადა ჭანტურიამ.
ჭანტურია აღნიშნავს, მომავალი სეზონიდან გადაწყვეტილია მეორე არხის პოლიტიკურ მაუწყებლად გადაკეთება, რაზეც უკვე გავლილია კონსულტაციები ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიასთან. მისივე თქმით, ახალი წლიდან მაუწყებლობას დაიწყებს “პირველი კავკასიური", რომლის მიზანი იქნება პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები მაყურებლისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საქართველოში, კავკასიასა და ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
ჭანტურიას თქმით, არხთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვეს რამდენიმე ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა, რადიო “თავისუფლების" რუსულმა ბიურომ და ცენტრალურმა ქართულმა არხებმა.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურმა დირექტორმა არასერიოზული უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს “პირველი კავკასიურის" ხელმძღვანელობას ჩეჩნეთის ექსპრეზიდენტ დუდაევის ქვრივს სთავაზობენ, თუმცა დაადასტურა, რომ ალა დუდაევა კავკასიურ არხზე მართლაც მოამზადებს საავტორო გადაცემას ადამიანური ისტორიების შესახებ.
გარდა ამისა, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურმა დირექტორმა “საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” პერსონალის გათავისუფლების საკითხი დაადასტურა და იქვე მიუთითა, რომ თანამშრომლებს მაუწყებელთან დადებული ხელშეკრულებები პირველ იანვარს ისედაც უწყდებოდათ. “ახალი სეზონიდან ჩვენ გადავწყვეტთ, განვაახლებთ თუ არა რომელიმე მათგანთან ხელშეკრულების პირობებს. ახალი კანონის თანახმადაც დადგენილია, რომ “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” 799 ადამიანი უნდა მუშაობდეს. ამდენად, ჩვენ კანონის თანახმადაც ვალდებულები ვართ, მოვახდინოთ თანამშრომელთა ოპტიმიზაცია და არა შემცირება. ამჟამად არხზე 1500 თანამშრომელია", - დასძინა ტელევიზიის ხელმძღვანელმა.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობამ კომენტარი გააკეთა არხის ფინანსური დავალიანებების შესახებაც და აღნიშნა, რომ ამჟამად “საზოგადოებრვი მაუწყებელს” 4-მილიონიანი ვალი აქვს. თუმცა, კრედიტის დაფარვა მომავალი სეზონიდან კომერციული შემოსავლებით მოხდება.
“საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ახალი სეზონიდან სამი პოლიტიკური თოქ-შოუ გავა. “მედიანიუსის" კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა, გია ჭანტურიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტთან მოლაპარაკებები კვლავ განახლდება და თუკი ინგა გრიგოლიას საქართველოში დაბრუნების შემდგომ სურვილი ექნება, არხი მასთან კონტრაქტს გააფორმებს.
მისივე თქმით, ახალი წლიდან "საზოგადოებრივ მაუწყებელში" სახელფასო ცვლილებებიც იგეგმება. კერძოდ, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, მათ შორის თავად გენერალურ დირექტორსაც ხელფასი შეუმცირდებათ. "როგორც გავარკვიეთ, საშუალო სამუშაო დღე "საზოგადოებრივ მაუწყებელში" 4-5 საათს არ აღემატება, თუმცა ზოგიერთებს გამონაკლისის სახით 12 საათის განმავლობაშიც უწევთ მუშაობა. დიდი დისბალანსია ხელფასებს შორისაც. ზოგს - ძალიან მცირე, ზოგიერთებს კი ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ და სწორედ ამის დაბალანსება იგეგმება. ზოგიერთები იმაზე მეტ ანაზღაურებას აიღებენ, ვიდრე აქამდე ჰქონდათ, გარკვეულ ნაწილს კი მოუწევს, შემცირებულ ხელფასებს დასჯერდნენ," - განმარტა გია ჭანტურიამ, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს "საზოგადეობრივი მაუწყებლის" ბიუჯეტის შემცირებით და "უფრო მოქნილი სტრუქტურის შექმნის" მიზნებს უკავშირებს.
სააგენტო “პირველის” ცნობით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბიუჯეტმა 2009 წელს 26,5 მლნ ლარი შეადგინა, 2010 წლისთვის კი ის 22 მლნ ლარით განისაზღვრა.