როგორც ჩანს, მოგონებები გონების კალენდრის შედგენაში გვშველის.
24 საათი 02.02.10

როგორც ჩანს, მოგონებები გონების კალენდრის შედგენაში გვშველის.
დრო შეიძლება გადიოდეს, მიდიოდეს და მოდიოდეს, მიჰქროდეს ან მიიზლაზნებოდეს, მაგრამ ხანდახან ისეთი წარმოდგენა იქმნება, რომ სადილად შემოსწრებული სტუმარივით გულმოსული გაიქცა და საუბარი - დაუმთავრებელი, ურთიერთობები - გაფუჭებული, ცუდი ჩვეულებები - უცვლელი, ხოლო მიზნები მიუღწეველი დატოვა.
"მე ბევრი ადამიანის მაგივრად ვფიქრობ, ჩვენ ჩვენს მიზნებზე ვფიქრობთ და, თუ მათი განხორციელების თვალსაზრისით ბევრი არაფერი ხდება, მოულოდნელად გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს მიზნები გუშინ დავსახეთ," - ამბობს პენსილვანიის უორტონის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი გელ ზაუბერმანი. ამასთან, დოქტორი ზაუბერმანი ამბობს, რომ დროის მდინარების აღქმა შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს, "გააჩნია, რაზე ფიქრობ და როგორ".
მეცნიერებმა არ იციან, როგორ აღიქვამს დროის მსვლელობას ტვინი. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, არის უჯრედების ჯგუფი, რომელიც დროის ინტერვალებს ითვლის. სხვა თეორია კი გვასწავლის, რომ შინაგანი საათის ფუნქციას ნევროლოგიური პროცესების ფართო სპექტრი ასრულებს.
რომელი თეორიაც არ უნდა იყოს ჭეშმარიტი, კვლევებით დგინდება, რომ ბიოლოგიური საათი დროის დიდ მონაკვეთებს ცუდად აღიქვამს. ადამიანს ნამდვილად ეჩვენება, რომ დრო მიიზლაზნება, თუ საქმე არაფერი აქვს, მაგრამ, როცა ტვინი რთული სამუშაოთია დაკავებული, ის თითქოს სწრაფად გარბის. მასტიმულირებელი საშუალებების, მათ შორის კოფეინის ზეგავლენით, ადამიანს ეჩვენება, თითქოს დრო უფრო სწრაფად გადის, ხოლო რთული სამუშაოს, მაგალითად, საგადასახადო ანგარიშების შევსებისას, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ რეალურზე მეტი დრო გავიდა.
ემოციებით დატვირთული შემთხვევები, მაგალითად, გაყრა, დაწინაურება, საზღვარგარეთ გარდამტეხი მოგზაურობა, აღიქმება როგორც ახლახანს მომხდარი. დროში შეცდომა შეიძლება თვეებითა და წლებითაც კი იზომებოდეს.
მოკლედ, ზოგი ფსიქოლოგი ამბობს, რომ კვლევის შედეგები ამყარებს ფილოსოფოს მარტინ ჰაიდეგერის დაკვირვებას, რომ დრო "არსებობს მხოლოდ როგორც მასში მომხდარი მოვლენების თანმიმდევრობა".
თუმცა მკვლევარები ახლა უკვე იმ დასკვნამდეც მიდიან, რომ შეიძლება საპირისპირო დებულებაც ჭეშმარიტი იყოს. თუ ადამიანს ცოტა მოვლენა ახსენდება, დროის აღქმა არ იარსებებს და ტვინი განვლილ მონაკვეთს შეკუმშავს.
ჟურნალის Psychological Science დეკემბრის ნომერში დოქტორ ზაუბერმანის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. მკვლევარებმა შეამოწმეს, თუ რამდენად ახსოვდათ კოლეჯის მოსწავლეებს სხვადასხვა მოვლენა, მათ შორის ბენ ბერნანკეს დანიშვნა შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკის თავმჯდომარედ (კვლევამდე 33 თვით ადრე) და მომღერალ ბრიტნი სპირსის გადაწყვეტილება თავის გადაპარსვის შესახებ (20 თვით ადრე). გაირკვა, რომ მოსწავლეები მოვლენების შემდეგ გასულ დროს საშუალოდ სამი თვით ამოკლებდნენ.
მეცნიერებისთვის ეს დიდი სიურპრიზი არ ყოფილა. ერთი კლასიკური ექსპერიმენტის დროს ფრანგმა მკვლევარმა მიშელ სიფრმა გამოქვაბულში ორი თვე იცხოვრა ისე, რომ დღისა და ღამის ცვალებადობას ვერ ხედავდა და არც საათი ჰქონდა. გამოქვაბულიდან გამოსვლის მომენტში ის დარწმუნებული იყო, რომ იქ 25 დღე გაატარა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დროის ათვლას მხოლოდ ტვინს მივანდობთ, ის დროს შეამოკლებს.
ახალი კვლევის შედეგად გაირკვა აგრეთვე, რომ მოვლენების შეფარდებითი დროის დადგენა მეხსიერებაზეა დამოკიდებული. თავდაპირველი მოვლენა მოსწავლეებს დროში მით უფრო დაშორებული ეჩვენებოდათ, რაც უფრო მეტი მასთან დაკავშირებული მოვლენა ახსოვდათ, ვთქვათ, ქალბატონი სპირსის რთული სასიყვარულო ისტორია ან ბატონი ბერნანკეს ჩარევა ეკონომიკაში.
ექსპერიმენტების სერიაში მეცნიერებმა ასევე შეამოწმეს ცალკეული პირების მეხსიერება და მათი უნარი დაემახსოვრებინათ ლაბორატორიაში ნანახი კლიპები. მიღებული შედეგები ამ შემთხვევებშიც დადასტურდა. რაც უფრო მეტი ურთერთდაკავშირებული მოვლენა ახსენდებოდათ მოსწავლეებს, მით უფრო შორეულ წარსულში მომხდარი ეგონათ თავდაპირველი მოვლენა.
"ადამიანებს უჭირთ დროის მსვლელობის ათვლა, - ამბობს დოქტორი ზაუბერმანი, - როცა ასეთი რამ დასჭირდებათ, ისეთ ხერხს მიმართავენ, რომელიც ჩვენთვის ადვილი გასაგებია." დოქტორ ზაუბერმანთან ერთად კვლევაში მონაწილეობდნენ ჯონათან ლივავი ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, კრისტინ დილი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან და რაჯეშ ბარგავი სან ანტონიოს ტეხასის უნივერსიტეტიდან.
უფრო ადრე ჩატარებულ კვლევაში მეცნიერებმა იგივე დინამიკა აღმოაჩინეს ადამიანების მიერ რამდენიმე წამის ინტერვალების შეფასებისას. არც თუ ხშირი სტიმულები, მაგალითად, კაშკაშა გამონათება და ტონების ცვლა გონებრივ საათს აჩქარებს. კვლევის შედეგებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ტვინი უფრო მეტად აკონტროლებს დროის სვლას, ვიდრე ადამიანს ჰგონია. ადამიანებს სწორედ იმიტომ ეჩვენებათ, რომ დიდი დრო სწრაფად გავიდა, რომ რაღაც გეგმის შესრულება ან კონკრეტული მიზნის მიღწევა არ ჰქონდათ გადაწყვეტილი.
ამის საპირისპიროდ, კვლევით დადგინდა, რომ ყურადღების გამახვილება მიზნებსა და პრობლემებზე, რომლებთანაც ადამიანს წლის განმავლობაში ჰქონდა შეხება (არა აქვს მნიშვნელობა, "გადაწყვეტილებებად" აღიქვამდა ის თავის ქმედებებს თუ არა) ტვინს საშუალებას აძლევს წარმოიდგინოს, რომ გასული წელი მოვლენებით იყო სავსე, და დროც უფრო ზუსტად განსაზღვროს.
Psychological Science-მა კვლევების კიდევ ერთი სერიის შედეგები გამოაქვეყნა. ფსიქოლოგების აზრით, როცა ადამიანებს მოტყუებით არწმუნებენ, რომ რეალურზე მეტი დრო გავიდა, მათ ეჩვენებათ, რომ დრო უფრო სასიამოვნოდ გაატარეს. ასეთ შემთხვევებში მათ უფრო მოსწონთ მოსმენილი მუსიკა და ნაკლებ უსიამოვნებას აყენებთ დაბალკვალიფიციური სამუშაო.
"სოციალური ფსიქოლოგია ყოველთვის გვასწავლიდა, რომ გონება შესანიშნავი მოწყობილობაა, რომელიც ბუნდოვან და დამაბნეველ ინფორმაციას იღებს და მას ემპირიული მეთოდით ამარტივებს," - ამბობს სტატიის წამყვანი ავტორი და მინესოტას წმინდა თომას უნივერსიტეტის ფსიქოლოგი არონ სეკეტი.
"ასეთ შემთხვევებში დროის აღქმა მოკლდება. მაგრამ ცნობილია, რომ დროის ჩარჩოები მკაცრია. ამიტომ ჩვენს წარმოდგენებს უნდა დავეყრდნოთ, რომ სხვაობას რაღაც ახსნა მოვუძებნოთ. ერთ-ერთი ასეთი ახსნაა: "დრო მიფრინავს, როცა დროს კარგად ატარებ".
ბენედიქტ კერი ესსე