ადამიანებისთვის დამახასიათებელი აშლილობის პოტენციური გასაღები
24 საათი 02.02.10

ადამიანებისთვის დამახასიათებელი აშლილობის პოტენციური გასაღები
მეცნიერებმა ძაღლებში აღმოაჩინეს გენი, რომელიც კომპულსიურ ქცევას უკავშირდება.
მკვლევარებმა შეისწავლეს დობერმან-პინჩერები, რომლებიც ბურთივით დაგორგლილები წვანან და გვერდებს საათობით იკბენენ. აღმოჩნდა, რომ ასეთ ძაღლებს საერთო გენი აქვთ. კვლევის შედეგები და ძაღლებში აღმოჩენილი პირველი ასეთი გენი "მოლეკულურ ფსიქიატრიაში" გამოქვეყნებულ სტატიაშია აღწერილი.
მასაჩუსეტსის შტატის ჩრდილოეთ გრაფტონის ტაფტის უნივერსიტეტის კამინგსის სახელობის ვეტერინარული მედიცინის სკოლის დირექტორი და სტატიის წამყვანი ავტორი დოქტორი ნიკოლას დოდმანი ამბობს, რომ ამ აღმოჩენას ადამიანებსა და ცხოველებში კომპულსიური აშლილობების კვლევისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
სხვადასხვა შეფასებით ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა დედამიწის მოსახლეობის 2.5-8 პროცენტს აქვს. მისი გამოვლინებაა მეტისმეტად ხშირად ხელის ბანა, გაზქურების, საკეტებისა და ნათურების გამუდმებული შემოწმება და მტკივნეული ქმედებები, მაგალითად, საკუთარი თმის ღერების ძირიანად ამოგლეჯა და სხეულისთვის ზიანის მიყენება.
მსგავსი აშლილობები შემჩნეულია ძაღლების ზოგ სახეობაში, მათ შორის დობერმანებში.
დოქტორი დოდმანი და მისი კოლეგები ამგვარი ქცევის გენეტიკურ წყაროს ეძებდნენ. მათ გამოიკვლიეს იმ 94 დობერმან-პინჩერის გენომები, რომლებიც საკუთარ გვერდებს კბენდნენ ან საბნებს ღეჭავდნენ ან ორივეს ერთად აკეთებდნენ, და მონაცემები შეადარეს იმ 73 დობერმანის გენომებს, რომლებიც მსგავსს არაფერს აკეთებდნენ. მემკვიდრეობის რთული ნიმუშების გამოსავლენად მათ ასევე ყველა ამ ძაღლის გენეალოგია შეისწავლეს. მეცნიერებმა ძაღლის მე-7 ქრომოსომაზე მიაკვლიეს მონაკვეთს, რომელიც CDH2 გენს (კადჰერინი 2) შეიცავს და რომელიც ძაღლების ორი ჯგუფის შედარების დროს გენეტიკური კოდში სხვაობებს ამჟღავნებდა.
სტატისტიკური შესწავლის შემდეგ კვლევა გაგრძელდა, რათა დადგენილიყო, თუ რომელ ცილას მართავდა ეს გენი. გაირკვა, რომ ეს ცილებია კადჰერინები, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული ცხოველებში და, როგორც ჩანს, უჯრედების განლაგებასა და გადაბმაში და მათთვის სიგნალების გადაცემაში მონაწილეობს.
"მოლეკულურ ფსიქიატრიაში" გამოქვეყნებული სტატიის წამყვანი ავტორი და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის დირექტორი დოქტორი ედუარდ ჯინსი ამბობს, რომ კადჰერინებს ახლა უკვე აუტიზმის სპექტრის აშლილობებს, მათ შორის განმეორებად და კომპულსიურ ქცევასაც უკავშირებენ.
ფსიქიატრი დენის მერფი, რომელსაც ზემოხსენებულ კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია, ამბობს, რომ პოტენციურად კვლევის შედეგებმა შეიძლება გააღრმაოს მეცნიერების ცოდნა ობსესიურ-კომპულსიური ქცევის დარგში. დოქტორი მერფი, რომელიც ეროვნული ინსტიტუტების ლაბორატორიული კვლევის პროგრამის გონებრივი ჯანმრთელობის განყოფილების კლინიკური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელია, ამჟამად ადამიანებში CDH2 გენის აღმოჩენაზე, მისი თანმიმდევრობის დადგენასა და ობსესიურ-კომპულსიურ ქცევასთან კავშირის გამოვლენაზე მუშაობს.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელი საქციელი ნორმალურია, ოღონდ ექსტრემალური, რიტუალიზებული, განმეორებითი და ხანგრძლივი. ამ ადამიანებს ახასიათებთ აგრეთვე აღელვება და აკვიატებული აზრები. ვინაიდან ამ აშლილობას აკვიატებული აზრები ახასიათებს და იმიტომაც, რომ ცხოველების აზროვნებაში გარკვევა რთულია, ცხოველებში იმავე სახის ქცევას, როგორც წესი, უბრალოდ კომპულსიურ აშლილობას უწოდებენ.
რაც მეტს იგებენ ამ მდგომარეობის მოლეკულურ დონეზე არსებული მიზეზების შესახებ, მეცნიერები მით უფრო ხშირად იყენებენ ტერმინს "ობსესიურ-კომპულსიური ქცევა" როგორც ცხოველებთან, ისე ადამიანებთან მიმართებაში.
პენსილვანიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ცხოველთა ქცევის სპეციალისტის დოქტორ კარენ ოვეროლის ამასწინანდელი მიახლოებითი შეფასების თანახმად, ამერიკის ძაღლების დაახლოებით 8 პროცენტს (5-6 მილიონი ძაღლი) კომპულსიური ქცევის ნიშნები აქვს, მაგალითად, ღობესთან სირბილი, სიარული, ბრუნვა, კუდის დევნა, წარმოსახვითი ბუზების კბენა, ლოკვა, ღეჭვა, ყეფა და მზერის ხანგრძლივი შეჩერება ერთ საგანზე. დოქტორმა ოვეროლმა გაარკვია, რომ ეს აშლილობა სამჯერ უფრო ხშირად გვხვდება მამრ ძაღლებში, კატებში კი შეფარდება საპირისპიროა.
დოქტორი ოვეროლის თქმით, ძაღლებს კომპულსიური საქციელი ჩვეულებრივ ერთიდან ოთხ წლამდე ასაკში უვითარდებათ, თუმცა დოქტორი დოდმანის დობერმანებიდან ზოგიერთს აშლილობა უფრო ადრე დაეწყო, მაგალითად, საბნის ღეჭვა 5 თვის და გვერდების კბენა 9 თვის ასაკში.
ვეტერინარები ამბობენ, რომ ძაღლების მკურნალობა შეიძლება, მაგრამ მათი უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში, ასეთი ქცევის გამო პატრონები მათ დაწესებულებებში გასაშვილებლად ან ევთანაზიის მიზნით აბარებენ.
დოქტორი ოვეროლი ამბობს, რომ კომპულსიურ საქციელს ზოგიერთი მწვრთნელის მიერ ძაღლის მოსათვინიერებლად გამოყენებული ე.წ. "მახრჩობელა საყელურიც" იწვევს. მისი თქმით, ძაღლსაშენში ან თავშესაფრებში დაბადებული, სიკვდილს გადარჩენილი, ჩაკეტილ სათავსოში მცხოვრები, მოწყენილი ან აღელვებული ძაღლებიც კომპულსიური ქცევისაკენ არიან მიდრეკილი. კომპულსიური საქციელი ახასიათებს აგრეთვე სხვა შინაურ ცხოველებს, კერძოდ, კატებსა და ცხენებს, ასევე ზოოპარკებში მცხოვრებ ცხოველებს. მაგალითად, სიამის კატებში ხშირია ბეწვის წუწნა, დამწყვდეულ ცხენებში - ბორძიკით ან ქანაობით სიარულის მსგავსი მოტორული დარღვევები, ხოლო დატყვევებულ თეთრ დათვებში, ვეფხვებსა და სხვა ხორცისმჭამელ ცხოველებში, რომლებიც დიდ ტერიტორიებზე ხეტიალს არიან მიჩვეული - განუწყვეტელი სიარული.
დოქტორი ჯინსი ამბობს, რომ ძაღლებსა და ადამიანებში კომპულსიური საქციელის სამკურნალოდ ეფექტურია ანტიდეპრესანტები და ქცევის მოდიფიკაციის საშუალებები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი აშლილობების გამომწვევ პათოლოგიებსა და მიზეზებს ვერ კურნავს.
"სტრესმა და მღელვარებამ, ასევე ფიზიკურმა ტრავმამ და ავადმყოფობამ, შეიძლება, განმეორებადი ქცევა გამოიწვიოს. ამის შემდეგ ეს უკანასკნელი თავისთავად ვითარდება," - ამბობს დოქტორი ჯინსი.
ამასთან, მას მიაჩნია, რომ ბევრ შემთხვევაში არსებობს გენეტიკური მიდრეკილება, რომელიც გარეშე სტიმულებზე რეაგირებს, აქტიურდება და ერთ დროს ნორმალურ ქცევას პათოლოგიურად აქცევს. სხვადასხვა ქცევის შემთხვევაში ეს გენეტიკური მიდრეკილებები საკმაოდ განსხვავებულია.
ზოგიერთი გენეტიკოსის აზრით, ხელმისაწვდომი გენეალოგია და ადამიანისა და ძაღლის გენების მსგავსება ძაღლებს ადამიანის ქცევისა და პათოლოგიების შესწავლის იდეალურ საშუალებად აქცევს, განსაკუთრებით როცა საქმე მემკვიდრეობის რთულ ნიმუშებთან გვაქვს. ადამიანები საკუთარ გენეალოგიას დაწვრილებით იშვიათად თუ ადგენენ, თუმცა თავიანთი წმინდა სისხლის ცხოველების წინაპრების შესახებ ყველა წვრილმანი გულმოდგინედ აქვთ ჩაწერილი.
"ნიკსაც და მეც გვაინტერესებს გენეალოგია," - ამბობს დოქტორი ჯინსი და გვიხსნის, როგორ დაიწყეს მან და დოქტორმა დოდმანმა მუშაობა გენების თანმიმდევრობის დამდგენ ჯგუფთან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ბროუდის ინსტიტუტსა და ჰარვარდში. ამ ჯგუფმა ძაღლის გენომის თანმიმდევრობა დაადგინა, რაც ადამიანისა და ძაღლის გენეტიკაზე მომუშავე სპეციალისტებისათვის ახლა უკვე ძალიან სასარგებლო გამოდგა.
მარკ დერი