ინტერესთა კონფლიქტის ძიება ნამდვილი კამათის ნაცვლად
24 საათი 09.02.10

ინტერესთა კონფლიქტის ძიება ნამდვილი კამათის ნაცვლად
უცნაურ მდგომარეობაში ვარ: ნობელის პრემიის ლაურეატები ელ გორი და რაჯენდრა პაჩორი უნდა დავიცვა.
მათ ეს ჯილდო 2007 წელს მიიღეს იმისათვის, რომ უანგაროდ იცავდნენ ჩვენს პლანეტას ხარბი მეწარმეებისაგან, რომლებიც თავიანთ საწარმოებში წიაღისეულ საწვავს იყენებენ. თუმცა, გავიდა ხანი და მათი უანგარობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ჟურნალისტებმა ჯერ ის დაადგინეს, რომ მიღებული ფული ბატონ გორთან დაკავშირებულ კომპანიებსა და არამომგებიან ჯგუფებს ხმარდებოდა, ახლა კი ყურადღება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლის სამთავრობოთაშორისო ჯგუფის (IPCC) თავმჯდომარეზე ბატონ პაჩორიზე გადაიტანეს.
IPCC, რომელიც ამინდის შემსწავლელი მეცნიერების ოქროს სტანდარტად ითვლება, 2007 წელს საზოგადოებას აფრთხილებდა, რომ გლობალური დათბობის გამო ჰიმალაის მყინვარები 2035 წლისათვის "დიდი ალბათობით" გამქრალი იქნება.
ამას ინდოეთის მთავრობის გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი სტატიის თანახმად, არ არსებობს არანაირი მყარი მტკიცებულება, რომ მყინვარები გლობალური დათბობის გამო მცირდება. დოქტორმა პაჩორიმ ამ სტატიას თავიდან "შამანების მეცნიერება" უწოდა და IPCC-ს სტანდარტებისათვის შეუსაბამოდ მიიჩნია.
მოგვიანებით გაირკვა, რომ IPCC-ს პროგნოზი არა უკანასკნელ სამეცნიერო კვლევებს, არამედ გლასიოლოგ საიედ ჰასნაინის მიერ, 10 წლის წინ, ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებას ეფუძნებოდა. ბატონი ჰასნაინი ახლა დოქტორი პაჩორის ხელმძღვანელობით მომუშავე ინდოელი მეცნიერების კვლევითი ჯგუფის წევრია.
ამას წინათ IPCC-მ შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა, რითაც დოქტორი პაჩორი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. მას ინტერესთა კონფლიქტის არსებობაშიც დასდეს ბრალი. ლონდონის გაზეთი "ტელეგრაფი" წერდა, რომ დოქტორ პაჩორის "ბიზნესინტერესები მთელს მსოფლიოში ჰქონდა", მაგალითად, ნახშირწყლებით მოვაჭრე კომპანიებთან და კვლევით ჯგუფთან სახელწოდებით "ენერგიისა და რესურსების ინსტიტუტი".
დოქტორმა პაჩორიმ საპასუხოდ განაცხადა, რომ არაეთიკური არაფერი ჩაუდენია და არც პირადი გამორჩენა ჰქონია, მთელი შემოსავალი კი თავის არამომგებიან ინსტიტუტს მოახმარა. მან კრიტიკოსების ტაქტიკაც დაგმო: "მეცნიერებას ვერაფერი დააკელით, ამიტომ IPCC-ს თავმჯდომარეს უტევთ".
დოქტორ პაჩორის ყველა საკითხში ვერ დავიცავ, რადგან ცხადია, რომ IPCC-ს ანგარიშში გამოთქმული სამეცნიერო მოსაზრებების კრიტიკა აკრძალული არ არის, მეცნიერის სხვა შემაძრწუნებელ გაფრთხილებებზე რომ არაფერი ვთქვათ.
თუმცა მის ერთ მარტივ არგუმენტს უნდა დავეთანხმო: ბრალდებები ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე საკითხის არსზე კამათისათვის თავის არიდების უმარტივეს სტრატეგიად იქცა.
შემოსავლების გაკონტროლებით მზარდ გატაცებას ხშირად მხოლოდ კონკრეტულ პირებზე იაფფასიან თავდასხმებამდე მივყავართ.
ცხადია, ფული ყველასათვის მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტად გააღვივებენ კლიმატური ცვლილების შიშს დოქტორი პაჩორი და ბატონი გორი, თვითონ ისინიც და მათთან დაკავშირებული დაწესებულებებიც მეტ ფულს მიიღებენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ თვითონაც ხშირად ლაპარაკობენ მათ ფინანსურ ინტერესებზე, ვინც კლიმატურ ცვლილებას უარყოფს, მათ ფინანსებში ჩახედვაც ერთგვარად სამართლიანი ჩანს.
მაგრამ ამასთან, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ დოქტორი პაჩორი და ბატონი გორი წიაღისეული საწვავის წინააღმდეგ მაინც გაილაშქრებდნენ, ამას მათთვის ფული რომ არ მოჰქონდეს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ სკეპტიკოსები მათ ყოველგვარი ფულის გარეშეც დაუპირისპირდებოდნენ.
რატომ ასკვნიან ჟურნალისტები და ეთიკის დამცველი ჯგუფები ასე სწრაფად, რომ კონკრეტული პირის მუშაობის შეფასებისას უპირველესი განსახილველი ფაქტორი ფულია, განსაკუთრებით კი კორპორაციების ფული?
ერთ-ერთი მიზეზი სიზარმაცეა. კორპორაციულ კავშირებზე ლაპარაკი უფრო ადვილია, ვიდრე სხვა ფაქტორების ანალიზი, რომელთა გამოც მკვლევარი შეიძლება მიკერძოებული იყოს, მაგალითად, მისი ბიოგრაფია და იდეოლოგია, თვითრეკლამის, პრესტიჟისა და ძალაუფლების სურვილი, მისი პროფესიის პოლიტიზებულობის ხარისხი, სამთავრობო დაწესებულებებისა და იმ ფონდებისა და გრანტების გამცემი კომიტეტების ინტერესთა სფეროები, რომლებიც მეცნიერებას აფინანსებენ.
კიდევ ერთი მიზეზია სნობიზმი, რომელიც შეიძლება "ვაჭრებისადმი" ბრიტანეთის ძველი არისტოკრატიის ქედმაღლურ დამოკიდებულებას შევადაროთ. ბევრი მეცნიერი, ჟურნალების რედაქტორი და ჟურნალისტი თავს კომერციით შეუბღალავ ქურუმთა კლასად მიიჩნევს, თუნდაც ისეთ დაწესებულებაში მუშაობდეს, რომელიც კვლევითი გრანტებისა და რეკლამის სახით კორპორაციებისგან ფულს რეგულარულად იღებს.
ეს სნობიზმი 2005 წელს ოფიციალურად გააფორმა ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალმა, როცა კორპორაციული ფულით დაფინანსებული მეცნიერებისათვის ცენზორის დანიშვნა მოითხოვა. "საწარმოების მიერ დაფინანსებული კვლევის სისწორესთან დაკავშირებული ეჭვების" გამო ჟურნალი მხოლოდ იმ ნაშრომების გამოქვეყნებაზე თანხმდებოდა, რომელთა ავტორებს შორის სტატიის სისწორეზე პასუხისმგებლობის ამღები და წარმოებასთან კავშირის არმქონე ერთი მეცნიერი მაინც იქნებოდა.
ასეთ მიდგომას BMJ-მ (წარსულში "ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალი") "თვალსაჩინოდ უსამართლო" უწოდა და ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალი "მეცნიერთა სიწმინდის იერარქიის" შექმნაში დაადანაშაულა.
გარკვეული ტიპის კვლევითი გრანტების რეპუტაციის გაფუჭების ნაცვლად, ალბათ ფართო სურათის განხილვა იქნებოდა უკეთესი. მეცნიერები ყველა თავიანთ სახელმწიფო თუ კერძო დონორს ინტერნეტგვერდებზე რომ ასახელებდნენ, ჟურნალისტებს მკითხველისთვის ამ გვერდების მისამართების მითითების გარდა სხვა არაფერი დასჭირდებოდათ, მკითხველი კი თვითონ გადაწყვეტდა, რომელი დაფინანსებაა კორუფციის პოტენციური წყარო. "კონფლიქტზე" მითითების მკაცრი წესების დაცვის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა ჟურნალისტებს ამა თუ იმ საკითხზე თვითონ ეფიქრათ და სტატიებში მხოლოდ რელევანტურ ინტერესთა კონფლიქტებზე ეწერათ.
არის შემთხვევები, როცა სადავო საკითხში გარკვევა შეუძლებელია, თუ არ იცი, ვინ ვის აფინანსებს. მაგრამ ზოგადად მაინც დოქტორი პაჩორის მხარესა ვარ. მთავარი მეცნიერებაა და არა ფული.
ჯონ ტირნი ესსე