მომავალზე ფიქრი და მოძრაობა წინ
24 საათი 16.02.10

მომავალზე ფიქრი და მოძრაობა წინ
ფარდობითობის თეორიამ გვიჩვენა, რომ დრო და სივრცე გადაჯაჭვულია. ამაზე ჩვენმა მეტიჩარა სხეულმა შეიძლება თქვას: "რამე ისეთი მითხარი, რაც აქამდე არ ვიცოდი, აინშტაინ!"
აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ, როცა ადამიანს სთხოვ წარსულის მოვლენები გაიხსენოს ან მომავალი წარმოიდგინოს, მისი სხეული ქვეცნობიერად ასახიერებს მეტაფორებს, რომლებსაც ჩვეულებრივ დროის მდინარების წარმოსახვისას ვიყენებთ.
როცა ექსპერიმენტის მონაწილეები წარსულ წლებზე ფიქრობდნენ, ისინი ოდნავ უკან იხრებოდნენ, მომავლის წარმოსახვის დროს კი - წინ. სხეულების გადახრა პიზის კოშკისას ზუსტად არ ემთხვეოდა და ორივე მხარეს სულ რაღაც ორი-სამი მილიმეტრი თუ იყო. მიუხედავად ამისა, სრულიად ნათელი და ერთგვარი იყო მოძრაობის მიმართულება.
"როცა დროის შესახებ ვლაპარაკობთ, ხშირად სივრცით მეტაფორებს ვიყენებთ, მაგალითად, I’m looking forward to seeing you ["მოუთმენლად ველი შენთან შეხვედრას". სიტყვასიტყვით: "შენი ნახვისაკენ წინ ვიყურები"] ან I’m reflecting back on the past ["წარსულზე ფიქრებში ვარ". სიტყვასიტყვით: "ფიქრები მაქვს უკან წარსულზე"], - ამბობს ლინდენ მაილსი, რომელმაც აღნიშნული კვლევა ლუიზ ნაინდთან და ნილ მაკრეისთან ერთად ჩაატარა, - სასიამოვნო იყო იმის შეგრძნება, რომ შესაძლებელია სხეულის მოძრაობით გამოხატო ისეთი აბსტრაქტული ცნება, როგორიცაა დრო".
იანვარში ჟურნალ Psychological Science-ში ახალი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. სტატია ეხება ამჟამად უაღრესად პოპულარულ მიმდინარეობას, რომელსაც განსხეულებულ შემეცნებას უწოდებენ. მისი არსი იმაშია, რომ ტვინი ჩვენი სხეულის ერთადერთი ნაწილი არაა, რომელსაც გონება აქვს.
"ინფორმაციის გადამუშავება არა მხოლოდ ტვინით, არამედ მთელი სხეულით ხდება, - ამბობს ნილს იოსტმანი ამსტერდამის უნივერსიტეტიდან, - დასკვნის გასაკეთებლად და მიმდინარე მოვლენებში გასარკვევად ყველა ჩვენთვის ხელმისაწვდომ სისტემას ვიყენებთ".
ერთი ასეთი კვლევა ამას წინათ იელის უნივერსიტეტშიც ჩატარდა. მეცნიერებმა კოლეჯის 41 მოსწავლე ორ ჯგუფად დაყვეს და სხვათა შორის სთხოვეს "ა" ჯგუფის წევრებს ერთი ფინჯანი ცხელი ყავა აეღოთ, "ბ" ჯგუფის წევრებს კი - ყინულიანი ყავა. ამის შემდეგ მოსწავლეები ოთახში შეიყვანეს და გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე ერთი წარმოსახვითი პირის შეფასება სთხოვეს.
აღმოჩნდა, რომ ის მოსწავლეები, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ცხელი სასმელი ეჭირათ, უფრო ხშირად ახასიათებდნენ გამოგონილ პირს თბილად და დადებითად, ვიდრე ის მოსწავლეები, რომლებსაც ცივი ყავა ეჭირათ.
ისიც შესაძლებელია, რომ ადამიანმა საზოგადოების მხრიდან დაგმობის შემთხვევაში სიცივე იგრძნოს. ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა 65 სტუდენტს ცხოვრების იმ მომენტების გახსენება დაავალეს, როცა ისინი საზოგადოებამ მიიღო ან გარიყა. მათ, ვისაც უარყოფითი შემთხვევის გახსენება დაევალათ, ოთახის ტემპერატურა ხუთი გრადუსით უფრო დაბალი მოეჩვენათ, ვიდრე მათ თანატოლებს, რომლებმაც საკუთარი ცხოვრების თბილი და სასიამოვნო წუთები გაიხსენეს.
სხეული აბსტრაქციებზე თავისთვის ყველაზე მოსახერხებელი მეთოდით რეაგირებს - ფიზიკურად. სამარცხვინო საქციელი და ეთიკური შეცდომა სხვა რა არის, თუ არა საკუთარი რეპუტაციის ტალახში ამოსვრა? ახლა კი დროა ლედი მაკბეტისთვის ხელსახოცები მოვიმარაგოთ. ერთ-ერთი კვლევით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ექსპერიმენტში მონაწილეებს მათ მიერ ჩადენილი ამორალური საქციელის, მაგალითად, ღალატის ან ტყუილის, გახსენებას სთხოვდნენ, ისინი ხშირად ანტისეპტიკურ ტილოს ითხოვდნენ განსხვავებით მათგან, ვისაც დადებითი საქციელის გახსენება მოუხდა.
როცა ადამიანი ორაზროვან გამონათქვამს, ერთგვარ სიტყვიერ გზაგასაყარს აწყდება, იოგი ბერას რჩევას უჯერებს და მას პირდაპირი მნიშვნელობით იგებს.
Psychological Science-ში გასულ აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში დოქტორი იოსტმანი და მისი კოლეგები წერენ, რომ, როცა მოსწავლეებს ეუბნებიან, ესა თუ ის წიგნი სასწავლო პროგრამისთვის უმნიშვნელოვანესიაო, მათ მიაჩნიათ, რომ ეს წიგნი წონით უფრო მძიმეა სხვა რომელიმე წიგნზე, რომელიც დამხმარედ იწოდება.
მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, ახდენს თუ არა წონის შეგრძნება უფრო ფართო გავლენას ადამიანის შეფასებებზე.
ამის დასადგენად ექსპერიმენტების სერია ჩატარდა. მონაწილეებს უნდა შეევსოთ ანკეტა, რომელიც ლითონის დაფაზე იყო დამაგრებული. დაფას მეორე მხარეს ფურცლების ჩასაწყობი სპეციალური ადგილი ჰქონდა. ზოგ შემთხვევაში ეს ადგილი ცარიელი იყო და დაფა მხოლოდ 0.6 კგ-ს იწონიდა. სხვა შემთხვევებში კი დაფის უკანა ნაწილი ქაღალდით იყო სავსე, რის გამოც დაფის წონა 1 კგ-ს აღწევდა. ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანები ფეხზე იდგნენ და დაფებით ხელში ანკეტას ავსებდნენ. ანკეტის ერთ-ერთ პუნქტში მათ სთხოვდნენ ექვსი მათთვის უცნობი უცხოური ვალუტის კურსი შეეფასებინათ. კიდევ ერთ პუნქტში კი უნდა მიეთითებინათ, თუ რამდენად იყო მათთვის მნიშვნელოვანი, რომ უნივერსიტეტის კომიტეტს უცხოური სასწავლო გრანტების მოცულობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მათი აზრი გაეთვალისწინებინა.
მესამე ექსპერიმენტში კი მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე, თუ რამდენად კმაყოფილი იყვნენ ისინი ა) ქალაქ ამსტერდამით და ბ) ამსტერდამის მერით.
ყველა ამ ექსპერიმენტში დადგინდა, რომ დაფის წონა პასუხზე არაპირდაპირ გავლენას ახდენდა. ვალუტის კურსის შეფასება უფრო მაღალი იყო იმ სტუდენტებში, რომლებსაც უფრო მძიმე დაფები ეჭირათ. ამ ჯგუფის სტუდენტები ასევე უფრო ხშირად მიიჩნევდნენ, რომ მათ აზრს უნივერსიტეტის ფინანსური საკითხების გადაწყვეტაში მეტი წონა უნდა ჰქონოდა.
მძიმე დაფის მქონე სტუდენტების მოსაზრებები უფრო კატეგორიული იყო. მათგან მეტს მიაჩნდა, რომ არის კავშირი ამსტერდამში ცხოვრების პირობებსა და მისი მერის ეფექტურ მუშაობას შორის.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მოსაზრებების ხასიათი დაფის სიმძიმეზე იყო დამოკიდებული, დოქტორი იოსტმანის თქმით, "სასარგებლოა იმის ცოდნა, თუ როგორ აფასებს ადამიანი სიმძიმეს".
"მძიმე საგანს ყურადღება სჭირდება, - განაგრძო მან, - მძიმეწონიან ნივთს ადვილად ვერ მოერევი, რომ გადააადგილო. პირიქით, აქეთ მოგერევა". მძიმეწონიანი ამ სიტყვის ყველა გაგებით მძიმეწონიანია.
გულდასაწყვეტია, რომ გუშინდელი დღე უკვე გავიდა. ხვალინდელი დღე ჯერაც მხოლოდ წარმოსახვითია. უმჯობესია საკუთარ სხეულს დაუგდოთ ყური და დღევანდელ დღეს ორივე ხელით ჩაეჭიდოთ.
ნატალი ენჯერი ესსე