ბუზები ფუტკრებს ჰგვანან, ხოჭოები კი კრაზანებს.
24 საათი 02.03.10

ბუზები ფუტკრებს ჰგვანან, ხოჭოები კი კრაზანებს.
1859 წელს ინგლისელი ჰენრი უოლტერ ბეიტსი ამაზონის უკიდეგანო ჯუნგლებში თერთმეტწლიანი მოგზაურობიდან შინ დაბრუნდა და თან იქ შეგროვილი 14 ათასზე მეტი სახეობის ნიმუშები ჩამოიტანა.
ამისთვის დროც შესაფერისი გამოდგა. სწორედ მაშინ, როცა ბეიტსმა თავისი უზარმაზარი კოლექციის დახარისხება და აღწერა დაიწყო, გამოიცა დარვინის "სახეობათა წარმოშობა", რომელმაც სრულიად შეცვალა ბეიტსის წარმოდგენა იმის შესახებ, რაც ჯუნგლებში ნახა.
ბეიტსს ხელთ ჰქონდა ახალი და ძალიან დროული ინფორმაცია, რომელიც ბუნებრივი გადარჩევის თეორიას ადასტურებდა და იძლეოდა ერთი ფენომენის ახსნას, რომელსაც ბეიტსი უშუალოდ აკვირდებოდა. ამ ფენომენმა ბეიტსიც ძალიან დააინტერესა, ნატურალისტების ყურადღებას კი დღემდე იპყრობს. საუბარია ზოგი ცხოველის უნარზე დაემსგავსოს ცოცხალ არსებებს ან უსულო საგნებს.
"სახეობათა წარმოშობაში" დარვინი ძირითადად ადამიანის მიერ შინაურ ცხოველებში სასურველი თვისებების განსავითარებლად ჩატარებულ ხელოვნურ გადარჩევასა და ველურ ბუნებაში ბუნებრივ გადარჩევას შორის ანალოგიას ეყრდნობოდა. ბეიტსს კი, უამრავი ნიმუში ჰქონდა იმის საჩვენებლად, თუ როგორ ხდება გადარჩევა ველურ ბუნებაში.
ბეიტსმა დარვინს ბევრი ისეთი შემთხვევის შესახებ მოუთხრო, როცა სრულიად უვნებელი და საჭმელად ვარგისი ცხოველი გარეგნულად უგემურ, საჭმელად უვარგის, მავნე ან შხამიან სახეობას ჰგავდა. მას ნანახი ჰქონდა ფუტკრის მსგავსი ბუზები, კრაზანის მსგავსი ხოჭოები და მუხლუხოებიც კი, რომლებიც ჩხრიალა გველს ჰგავდნენ. ამ მოვლენას ის "ანალოგიით მსგავსებას" ან "მიბაძვით ანალოგიას" უწოდებდა.
ბეიტსმა დაასკვნა, რომ დაუცველ მიმბაძველებს კარგად დაცული სახეობების მიბაძვით უპირატესობა ჰქონდათ. მან ასევე დაასკვნა, რომ მის მიერ ნანახი უამრავი ასეთი შემთხვევა უბრალო დამთხვევა არ იყო, რადგან მიბაძვის ფორმები მხოლოდ იმ გეოგრაფიულ არეალში ხდებოდა, სადაც მისაბაძი სახეობები ბინადრობდნენ. მისი აზრით, ეს ფენომენი, რომელიც დღესაც ბეიტსის მიბაძვის სახელითაა ცნობილი, "ბუნებრივი გადარჩევის თეორიის ყველაზე თვალსაჩინო დადასტურებაა".
ბეიტსის მიბაძვა ექსპერიმენტულად კარგადაა დადასტურებული. ცნობილია ის უპირატესობებიც, რომლებსაც უვნებელი არსება მოიპოვებს, თუ კარგად დაცულ ცხოველს დაემსგავსება, თუმცა აქამდე იშვიათად ჩატარებულა ექსპერიმენტი იმის დასადგენად, თუ როგორ გამოიყენება ფრინველების სკინტლის, ეკლების ან ქვების მიბაძვა. ამ შემთხვევაში დასადგენია, რა მიზანს ისახავს ცხოველი ამ ეშმაკური ხერხის გამოყენებით: იმალება, რომ მტაცებელმა ვერ შეამჩნიოს, თუ "მასკარადს" აწყობს, რომ მტაცებელმა შეამჩნიოს, მაგრამ საჭმელად უვარგისად მიიჩნიოს და ყურადღება აღარ მიაქციოს.
გლაზგოს უნივერსიტეტის ბიოლოგებმა ჯონ სკელჰორნმა და გრიმ რაქსტონმა და მათმა კოლეგებმა ლივერპულის უნივერსიტეტიდან ჰანა როულანდმა და მაიკლ სპიდმა ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს. ნადავლად მათ გამოიყენეს გოგირდოვანი პეპელას მუხლუხო, რომელიც ტოტს ემსგავსება და ნორჩი ეკლის პეპელა.
"მასკარადის" ტაქტიკა გამოსადეგი რომ ყოფილიყო, მტაცებელს რაღაც გამოცდილება მაინც უნდა ჰქონოდა იმისა, რომ ნადავლი შეიძლება საგნებს ბაძავდეს.
მეცნიერებმა რამდენიმე ჯგუფად დაყვეს ქათმები. ერთი ჯგუფი კუნელის ტოტთან მოათავსეს, რადგან მუხლუხოები სწორედ ამ პირობებში ბინადრობენ, მეორე ჯგუფი - ასევე კუნელის ტოტთან, რომელსაც გარეგნობის შესაცვლელად ფერადი ძაფები ჰქონდა შემოხვეული, მესამე კი - ცარიელ საცდელ გალიასთან.
შემდეგ ეს ჯგუფები, თავიანთ მხრივ, სამ ნაწილად გაიყო. ერთს ერთადერთი გოგირდოვანი მუხლუხო შეხვდა, მეორეს - ერთი ნორჩი ეკლის მუხლუხო, მესამეს კი - მხოლოდ კუნელის ტოტი ცარიელ გალიებში. შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენი დრო დასჭირდათ სხვადასხვა გამოცდილების მქონე ქათმებს იმისთვის, რომ მუხლუხოები აეკენკათ ან ტოტისთვის ჩაენისკარტებინათ. მაშინაც კი, როცა ქათმები მხოლოდ მუხლუხოებს ხედავდნენ, იმ ფრინველებს, რომლებსაც უწინ მხოლოდ კუნელის ტოტებთან ჰქონდათ შეხება, ბევრად მეტი დრო დასჭირდათ (საშუალოდ რამდენიმე წუთი), რომ მუხლუხოები აეკენკათ ან ტოტისთვის ჩაენისკარტებინათ, ვიდრე იმ ფრინველებს, რომლებსაც კუნელის ტოტი ნანახი არ ჰქონდათ ან მხოლოდ ფერადი ძაფებით დამშვენებულ ტოტს იცნობდნენ.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ფრინველებს, რომლებსაც კუნელის ტოტი ნანახი ჰქონდათ, შემდეგ ცდაზე მუხლუხოები ტოტები ეგონათ მიუხედავად იმისა, რომ მათ ახლოდან და სრულიად გარკვევით ხედავდნენ.
ამდენად, როგორც ჩანს, თავდაცვის სტრატეგია ამ შემთხვევაში "მასკარადია".
დოქტორი სკელჰორნი და მისი კოლეგები აღნიშნავენ, რომ ბრიტანეთში პეპლებისა და ფარვანების არანაკლებ 50 სახეობა მათი არსებობის ციკლის რომელიმე ეტაპზე მაინც უსულო საგნებს ჰგავს.
დღეს უკვე დადგენილია, რომ ჯუნგლებში მობინადრე არსებები, რომლებმაც ბეიტსი აღაფრთოვანეს, მტაცებლებისგან თავის გადარჩენის მიზნით ოთხ განსხვავებულ სტრატეგიას იყენებენ: მიბაძვას, დამალვას, რომელსაც crypsis-ს უწოდებენ, გამაფრთხილებელ ფერებს და საჭმელად გამოუსადეგარ საგნებად შენიღბვას.
როცა მიბაძვის სხვადასხვა ხერხის შესახებ ბეიტსმა სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნა, დარვინმა განაცხადა, ეს ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი და საინტერესო სტატიაა, რომელიც ოდესმე წამიკითხავსო. მან ასევე იწინასწარმეტყველა, თავის ღირებულებას ის დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებსო.
აი, ასეთი შექება დაიმსახურა ბეიტსმა ყველა დროის ყველაზე პოპულარული ნატურალისტისაგან.
შონ კეროლი