ურთიერთგაცნობის ქსელურ სამსახურებს მეცნიერული სარჩული დაუდეს და სისტემურობა შესძინეს.
24 საათი 02.03.10

ურთიერთგაცნობის ქსელურ სამსახურებს მეცნიერული სარჩული დაუდეს და სისტემურობა შესძინეს.
ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნა ზუსტი მეცნიერება რომ იყოს, არც მაჭანკლები დაგვჭირდებოდა, არც ქსელური გაცნობის სამსახურები.
როგორც სამსახურის მაძიებლები გადიან მაიერს-ბრიგსის პიროვნულ ტესტს, რათა შესაფერისი პროფესია მოირგონ, ჩვენ ურთიერთობის ტესტს მივმართავთ საიმისოდ, რომ მათი შედეგების მიხედვით განვსაზღვროთ ყველაზე შეთავსებადი წყვილების ტიპები და წუთიერი, არასერიოზული გატაცებები გამოვრიცხოთ. პრობლემა გადაწყვეტილია. ჟურნალი "კოსმო" ფსიქოლოგიურ სასიყვარულო კითხვარებს აქვეყნებდა ხოლმე, "როგორი უცოლო მამაკაცი გაწყობს?" "საძაგელია იგი თუ კეთილი?" - რომლებიც ათწლეულების მანძილზე კარნახობდნენ მთელი მსოფლიოს ახალგაზრდა ქალებს, როგორ უნდა ყოფილიყვნენ თავიანთი გატაცების ობიექტებთან სოციალურად ან სექსუალურად შეთავსებადნი.
დღესდღეობით მთელი რიგი სპეციალური ვებსაიტები ერთმანეთს ასწრებენ ოდნავ მეცნიერული, ან სისტემური სახე მიანიჭონ სიყვარულის ძიების ამ პროცესს. ეს ხდება საიტებში სხვადასხვა ტესტების ჩართვის გზით, რათა პარტნიორის შერჩევის პროცესი უფრო დაიხვეწოს.
მესაკუთრული ალგორითმის გამოყენების მაგივრად, რომელიც თქვენთვის სასურველი ფილმის ნახვის რჩევაში გამოიხატება, ეს საიტები გთავაზობენ რომანტიული კანდიდატების სიას, რომელთა სელექცია დაფუძნებულია პიროვნების დახასიათების ანალიზზე ან ბიოლოგიურ მახასიათებლებზე. მაგალითად საიტი ScientificMatch.com , რომელიც ორი წლის წინ დაფუძნდა, გენეტიკური ტესტირების მეშვეობით, ქიმიური ფაქტორების გათვალისწინებით ცდილობს ადამიანების დაახლოებას; ადამიანების დაწყვილებას იმუნური სისტემის გენეტიკური მაჩვენებლების საფუძველზე უწყობს ხელს, ეფუძნება რა კვლევებს, რომელთა მიხედვით ქალები იმ მამაკაცებს იზიდავენ, რომლებსაც მათი საკუთარი იმუნური სისტემისაგან სრულიად განსხვავებული იმუნური სისტემა აქვთ. საიტის რეგისტრირებული წევრი 1,995.95 დოლარს იხდის. როგორც საიტი გვატყობინებს, ეს მაღალი გადასახადი შეიცავს ნაცხის აღებას, პიროვნების დნმ-ის მონაცემთა დამუშავებას, კრიმინალური და ფინანსური ფონის შემოწმებას, ისევე როგორც ასაკისა და ოჯახური სტატუსის. საიტი Chemistry.com გიგანტურმა გასაცნობმა საიტმა Match.com-მა 2006 წელს დაარსა. ბიოლოგი-ანთროპოლოგი ელენ ფიშერი, რომელმაც საიტის კითხვარი შეიმუშავა, ამბობს, რომ საიტის ამოცანაა პარტნიორთა შეთავსებადობის პროგნოზი ტემპერამენტის ისეთი თვისებების საფუძველზე გააკეთოს, როგორიცაა გამბედაობა, შეუპოვრობა, ან თანაგრძნობის უნარი. საიტს თავისი წევრებისათვის დაწესებული აქვს ფასზე დანამატი: თვიურად 50 დოლარი; მაშინ როცა საიტი Match.com-ი მხოლოდ 35 დოლარს ითხოვს.
მაგრამ ორივე საიტი (ScientificMatch.com და Chemistry.com) ერთგვარი დახვეწილი სახით ზოგადად იმ იდეას წარმოადგენს, რომელიც საიტ eHarmony.com-მა 2000 წელს განავითარა.
2000 წელს ქორწინების საკითხებში მრჩევლობის გამოცდილების მქონე ფსიქოლოგის მიერ დაარსებული ეს საიტი ყურადღებას ამახვილებს წყვილებზე, რომლებიც მზად არიან გრძელვადიანი პარტნიორის საპოვნელად დრო და თანხები არ დაიშურონ. ამ საიტზე გაწევრიანებული ადამიანები ავსებენ გრძელ კითხვარებს, რომლებიც ადამიანების დაწყვილობას სოციოლოგიური მაჩვენებლების ერთობლიობის გათვალისწინებით ცდილობენ; ესენია: საერთო ღირებულებები, ოჯახური ფონი და სოციალური ტიპი. საიტის საწევრო გადასახადი თვიურად 45.95 დოლარს აღწევს.
როგორც კვლევითი ფირმა Marketdata Enterprises გვატყობინებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს სფერო წლიურად 976 მილიონიანი შემოსავლის მქონე ინდუსტრიას წარმოადგენს. გამოირჩევა რა ასობით მასიური საბაზრო, ღია საზოგადობრივი საიტისაგან, რომლებიც ყველას იზიდავენ იმ ხალხის ჩათვლით, რომლებიც მხოლოდ წუთიერ კავშირებს მიელტვიან, დამთავრებული იმ ხალხით, ვინც საკურთხევლისაკენ ისწრაფვის. იშვიათია სამსახური, რომელიც წყვილის პოვნის საქმეში უფრო გაწაფული იყოს.
ეს სამსახურები ბრენდის პროფილს შემდეგ გზავნილზე აგებენ: "მიზნად ვისახავთ ადამიანებს ურთიერთკავშირების გაბმაში დავეხმაროთ და არა ვუმაჭანკლოთ." ამბობს Marketdata Enterprises—ის კვლევითი სამუშაოების ხელმძღვანელი ჯონ ლაროზა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, ბევრად ნაკლები მომხმარებლის მქონე სამაჭანკლო საიტებს შეუძლიათ უფრო მეტი გადასახადი დაუწესონ საიტზე რეგისტრირებულ წევრებს, უფრო მსხვილ საიტებთან შედარებით, რომლებიც პიროვნებათა სიებს აქვეყნებენ.
"საიტ Match.com-ის შემოსავალმა, რომელიც 1.2 მილიონ წევრს ითვლის, 2008 წელს 365 მილიონ დოლარს მიაღწია," - გვატყობინებს ბ-ნი ლაროზა. მაშინ, როცა საიტ EHarmony-ს, რომელსაც წელიწადში 656 000 წევრი ჰყავს, 216 მილიონის ოდენობის შემოსავალი აქვს. მაგრამ ისმის კითხვა: რომელი საიტებია უფრო წარმატებული: ისინი რომლებიც პარტნიორის პროგნოზირების გზით აწყვილებენ ადამიანებს, თუ ნაკლებად სისტემური საიტები, რომლებზეც ადამიანები თავისით ეძებენ, ახარისხებენ და ირჩევენ პოტენციურ პარტნიორებს?
ამ ტიპის ქსელური სამსახურების წარმატებულობის მაჩვენებლები რთული განსასაზღვრია. მაგრამ საიტ eHarmony -ის განცხადებით, პროცესი აშკარად სულ უფრო ინტენსიური ხდება, რადგან საიტის დახმარებით ადამიანები ამყარებენ ისეთ კავშირებს, რომლებსაც ქორწინებისაკენ მიყავთ ისინი. "ადამიანები იმპულსურად მიილტვიან მიმზიდველი პარტნიორისაკენ და ნაკლებად უწევენ ანგარიშს ბედნიერი ქორწინების განმაპირობებელ საერთო მაჩვენებლებს,” - ამბობს საიტის მესვეური კვლევისა და განვითარების დარგში ჯაიან გონზაგა. “საიტი გვთავაზობს პოტენციურ საქორწინო პარტიებს, რომლებიც ისეთი ფაქტორების შეთავსებადობაზეა დაფუძნებული, როგორიცაა საერთო ღირებულებები, მრწამსი და მნიშვნელოვანი გამოცდილებები—რომლებიც წარმატებული ურთიერთობის უდაო წინამძღვარია," - ამბობს იგი.
"ცხოვრების გრძელ გზაზე, ცხადია, სასურველია, კონფლიქტის დარეგულირების უნარი გქონდეს, პოზიტიური განწყობა შექმნა და ყოველდღიური ურთიერთობა ასე შეამსუბუქო, - ამბობს დოქტორი გონზაგა, - ჩვენი სისტემა სწორედ ამაში ეხმარება ადამიანებს; ამდენად თქვენ შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, ვინც ნამდვილად გიზიდავთ და ვინც ნამდვილად გიყვართ."
"რაც შეეხება Chemistry.com -ს, იგი შემდეგ პრაქტიკას მიმართავს: იყენებს ვრცელ კითხვარებს და მომხმარებლის პასუხების მიხედვით პოტენციური პარტნიორების გამოსაკვეთად ტვინის ქიმიურ პროცესებს ეფუძნება," - ამბობს რუთგერსის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი, დოქტორი ფიშერი. ისეთი საკითხების მეცნიერული კველევების საფუძველზე, როგორიცაა ნეიროგამტარები და ტვინში ისეთი ქიმიკატების შემცველობა, როგორიცაა დოპამინი, მან განსაზღვრა, რომ ადამიანს აქვს მიდრეკილება ოთხი დომინანტური ტემპერამენტიდან ერთ-ერთი გამოამჟღავნოს.
2006 წელს საიტის პრეზენტაციის დღიდან მოყოლებული, დოქტორ ფიშერის კითხვარს რვა მილიონზე მეტმა ადამიანმა უპასუხა, ამ უკანასკნლემა კი ეს პასუხები ხასიათის იმ შტრიხების დასაფიქსირებლად გამოიყენა, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთისაკენ იზიდავს.
"თუ ელენ ფიშერს შეუძლია პირდაპირ შემოგთავაზოთ ინდივიდი, რომელიც თქვენს ტვინს ყველაზე მეტად მიიზიდავს, - ამბობს იგი, - მაგას რა სჯობს."
ნატაშა ზინგერი