საქართველოს ჯანმრთელობის სადაზღვევო ბაზარზე ათეულზე მეტი სადაზღვევო კომპანია უწევს ერთმანეთს კონკურენციას, რაც დადებითი მოვლენაა კონკურენტულ გარემოში დაზღვეულთა ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.
24 საათი 29.01.12
საქართველოს ჯანმრთელობის სადაზღვევო ბაზარზე ათეულზე მეტი სადაზღვევო კომპანია უწევს ერთმანეთს კონკურენციას, რაც დადებითი მოვლენაა კონკურენტულ გარემოში დაზღვეულთა ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.
თუმცა, მომხმარებლს უჭირს სადაზღვევო ბაზარზე ორიენტირება. მისთვის რთულია სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიების მიერ მოწოდებულ სადაზღვევო პაკეტებს შორის ამოარჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება მის საჭიროებებს ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. ამასთან ერთად, არ ხდება ინფორმაციული უკუკავშირი - სადაზღვევო კომპანიები ვერ იღებენ ინფორმაციას მათ მიერ მიწოდებული პროდუქტის შესახებ, რაც თავის მხრივ ხელს უშლის მომავალში კიდევ უფრო ეფექტური სადაზღვევო გეგმების შექმნას.
აქვე აღსანიშნავია, რომ კონკურენცია და არჩევანის შესაძლებლობა არ ნიშნავს მომხმარებლისათვის სასურველი შედეგის მიღწევის უზრუნველყოფას, რადგან რიგ შემთხვევებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო კონკურენცია ფასის მიხედვით გადაწონის კონკურენციას ხარისხის მიხედვით.
გარდა ამისა, მიწოდების და მოთხოვნის მარტივი წესების მიღმა ჯანმრთელობის დაზღვევის ინდუსტრიაში დომინირებს ბევრი კრიტიკული ფაქტორები. მთავრობის პოლიტიკა, ეკონომიკის საერთო მდგომარეობა და საბანკო განაკვეთები ზემოქმედებენ სადაზღვევო კომპანიების საქმიანობაზე.
თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიებს აქვთ გრძელვადიანი და მოკლევადიანი ვალდებულებები დაზღვეულთა მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომხმარებლისათვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს კომპანიის საქმიანობის შესახებ სრული წარმოდგენა. ამ თვალსაზრისით, მომხმარებლის ინტერესების დაცვის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს სადაზღვევო ორგანიზაციების რეიტინგული კვლევების დანერგვა.
აღსანიშნავია, რომ ასეთი პრაქტიკა არსებობს მრავალ ქვეყანაში, სადაც ყოველწლიურად ხორციელდება სადაზღვევო კომპანიების რეიტინგული კვლევა და მიღებული შედეგების საზოგადოების ინფორმირება.
მსოფლიოში არსებობენ მრავალი ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სადაზღვევო კომპანიების რეიტინგებს. მათ შორის გამოირჩევიან: A.M. Best, Standard and Poor's, Moody's Investors Service, Duff and Phelps, Weiss Research.
ამ ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სადაზღვევო კომპანიების რეიტინგები გამოხატავს სრულიად დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ აზრს სადაზღვევო კომპანიის შესახებ. რეიტინგები უზრუნველყოფენ კომპანიების საქმიანობის, ფინანსური სტაბილურობის შეფასებას, თუ რამდენად უზრუნველყოფს სადაზღვევო კომპანია გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაზღვეულების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ ხარჯების დაფარვას. რაც ასევე მნიშვნელოვანია დაზღვეულთა ინტერესების დასაცავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიის მაღალი რეიტინგი ნიშნავს რომ კომპანიას აქვს უსაფრთხო პოზიცია, საკმარისი შემოსავლები და რეზერვები, რაც საშუალებას აძლევს დაზღვეულებს გრძელვადიან პერსპექტივაშიც აუნაზღაუროს მასთან წარმოდგენილი პრეტენზიები.
რეიტინგები მნიშვნელოვანია არამარტო დაზღვეულთათვის, არამედ თავად სადაზღვევო კომპანიისათვის რეიტინგებს შესაძლოა სარკის ეფექტი ჰქონდეთ. მაღალი რეიტინგი კომპანიებს დაეხმარებათ მომხმარებელთა ბაზის გაფართოებაში, ხოლო დაბალი რეიტინგი მათთვის წარმოადგენს მინიშნებას, მოახდინონ კომპანიის ფოკუსირება იმ სფეროებში, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას. ამ თვალსაზრისით, რეიტინგული კვლევები მნიშვნელოვანია სადაზღვევო კომპანიებისათვის თავიანთი საქმიანობის დონის თანმიმდევრულად შესანარჩუნებლად.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სადაზღვევო საქმე" და ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" ფარგლებში დაიწყო პროექტი განხორციელება, რომლის მიზანია სადაზღვევო კომპანიების რეიტინგული შეფასების ინსტრუმენტების შექმნა.
პროექტის ამოცანებია:
- მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სადაზღვევო კომპანიების რეიტინგული კვლევების არსებული გამოცდილების შესწავლა და შესწავლილი მასალების საფუძველზე სადაზღვევო კომპანიების რეიტინგული კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა.
- მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული შესაბამის ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი ჩართვა კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავებასა და დანერგვაში.
- რეიტინგული კვლევევების განმახორციელებელი ჯგუფის შექმნა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ექსპერტებით, სადაზღვევო დარგის გამოცდილი ანალიტიკოსებით, აკადემიური-სამეცნიერო სფეროში მომუშავე პროფესიონალებით.
- რეიტინგული კვლევების მეთოდოლოგიის შემუშავებაში მაგისტრების და დოქტორანტების ჩართვა. ამ მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების განხორციელება უნივერსიტეტის ბაზაზე.
- რეიტინგული კვლევების ამსახველი სპეციალური ვებ-გვერდის შექმნა
ამ ეტაპზე შემუშავებულ იქნა რეიტინგების სავარაუდო ინდიკატორები, მეთოდოლოგიის დახვეწაზე მუშაობა გრძელდება. სადაზღვევო კომპანიების შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით: სადაზღვევო კომპანიის დაზღვეულთა რაოდენობა, სადაზღვევო პაკეტების მოცულობა, სადაზღვევო პოლისის პირობები, დაზღვეულის წილობრივი მონაწილეობა (პაკეტი რამდენი %-ით იფარება, არის თუ არა თანაგაგახდა), სადაზღვევო პრემია, სამედიცინო დაწესებულებების არჩევანის შესაძლებლობა (შეზღუდული, თავისუფალი არჩევანი), პრეტენზიების ანაზღაურების პერიოდი , ქოლ-ცენტრთან კომუნიკაცია, სადაზღვევო კომპანიის გადარჩევის შესაძლებლობა (როდის და როგორ არის შესაძლებელი, ახლადდაზღვეულის უფლება შეიცვალოს სადაზღვევო კომპანია), პროვაიდერთა ქსელის განლაგება, ქსელის სიმჭიდროვე (განსაკუთრებით ჰოსპიტალური ქსელი),
რეიტინგულ კვლევებში განსაკუთრებული ადგილი უკავია დაზღვეულების მიერ შეფასებას, რომელიც განხორციელდება სხვადასხვა დროს, როგორც სადაზღვევო პერიოდში, ასევე სადაზღვევო პერიოდის გასვლის შემდეგ. დაზღვეულები შეაფასებენ სამედიცინო მომსახურების მიღებას, კერძოდ საჭირო სერვისების მიღება (რამდენად შეესაბამება კომპანიის პროდუქტები მომხმარებელთა საჭიროებას), სერვისების მიღების სისწრაფე (ქოლ ცენტრი), დაზღვეულის არეალში მოიცავს თუ არა ქსელი პროვაიდერთა მნიშვნელოვან რაოდენობას, შედის თუ არა ადგილობრივი საავადმყოფო ან ოჯახის ექიმი სადაზღვევო პოლისით განსაზღვრულ ქსელში, დაზღვეულის კმაყოფილება: ექიმის კომუნიკაბელურობა, ოჯახის ექიმის შეფასება, სპეციალისტის შეფასება, ჰოსპიტალური მომსახურების შეფასება, დაზღვეულის ინფორმაციულობა (რა შედის პაკეტში და რა არ აუნაზღაურდება), სადაზღვევო პაკეტში პრევენციული ღონისძიებების არსებობა (ბავშვთა და მოზარდთა პრევენცია, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, კიბოს პროფილაქტიკა...
განხორციელდება აგრეთვე სადაზღვევო კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების შეფასება - კომპანიის ზრდის სისწრაფე (დაზღვეულთა რაოდენობა, შემოსავლები), კაპიტალიზაცია, საინვესტიციო უსაფრთხოება, საკუთარი საშუალებების სარეზერვო ადეკვატურობა, მოგება, ლიკვიდობა, სტაბილურობა.
სადაზღვევო კომპანიების რეიტინგული კვლევები ხელს შეუწყობს როგორც მომხმარებლისთვის არჩევანის გაადვილებას, ასევე კომპანიებს შორის კონკურენციის გაზრდას და მიწოდებული პროდუქტის ხარისხის ამაღლებას.
თენგიზ ვერულავა
ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების "სადაზღვევო საქმე", "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" ხელმძღვანელი