უილიამსმა დაადასტურა, რომ ამ სეზონის დასრულებისთანავე შეწყვეტს “ტოიოტასთან” პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ორ კომპანიას შორის 2007 წლის სეზონის დასაწყისში დაიწყო. მათი გაყრა მოსალოდნელიც იყო, რადგან ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობა არ მალავდა, რომ იაპონურ გუნდთან ურთიერთობის შეწყვეტა სურდა.
24 საათი 16.10.09

გუნდის შეფმა სერ ფრენკ უილიამსმა “ტოიოტას” მადლობა მოახსენა იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც იაპონურმა კომპანიამ მის გუნდს ბოლო სამი სეზონის განმავლობაში გაუწია.
“ჩვენი გუნდისთვის მეტად მძიმე პერიოდში “ტოიოტა” გვერდით დაგვიდგა და ძრავებით მომარაგება ითავა. ღირსეული პარტნიორი გამოდგა, რადგან ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა ჩვენს დამოუკიდებლობას და უმაღლესი დონის ტექნიკურ პროდუქტს გვაწვდიდა, ზუსტად ისეთს, როგორსაც საკუთარ გუნდს. ვამაყობთ იმით, რომ ასეთ შესანიშნავ კომპანიასთან ვთანამშრომლობდით. თანამშრომლობისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდით. განსაკუთრებით მადლიერნი ვართ იმ ინჟინრების და ტექნიკოსების, რომლებიც ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენს გუნდთან ერთად დაუღალავად შრომობდნენ”, - ამბობს სერ ფრენკ უილიამსი.
თავისი აწ უკვე ყოფილი პარტნიორის მისამართით რევერანსები არც “ტოიოტა მოტორსპორტის” შეფმა ტადაში იამაშინამ დაიშურა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ პარტნიორობით საბოლოოდ ორივე გუნდი ნახავს სარგებელს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი კომპანიის ძრავით ჩაანაცვლებს “უილიამსი” იაპონურ აგრეგატებს. ჯერჯერობით “რენოსა” და “კოსუორტის” ვარიანტები განიხილება.
http://formula1ge.blogspot.com/