ლეო მესიმ წინა წლის ყველა არსებული ინდივიდუალური და გუნდური ჯილდო მოიგო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ გენიოსი არგენტინის წლის სპორტსმენად დაესახელებინათ.
24 საათი 06.01.10

ლეო მესიმ წინა წლის ყველა არსებული ინდივიდუალური და გუნდური ჯილდო მოიგო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ გენიოსი არგენტინის წლის სპორტსმენად დაესახელებინათ.
ეს პატივი ჩოგბურთელს, ამერიკის ღია პირველობის ტრიუმფატორს ხუან მარტინ დელ პოტროს ხვდა წილად. ორმეტრიანი ტანდილელი კარიერის ყველაზე დიდი გამარჯვების მერე ოდნავ მოშვებული იყო, თითქმის ვეღარაფერი მოიგო, მაგრამ ისტორიაში მაინც შევიდა. როგორი იქნება 2010 წლის სეზონი ხუან მარტინისთვის? ამაზე გერმანელ ჟურნალისტებთან თავად დელ პოტრო საუბრობს.
- ხუან მარტინ, არსებობს ბედნიერების ზღვარი?
- ბედნიერება უსაზღვროა და მინდა ყველას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. ერთია, როდესაც იგებ ამერიკის ღია პირველობას და თავს არაჩვეულებრივად გრძნობ, მაგრამ, მერწმუნეთ, გაცილებით სასიამოვნოა, როდესაც მეგობარს დაეხმარები და შენს უსაყვარლეს ადამიანს საშობაოდ ფინანსურ პრობლემებს მოუხსნი. სპორტი სპორტია, წარმატება ყველას გვსიამოვნებს, მაგრამ ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია უახლოესი ადამიანების კარგად, მშვიდად ყოფნა. შეიძლება ზოგმა მომატყუოს და ჩემი სიყვარული, ნდობა ცუდად გამოიყენოს, მაგრამ ამით მე კი არა, საკუთარ თავს მოატყუებს. ასე რომ, 2010-ში ყველას სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და სიმართლეს გისურვებთ. მერწმუნეთ, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
- არა მგონია, ტანდილში თქვენზე დიდი, პოპულარული ფიგურა არსებობდეს. მეთანხმებით?
- ამაზე არ ვფიქრობ და მინდა, ტანდილის მთელ მოსახლეობას ყოველთვის გვერდში ვედგე. რა თქმა უნდა, საპრიზოების დიდი ნაწილი ჩემი ოჯახის კეთილდღეობას მოხმარდება, მაგრამ ჩემს ქალაქში ყველამ იცის, რომ ხუან მარტინ დელ პორტო არ შეცვლილა. თუ შემიძლია ვინმეს რჩევით ან ფინანსურად დავეხმარო, ამას დაუფიქრებლად გავაკეთებ. რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო, როდესაც ერთი კვირის განმავლობაში ქალაქში ყველა ამერიკის ღია პირველობაზე, ჩემზე საუბრობდა, ყველას სახეზე ღიმილი იყო და სამუშაოდ გასვლაც არავის უნდოდა, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ყველაფერი უნდა დასრულებულიყო და დღეს ტანდილში ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ამერიკაში დელ პოტროს გამარჯვებამდე. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ახლა ხალხს ერთ-ერთი ტანდილელის წარმატება გაახსენდება და ამით იამაყებს. ბევრს უჭირს, საარსებო ფული არა აქვს. წარმოიდგინეთ, რამდენად სასიამოვნო იყო, მთელი ქალაქის მოვლისას, თითქმის ყველგან რომ მაჩერებდნენ და უგემრიელეს კერძებს მთავაზობდნენ. არადა, დარწმუნებული ვარ, ბევრმა ერთი სუფრის გაშლას თავისი უკანასკნელი საარსებო თანხა დაახარჯა. ეს არასოდეს დამავიწყდება.
- ტანდილიდან ჩამოსვლის მერე რამდენიმე ტურნირზე ძალიან სუსტად გამოხვედით. გადაიღალეთ დროის სასიამოვნოდ გატარებით?
- მოდი, ასე ვიტყვი: ალკოჰოლის მოყვარული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ტანდილში იმდენი დავლიე... არც კი მინდა ამაზე საუბარი. არადა, სხვანაირად არ გამოდიოდა. ერთი ჭიქა - აქ, ერთი - იქ და ბევრი მომივიდა. თუ გახსოვთ, იურგენ მელცერთან მატჩში ერთხელ ექიმი გამოვიძახე კორტზე, მაგრამ სინამდვილეში არაფერი მაწუხებდა. უბრალოდ, სადღაც სხვაგან ვიყავი, სირბილს გადავეჩვიე, თავი ტანდილის ცენტრში მეგონა. მეორედ, როდესაც მატჩის ვადაზე ადრე დამთავრება მინდოდა, იურგენმა პირდაპირ მითხრა: სამედიცინო ტაიმ-აუტს მე ავიღებ და მიდი, დაისვენეო. მელცერს მადლობა გადავუხადე, რადგან ბევრი ამას არ იზამდა. პირველი ათეულის ერთ-ერთი წევრი, როდესაც მასთან თამაშისას იდაყვი ვიტკინე და კორტზე ექიმს დავუძახე, მაშინვე მსაჯთან მივიდა და ყველას გასაგონად უთხრა: არ დაუჯერო, იტყუებაო. ასე არ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე არასოდეს მოვქცეულვარ და ვერც მოვიქცევი. მერე, ლონდონში გამგზავრებამდე, “მასტერსზე” ნორმალურად ვითამაშე, თუმცა, შტეპანეკთან მატჩში თავი ცუდად ვიგრძენი და შეხვედრა ბოლომდე ვერ მივიყვანე. გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადე, რადგან შემრცხვა, რომ თამაშს ვერ ვაგრძელებდი.
- დაღლილობის მიუხედავად, კარგად ითამაშეთ ლონდონში, სეზონის შემაჯამებელ ტურნირზე.
- არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, უკეთესს ნამდვილად ვერ ვინატრებდი. არადა, მარეისთან წაგების მერე აღარ მეგონა, ნახევარფინალში თამაშის უფლებას თუ მოვიპოვებდი. ენდისთან თამაში ყოველთვის მიჭირს და ახლაც წავაგე. იგივეს თქმა შემიძლია ნოვაკ ჯოკოვიჩზეც. კიდევ კარგი, მომდევნო ორ შეხვედრაში საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენე და ნახევარფინალში გავედი. ძნელი იყო ფერნანდო ვერდასკოს წინააღმდეგ თამაში. მან ჯგუფში სამივე შეხვედრა წააგო, მაგრამ მარეისაც, მეც და როჯერ ფედერერსაც ფერნანდოს დასამარცხებლად თითქმის სამი საათი დაგვჭირდა. ერთ-ერთ მომენტში, როდესაც ფერნანდომ პირველი ბრეიკი გამიკეთა, გავიფიქრე, მორჩა, ახლა თამაშსაც წავაგებ და ფედერერთან შეხვედრას ყველანაირი აზრი დაეკარგება-მეთქი... ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ დამთავრდა.
- ძალიან ბევრი დაიწერა თქვენი და როჯერის მატჩზე. მოიგეთ ზუტად იმდენით, რომ ნახევარფინალში თქვენც გასულიყავით და როჯერიც, ენდი კი ჯგუფში ჩარჩა.
- ჩვენს მატჩამდე კორტზე მარეი და ვერდასკო იყვნენ. მარეის მისთვის სასურველი, დიდი სხვაობით რომ მოეგო, ძალიან გამიჭირდებოდა შემდეგ ეტაპზე გასვლა. მაშინ როჯერისთვის დიდი უპირატესობით უნდა მეჯობნა, რაც თითქმის შეუძლებელია. როჯერს მესამე სეტში რამდენიმე ბრეიკ პოინტი ჰქონდა. ერთ-ერთი მაინც რომ გამოეყენებინა, ენდი ნახევარფინალში გავიდოდა. ყველაფერი ხდება, მაგრამ როდესაც როჯერმა ბადესთან მკითხა, გახვედი თუ არა შემდეგ ეტაპზეო, ალალად ვუპასუხე, არ ვიცი-მეთქი. მოგვიანებით გასახდელში მითხრეს, ნახევარფინალში ხარო. გამიხარდა. სხვა რა? სამივე შეხვედრაში სამი სეტის ჩატარება დამჭირდა და ძნელი იყო იმის პროგნოზირება, ვის რამდენი სეტის ან გეიმის მოგება დასჭირდებოდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ფინალში გასვლა ჩემთვის დიდი მიღწევა იყო, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ გადამწყვეტი მატჩის მოგების შანსი აღარ მქონდა. ჯერ ერთი, ნახევარფინალში სოდერლინგთან ძალიან დავიღალე. მაგრამ მთავარი მაინც ის მგონია, რომ ნიკოლაი დავიდენკო საუკეთესო ფორმაში იყო და ნამდვილად დაიმსახურა ჩემპიონობა. მან ჩემამდე მოუგო სოდერლინგს, ნადალს და, რაც მთავარია, ფედერერი დაამარცხა.
- ფინალის და კიდევ არაერთი მატჩის წაგების მიუხედავად, წინა სეზონს მაინც აქტივში ჩაიწერთ, არა?
- ხუმრობთ? დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონი გავხდი, რამდენჯერმე დავამარცხე ფედერერი, რაფაელ ნადალი, კიდევ სხვა არაერთ ძლიერ ოპონენტს ვაჯობე. ყველაფერს ჩემზე ბევრად ძლიერებიც ვერ იგებენ და, რა გასაკვირია, თუ 2009-ში ამერიკის ღია პირველობისა და კიდევ ორი ტურნირის მოგებით მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი მეგონა თავი? 2009 წლის სეზონი ჩემთვის სასწაული იყო. როდესაც საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში გავედი, მეგონა, რომ ფედერერის დამარცხება რეალური იყო. იმასაც ვხვდებოდი, რომ როჯერი ყველანაირად ეცდებოდა ჩემს დამარცხებას, რადგან ტიტულამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდა. ალბათ, იმ მომენტში ფედერერის დასამარცხებლად მაინც არ ვიყავი მზად. მეოთხე სეტის დასაწყისში როჯერმა არაჩვეულებრივი ჩოგბურთის დემონსტრირება მოახდინა და მატჩის ბოლომდე დიდ უპირატესობას ფლობდა. ნაწილობრივ მაინც ავიღე რევანში ამერიკაში და იმედი მაქვს, ფედერერის წინააღმდეგ კიდევ ბევრი მატჩის ჩატარება მომიწევს. მისგან ყოველთვის რაღაცას ვსწავლობ, დიდ გამოცდილებას ვიღებ. თანაც, ფედერერი არაჩვეულებრივი პიროვნებაა. როჯერი, მარატ საფინი და პიტ სამპრასი - ამ სამი ჩოგბურთელის თამაშზე ვიზრდებოდი და ბედნიერი ვიქნები, თუ მათ შედეგებს სანახევროდ მაინც გავიმეორებ.