ქართული კლუბები მზადებას ამთავრებენ.
24 საათი 01.02.10

ქართული კლუბები მზადებას ამთავრებენ.
მომავალ უქმეებზე, კერძოდ, 6 თებერალს, დასრულდება ზამთრის არდადეგები და განახლდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში. ქართული საკლუბო ფეხბურთის ლიდერები მოახლოებული საგაზაფხულო სეზონისთვის მზადების დამაგვირგვინებელ ფაზაში შედიან. ამ პერიოდისთვის ყველაზე დამაჯერებლად სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე მყოფი და ლიდერს - რუსთავის "ოლიმპს" 7 ქულით ჩამორჩენილი "ზესტაფონი" გამოიყურება. კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია არაფერს არ იშურებს იმისთვის, რომ "ზესტაფონი" საშუალო ევროპული დონის კლუბად ჩამოყალიბდეს. ზესტაფონელთა მიერ ჩატარებული ბოლო საკონტროლო მატჩები მართლაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს.
ახლა "ზესტაფონი" მეორე უცხოურ საწვრთნელ შეკრებაზეა ესპანეთის კურორტ პალმა დე მალიორკაზე. პირველი ეტაპი გეგუჩაძის შეგირდებმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაამთავრეს და არცთუ დამაჯერებელი სპარინგმატჩების სერია შთამბეჭდავად დაასრულეს: უკრაინული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერს დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" 2:1 მოუგეს.
ორი დღის წინ ესპანეთში "ზესტაფონმა" მეორე საკონტროლო თამაში გამართა. ამჯერად მათი მეტოქე იყო პოლონური ფეხბურთის ლიდერი, ამ ქვეყნის რვაგზის ჩემპიონი და თასის 13-გზის მფლობელი, ამჟამად საკუთარ ჩემპიონატში მეორე ადგილზე მყოფი ვარშავის "ლეგია". "ლეგიამ", "ზესტაფონის" მსგავსად, ეს მატჩი შერეული შემადგენლობით ჩაატარა.
მატჩის (რომელიც ძლიერ ქარში ჩატარდა) პირველი ნახევარი მეტ-ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. გუნდები მეთოდურად ცდილობდნენ კარისკენ მიმავალი გზების ძიებას, თუმცა, კარის აღებამდე საქმე არ მისულა. ყველაზე რეალური მომენტი მაინც ქართველებმა შექმნეს: 23-ე წუთზე კორღალიძის კარგი პასის შემდეგ აფციაურმა ძლიერად და ზუსტად დაარტყა, მაგრამ ვარშაველთა მეკარემ ბურთი მოიგერია.
მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. ანგარიში 65-ე წუთზე გაიხსნა: პოლონელთა მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში ყველას დაასწრო "ლეგიაში" სინჯებზე მყოფმა ჩინელმა დონგ ფან ჟუმ და ზუსტი თავური დარტყმით თავისიანები დააწინაურა. ზესტაფონელებმა ათიოდე წუთში უპასუხეს: გორგიაშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი გოსტომსკის კარის მარცხენა დაბალ კუთხეში გაეხვია. შეხვედრის ბედი მსაჯის მიერ დამატებულ დროში გადაწყდა: 92-ე წუთზე დვალის პასის შემდეგ მაკარიანმა განახორციელა შედეგიანი დარტყმა, ერთ წუთში კი ზესტაფონელთა საუკეთესო ბომბარდირმა ნიკა გელაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1 "ზესტაფონის" სასარგებლოდ.
ესპანეთში ჩატარებულ პირველ ტესტმატჩში "ზესტაფონმა" ავსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ვენის "აუსტრია" დაამარცხა მინიმალური ანგარიშით - 1:0 (გოლი გელაშვილის ანგარიშზეა). ეს შეხვერა "ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: მამალაძე, მჭედლიშვილი, კობახიძე, ხიდეშელი (კაჭკაჭიშვილი, 46`), ელიავა (მაკარიანი, 52`), დაუშვილი (ცხადაია, 60`), ძარია (დვალი, 46`), აფციაური (გრიგალაშვილი, 46`), კორღალიძე (გორგიაშვილი, 71`), ბენაშვილი, წინამძღვრიშვილი (გელაშვილი, 46`).
დასკვნით სპარინგმატჩს "ზესტაფონი" დღეს, მოსკოვის "ლოკომოტივთან" ჩატარებს.
"დინამო" კი უცხოურ საწვრთნელ შეკრებას ერთ ეტაპად მართავს. გუნდი ანტალიაშია და, თუ არ ჩავთვლით დონეცკის "შახტართან" მარცხს, სპარინგებში წარმატებით ასპარეზობს. 28 იანვარს კაჭარავას გუნდის მეტოქე იყო ყარაგანდის "შახტიორი" (ყაზახეთი). ამ მატჩში დინამოელებმა 3:0 გაიმარჯვეს. გოლები გაიტანეს მერებაშვილმა (9`), ვაწაძემ (38"), და აკირემმა (70`). "დინამომ" წინა სპარინგდაპირისპირებაშიც გაიმარჯვა: კაჭარავას გუნდმა ვოროშილოვგრადის "ზარია" 2:1 დაამარცხა. ტესტმატჩების ანტალიურ სერიას ჩვენი გუნდი სიმფეროპოლის "ტავრიასთან" დაასრულებს. "ტავრიას" ახალგაზრდულ გუნდთან "დინამოს" ახალგაზრდებმა 3:1 მოიგეს. დინამოელთაგან თავი გამოიჩინეს ნემსაძემ, შოთა კაშიამ და ლექვთაძემ.
"ვიტ ჯორჯია" ერთგვარად "დახურულ" ვითარებაში აგრძელებს სამზადისს. ბოლო საკონტროლო შეხვედრა გელა გომელაურის შეგირდებმა 20 იანვარს ჩაატარეს და იმ პერიოდისთვის საქართველოში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი აზერბაიჯანის "სიმურგი" 2:1 დაამარცხეს. მას შემდეგ ორი ტესტმატჩი მხოლოდ ვეტერინართა დუბლშემადგენლობამ ჩაატარა. "ვიტ ჯორჯიას" მეორე გუნდი ჯერ ცხინვალის "სპარტაკთან" დამარცხდა (1:2), შემდეგ კი მეორელიგელ 35-ე სკოლის გუნდთან დათმო უხვგოლიანი მატჩი - 2:3.
სპარინგების სერია დაასრულა ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების გამოკვეთილმა ლიდერმა რუსთავის "ოლიმპმა". ბოლო საკონტროლო შეხვედრა თემურ მახარაძის გუნდმა ბოლნისის "სიონთან" ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა. ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო მახაჩყალის “ანჟიდან” იჯარის წესით სეზონის ბოლომდე გადმოყვანილმა სანდრო იაშვილმა, რომელმაც ქართულ კლუბში დებიუტი გოლით აღნიშნა. პირველ ნახევარში სწორედ იაშვილის თავურმა დარტყმამ უწია მიზანს. მეორე ტაიმში "სიონის "კარში გოლები ჯიქიამ და იმედაშვილმა გაიტანეს. მატჩში მონაწილეობა მიიღეს გუნდის ბრაზილიელმა ლეგიონერებმა და ლიდერებმა ფრაგამ და აკინომ. "სიონთან" შეხვედრა მოახლოებული სეზონისთვის მზადების პროგრამით "ოლიმპისთვის" რიგით მეშვიდე გამოდგა. ამ შვიდი მატჩიდან მახარაძის შეგირდებმა ოთხში გაიმარჯვეს, ორი ფრედ დაასრულეს და ერთში დამარცხდნენ.