გუშინ მელბურნში, “როდ ლეივერის” კორტებზე, დასრულდა სეზონის პირველი დიდი სლემის ტურნირი.
24 საათი 01.02.10

გუშინ მელბურნში, “როდ ლეივერის” კორტებზე, დასრულდა სეზონის პირველი დიდი სლემის ტურნირი.
ავსტრალიის ღია პირველობაზე როჯერ ფედერერმა და სერენა უილიამსმა გაიმარჯვეს. რკინის შვეიცარიელისთვის ეს კარიერაში მე-16 მოგებული დიდი სლემია, სერენამ კი მეხუთედ მოიგო მწვანე კონტინენტის პირველობა.
ვაჟთა ტურნირის ფინალი უდიდეს ინტერესს იწვევდა: როჯერ ფედერერი ენდი მარეის წინააღმდგ. ფავორიტის დასახელება შეუძლებელი იყო. ორივე ჩოგბურთელმა ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ცხადია, ფერედერი რანგით უფრო მაღლა დგას, ვიდრე მარეი, მაგრამ სქოთი პირადი შეხვედრებით ჯობნის ფედერერს. მოკლედ, ფინალს ჩოგბურთის მოყვარული დიდი ინტერესით ელოდა.
ბრძოლა თითქმის არ ყოფილა - როჯერმა მეტოქე თითქმის ყველა კომპონენტში დაჩაგრა. პირველ და მეორე სეტებში ფედერერი მშვიდად იგებდა გეიმებს საკუთარ მოწოდებაზე, თითო ბრეიკი გაახერხა და მატჩში ანგარიშით 2:0 დაწინაურდა. მარეისთვის ეს სრულ ფიასკოს ნიშნავდა. მესამე სეტში შოტლანდიელი გონს მოეგო, კორტზე ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა. პირველი ხუთი გეიმის განმავლობაში ორივე ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებაზე უშეცდომოდ თამაშობდა. მეექვსე გეიმში კი, პირველად მთელი თამაშის განმავლობაში, შეცდა ფედერერი და მეტოქეს სამმაგი ბრეიკპოინტი მისცა. აქედან ორი ფედერერმა გადაარჩინა, მესამის გათამაშებისას კი მარეიმ გარისკა, ბედესთან გავიდა და ლამაზი დარტყმით მოახერხა ფედერერის მოწოდებაზე გეიმის მოგება. ამ ეპიზოდში მარეიმ სიხარულისგან ისე შეჰყვირა, რომ მისი ყიჟინა, სულ მცირე, ახალ ზელანდიაში მაინც გაიგონეს. თუმცა როჯერმა მხოლოდ ერთხელ გაახარა მარეი. ამის შემდეგ ფედერერმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. თავიდან მარეის აქაც გაუმართლა და 2:0 დაწინაურდა. ფედერერი არ გატყდა და ანგარიში გაათანაბრა - 4:4. შოტლანდიელმა ისევ გარისკა და ტაიბრეიკზე ორმაგი სეტბოლი ჰქონდა. მოახლოებულმა წარმატებამ ენდი დააბნია, ფედერერი კი მშვიდად აგრძელებდა თამაშს და სეტი გადაარჩინა. როდესაც ტაიბრეიკზე ანგარიში 12:11 იყო როჯერის სასარგებლოდ, მარეიმ კიდევ ერთხელ გარისკა, სცადა თამაშის გამწვავება, მაგრამ ბურთი ბადეს მოარტყა და… პირველმა მიულოცა როჯერ ფედერერს რიგით მეთექვსმეტე დიდი სლემის მოგება.
რაც შეეხება ქალთა ფინალს, აქ გადამწყვეტ მატჩში ჩოგბურთში დაბრუნებული ჟუსტინ ანენი და სერენა უილიამსი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თამაში დაძაბული გამოდგა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ჟუსტინმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა.
აღსანიშნავია ერთი დეტალი: ამ ორ ჩოგბურთელს ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია. მათი დაპირისპირებებიდან ყველაზე დრამატული 2003 წლის საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალი იყო. მაშინ ბელგიელმა მოიგო და სერენა იმდენად გაანაწყენა, რომ ჩოგბურთელები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ, შაბათის ფინალში კი მხოლოდ ზრდილობის გამო მოიკითხეს ერთმანეთი.
ფინალურ მატჩში ანენს დაღლა დაეტყო. პირველი სეტი ბელგიელმა პირწმინდად დათმო. მართალია, მეორეში მოახერხა სერენას ძლევა, მაგრამ გადამწყვეტ სეტში სერენა უკეთ გამოიყურებოდა და თამაშიც მოიგო - 6:4, 3:6, 6:2.