ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 23-ე ტურმა სენსაციურად ჩაიარა.
24 საათი 01.03.10
ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 23-ე ტურმა სენსაციურად ჩაიარა.
როგორც ჩანს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ-ტექნიკური კომიტეტის გადაწყვეტილება - ეგრეთ წოდებული "გარიგებული თამაშის" გამო ორი გუნდისთვის საჯარიმო სანქციების გამოტანის თაობაზე კარგი პრევენციული ზომა გამოდგა. ვერ გეტყვით, შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები. კორუფციის ბოლომდე აღმოფხვრა არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოს და ევროპის წამყვან ლიგებშიც თითქმის შეუძლებელი ამოცანაა, რასაც ხან ერთ, ხან მეორე და მესამე წამყვან საფეხბურთო ქვეყანაში ატეხილი სკანდალი ადასტურებს. თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ სპორტული თავლსაზრისით თავისი დადებითი შედეგი უკვე გამოიღო და ეროვნული ჩემპიონატის დაძაბულობის ხარისხი, უკომპრომისობა, მოტივაცია და ბრძოლისუნარიანობა საგრძნობლად ამაღლდა, რასაც 23-ე ტურიც ადასტურებს.
პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი: ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბოლნისის "სიონი" არა მხოლოდ ბრძოლას გაუმართავდა, არამედ საჩემპიონო რბოლაში ოქროს მედლებისკენ მიმავალ რუსთავულ "ოლიმპს" დაამუხრუჭებდა და 9-მატჩიან ქულადაუკარგავ სერიას შეაწყვეტინებდა. ეს კი რეალურად მოხდა - "ოლიმპმა", რომელმაც წინა ორ წრეში ჯამში 9 (!) უპასუხო გოლი გაუტანა "სიონს", ამჯერად ერთხელაც ვერ შეძლო მეტოქის კარის აღება. ამ ყველაფერში მთავარი "დამნაშავეა" "სიონის" გამოუცდელი მეკარე ვლადიმერ ზუხბაია, რომელსაც გუნდის ძირითადი მეკარის ბობღიაშვილის ტრავმის გამო ასეთ სერიოზულ მატჩში მოუწია თამაშმა და, მის სასახელოდ უნდა ვთქვათ, რომ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ზუხბაიამ მისი კარისკენ მიმართული ყველა საფრთხე გააუვნებელყო - მაღალი ბურთები იქნებოდა ეს თუ სახიფათო დარტყმები. ეს 18 წლის ყმაწვილი, თითქოს ასაკოვანი მეკარის გამოცდილებით ყოფილიყო მდიდარი, ერთხელაც არ შემცდარა არც კარის ხაზზე თამაშისას, არც გამოსვლისას. ერთი სიტყვით, გარდა იმისა, რომ ამ მატჩში მყვირალა სენსაციის მომსწრენი გავხდით, აღმოვაჩინეთ პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი, თუმცა მხოლოდ ერთი, თუნდაც ძალიან წარმატებული 90-წუთეულის გამო ამდენი ქება ალბათ გამართლებულიც არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ამ ახალგაზრდას მართლაც აქვს მონაცემები იმისთვის, რომ, უდიდესი შრომის ფასად, კარგ მეკარედ ჩამოყალიბდეს, რის დიდ დეფიციტსაც განვიცდით საქართველოში.
ტურის ცენტრალურ თამაშს კი ზესტაფონმა უმასპინძლა, სადაც ქართულ "კლასიკოდ" შერაცხულ დაპირისპირებაში "ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" მატჩი გაიმართა. მატჩი, რომელშიც ყველა მასპინძლებს უქადდა წარმატებას, რბილად რომ ვთქვა, მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ცოტა უხერხულია, რომ "დინამოს" გამარჯვებას ნებისმიერ ადგილობრივი მნიშვნელობის ტურნირში მოულოდნელი შედეგი ვუწოდოთ, მოულოდნელი, მხოლოდ იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელსაც დღეისთვის ეს კლუბები იკავებენ ქართულ ფეხბურთში. კერძოდ, "ზესტაფონი" ჩემპიონობისთვის რეალურად იბრძვის, ხოლო "დინამო" გარკვეულ სტაგნაციას განიცდის და, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული თასის ნახევარფინალისტი, გამარჯვებული და მთავარი ფავორიტია, ჩემპიონატში მისი ამბიციები ოქროს მედლებს არ უკავშირდება.
მატჩში, რომელიც გამოუყენებელი შესაძლებლობების თამაშადაც შეიძლება მოინათლოს, ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის მიწურულს გავიდა და მისი ავტორი "დინამოს" ცენტრალური მცველი გურამ კაშიაა. ეროვნული ნაკრების ეს ფეხბურთელი მაღალი ჩაწოდების შემდეგ ზესტაფონელთა საჯარიმოში პირველი მიწვდა ბურთს, თავით ზუსტად დაარტყა მასპინძელთა კარში და "დინამოს" მინავლებული საჩემპიონო ამბიციები ოდნავ გააღვივა.
მძაფრი ბრძოლა მიმდინარეობს ცხრილის ქვედა ნაწილშიც, სადაც რამდენიმე გუნდი გადარჩენას და უძლიერესთა კომპანიაში ადგილის შენარჩუნებას ლამობს. მესამე წრის შედეგების მიხედვით ერთ-ერთი ლიდერია "ლოკომოტივი", რომელმაც ზედიზედ ოთხ თამაშში მარცხის გემო არ იცის და ჩამპიონატის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით მიღებულ გამოკვეთილი აუტსაიდერის სტატუსს თანდათან თავს აღწევს. ამჯერად ვაკელებმა "სამტრედიას" გლდანში, "ამერზე" უმასპინძლეს (მიხეილ მესხის სტადიონი მცირე რეკონსტრუქციას განიცდის - იცვლება გაზონი) და პრინციპულ, კონკურენტ მეტოქესთან უხვგოლიან მატჩში გამარჯვება იზეიმა.
ასევე უშუალო კონკურენტი - "გაგრა" დაამარცხა ზუგდიდის "ბაიამ". ზუგდიდელებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ ოთხმოცდამეთერთმეტე წუთზე გაიტანეს. საერთო ჯამში, ტურმა, რომელიც წინ უსწრებდა სანაკრებო პაუზას (ორ დღეში მნიშვნელოვან შეხვედრებს ჩაატარებენ როგორც საქართველოს ეროვნული, ისე ახალგაზრდული ნაკრები გუნდები), მართლაც უკომპრომისო და სანახაობრივად მიმზიდველ ორთაბრძოლებში ჩაიარა, რაც ბოლო წლებში ასე აკლდა ქართულ საკლუბო ფეხბურთს.
23-ე ტური
ვიტ ჯორჯია - სპარტაკი 3:1
ზესტაფონი - დინამო 0:1
ბაია - გაგრა 2:1
ლოკომოტივი - სამტრედია 3:2
ოლიმპი - სიონი 0:0